Title Languages Field Year

რას ნიშნავს თურქული ლირის დევალვაცია და მაღალი ინფლაცია თურქეთში?

  • Author: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
English, Georgian International relations 2022

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა

No 42

 თურქული ლირა ბოლო 1 თვეში 11%-ით გაუფასურდა. თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა (TÜİK) კი, 2022 წლის მაისის თვის მონაცემებით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 73,5%-ით განსაზღვრა, რაც ბოლო 24 წელიწადში ყველაზე მაღალი   მაჩვენებელია.

 რას ნიშნავს ეს და რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს?

 

შარშან ამ დროს 1 აშშ დოლარი 8,7 თურქული ლირა ღირდა, ახლა კი (2022 წლის 6 ივნისის მდგომარეობით) 16,58 ლირა ღირს. ლირის დევალვაცია განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახდა საგრძნობი და უარყოფითად აისახა ეკონომიკის ბევრ სფეროზე.

მაღალია წლიური ინფლაციაც, რომელსაც ხელისუფლება 73,5%-ით, ENAG („ინფლაციის კვლევის ჯგუფი“) კი 160%-ით განსაზღვრავს.

ამის მიზეზები მრავალია: ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ცენტრალური ბანკის რეზერვების შემცირება, რუსეთ-უკრაინის ომი და ამის გამო შემცირებული საგარეო ვაჭრობა, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი, თურქეთში შეხიზნული მილიონობით ლტოლვილის რჩენა, დასავლეთთან ურთიერთობებში არსებული სირთულეები და ამის გამო დასავლური კაპიტალის გადინება და ა.შ.

შედეგად, ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა სამომხმარებლო ფასებმა თითქმის ყველა პროდუქციასა და სერვისზე. განსაკუთრებით მოიმატა საცხოვრებელი ბინების ფასმა (110 %-ით – მთელ ქვეყანაში და 122%-ით – ქ.სტამბოლში). ამავე დროს, შემცირდა მოქალაქეთა მსყიდველობითუნარიანობა. ეს განსაკუთრებით მინიმალური ხელფასის მქონე პირებს ეხებათ, რომლებიც თვეში 4250 ლირას (რაც ახლანდელი კურსით დაახლოებით 256 აშშ დოლარს შეადგენს) იღებენ.

თურქული ლირის გაუფასურება უარყოფითად აისახება იქ მომუშავე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზეც, რომლებიც ხელფასს თურქულ ლირებში იღებენ.

ხელისუფლება აცხადებს, რომ მოქალაქეთა მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით იღებს ყველა საჭირო ზომას. თუმცა, დამოუკიდებელი ექსპერტები სკეპტიკურად არიან განწყობილი და არ აქვთ უახლოეს ხანში ეკონომიკური პრობლემების მოგვარების მოლოდინი.

ამასობაში კი, თურქეთში ახლოვდება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც ერთდროულად უნდა გაიმართოს 2023 წლის ივნისში.

თურქეთს ახასიათებს, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის დროს მოქალაქეები არჩევანს ოპოზიციის სასარგებლოდ აკეთებენ. მაგალითად, ასე იყო 2019 წლის 31 მარტს გამართული ადგილობრივი არჩევნების შემთხვევაში, როდესაც თურქეთის დიდ ქალაქებში (სტამბოლში, ანკარაში, იზმირში) ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს.    

ამდენად, მომავალი 12 თვე თურქეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მთავარი ყურადღების ქვეშ სწორედ ეკონომიკური სიტუაცია იქნება, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს კიდეც ქვეყნის შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგს.