|
||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ბოლო პერიოდში ირანში გახშირდა საპროტესტო მიტინგები და დემონსტრაციები, რომელსაც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო განზომილება აქვს. რას აპროტესტებენ ირანის მოქალაქეები და რა მოთხოვნები აქვთ მათ? 19 ნოემბერს ქ. ისფაჰანში დამშრალი მდინარე ზაიანდერუნის კალაპოტში გამართული საპროტესტო აქცია 19 ნოემბერს ირანის სიდიდით მესამე ქალაქ ისპაჰანში ათი ათასობით ირანის მოქალაქე (მათ შორის იყვნენ ფერმერებიც) მდინარე ზაიანდერუნის დამშრალ კალაპოტში ალავერდი-ხანი უნდილაძის მიერ აგებულ ხიდთან შეიკრიბა და წყლის რესურსების ნაკლებობა გააპროტესტა. ამგვარი საპროტესტო აქციები ბოლო პერიოდში გახშირებულია მთელი ირანის მასშტაბით (ზაფხულში აქციები იმართებოდა ერაყის საზღვართან ახლოს მდებარე ხუზესტანის პროვინციაში, ნოემბრეში კი საპროტესტო ტალღამ ცენტრალური პროვინციებისკენ გადაინაცვლა). საპროტესტო აქციების მონაწილენი მიიჩნევენ, რომ ისინი იჩაგრებიან და მოითხოვენ წყლის რესურსების „სამართლიან“ განაწილებას. საპროტესტო გამოსვლების ფონზე ხელისუფლება აცხადებს, რომ შეეცდებიან ამ პრობლემის მოგვარებას. მაგალითად, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამად მოხბერმა ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს პრობლემის მოგვარება დაავალა. ირანის ენერგეტიკის მინისტრმა ალი აქბარ მეჰრიბიანმა კი ფერმერებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ირანს მომავალ თვეებში შეეძლება პრობლემის მოგვარება (თუმცა, დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა).
ირანის პროვინციები, სადაც ხშირია გვალვა, წყლის რესურსების ნაკლებობა და ამით გამოწვეული საპროტესტო მუხტი რეალობა კი ისაა, რომ პრობლემა კომპლექსურია და მისი მოგვარება ადვილი არაა. მასზე უარყოფითად მოქმედებს შემდეგი ფაქტორები: ა) წყალსაცავებისა და ჰესების იმ სახით მშენებლობა, სადაც წყლის რესურსების განაწილების გათვლები ხშირ შემთხვევაში არასწორი იყო; ბ) ირანის მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიონით იზრდება. გაზრდილ მოსახლეობას კი უფრო მეტი წყლის რესურსი სჭირდება; გ) კლიმატის ცვლილებების გამო ირანსა და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში იზრდება ტემპერატურა. პარალელურად კი მცირდება ნალექის რაოდენობა. შესაბამისად, ხშირია გვალვები (ირანის მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, ირანის ტერიტორიის 97% ამა თუ იმ ფორმის გვალვის საშიშროების წინაშე დგას). ირანის ხელისუფლებას, რომელსაც მძიმე ამერიკული სანქციების ქვეშ უწევს ქვეყნის მართვა, არ აქვს იმ რაოდენობის ფინანსური სახსრები, რომელიც მას უკვე აგებული წყალსაცავებისა და ჰესების გადაკეთების საშუალებას მისცემდა. ბუნებრივია, რომ ხელისუფლება ვერც ირანისთვის დამახასიათებელ მაღალ შობადობას ამცირებს. მეორე მხრივ, ოფიციალური თეირანი აცნობიერებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების სერიოზულობას, თუმცა არ ჩქარობს პარიზის კლიმატის შეთანხმებასთან მიერთებას მანამ, სანამ არ მოეხსნება საერთაშორისო სანქციები (ამის პერსპექტივა კი ამ ეტაპზე არ ჩანს). გამომდინარე იქიდან, რომ ირანში წყლის რესურსებთან დაკავშირებული ძირეული პრობლემები ვერ გვარდება, ამ ნიადაგზე საპროტესტო გამოსვლები მომავალში შესაძლოა კიდევ უფრო მასობრივი გახდეს და პოლიტიკური ხასიათიც მიიღოს. |