ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

ახლო აღმოსავლეთის მიმოხილვა No 72

ისრაელის სამხედრო რადიომ გამოაცხადა, რომ აშშ-ის მოთხოვნის შესაბამისად, ფერხდება სახმელეთო ოპერაციის დაწყება ღაზის სექტორში.

ამასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები: რა არის ის მიზეზები, რის გამოც ჯერ კიდევ არ დაწყებულა სახმელეთო ოპერაცია ღაზაში და ხომ არ ნიშნავს ეს სახმელეთო ოპერაციის საერთოდ გაუქმებას?

ქვემოთ შევეცდებით პასუხი გავცეთ ამ კითხვებს.

ისრაელის სამხედრო ტექნიკა ღაზის სექტორის სიახლოვეს

 

  • სახმელეთო ოპერაციის თარიღის გადადება

რეალურად, სახმელეთო ოპერაციის დაწყება ფერხდება რამდენიმე მიზეზის გამო:

  • ვაშინგტონს სურს დამატებითი სამხედრო ძალის (ეს ეხება როგორც ცოცხალ ძალას, ისე სამხედრო ტექნიკას) გადასროლა რეგიონში, რათა სრულყოფილად შეძლოს როგორც საკუთარი სამხედრო ბაზების (რომლებიც რეგიონის მრავალ ქვეყანაშია განლაგებული), ისე ისრაელის დაცვა პოტენციური საფრთხისგან;
  • ვაშინგტონს ასევე ესაჭიროება დრო ევროპელი მოკავშირეების პოლიტიკური და სამხედრო მობილიზებისთვის (ამ ეტაპზე რეგიონში გემები ჰყავს გაგზავნილი დიდ ბრიტანეთს, გერმანიამ და ნიდერლანდებმა კი საკუთარი სპეცდანიშნულების რაზმები განათავსეს კუნძულ კვიპროსზე არსებულ ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე);

ამერიკული გემების დაჯგუფება ისრაელის სიახლოვეს

  • კვლავ ღიად რჩება „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 200-ზე მეტი ადამიანის ბედი, რომელთა გამოხსნაზე მოლაპარაკებები კატარის შუამავლობით ახლაც მიმდინარეობს და ამ პროცესსაც დრო სჭირდება. აშშ-ისა და ისრაელის ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი მძევლის (მძევლად აყვანილ ადამიანებს შორის არიან აშშ-ის მოქალაქეებიც) გამოხსნა მოხერხდეს ოპერაციის დაწყებამდე;
  • ისრაელი უსაფრთხოების საკითხებში ბევრადაა დამოკიდებული აშშ-ზე და ამიტომ იგი ითვალისწინებს ვაშინგტონის სურვილებს. პარალელურად, ისრაელი ხვეწს ღაზის სექტორის გვირაბების ქსელში გამაგრებული „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის გეგმებს. ამასთან, ამ მასშტაბის ოპერაციების ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, ისევე როგორც ჩრდილოეთიდან „ჰამასის“ შესაძლო შეტევის მოგერიების გეგმის შემუშავებას გარკვეული დრო სჭირდება.

 

  • სახმელეთო ოპერაციის მომავალი

სახმელეთო ოპერაციის საერთოდ გაუქმება/არ ჩატარების შანსები ძალზე მცირეა რამდენიმე მიზეზის გამო:

  • ისრაელის ხელისუფლებამ ამ დღეებში არაერთხელ განაცხადა, რომ „ჰამასის“ ფიზიკური განადგურების მიზნით ღაზაში ჩაატარებენ სახმელეთო ოპერაციას და არჩატარების აუცილებლობის დამტკიცება ძალზე გაჭირდება;
  • არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ისრაელის საზოგადოება ელოდება სახმელეთო ოპერაციას, რათა მოისპოს ტერორიზმის საფრთხე და ამისთვის შესაბამისი საფასურის გაღებისთვისაც მზადაა. ისრაელის საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნებოდა სახმელეთო ოპერაციის გაუქმება, ხოლო დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკოსები მოქმედებენ ხალხის განწყობების შესაბამისად;
  • სახმელეთო ოპერაციის არჩატარება ტერორისტულ ორგანიზაციებში გააჩენდა დაუსჯელობის განცდას, რაც გაზრდიდა მომავალში ისრაელის წინააღმდეგ მსგავსი ტერაქტების ჩატარების ალბათობას;
  • ერთადერთი რამ, რამაც ამ ეტაპზე შესაძლოა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება გაურკვეველი ვადით გადაწიოს, იქნებოდა, მაგალითად, ჩრდილოეთით მეორე ფრონტის გახსნა „ჰესბოლას“ მხრიდან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გადადების მიუხედავად, სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში დიდი ალბათობით მაინც ჩატარდება. ოპერაციის დაწყების თარიღის გადაწევა მის საერთოდ არჩატარებას არ ნიშნავს.