ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი
ახლო აღმოსავლეთის მიმოხილვა No 81
2025 წლის 19 იანვარს ისრაელ-„ჰამასის“ შეთანხმების საფუძველზე „ჰამასის“ 15-თვიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს 3 ისრაელელი მძევალი, რითაც დაიწყო მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების პირველი ეტაპი.
რას მოიცავს ისრაელ-„ჰამასის“ შეთანხმება და რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს მას?
ვითარება ღაზის სექტორში, სადაც უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა
კატარის, შეერთებული შტატებისა[1] და ეგვიპტის შუამავლობით მხარეებს შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 3 ეტაპს მოიცავს
პირველი ეტაპი 42-დღიანია (6-კვირიანი). ამ პერიოდის განმავლობაში „ჰამასის“ ტყვეობიდან უნდა გათავისუფლდეს ისრაელის 33 მოქალაქე (მათ შორის, ქალები, ბავშვები, მოხუცები, დაავადებულები და დაჭრილები).
სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან განთავისუფლდებიან პალესტინელები (რომელთა ზუსტი რიცხვი არ სახელდება, მაგრამ პრინციპი იქნება 1 გათავისუფლებულ ისრაელელზე ისრაელის ციხეებიდან გაშვებული 30-დან 50-მდე პალესტინელი).
პირველი ეტაპის განმავლობაშივე ისრაელის არმია გავა ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან, სადაც დაბრუნება შეეძლებათ პალესტინელ ადგილნაცვალ პირებს, რომლებსაც საომარი მოქმედებების მიმდინარეობის გამო საკუთარი საცხოვრებელი ადგილების დატოვება მოუწიათ.
ასევე, მნიშვნელოვნად გაიზრდება პალესტინელებისთვის მისაწოდებელი ჰუმანიტარული ტვირთის რაოდენობა (დღეში 600 სატვირთო მანქანა, საიდანაც 50 საწვავი იქნება), შეკეთდება საავადმყოფოები, კლინიკები და საცხობები ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე.
2025 წლის 19 იანვარს „ჰამასის“ ტყვეობიდან განთავისუფლებული ისრაელელები – ემილი დამარი, დორონ შტეინბრეხერი და რომი გონანი
მეორე და მესამე ეტაპის დეტალებზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. თუმცა, ამ ეტაპების ძირითადი მონახაზი მაინც არსებობს. მაგალითად, ცნობილია, რომ მეორე ეტაპი მოიცავს დაახლოებით 1 000 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას (მათგან დაახლოებით 190 იქნება ისეთი პირი, რომელსაც მისჯილი აქვს 15 და მეტი წელი). სანაცვლოდ, „ჰამასის“ ტყვეობიდან უნდა გათავისუფლდნენ ისრაელის დანარჩენი მოქალაქეები (მამაკაცები). ასევე, ისრაელის არმიამ სრულად უნდა დატოვოს ღაზის სექტორი.
მესამე ეტაპზე კი უნდა მოხდეს ღაზის სექტორის რეკონსტრუქცია, რაც შეიძლება წლები გაგრძელდეს. ამავე პერიოდში უნდა მოხდეს გატაცების დროს და შემდეგ პერიოდში გარდაცვლილი ისრაელის მოქალაქეების გადასვენება.
შეთანხმების პირობების შესრულებას მეთვალყურეობას გაუწევენ ეგვიპტე, კატარი, აშშ და გაერო.
მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები და ბუნდოვანი საკითხები. მაგალითად, საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე ისრაელი აცხადებდა, რომ მისი საბოლოო მიზანი იყო „ჰამასის“ სამხედრო-პოლიტიკური შესაძლებლობების განადგურება. მართალია, ბოლო 15 თვის განმავლობაში ისრაელმა შეძლო „ჰამასის“ პოტენციალის მნიშვნელოვნად შემცირება, მაგრამ იგი სრულად არ განადგურებულა. „ჰამასი“ კვლავ აკონტროლებს ღაზის სექტორის იმ ნაწილს, სადაც ისრაელის არმია არ შესულა ან შევიდა და შემდეგ უკან გამოსვლა მოუწია. ამ ეტაპზე გაურკვეველია როგორი პოლიტიკა იქნება ამ მიმართულებით.
ვითარება ღაზის სექტორში
ასევე არაა ცნობილი, ტყვედ აყვანილ ისრაელელთა შორის ვინაა ცოცხალი და ვინ – გარდაცვლილი. ამასთან, მოლაპარაკებების პროცესში „ჰამასი“ ითხოვდა ისეთი პატიმრების გათავისუფლებასაც, რომელთა გაშვებასაც ისრაელი არ თანხმდებოდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, იქნებიან თუ არა ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლებულთა შორის ისინი, ვინც მონაწილეობდა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში.
ასევე უცნობია ზუსტად რამდენი ისრაელელი ტყვისა და ისრაელის ციხეში მყოფი პალესტინელის გაცვლა მოხდება ცალკე აღებულ ერთ კონკრეტულ დღეს, არც ბუფერული ზონიდან ისრაელის არმიის გაყვანის თარიღია დაკონკრეტებული.
ამ ეტაპზე გაურკვეველია, როგორი იქნება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა სირიისა და ირანის მიმართულებით. ყველა ხვდება, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, ბაიდენისგან განსხვავებით, უფრო ხისტი იქნება ირანთან მიმართებით. მაგრამ ზუსტად ვერავინ იტყვის, იქნება თუ არა აშშ-ისრაელის ერთობლივი შეტევა ირანზე და თუ იქნება, რა მასშტაბები ექნება მას. შესაბამისად, არავინ იცის რა სახის გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან ისრაელ-„ჰამასის“ სამშვიდობო შეთანხმებაზე.
ამასთან აღსანიშნავია, რომ აქამდე მხარეებს შორის ხელმოწერილი არაერთი შეთანხმება დარღვეულა და ძველი დაპირისპირებები კიდევ უფრო დიდ სისხლისღვრაში გადაზრდილა.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხარეებს შორის ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საკმაოდ მყიფეა და მისი შესრულება/ვერ შესრულების საკითხი უამრავ მდგენელზეა დამოკიდებული.
[1] მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ბაიდენის, ისე ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.