Title | Languages | Field | Year |
---|---|---|---|
რას ნიშნავს გაზრდილი ინფლაცია თურქეთში?
|
English, Georgian | International relations | 2022 |
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა No 50
თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 2022 წლის სექტემბერში 83,45%-ს მიაღწია, რაც ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1998 წლის შემდეგ. რას ნიშნავს გაზრდილი ინფლაცია და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას?
ინფლაციის ზრდა თურქეთში 2020 წლის სექტემბრიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით
ბოლო პერიოდში თურქეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა მაღალი ინფლაციაა, რომელიც, თავის მხრივ, სხვა ახალ პრობლემებს წარმოშობს ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. იმავე სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 93%-ით გაიზარდა ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ხოლო ტრანსპორტის სფეროში ფასებმა 117,66%-ით მოიმატა. კიდევ უფრო შორს მიდის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი „ინფლაციის კვლევის ჯგუფი“, რომელიც წლიურ ინფლაციას ქვეყანაში 186,27%-ით ანგარიშობს. ამას ემატება სხვა ეკონომიკური პრობლემები: თურქული ლირის გაუფასურება (1 წლის წინ 1 აშშ დოლარი 8,86 ლირა ღირდა, დღეს კი 18,60 ლირა გახდა), მაღალი უმუშევრობა, მსყიდველობითუნარიანობის კლება, საგარეო ვალის ზრდა, დეფიციტი ბიუჯეტში და ა.შ.
თურქული ლირის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო 1 წლის განმავლობაში
აღსანიშნავია, რომ მინიმალური ხელფასი ქვეყანაში 5 500 თურქული ლირაა (თურქეთში დასაქმებულთა დაახლოებით 40% მინიმალურ ხელფასს იღებს), რაც დაახლოებით 300 აშშ დოლარია და ეკონომიკური სირთულეები ამ დიდ მასას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ეს ყველაფერი კი თურქეთში მოახლოებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების (რომელიც 2023 წლის მაის-ივნისში უნდა ჩატარდეს) ფონზე ხდება. როგორც წესი, თურქი ამომრჩეველზე მოქმედებს ეკონომიკური პრობლემები და ეს ყველაზე კარგად 2019 წლის 31 მარტს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე გამოჩნდა (სწორედ მაშინ იწყებოდა ეკონომიკური პრობლემები), როდესაც დიდ ქალაქებში – სტამბოლში, ანკარასა და იზმირში – ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ შეძლებს გაუმკლავდეს ეკონომიკურ პრობლემებს და ამ მიზნით ეკონომიკის სტიმულაციის გადაწყვეტილებაც მიიღო. თუმცა, მას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს ზომები წინასაარჩევნო ნაბიჯებია, რისი მიზანიც ხმების მობილიზებაა და ვერ გადაჭრის ეკონომიკურ პრობლემებს. თურქეთს წინ მძიმე ზამთარი ელის, რადგან გარდა შიდა პრობლემებისა, ევროპაშიც იწყება ეკონომიკური სირთულეები, თურქეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი კი სწორედ ევროკავშირია და ამდენად, ესეც უარყოფითად აისახება თურქეთის ეკონომიკაზე (განსაკუთრებით, ექსპორტზე და, შესაბამისად, ლირის კურსზეც). |