Title Languages Field Year

ისრაელის სამთავრობო კოალიციის დაშლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნვა

  • Author: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2022

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა

No 44

 

ისრაელში დაიშალა სამთავრობო კოალიცია და დაინიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

რას ნიშნავს ეს ისრაელისთვის და რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს?

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი (მარცხნივ) და საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი (მარჯვნეივ)

როგორც მოსალოდნელიც იყო, ისრაელის მოქმედმა სამთავრობო კოალიციამ ვერ შეინარჩუნა 8 პარტიისგან შემდგარი ძალზე ჭრელი და მყიფე კოალიცია (მასში შედიოდნენ როგორც მემარცხენეები, ისე მემარჯვენეები და არაბული პარტიაც კი) და დაიშალა.

ისრაელის ქნესეთმა (პარლამენტმა) ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა 2022 წლის 1 ნოემბერს, რომელიც ამ ქვეყნისთვის უკვე მე-5 არჩევნები იქნება ბოლო 4 წლის განმავლობაში.

პრემიერმა ბენეტმა განაცხადა, რომ კენჭს აღარ იყრის მომავალ პარლამენტში. იგი თანამდებობიდანაც გადადგა. მის ადგილს კი, ერთი წლის წინ კოალიციის ჩამოყალიბებისას გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, დაიკავებს საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი (ცხადია, მხოლოდ 1 ნოემბრამდე).

ეს სამთავრობო კრიზისი დაემთხვა ისრაელისთვის მეტად სენსიტიურ პერიოდს, როდესაც უნდა გადაწყდეს ირანის ბირთვული პროგრამის ბედი და როდესაც დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტის დიპლომატიური ტურნე ახლო აღმოსავლეთში.

 „ლიკუდის პარტიის“ ლიდერი ბინიამინ ნეთანიაჰუ

ასეთ სიტუაციაში კარგი შანსი ეძლევა გამოცდილ პოლიტიკოსს ბინიამინ ნეთანიაჰუს (იგივე „ბიბის“, რომელიც არაერთხელ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი) და მის მემარჯვენე-ცენტრისტულ „ლიკუდის პარტიას“. მართალია, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია პრემიერობის შემდეგ კვლავ გაეგრძელებინა აქტიური პოლიტიკური კარიერა.

2021 წლის მარტში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ სხვა პარტიებთან შედარებით ყველაზე მეტი – 30 დეპუტატი შეიყვანა ისრაელის ქნესეთში და „ბიბიმ“ პრემიერის პოსტი მხოლოდ იმის გამო ვერ შეინარჩუნა, რომ მისმა მოკავშირე სხვა მემარჯვენე ორიენტაციის პარტიებმა ვერ შეძლეს საკმარისი რაოდენობის დეპუტატების გაყვანა ახალ პარლამენტში. შესაბამისად, შედგა ალტერნატიული 8-პარტიული ეკლექტური კოალიცია, რომლის ჩამოშლასაც ბევრი წინასწარმეტყველებდა და რომელმაც მართლაც მხოლოდ 1 წელი იარსება.

ნეთანიაჰუმ არსებულ სამთავრობო კოალიციის დაშლას ისრაელის მოქალაქეებისთვის „შესანიშნავი ამბავი“ უწოდა და დაიწყო მზადება 1 ნოემბრისთვის დანიშნული არჩევნებისთვის.

წინასაარჩევნო კამპანიისას მთავარი საკითხები კი, დიდი ალბათობით,  ისრაელ-პალესტინის (და ზოგადად ისრაელ-არაბული ქვეყნების) პრობლემები, ირანის ბირთვული პროგრამა და ეკონომიკური საკითხები იქნება.