Title Languages Field Year

პირველი ამერიკულ-თურქული მაღალი დონის შეხვედრა ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ

  • Author: Zurab Batiashvili, Research Fellow at Rondeli Foundation
  • Publisher: Georgian Foundation for Strategic and International Studies
  • Type: Publication
English, Georgian International relations 2021

აშშ-ის ახალ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, მას შემდეგ, რაც  პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა, არ გაუმართავს სატელეფონო საუბარი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან (რასაც თურქულ-ამერიკული ურთიერთობების გაციებას მიაწერენ).

ამდენად მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის 24 მარტს ბრიუსელში გამართული შეხვედრა, რაც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში ჩატარდა. 

No description available.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბლინკენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა თურქეთს უარი თქვას უკვე შეძენილ რუსული წარმოების S-400-ებზე (საჰაერო თავდაცვის სისტემა).

გავრცელებული ინფორმაციით, ბლინკენმა თურქი კოლეგა დამატებით გააფრთხილა, რომ ანკარამ არ შეიძინოს არც S-400-ების მეორე პარტია და არც რუსული წარმოების სამხედრო თვითმფრინავები SU-57 და SU-35-ები, რასაც შესაძლოა თურქეთის სამხედრო მრეწველობის კომპლექსის წინააღმდეგ უკვე მოქმედი სანქციების (რომელიც CAATSA-ს ფარგლებში დაწესდა 2020 წლის 14 დეკემბერს) მეორე ტალღა მოჰყვეს.

როგორც ჩანს, თურქულმა მხარემ უარი არ თქვა უკვე შეძენილ S-400-ებზე, რადგან შეხვედრის შემდეგ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სისტემები უკვე შეძენილია და „შეთანხმება შემდგარია“. თუმცა, მას არაფერი უთქვამს S-400-ების მეორე პარტიასა და SU-57/SU-35-ებზე.

სამაგიეროდ, ჩავუშოღლუმ გაიმეორა თურქეთის წინადადება შეერთებულ შტატებთან ერთობლივი კომისიის შექმნის თაობაზე, რომლის მიზანიც უნდა იყოს „ტექნიკური საკითხების დაზუსტება“. ანკარის სურვილია, ასეთი მექანიზმის საშუალებით აშშ და ნატო დაარწმუნოს სისტემების უსაფრთხოებაში, რათა პერსპექტივაში საერთოდ მოიხსნას მის წინააღმდეგ არსებული სანქციები. თუმცა გამოჩნდა, რომ ვაშინგტონი ამ წინადადებას ენთუზიაზმით არ შეხვედრია. უფრო მეტიც, ბლინკენმა თურქ კოლეგას განუმარტა, რომ შეერთებულ შტატებში ხელისუფლების შტოებში ძალთა განაწილების სისტემა თეთრ სახლს არ აძლევს არსებული სიტუაციის თურქეთის სასარგებლოდ შეცვლის საშუალებას.

No description available.

S-400-ების საკითხი პირდაპირ უკავშირდება სამხედრო თვითმფრინავების შეძენის საკითხს. 2019 წელს ვაშინგტონმა სწორედ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის გამო უთხრა უარი ანკარას ამერიკული წარმოების 100 ერთეული F-35-ის მიწოდებაზე. ამით კი მომავალში სერიოზულად შეიცვლება ძალთა ბალანსი რეგიონში (მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ისრაელსა და საბერძნეთს ექნებათ თანამედროვე F-35-ები). ბუნებრივია, თურქულმა და ამერიკულმა მხარეებმა ვერც ამ საკითხზე შეძლეს შეთანხმება.

ამავე შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხზე, როგორიცაა შიდა ავღანური სამშვიდობო მოლაპარაკებები და ამ ქვეყნიდან აშშ-ის სამხედრო ნაწილების გაყვანის შესაძლებლობა. ვაშინგტონს ამ საკითხში ანკარის დახმარება ესაჭიროება. თუმცა, ეს უკანასკნელი არ ჩქარობს, რადგან ელოდება 24 აპრილს – ე.წ. „სომეხთა გენოციდის დღეს“ – რომელიც, გავრცელებული ხმებით,  შესაძლოა ბაიდენმა ოფიციალურად აღიაროს. მით უმეტეს, მას ამის თაობაზე წინასაარჩევნო პირობაც აქვს დადებული. ასეთ შემთხვევაში კი მოსალოდნელია თურქულ-ამერიკული ურთიერთობების მორიგი დაძაბვა.

ბლინკენ-ჩავუშოღლუს შეხვედრა იმითაც იყო საინტერესო, რომ მათ ასევე განიხილეს ყველა ის აქტუალური საკითხი, რაც ორივე ქვეყნის ინტერესთა სფეროში შედის. უფრო კონკრეტულად კი, ესენია: სირიისა და ლიბიის სამოქალაქო ომები, ერაყში არსებული სიტუაცია და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში თურქეთ-საბერძნეთის ბოლოდროინდელი დაპირისპირება.

საერთო ჯამში, ორმხრივი შეხვედრა საინტერესო, მაგრამ ნაკლებ პროდუქტიული გამოდგა. როგორც ჩანს, მხარეებმა ვერ შეძლეს გარდატეხა შეეტანათ ურთიერთობებში. ასეთ ფონზე კი, ორმხრივ ურთიერთობებში შესაძლოა მოიმატოს დაძაბულობის მუხტმა.