|
||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა No 62
რაც უფრო ახლოვდება 2023 წლის 14 მაისისთვის თურქეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, მით უფრო აქტუალური ხდება საკითხი, თუ ვისკენ წავა პროქურთული ძალების ხმები. რამდენადაც პროქურთულ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ გარკვეული მიმართულება მისცენ საკუთარ მილიონობით ამომრჩეველს, მათი პოზიცია შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამ მეტად დრამატული არჩევნებისას. საპარლამენტო არჩევნებზე პროქურთული მემარცხენე ძალები დამოუკიდებლად (მაგრამ არა „ხალხთა დემოკრატიული პარტიის“, არამედ „მემარცხენე მწვანე პარტიის“ სახელით, რადგან პირველის წინააღმდეგ სასამართლოში დავა გრძელდება. თურქეთში ბევრი ამ ძალას ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ – PKK-ის გაგრძელებად მიიჩნევს) გავლენ, რადგან მათ არ აქვთ 7%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა და იმედოვნებენ, რომ კვლავ სოლიდურად იქნებიან წარმოდგენილი ახალ პარლამენტში (ამ პარლამენტში ისინი სიდიდით მესამე ფრაქციას ქმნიან. 600-კაციან მეჯლისში წარმოდგენილი არიან 56 დეპუტატით). მანდატების გადანაწილება თურქეთის ახლანდელ პარლამენტში: ყვითელი – მმართველი „სამართლიანობისა და აღორძინების პარტია“, წითელი – ოპოზიციური „სახალხო-რესპუბლიკური პარტია“, იასამნისფერი – პროქურთული „ხალხთა დემოკრატიული პარტია“, შინდისფერი – ერდოღანთან ალიანსში მყოფი „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“, ცისფერი – ოპოზიციური „კარგი პარტია“.
მიუხედავად იმისა, რომ მათი ლიდერები, დეპუტატების ნაწილი, დაჭერილი, ხოლო ქალაქის მერები თანამდებობებიდან გადაყენებული არიან, ისინი მაინც აქტიურად განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას. ბუნებრივია, რომ მათ განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა აქვთ ქურთული წარმოშობის მოქალაქეებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთის გუბერნიებში. საპრეზიდენტო არჩევნებზე ამ პოლიტიკურ ძალას არ დაუსახელებია საკუთარი კანდიდატი. ამგვარად მათ არაპირდაპირი გზით მხარი დაუჭირეს ოპოზიციის საერთო კანდიდატს – ქემალ ქილიჩდაროღლუს (ისინი პირდაპირ და ღიად არ უჭერენ მხარს ქილიჩდაროღლუს, რათა არ გააღიზიანონ ნაციონალისტურად განწყობილი ოპოზიციური სპექტრი და მათი ამომრჩეველი), რომელსაც შესაძლოა 8-9% შემატონ. ეს კი ძალზე სერიოზული ციფრია ნებისმიერი არჩევნების დროს. მსგავსი ტაქტიკის საშუალებით 2019 წელს ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს სტამბოლსა და ანკარაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების დროს, როდესაც პროქურთული ძალების მხარდამჭერთა ხმები ოპოზიციისკენ წავიდა. რა თქმა უნდა, არც ხელისუფლება ზის გულხელდაკრეფილი, რომელმაც კარგად იცის, რომ ყველა ქურთული წარმოშობის მოქალაქე მემარცხენე ორიენტაციის არაა. ამიტომ მათ საკუთარ ალიანსში შეიყვანეს რადიკალური ქურთული ისლამისტური პარტია (Huda-Par), რომელსაც, მართალია, დიდი ელექტორატი არ ჰყავს, მაგრამ თავად ეს ფაქტი არის მესიჯი მემარჯვენე ორიენტაციის ქურთული წარმოშობის მოქალაქეებისთვის, რომ რელიგიურად სენსიტიური ამომრჩევლების კონსოლიდაცია ხდება მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატის გარშემო. ამ ალიანსში ერდოღანის „სამართლიანობისა და აღორძინების პარტიისა“ და ულტრამემარჯვენე „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ გარდა, ასევე შედის „ახალი კეთილდღეობის პარტია“, რომლის ლიდერიც ფათიჰ ერბაქანი თურქეთის პოლიტიკური ისლამის (ე.წ. „ეროვნული ხედვის“ მოძრაობის) ფუძემდებლის – ნეჯმეთინ ერბაქანის შვილია (თავად ერდოღანმაც პოლიტიკური საქმიანობა სწორედ ნეჯმეთინ ერბაქანის პარტიაში დაიწყო). ზოგადად, როგორც ყველგან, თურქეთშიც პოლიტიკური ცხოვრება წინასაარჩევნოდ ძალზე გააქტიურებულია და არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად ბევრი რამ შეიძლება სწრაფადაც შეიცვალოს. |