სათაური | ენა | სფერო | წელი |
---|---|---|---|
ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (გამოცემა 2, სექტემბერი 1-14, 2021)
|
ქართული | საერთაშორისო ურთიერთობები | 2021 |
„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.
ჩრდილოეთი კავკასია და ცენტრი საჯარო მომსახურების გაციფრების აქმეში ყარაჩაი–ჩერქეზეთი ლიდერებში, ჩრდ. ოსეთი კი აუტსაიდერებში მოხვდა ოლეგ კაჩანოვი. ფოტო: digital.gov.ru რუსეთის ფედერაციის ციფრული განვითარებისა და მასობრივი კომუნიკაციების მინისტრის მოადგილის ოლეგ კაჩანოვის 7 სექტემბრის განცხადებით, ფედერაციის სუბიექტთა შორის საჯარო მომსახურების გაციფრების მიმართულებით ლიდერებში ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაც მოხვდა. განსხვავებული ვითარებაა ჩრდ. ოსეთში, რომელიც საჯარო მომსახურების ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობაში აუტსაიდერებს შორისაა. რეგიონების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ გაიცა დავალება, რომ გაციფრების გეგმას ჩამორჩენილმა სუბიექტებმა ჩამორჩენა ა.წ. 1 ოქტომბრამდე აღმოფხვრან.
ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო ჩრდ. კავკასიის რესპუბლიკებსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარების წვრთნები მიმდინარეობს ფოტო: mil.ru რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 13 სექტემბერს „სამხრეთის სამხედრო ოლქის“ ოთხ პოლიგონზე, მათ შორის ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ჩეჩნეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ჯარების ორმხრივი ტაქტიკური წვრთნები დაიწყო. წვრთნებში მონაწილეობს 6 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ჩართულია დაახლოებით 800 ერთეული სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა, მათ შორის – ტანკები, ქვეითი საბრძოლო მანქანები, საარტილერიო დანადგარები და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა. წვრთნები 18 სექტემბერს დასრულდება. ერთი დღით ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია რუსი ტანკისტების წვრთნების შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ძარწემის პოლიგონზე გაიმართა.
ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჩეჩნეთისგან საჩუქრად სასწრაფო დახმარების ორი მანქანა მიიღო ფოტო: apsnypress.info ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ჩეჩნეთის რესპუბლიკისგან საჩუქრად სასწრაფო დახმარების ორი მანქანა მიიღო. საჩუქარი აფხაზურ მხარეს აფხაზეთი-რუსეთის ე.წ. საზღვარზე 4 სექტემბერს გადაეცა.
ტრავმირებული მურატ ჯიოევი ბესლანის სამედიცინო ცენტრში მკურნალობს მურატ ჯიოევი. ფოტო: ekhokavkaza.com ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პოსტკონფლიქტურ საკითხებში“ მურატ ჯიოევი, რომელიც 12 სექტემბერს საკუთარი სახლის ეზოში ხიდან ჩამოვარდა, სამკურნალო კურსს ჩრდ. ოსეთის ქალაქ ბესლანის სამედიცინო ცენტრში გადის. ცხინვალში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯიოევი თავდაპირველად პირველადი დახმარების აღმოსაჩენად ცხინვალის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დააწვინეს, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების მანქანით ბესლანში გადაიყვანეს.
ადიღეს რესპუბლიკა ადიღეს რესპუბლიკაში კორონავირუსის მესამე ტალღამ პიკს მიაღწია სექტემბრის პირველი კვირის მონაცემებით, ადიღეს რესპუბლიკაში კორონავირუსის ინფექციის მესამე ტალღამ პიკს მიაღწია – ამის შესახებ რესპუბლიკის რეგიონალური ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა. რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის რუსტემ მერეტუკოვის თქმით, დაავადებულების რაოდენობა სტაბილურად იზრდება ყოველდღე. მისივე განცხადებით, ეპიდემიოლოგები ფრთხილ პროგნოზებს აკეთებენ და ინფიცირებულთა უფრო დიდ ზრდას ვარაუდობენ სექტემბრის მეორე ნახევარში, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი შვებულებიდან რესპუბლიკაში დაბრუნდება. ადიღეში, სადაც ვაქცინაციის გეგმის მხოლოდ 50.6%-ია შესრულებული, ივლისის რიცხვებში ინფექციის გავრცელების შესამცირებლად დამატებითი შეზღუდვები შემოიღეს.
მაიკოპში „რუსეთის გმირის“ ვლადისლავ დოლონინის ბიუსტი გახსნეს ფოტო: natpress.net 3 სექტემბერს, ტერორიზმთან ბრძოლაში სოლიდარობის დღეს, ადიღეს რესპუბლიკაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, რესპუბლიკის დედაქალაქ მაიკოპში საზეიმოდ გაიხსნა „რუსეთის გმირის“ უფროს ლეიტენანტ ვლადისლავ დოლონინის ბიუსტი. მაიკოპში დაბადებული და გაზრდილი ვლადისლავ დოლონინი „ჩეჩნეთის პირველ ომში“ ფედერაციული ძალების მხარეს იბრძოდა და 1995 წლის 3 მარტს გუდერმესის ხეობაში შეტაკებისას დაიღუპა. ადიღეს რესპუბლიკის მეთაურმა მურატ კუმპილოვმა ბიუსტის გახსნის ღონისძიებისას განაცხადა, რომ უფროსი ლეიტენანტის ვლადისლავ დოლონინის გმირობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში, გახდება სამშობლოსთვის თავდადების მაგალითი ახალი თაობებისთვის.
ყარაჩაი–ჩერქეზეთი კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო ყარაჩაი–ჩერქეზეთში „რესპუბლიკის დღისთვის“ დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები არ ჩატარდა ყარაჩაი-ჩერქეზეთში კორონავირუსის ინფექციის შემთხვევების მატებამ ადგილობრივი ხელისუფლება აიძულა 7 სექტემბრისთვის დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის – საზეიმო მსვლელობა, გაეუქმებინა. 7 სექტემბერს ყარაჩაი-ჩერქეზეთი ერთბაშად ორ დღესასწაულს – „რესპუბლიკის დღეს“ და რესპუბლიკის დედაქალაქის „ჩერკესკის დღეს“ აღნიშნავს. ზაფხულში რესპუბლიკაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა აღინიშნა. ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამოსასწორებლად რესპუბლიკის მთავრობამ ნაწილობრივი სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღო, რომელიც მომსახურების სფეროში მომუშავე პირებს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უწყებებს და საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს შეეხოთ.
მყინვარის ჩამოწოლას ყარაჩაი–ჩერქეზეთში ტურისტი ემსხვერპლა ფოტო: kavkaz-uzel.eu 14 სექტემბერს ყარაჩაი-ჩერქეზეთის მთებში მყინვარის ჩამოწოლისას ოთხი ტურისტი დაზიანდა, აქედან ერთი გარდაიცვალა. დომბაის ტერიტორიაზე მდებარე მყინვარ ალიბეკის ნაწილი 2200 მეტრის სიმაღლეზე ჩამოწვა. ამ ზონაში ტურისტების ჯგუფი მოხვდა, რომლებიც მოსკოვიდან, ნიჟნი-ნოვგოროდიდან და კრასნოიარსკის მხარიდან იყვნენ.
ყაბარდო–ბალყარეთი ვენეციის კინოფესტივალზე ნალჩიკელი რეჟისორის ნამუშევრის ჩვენება გაიმართა კადრი ფილმიდან „დედა, სახლში ვარ“. ფოტო: kino.mail.ru ნალჩიკელი რეჟისორის ვლადიმერ ბიტოკოვის ფილმი „დედა, სახლში ვარ“ (“Мама, я дома”) 10 სექტემბერს ვენეციის კინოფესტივალზე აჩვენეს. ფილმი ვენეციის კინოფესტივალის ახლადდაწესებული პროგრამის Horizons Extra სიაში მოხვდა. პროგრამის მიზანი მსოფლიო კინემატოგრაფიის ახალი ტენდენციების ჩვენებაა. ფილმში მთავარ როლს ქსენია რაპოპორტი და იური ბორისოვი ასრულებენ, მოვლენები კი ნალჩიკში ვითარდება. ფილმის მთავარი გმირი ავტობუსის მძღოლი ქალია, რომელიც სირიაში კონტრაქტით საბრძოლველად წასულ შვილს ელოდება. როდესაც ის შეიტყობს, რომ მისი შვილი დაიღუპა, ამ ცნობის დაჯერებაზე უარს ამბობს და შვილის დასაბრუნებლად მარტო იწყებს ბრძოლას.
ფსბ–მ ყაბარდო–ბალყარეთში მსახური პასტორის სახლი გაჩხრიკა რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოების წარმომადგენლებმა „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტი“ პასტორის – ტიმოფეი ბორონინის სახლი გაჩხრიკეს. ინფორმაცია ამის შესახებ „კავკაზ რეალიიმ“ 13 სექტემბერს გაავრცელა. წყაროს ცნობით, ფსბ პასტორის სახლში ექსტრემისტულ რელიგიურ ლიტერატურას ეძებდა. თავად პასტორის განცხადებით, მის სახლში არანაირი ექსტრემისტული ლიტერატურა არ არის, სამართალდამცავებმა კი მას ჩხრეკის დროს გამართული საუბრის აუდიოჩანაწერის გაკეთების საშუალება არ მისცეს. იმავე დღეს სამართალდამცავებმა პასტორის ავტომობილიც გაჩხრიკეს, საიდანაც ხუთი პირადი წიგნი ამოიღეს – საგანმანათლებლო ლიტერატურა ბიბლიის შესახებ და სამედიცინო შინაარსის გაზეთები. ბორონინმა სამართალდამცავების ქმედებების წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.
ნალჩიკელი შშმ აქტივისტი სასამართლომ პოლიციელის „მოხრჩობის“ მცდელობაში დამნაშავედ ცნო
ნალჩიკელი აქტივისტი ასლან ირიტოვი, რომელსაც ორივე ხელი ამპუტირებული აქვს, ნალჩიკის სასამართლომ პოლიციელის მიმართ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და პირობით მსჯავრად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასლან ირიტოვმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. გამოძიების ვერსიით, რომელიც სასამართლომ ა.წ. 2 სექტემბრის ვერდიქტით გაიზიარა, 2017 წლის 31 ოქტომბერს ასლან ირიტოვმა პოლიციის ერთ თანამშრომელს სახეში თავი ჩაარტყა, მეორის მიმართ კი მოხრჩობის მცდელობა ჰქონდა. ინციდენტი ნალჩიკის ვოლნი აულის რაიონში მოხდა. პოლიციელებმა მიტინგის მზადების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ირიტოვების სახლში სამოქალაქო ფორმაში მივიდნენ. ვიზიტის შემდეგ სამედიცინო ექსპერტებმა სხეულის დაზიანებები თავად ირიტოვს, მის ძმას, მეუღლეს და ქალიშვილს აღმოუჩინეს, თუმცა საქმე თავად აქტივისტის წინააღმდეგ აღიძრა.
ნალჩიკის მაცხოვრებელი ტერორისტული დაჯგუფების წევრობისთვის სასამართლომ დამნაშავედ ცნო 9 სექტემბერს სამხრეთის სამხედრო ოლქის სასამართლომ ყაბარდო-ბალყარეთის მაცხოვრებელი ალექსანდრ საგდანოვი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში დამნაშავედ ცნო და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 5.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „2016 წლის თებერვალში, ყალმუხეთის N2 გამოსასწორებელ კოლონიაში სასჯელის მოხდისას, საგდანოვმა ტერორისტულ საზოგადოებაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა და მის რიგებს თავისი ნებით შეუერთდა,“ – განაცხადა სასამართლოს პრესსამსახურმა. გამოძიების ინფორმაციით, ყალმუხეთის გამოსასწორებელ კოლონიაში, რომელიც დასახლება იაშკულში მდებარეობს, ტერორისტული დაჯგუფება 2013 წელს დაღესტნელმა შახბან გასანოვმა ჩამოაყალიბა, რომელიც თავად „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი იყო. დაჯგუფებაში ასამდე მსჯავრდებული გაწევრიანდა. მათ შორის გარკვეულ ნაწილზე გამოძიება მიმდინარეობს, ნაწილი მსჯავრს იხდის, ნაწილი კი შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის დროს დაიღუპა.
ჩრდილოეთი ოსეთი ჩრდ. ოსეთში ბესლანის ტრაგედიის მსხვერპლებს პატივი მიაგეს ფოტო: kavkaz.mk.ru 2004 წელს ჩრდ. ოსეთის ქალაქ ბესლანის N1 სკოლაში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა მოსაგონებლად რესპუბლიკაში სამდღიანი ღონისძიება ჩატარდა. სამგლოვიარო ღონისძიებები 1 სექტემბერს ბესლანის N1 სკოლაში ყვავილების მიტანით და დაღუპულთა პარაკლისით გაიხსნა. სამგლოვიარო ღონისძიებების გახსნას პოლიტიკური, რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ, მათ შორის – რეგიონის მეთაური სერგეი მენიაილო.
სასამართლომ მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი სერგეი ტაკოევი პატიმრობაში დატოვა სერგეი ტაკოევი. ფოტო: rbc.ru 13 სექტემბერს მოსკოვის სახელმწიფო სასამართლომ მოსკოვის ბასმანის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩრდ. ოსეთის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის სერგეი ტაკოევის და ელექტროტექნიკის ქარხნის გენერალური დირექტორის აიდა გაბარაევას პატიმრობაში მიცემასთან დაკავშირებით კანონიერად ცნო. როგორც ჩვენი მაუწყებელი წერდა პირველ გამოცემაში, ყოფილი მაღალჩინოსანი 10 აგვისტოს დააპატიმრეს – მას ბრალად განსაკუთრებულად დიდი ოდენობის (180 მილიონი რუბლი) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა ედება, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინგუშეთი ინგუშეთში ტურისტებისთვის ქცევის „სარეკომენდაციო ბუკლეტი“ გამოუშვეს ჯეირახის რაიონის ადმინისტრაციამ ტურისტებისთვის რეკომენდაციების სია შეიმუშავა, რომელიც მოიცავს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს და რა უნდა ჩაიცვას ვიზიტორმა რეგიონში სტუმრობისას. ბუკლეტში აღნიშნულია, რომ სტუმარმა პატივი უნდა სცეს ადგილობრივ ჩვეულებებს და ტრადიციებს, რათა „უხერხული მდგომარეობა“ თავიდან აიცილოს. არაერთ რეკომენდაციას შორის ასევე აღნიშნულია, რომ ტურისტებმა „მუსლიმური ქვეყნების სტუმრობის წესები“ უნდა დაიცვან, ქალებმა უარი უნდა თქვან მომდგარ ტანსაცმელზე, კაცებმა კი შორტები არ უნდა ჩაიცვან. რეკომენდაციებში ასევე ნათქვამია, რომ ტურისტმა კაცებმა მისალმებისას ქალებისთვის ხელის ჩამორთმევისგან თავი უნდა შეიკავონ და ადგილობრივ გოგოებს კომპლიმენტები არ უნდა უთხრან. ზაფხულში მსგავსი ტიპის რეკომენდაციების სია დაღესტანმაც გამოაქვეყნა. ასეთი სიები მანამდე არსებობდა ჩრდ. ოსეთსა და ჩეჩნეთშიც. ინგუშეთში გაცემული რეკომენდაციების სია უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ინგუშეთის ორ მაცხოვრებელს სახას რესპუბლიკაში (იაკუტია) ჩადენილ მკვლელობაში ედებათ ბრალი სახას რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულის გამო ინგუშეთის ორ მაცხოვრებელს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. გამოძიების ვერსიით, მათ მანქანით ფარულად ოქრო გადაჰქონდათ, ძვირფასეულობის გარკვეული ნაწილის დაკარგვის შემდეგ კი ეჭვი მანქანის მძღოლებზე მიიტანეს, ისინი მოიტაცეს და ხუთი დღე აწამებდნენ, – ამის შესახებ ინფორმაცია 8 სექტემბერს ადგილობრივმა „სახაპრესმა“ გაავრცელა. ერთ-ერთი მძღოლის სხეული მოგვიანებით მდინარე ინდიგირკაში, დასახლება უსტ-ნერაში იპოვეს. საქმეს რესპუბლიკა სახას უზენაესი სასამართლო განიხილავს.
„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერისთვის ინგუშეთში ოთხი პირი დააკავეს ფსბ-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რუსეთის ფედერალურმა საგამოძიებო კომიტეტმა ინგუშეთში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერისთვის ოთხი პირი დააკავა. გამოძიების ცნობით, დაკავებულთაგან ორი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო, ორმა კი ეს ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს დაუმალა.
ჩეჩნეთი რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ჯანდაცვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედლით დააჯილდოვეს ფოტო: grozny.tv თერაპევტების ჩრდილოეთ კავკასიის ფორუმზე, რომელიც 11-12 სექტემბერს ჩეჩნეთში გაიმართა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს რამზან კადიროვს საზოგადოებრივი აღიარების უმაღლესი ჯილდო „ავიცენას“ (იბნ სინა) მედალი გადასცეს. კადიროვს ჯილდო ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების განვითარებაში შეტანილი „მრავალწლიანი წვლილისთვის“ გადაეცა. ასევე ჯანდაცვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ჰიპოკრატეს“ მედლით დაჯილდოვდა ჩეჩნეთის ჯანდაცვის მინისტრი ელხან სულეიმანოვი.
რამზან კადიროვის განცხადებით, მამამისმა ასლან მასხადოვი სიკვდილს გადაარჩინა 14 სექტემბერს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა მრავალსაათიანი შეხვედრა ჩაატარა თვითაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილ თანამდებობის პირებთან, სადაც განაცხადა, რომ მამამისმა აჰმატ კადიროვმა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მესამე პრეზიდენტი ასლან მასხადოვი პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის მიერ ორგანიზებული შეტევისგან იხსნა. „იჩქერიის დროს დუდაევმა უმარ-ალის, სობარ-ალის, ხალიდ იამადაევს და იბრაჰიმ საიდოვს მასხადოვის მოკვლის დავალება მისცა. ამის შესახებ მამაჩემმა გაიგო. აჰმატ-ჰაჯიმ ისინი შეკრიბა და უთხრა: „თუ მას რამეს დამართებთ, ამას გავასაჯაროებ, ამის უფლება არ გაქვთ. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მასხადოვს, რადგანაც მეორე მხარეს შაიტანები არიან. მისი მკვლელობის დაშვება არ შეიძლება – ეს პროვოკაციას გამოიწვევს. ის ხომ შტაბის ხელმძღვანელია,“ – აი ასე გადაარჩინა მასხადოვი მამაჩემმა,“ – განაცხადა კადიროვმა.
უფლებადამცველებმა ჩეჩენი ძმები პოლიტპატიმრებად ცნეს ადამიანის უფლებათა ცენტრის „მემორიალის“ დასკვნით, ორი ჩეჩენი ახალგაზრდა, ძმები ისმაილ ისაევი და სალეხ მაგამადოვი, სამართლებრივი დევნის მსხვერპლნი მათ მიერ ჩეჩნეთის ხელისუფლების კრიტიკისა და ლგბტ თემის წევრობის გამო გახდნენ. „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ძმები ჩეჩნეთის ძალოვნებმა ნიჟნი-ნოვგოროდიდან ა.წ. თებერვლის დასაწყისში ჩამოიყვანეს და დააპატიმრეს, როდესაც უმცროსი ძმა ისმაილი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. სასამართლო ადვოკატების გარეშე გაიმართა და ძმების პატიმრობაში დატოვებაზე გაიცა ვერდიქტი. ძმებმა ა.წ. მარტში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში სარჩელი ორგანოების მიერ ცემასა და წამებაზე შეიტანეს. „მემორიალის“ განცხადებით, ძმები „პოლიტიკური პატიმრის“ საერთაშორისო კრიტერიუმების ფარგლებში ხვდებიან, მათი სამართლებრივი დევნა კი უკანონოა.
დაღესტანი დაღესტანში ორი ისლამისტი მებრძოლი მოკლეს ფოტო: tass.ru დაღესტნის ბუიკანსკის რაიონში 10 სექტემბერს ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას ორი ისლამისტი მებრძოლი ემსხვერპლა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ტყეში ორი შეიარაღებული პირი შენიშნეს, ფსბ-მ კი ანტიტერორისტული ოპერაცია შესაძლო ტერაქტის პრევენციისთვის წამოიწყო. „ბანდიტებს იარაღის დაყრა და დანებება შევთავაზეთ. მათ საპასუხოდ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ ცეცხლი გახსნეს. საბრძოლო მოქმედებების დროს ორივე განეიტრალდა,“ – განაცხადეს ნაციონალურ ანტიტერორისტული კომიტეტში. „კავკაზსკი უზელის“ ცნობით, Instagram-ის დაღესტნელი მომხმარებლების ნაწილმა სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ეჭვი შეიტანა. მათი აზრით, ის ნივთები, რომლებიც სამართალდამცავებმა მებრძოლების თავშესაფარში აღმოაჩინეს, ტყეში ცხოვრების პირობებს არ შეესაბამება.
დაღესტნის მკვიდრი „ისლამური სახელმწიფოსთვის“ დახმარების მცდელობაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დონის როსტოვის სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსთვის“ დახმარების მცდელობისთვის ქალაქ ბუინაკსკის მკვიდრ იბრაჰიმ ქამალოვს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ცნობით, 2014 წლის აგვისტოში ქამალოვმა რუსეთში აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაციას „ისლამურ სახელმწიფოს“ ფული გადაურიცხა.
ალექსეი ნავალნის შტაბის აქტივისტი სასამართლომ გაამართლა ფოტო kavkaz-uzel.eu 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მაჰაჩყალის სასამართლომ ნავალნის შტაბის აქტივისტის მურად მანაპოვის სარჩელი მისდამი სამართალდამცავების მიერ ძალის გამოყენების შესახებ სრულად დააკმაყოფილა. პირველმა ინსტანციამ ასევე უკანონოდ ცნო მისი წინასწარი ადმინისტრაციული დაპატიმრება. ნავალნის შტაბის კოორდინატორი მაჰაჩყალაში ედუარდ ატაევი და მისი დამხმარე მურად მანაპოვი ა.წ. აპრილში შტაბის გახსნის მეორე დღესვე ადმინისტრაციული წესით დააპატიმრეს. მანაპოვს ბრალი წვრილმან ხულიგნობაშიც დასდეს. მისი სიტყვებით, სამართალდამცავებმა მას შტაბის გეგმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვეს, რამდენიმე დარტყმა მიაყენეს და წამებით დაემუქრნენ. აპრილის ბოლოს ნავალნის შტაბმა დაღესტანში არსებობა შეწყვიტა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვის სახელმწიფო სასამართლომ ა.წ. 9 ივნისს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის შტაბები ექსტრემისტულ ორგანიზაციებად ცნო და მათი საქმიანობა აკრძალა. |