თეონა ლავრელაშვილი, პროექტის მენეჯერი, ევროპული პარტიის მონიტორი ბრიუსელში
2021 წლის 16 სექტემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ქ. სტრასბურგში, ევროპარლამენტის დარბაზში, ყოველწლიური მიმართვა წაიკითხა. პრეზიდენტების ეს მიმართვა აღიქმება, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, ერთგვარ momento veritas ევროკავშირისათვის. მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა, ევროპარლამენტში ხალხმრავლობა იყო. პრეზიდენტმა გულწრფელად გამოხატა საკუთარი ემოციები, ჰქონდა პოეტური გადახვევებიც და ამით თავის სიტყვას მეტი სიცოცხლე შესძინა.
წლევანდელი მიმართვა თალიბანის მიერ ავღანეთის აღებიდან ზუსტად 1 თვის თავზე წარმოითქვა და განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. პრეზიდენტმა ერთსაათიან მიმართვაში 6 მთავარი გზავნილი გააჟღერა, თუმცა საკმაოდ მცირე ყურადღება დაუთმო ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებს.
გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტის მთავარი აქცენტი იყო ევროკავშირის კოვიდპანდემიასთან ბრძოლის ძალისხმევაზე. მართლაც, მიუხედავად თავდაპირველი დაბრკოლებებისა, ვაქცინის გამოყენებისა და დისტრიბუციის მონიტორინგი საკმაოდ ეფექტურად წარიმართა. ევროკავშირის მოსახლეობის ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა და, პრინციპში, მიაღწია კიდეც გაერთიანების მიზანს, რომ აეცრა მოსახლეობის 70% (თუმცა რუმინეთს და ბულგარეთს ვაქცინაციის მეტად დაბალი მაჩვენებლები აქვთ). კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი მიესალმა რამდენიმე თვის წინ მიღებულ იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2030 წლისათვის 55%-ით შეამცირებენ სათბური გაზების გამონაბოლქვს. დამატებით, პრეზიდენტი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 2027 წლისათვის 4 მილიარდით გაზრდიდა კლიმატის ბიუჯეტს. ფონ დერ ლეიენმა საკმაოდ თამამი დამოკიდებულება გამოავლინა ევროკავშირის თავდაცვის შესაძლებლობების მიმართ და წარმოადინა რამდენიმე ინიციატივა, მათ შორის, დამატებითი ღირებულების გადასახადის მოხსნა იმ კომპანიებისთვის, რომელთაგანაც ევროკავშირი შეიძენს თავდაცვით შეიარაღებებს (ევროკავშირში წარმოებულს). ასევე წარადგინა ინიციატივა ევროპის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის შექმნის შესახებ. პრეზიდენტის თქმით, კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს და ამ თვალსაზრისით გამოყო 2 მოვლენა: ევროკავშირის და ნატოს ერთობლივი განცხადება, რომელსაც უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ და ევროკავშირის თავდაცვისადმი მიძღვნილი სამიტი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად, რომელიც ევროკავშირის „სტრატეგიული ავტონომიის“ კონცეფციის ავტორია.
მიგრაციასთან დაკავშირებით ფონ დერ ლეიენს არ მორიდებია ეღიარებინა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული უთანხმოება, რომელზეც ასე ხშირად აპელირებენ ევროკავშირის იდეის ოპონენტები. ამასთან, პრეზიდენტი კვლავ დარწმუნებული ჩანდა, რომ მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტი საუკეთესო შეთანხმებაა მიგრაციის ნაკადების სამართავად, მიუხედავად იმისა, რომ ამ პაქტის განხორციელება საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. ავღანეთში თალიბანის წარმატების შემდგომ ევროკავშირის პასუხმა კი კარგად აჩვენა, რომ ევროგაერთიანება ჯერ კიდევ შორს არის მიგრაციის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებისგან.
კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მკაცრად განაცხადა, რომ ევროკავშირი დარღვევებს არ შეიწყნარებს. მართალია, კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, მაგრამ ყველასთვის გასაგებია, თუ ვინ არიან enfants terribles. პრეზიდენტმა იმედით აღნიშნა, რომ დაიწყება კანონის უზენაესობის ყოველწლიური მონიტორინგის ანგარიშების გამოცემა, რომელიც 2022 წლიდან კონკრეტული რეკომენდაციებით წარედგინება წევრ ქვეყნებს. ფონ დერ ლეიენმა 2022 წელი ახალგაზრდობის წლად გამოაცხადა და წარადგინა ახალგაზრდების მობილობის ახალი პროგრამა – ალმა, რომელიც ნაკლები განათლება-ტრენინგის მქონე ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, დროებითი სამუშაოთი დასაქმდნენ ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში. ევროკავშირი–ჩინეთის ურთიერთობებზე კი აღნიშნა, რომ „ევროპისთვის აზრს მოკლებულია, თუკი სრულყოფილ გზას ავაგებთ ჩინეთის საკუთრებაში არსებული სპილენძის მაღაროდან ჩინეთის საკუთრებაში არსებულ პორტს შორის“. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი ინვესტიციებს უფრო ჭკვიანურად უნდა მიუდგეს და ამისთვის ე.წ. დამაკავშირებელი სტრატეგიის ახალი დოკუმენტის წარდგენის პირობა დადო.
ევროკომისიის პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაზე მთავარი აქცენტი ნამდვილად არ ფრაზა – ევროკავშირის გაფართოება – ერთხელაც კი არ ყოფილა ნახსენები. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები კი, რომლებიც ასე გამალებით ესწრაფვიან პროგრესს ევროკავშირის გზაზე, გლობალური პარტნიორობის ნაწილში მოიხსენია. მართალია, ფონ დერ ლეიენმა ოპტიმიზმით აღნიშნა, რომ გეგმავს ვიზიტს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, მაგრამ ბალკანეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა კარგად იციან, რომ პრეზიდენტის ვიზიტით ევროკავშირის გაფართოების თავსატეხი არ ამოიხსნება. რეალურად, ყველაზე მეტად საჭიროა ევროკავშირის მომავალ გაფართოებაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსენსუსის მიღწევა. თუმცა, პროგნოზები იმედისმომცემი არ არის: მას შემდეგ, რაც საბერძნეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის სახელთან დაკავშირებული რამდენიმე ათწლეულის კონფლიქტი გადაიჭრა, რამაც ჩრდილოთ მაკედონიას გზა გაუხსნა ნატოსა და ევროკავშირისაკენ, ახლა ბულგარეთი ბლოკავს ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებას ისტორიასთან და ენასთან დაკავშირებული საკითხების გამო. პოლიტიკური და, სავარაუდოდ, კონსტიტუციური კრიზისი, რომელიც ბულგარეთს 2021 წლის აპრილის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული აქვს, უფრო ნაკლებ შანსს იძლევა, რომ უახლოეს პერიოდში გამოსავალი მოიძებნება ვეტოს დასაძლევად. სერბეთს და მონტენეგროს რაც შეეხება, მართალია, მათი ევროკავშირის სტატუსი უფრო მაღალ ეტაპზეა, რადგან გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს, მაგრამ, ძირითადად, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და კოსოვო-სერბეთის დიალოგის განვითარების ნელი ტემპის გამო პროგრესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს.
კიდევ უფრო ნაკლები ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე, რომლებიც პრეზიდენტმა უფრო ფართო – ევროკავშირის სამეზობლოს – კონტექსტში მოიხსენია. ფონ დერ ლეიენს არ უხსენებია ტრიოს ინიციატივა – სახელმწიფო დონის ფორმატი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩამოაყალიბეს საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, რომ გაერთიანებული ძალებით შეძლონ ევროკავშირში ინტეგრაცია. სავარაუდოდ, რომ ყოფილიყო მეტი დიპლომატია და ლობირება, ევროკომისიის პრეზიდენტი უფრო თამამი იქნებოდა ამ 3 ქვეყნის მიმართ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტრიოს ჩამოყალიბებიდან ჯერჯერობით არც კონცეპტუალური და არც პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა, რაც დაეხმარებოდა ტრიოს იდეის განვითარებას ევროპულ თუ ადგილობრივ დონეზე. შესაბამისად, გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღები პირების დიდი ნაწილი ამ ფორმატს არ იცნობს, რამაც, სამწუხაროდ, შესაძლოა ამ სტრატეგიული იდეის გაუფასურებას შეუწყოს ხელი, თუკი ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში არ გააქტიურდება დიპლომატიური ძალისხმევა.
ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირს აქვს ამბიცია, რომ იყოს გლობალური მოთამაშე, უფრო თამამი ნაბიჯები მოეთხოვება, რათა ნათლად წარმოაჩინოს მზადყოფნა და გრძელვადიანი ხედვა და დაეხმაროს თავის უშუალო სამეზობლოს ევროპულ პერსპექტივას. სამწუხაროდ, ამ მხრივ, წლევანდელი მიმართვა ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობა აღმოჩნდა.