ავტორი: ირაკლი კოპლატაძე
BRICS-ის გაფართოების მე-3 სტადიაზე, ე.წ. BRICS+ ეტაპზე, ბლოკი უშუალოდ მიუახლოვდა საქართველოს საზღვრებს ჩრდილოეთიდან (რუსეთი ბლოკის დამფუძნებელი წევრია 2009 წლიდან), სამხრეთიდან (თურქეთმა წევრობაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა 2024 წლის 2 სექტემბერს) და აღმოსავლეთიდან (აზერბაიჯანმა წევრობაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა 2024 წლის 20 აგვისტოს, ხოლო ირანი ოფიციალურად 2024 წლის 1 იანვრიდან შეუერთდა ორგანიზაციას).
ამ ფონზე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესის შეჩერების პარალელურად, უკვე ამუშავდა რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა BRICS-ში საქართველოს გაწევრიანებისთვის. თავისთავად, BRICS-ის გაფართოების ტენდენცია მნიშვნელოვანია მსოფლიოში და კერძოდ, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური ძვრების კონტექსტშიც, რომლის შედეგად ჩვენ თვალწინ იცვლება არსებული გეოპოლიტიკური ლანდშაფტი რუსეთ-უკრაინის ომის მოსალოდნელი შეჩერების, სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის, აზერბაიჯან-სომხეთისა თუ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტების შედეგების, ირანთან და ჩინეთთან მიმართებით ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამკაცრების, დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისა და საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი და ნატოს ასპირანტი ქვეყნის დასავლური ორბიტიდან ჩამოშორების გათვალისწინებით. რა მიზნებს ისახავს ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების ფონზე BRICS-ის გაფართოება, როგორია აშშ ახალი ადმინისტრაციის რეაგირება ბლოკში მიმდინარე პროცესებზე და როგორია საქართველოს დამოკიდებულება BRICS-ის მიმართ ამ ეტაპზე?
ჯერ კიდევ ბლოკის დაარსების პირველივე სტადიიდან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი (აკრონიმი BRIC, 2009) და მეორე სტადიაზეც, როდესაც ჯგუფს დაემატა სამხრეთი აფრიკა (აკრონიმი BRICS, 2010-2022) და, განსაკუთრებით, მესამე სტადიაზე, როდესაც ეგვიპტის, ეთიოპიის, ირანის და არაბთა გაერთიანებული საამიროების გაწევრიანების შემდეგ წევრების რაოდენობა გაიზარდა 9 ქვეყნამდე (აკრონიმი BRICS+, 2024), ბლოკი ცდილობს თავი წარმოაჩინოს დასავლეთის ალტერნატივად და მულტილატერალიზმის ახალი მიზიდულობის ცენტრად (Reshaping multilateralism); გარდა ამისა, კუბა, მალაიზია, ტაილანდი და თურქეთი განიხილებიან BRICS-ის პარტნიორ ქვეყნებად, რომელთაც გამოხატეს გაწევრიანების ინტერესი. სწორედ ეს 13 ქვეყანა ესწრებოდა 2024 წლის ოქტომბერში BRICS-ის მე-16 სამიტს ყაზანში (რუსეთი), სადაც, საერთო ჯამში, 40 ქვეყანამ გამოთქვა გაწევრიანების ინტერესი, ხოლო 23-მა წარადგინა ოფიციალური განაცხადი, მათ შორის, აზერბაიჯანმაც; აღსანიშნავია, რომ შიდა ინტეგრაციული პროცესების ინტენსიფიკაციის საბაბით, ფართომასშტაბიანი გაფართოების გადაწყვეტილება სამიტზე არ ყოფილა მიღებული. არგენტინამ ჯერ გააკეთა განაცხადი, ხოლო მთავრობის ცვლილების შემდეგ უკან წაიღო იგი; საუდის არაბეთი კი კვლავაც განიხილავს გაწევრიანების საკითხს.
შესაბამისად, რუსეთ-უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების ფონზე ბლოკის დამფუძნებლები უფრო მკვეთრად აჩვენებენ, რომ BRICS+ მიზნად ისახავს გამოწვევად იქცეს დასავლური მულტილატერალიზმისთვის, კერძოდ:
- BRICS+ განიხილება, როგორც „გლობალური სამხრეთის“ ხელშემწყობი გაერთიანება, G7-ის ალტერნატივა, რომელიც ცდილობს მოიზიდოს არა მარტო პოლიტიკური „ანტიდასავლეთი“ (რუსეთი, ჩინეთი, ირანი), არამედ ე.წ. „მერყევი ქვეყნებიც“ (swing states): ბრაზილია, თურქეთი, ინდოეთი, ინდონეზია, საუდის არაბეთი და სამხრეთი აფრიკა, რომლებიც არც დასავლეთთან და არც „ანტიდასავლეთთან“ არ გამორიცხავენ სავაჭრო-ეკონომიკურ თუ სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას;
- მსოფლიო ბანკის ანალოგად მოიაზრება 2015 წელს შანხაიში დაარსებული BRICS-ის „ახალი განვითარების ბანკი“ (NDB), რომელიც აფინანსებს პროექტებს ჩინეთში თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესაძლებლობების გაზრდით დაწყებული და სამხრეთ აფრიკაში სატვირთო სარკინიგზო სისტემების მოდერნიზებით დამთავრებული;
- საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მსგავსად, BRICS-ი გეგმავს საკუთარი სავალუტო რეზერვების მექანიზმის შექმნას;
- 2019 წლის მარტში BRICS-მა დააანონსა SWIFT-ის ანალოგის, გადახდის საკუთარი სისტემის, BRICS-Pay-ის შექმნაც.
გარდა ამისა, ბლოკის ანტიამერიკული ვექტორის გამოვლინებად მიიჩნევა 2024 წლის ოქტომბერში რუსეთში, BRICS-ის სამიტზე მიღებული საბოლოო დეკლარაცია, სადაც აღნიშნულია, რომ კოალიცია მხარს უჭერს NDB-ის მიერ ადგილობრივი ვალუტით დაფინანსების გაფართოებას და ინვესტიციებისა და დაფინანსების ინსტრუმენტებში ინოვაციების გაძლიერებას“, რასაც მოჰყვა აშშ-ის მკვეთრი რეაქცია; კერძოდ, 2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 100%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა BRICS-ის ქვეყნებს იმ შემთხვევაში, თუ ბლოკი შემოიღებს საკუთარ ვალუტას ან სხვა ვალუტაში დაიწყებს ოპერირებას იმისთვის, რომ შეცვალოს აშშ დოლარი ბლოკის შიგნით კომერციული ტრანზაქციების წარმოებისას. ტრამპის განცხადებით, აშშ აღარ აპირებს „გვერდიდან უყუროს“ იმას, თუ BRICS-ის ქვეყნები როგორ ცდილობენ უარი თქვან დოლარზე, როგორც საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციების ვალუტაზე. ტრამპის განცხადებას მალევე მოჰყვა წევრი-ქვეყნების გამოხმაურებებმაც; კერძოდ, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 2 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ აშშ კვლავ აიძულებს BRICS-ის ქვეყნებს გამოიყენონ დოლარი, ეს მხოლოდ გააძლიერებს მათ ტენდენციას ეროვნულ ვალუტებში ოპერირებისკენ; რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი თქვა, რომ მას გადაუდებლად მიაჩნია BRICS-ის ქვეყნების წახალისება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოიყენონ თავიანთი ეროვნული ვალუტა ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის; თუმცა აღნიშნა, რომ ჯგუფისთვის ერთიანი ვალუტის შექმნაზე საუბარი ჯერ ნაადრევია; სამხრეთ აფრიკამაც ოფიციალურად განაცხადა, რომ არ იგეგმება საერთო ვალუტის ემისია, ხოლო ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, BRICS-ის ქვეყნებს „არ აქვთ აშშ დოლარის შესუსტების ინტერესი“.
შესაბამისად, დღესდღეობით აქტუალური ჩანს არა იმდენად ახალი ვალუტის ემისია, რამდენადაც დოლარის ვაჭრობიდან გამოდევნის მცდელობა („დედოლარიზაცია“) წევრი-ქვეყნების ეროვნულ ვალუტებში ტრანზაქციების წახალისებით; კერძოდ, ზემოხსენებული NDB სულ უფრო ხშირად ცდილობს განვითარების პროექტების დაფინანსებას და სავაჭრო ტრანზაქციების წარმოებას ადგილობრივ ვალუტაში, თუმცა საერთაშორისო ვაჭრობა ამ მეთოდით, თუნდაც 10-მდე ქვეყანას შორის, რთულად განსახორციელებელია: მაგალითად, ინდოეთს შეიძლება სურდეს მეტი რუსული ნავთობის ყიდვა, მაგრამ თუ ის ვერ პოულობს მყიდველებს რუსეთში ინდური საქონლისთვის, მაშინ სასურველი მოცულობის ნავთობს ვერ შეიძენს, რადგან რუბლით ან რუპიებით ვაჭრობა არამდგრადი და არარენტაბელური ხდება მოსკოვისთვის, რომელიც ვეღარსად დახარჯავს მიღებულ რუპიებს. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომლებიც დიდი ხანია ასრულებენ ფინანსური ტრანზაქციების საანგარიშსწორებო საკლირინგო სახლის ფუნქციებს კონკურენტ გეოპოლიტიკურ ბლოკებს შორის, სულ მცირე, ათი წლის განმავლობაში ცდილობდნენ მსგავსი შედეგის მიღწევას; თუმცა, საკითხი უფრო აქტუალური გახდა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში გამწვავებული „გეოპოლიტიკური დაყოფის“ და „სავაჭრო ომების“ პირობებში; კერძოდ, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ დოლარში ტრანზაქციებზე თავის არიდება გამოწვეულია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან თავის დაღწევის სურვილითაც, რადგან ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ფინანსური კორპორაციების რაოდენობა, რომლებიც ექვემდებარება აშშ და ევროკავშირის სანქციებს, მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ გზით კი რუსეთი ცდილობს აშშ-ს და ევროპულ ქვეყნებს აჩვენოს, რომ მათ მოსკოვის იზოლირება არ შეუძლიათ. მეორე მხრივ, ეროვნულ ვალუტებში ტრანზაქციების მოცულობის ზრდის ტენდენციამ დროთა განმავლობაში შესაძლოა მართლაც შეუქმნას გამოწვევა აშშ დოლარის დომინირებას გლობალურ ეკონომიკაში BRICS-ის გეოგრაფიული განშლადობისა და საფინანსო-სავაჭრო მასშტაბების გათვალისწინებით.
დღესდღეობით BRICS-ის ქვეყნებში ცხოვრობს დაახლოებით 3,3 მილიარდი ადამიანი, ანუ დედამიწის მოსახლეობის 40%-ზე მეტი, მისი ეკონომიკა კი შეადგენს გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის (გადათვლილი მსყიდველობითი უნარის პარიტეტით) 37.3%-ს. გარდა ამისა, S&P Global-ის მონაცემებით, ირანის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და პოტენციურად, საუდის არაბეთის დამატებით BRICS+ ჯგუფს შეუძლია გააკონტროლოს ნავთობის მსოფლიო წარმოების თითქმის 50%, რომელიც მოიხმარს მის 35%-ს. 2024 წელს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ბლოკის სამუშაო ძალის მონაწილეობის მაჩვენებელი იყო 60,6%, სულ, 1,5 მილიარდი ადამიანი; ამასთან, დიდია გენდერული სხვაობა: კერძოდ, მამაკაცი დასაქმებულები შეადგენენ 73.9%-ს, ხოლო ქალები – 47.4%-ს. გარდა ამისა, მაღალია დასაქმება არაფორმალურ ეკონომიკაში – დაახლოებით 934,4 მილიონი ადამიანი, რომელთა დიდი უმრავლესობა კონცენტრირებულია ინდოეთში. 2024 წელს BRICS-ის ქვეყნებში უმუშევრობის დონე 5,3%-ს შეადგენს, სულ, 84,7 მილიონი ადამიანი.
რაც შეეხება BRICS-თან საქართველოს მიმართების საკითხს, დღის წესრიგში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყნის საგარეო ვექტორი მკვეთრად შეიცვალა, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ანტიამერიკული და ანტიევროპული კურსის სანაცვლოდ ჯერჯერობით არ შემოუთავაზებია არავითარი ალტერნატივა, თუ რომელ მულტილატერალური და რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატში მოიაზრებს ქვეყანას მაშინ, როდესაც ე.წ. „3+3“ ფორმატი დღესდღეობით თვით „ქართული ოცნებისთვის“ არის ტაბუდადებული, ხოლო ჩინეთის „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ (the Belt and Road Initiative, BRI) და „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) მომავალი – გაურკვეველი (ამ შემთხვევაში არ იგულისხმება ბილატერალური, ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში რუსეთთან და ირანთან სავაჭრო-ეკონომიკური თუ ჩინეთთან და აზერბაიჯანთან საინვესტიციო-საფინანსო ურთიერთობების გაღრმავება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა თუ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობის ჩათვლით).
შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოში რუსული პროპაგანდის ნაწილად უკვე იქცა ევროატლანტიკური ინტეგრაციის ალტერნატივად BRICS-ში გაწევრიანების წარმოჩენა; კერძოდ, საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე, 2024 წლის 27 ოქტომბერს, კრემლის პროპაგანდისტმა ალექსანდრ დუგინმა განაცხადა: „„ქართულმა ოცნებამ“ საქართველო BRICS-ში უნდა შეიყვანოს. საქართველოს ხელისუფლებაში კვლავ სუვერენისტები მოდიან. ისინი სულაც არ არიან პრორუსები, მაგრამ არც – დასავლელი ყმები. აი, რას ნიშნავს კარგი გაგებით ნაციონალიზმი – შეინარჩუნო სამშობლო, წესრიგი, გააძლიერო ყველასგან დამოუკიდებლობა, თავი არავის დაუხარო. […] ასევე დროა დავემშვიდობოთ არაპოპულარულ და ქართველოფობ პრეზიდენტს. დროა წავიდეს სახლში, პარიზში“. გარდა ამისა, ე.წ. „3+3“ ფორმატთან და BRICS-თან დაკავშირებით მსგავსი განცხადებები გაავრცელეს „იმედი TV“-მ და „საქინფორმმა“ („რატომ უნდა ისწრაფოდეს საქართველო BRICS-ში და არა ევროკავშირში“). როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, სწორედ ამგვარი პროპაგანდისტების და არა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები უმზადებს საწყის ეტაპზე იდეოლოგიურ ნიადაგს შემდგომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. მართლაც, საქართველოს ხელისუფლების პოზიციები დასავლეთთან კონფრონტაციის ფონზე მნიშვნელოვნად დაუახლოვდა BRICS-ის ხედვებს. ამის ნათელი მაგალითებია: უკრაინაში რუსეთის შეჭრის თაობაზე გაკეთებული პოლიტიკური შეფასებები (კერძოდ, ომის პროვოცირებაში უკრაინისა და აშშ-ის დადანაშაულება), ევროკავშირს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე მიერთების (CFSP alignment) დაბალი დონე (49%), ორმაგი დანიშნულების საქონლით ვაჭრობის რისკებზე დასავლეთის და უკრაინის მიერ არაერთხელ გამოთქმული პროტესტი, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება, ირანში უმაღლესი დონის სკანდალური ვიზიტები, ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე 2028 წლამდე მორატორიუმის შესახებ 28 ნოემბრის განცხადება და მკვეთრი დემოკრატიული უკუსვლა (რაც კიდევ უფრო გაღრმავდა არალეგიტიმურად ცნობილი არჩევნების, მზარდი სამოქალაქო პროტესტის მასობრივი დარბევებისა და დაპატიმრებების, მიღებული რეპრესიული სისხლის სამართლებრივი და საჯარო სამსახურის კანონმდებლობის შედეგად), რამაც გამოიწვია ევროკავშირთან ურთიერთობების პრაქტიკული შეჩერება და აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, დასავლეთისგან თვითიზოლაციის პირობებში BRICS-თან დაახლოება „ქართული ოცნებისთვის“ აჩენს ხელისუფლების შენარჩუნების, დასავლეთთან პოლიტიკური „შურისგების“, „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებში თანამოაზრეების პოვნისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას, რისი „შეფუთვაც“, ასეთ შემთხვევებში ხდება „დასავლეთთან“ და „გლობალურ სამხრეთთან“ ერთდროული ურთიერთობის საფუძველზე „სტრატეგიული ავტონომიის“ შენარჩუნების აუცილებლობით; ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინის მსგავსად, დემოკრატიული ცვლილებებისა და დასავლეთის ორბიტაზე დაბრუნებისთანავე საქართველოშიც BRICS-ში გაწევრიანების საკითხი ბუნებრივად კარგავს აქტუალობას წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების ფორმატის წინა პლანზე წამოწევის პირობებში, მით უმეტეს, რომ საქართველოს უკვე აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ჩინეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და რუსეთთან (ამ უკანასკნელთან ვაჭრობისას გამოიყენება საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პირველი და მე-2 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმები).
ხაზგასასმელია, რომ BRICS+ ქვეყნებს, რომლებიც ძირითადად ემყარება ავტორიტარულ რეჟიმებს არადემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტებით, ადამიანის უფლებების დაცვის სუსტი სისტემებითა და გაუმჭვირვალე, ნაკლებკონკურენტული შიდა საბაზრო ურთიერთობებით, არ ძალუძთ ევროპულ და ევროატლანტიკურ ალიანსთან გამომწვევ დაპირისპირებაში გამარჯვება, რადგან დასავლური სამყაროს ერთობლივი ეკონომიკა (იაპონიის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და სხვა მოკავშირეების ჩათვლით) ბევრად უფრო დიდია, ვიდრე BRICS-ის 37.3%, სამხედრო ძალები – მნიშვნელოვნად უფრო ძლიერი, გეოგრაფია – უფრო ხელსაყრელი, ღირებულებები – უფრო მიმზიდველი და დემოკრატიული სისტემა – ბევრად უფრო სტაბილური და კონსოლიდირებული.
შეჯამება
- ეტაპობრივი გაფართოების კვალდაკვალ BRICS-ი ცდილობს თავი წარმოაჩინოს დასავლეთის ალტერნატივად და მულტილატერალიზმის ახალი მიზიდულობის ცენტრად, NDB-ის მექანიზმს კი იყენებს დედოლარიზაციისა და წევრი-ქვეყნების ეროვნულ ვალუტებში ტრანზაქციების წასახალისებლად, რაც სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლით ვაჭრობაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან თავის დაღწევის სურვილითაც არის განპირობებული.
- აშშ მხრიდან წევრი ქვეყნების მიმართ მკაცრი რეაგირების ზომები იმთავითვე განსაზღვრა პრეზიდენტმა ტრამპმა 2024 წლის 30 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში.
- იმ ფონზე, როცა საქართველო ჩამოშორდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ხოლო ბლოკის გაფართოება უშუალოდ მიუახლოვდა ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვრებს, საქართველოს BRICS-ში გაწევრიანების „საჭიროებას“ პროპაგანდისტული შინაარსი აქვს. შესაბამისად, ის მოკლებულია ყოველგვარ ეკონომიკურ დასაბუთებას.
- ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებლობის გამო BRICS-ში გაწევრიანების საკითხი ავტომატურად კარგავს აქტუალობას მას შემდეგ, რაც საქართველო დაუბრუნდება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამასთან, აღნიშნული არ ზღუდავს BRICS-ის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას.