ჯემალ გრძელიშვილი, ანალიტიკოსი

2021 წლის მარტში, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ იან კელისა და დევიდ კრამერის წიგნი, სახელწოდებით „ქვეყანა ზღვარზე: საქართველოს მხარდაჭერისთვის“, გამოსცა. წიგნი გადმოგვცემს როგორც საქართველოს უახლოესი ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს, ასევე დღესდღეობით ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ ავტორთა ხედვას. ნაშრომი მრავალ მნიშვნელოვან დეტალს მოიცავს, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა წინადადება, რომელიც საქართველოს ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს ეხება. ავტორები აღნიშნავენ, რომ „საქართველომ არ უნდა შეხედოს ჩინეთს, როგორც რუსეთის ალტერნატივას, რადგან ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, დასავლეთს საქართველოსთვის მეტი ეკონომიკური და პოლიტიკური კარის გაღება შეუძლია“. მაშინ, როდესაც ისტორიაში პირველად ჩინეთი საქართველოს ნომერი პირველი საექსპორტო ბაზარი გახდა, როდესაც მას უკვე მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა აქვს და ყველა დასავლური ინსტიტუტის ანალოგი შექმნა, იბადება აზრი, ხომ არ გამოვიყენოთ ჩინეთთან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობის დამყარება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დასაბალანსებლად? ეს მოსაზრება კიდევ უფრო ლეგიტიმური ხდება ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობის ისტორიას თუ გადავხედავთ.

როგორც ვიცით, ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის სადავო კუნძულ ჟენბაოს მიზეზით წარმოქმნილი სასაზღვრო კონფლიქტის დროს ჩინეთმა აშშ და მისი მოკავშირეებიც კი გააოცა. 1969 წლის 2 მარტს, მაო ძედუნის ბრძანებით, ჩინელმა ჯარისკაცებმა თავის საბჭოთა კოლეგებს სადავო კუნძულთან ჩასაფრება მოუწყვეს და 91 საბჭოთა ჯარისკაცი გაანადგურეს. ჩინელების ქმედებებით განრისხებულმა საბჭოთა ხელისუფლებამ ჩინეთზე ატომური იარაღით თავდასხმის განხილვაც კი დაიწყო, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის – რიჩარდ ნიქსონის წინააღმდეგობის შედეგად, მათ განზრახვა გადაიფიქრეს. ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩინეთმა საბჭოთა კავშირს თავისი გავლენის სფეროში შეჭრა არ აპატია.

1978 წლის ივნისში ვიეტნამის პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც ჩინეთს „პრინციპული მოწინააღმდეგე“უწოდა. იმავე წლის ნოემბერში კი ვიეტნამმა საბჭოთა კავშირთან „მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება“ გააფორმა, რომელიც სამხედრო თანამშრომლობის შესახებ მუხლებსაც შეიცავდა. იმავე წლის დეკემბერში ვიეტნამი კამბოჯაში შეიჭრა და პრო-ჩინური მთავრობა დაამხო. ეს ფაქტი ჩინეთმა საბჭოთა კავშირის მიერ ჩინეთის ალყაში მოქცევის მცდელობად შეაფასა, რის გამოც 1978 წლის 25 აგვისტოს საბჭოთა კავშირის სატელიტ ვიეტნამზე სამხედრო შეტევა დაიწყო.

ზემოხსენებული ორი მაგალითი ცხადყოფს, რომ საბჭოთა კავშირსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას დაპირისპირების საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ საინტერესოა, თუ რა ურთიერთობა აქვთ მათ დღეს. მათი დღევანდელი ურთიერთობის ბუნებას ცხადყოფს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მიმდინარე მოვლენები.

სამხრეთ ჩინეთის ზღვის აუზი აზიაში დაძაბულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა. ჩინეთი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაივანი, ბრუნეი, ინდონეზია და მალაიზია ვერ იყოფენ ბუნებრივი რესურსებით მდიდარ წყლებს. ჩინეთი აუზის დაახლოებით 80%-ზე აცხადებს პრეტენზიას და დემონსტრაციულად არაფრად აგდებს ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას რომელმაც ჩინეთი საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს 1982 წლის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა და სხვა ქვეყნების ტერიტორიული წყლების პატივისცემისაკენ მოუწოდა. დღესდღეობით ამ საკითხში დასავლეთის ქვეყნები ერთსულოვნები არიან და ჩინეთს იმავე ქმედებისკენ მოუწოდებენ. მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესოა რა პოზიცია აქვს რუსეთს. თავდაპირველი ნეიტრალური პოზიცია რუსეთმა შეცვალა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას საარბიტრაჟო სასამართლოს განაჩენის უგულებელყოფაში მხარდაჭერა გამოუცხადა, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ მხარეებმა ერთმანეთის არსებითად მნიშვნელოვანი გავლენის სფეროების პატივისცემის გადაწყვეტილება მიიღეს. ვიეტნამის ომის ზემოთ მოყვანილი მაგალითი ცხადყოფს, რომ საბჭოთა კავშირი თავისი ისტორიის განმავლობაში ეცადა ჩინეთის გავლენის სფეროში შეჭრას, რაც ომით დასრულდა. როგორც ჩანს, რუსეთმა, როგორც საბჭოთა კავშირის სამართლებრივმა მემკვიდრემ, თავისი წინამორბედის ქმედებები სწორად შეაფასა და დასავლური სანქციების ფონზე ჩინეთთან ურთიერთობის გაფუჭებას მასთან გავლენის სფეროების გადანაწილება ამჯობინა.

წყაროhttps://www.india.com/wp-content/uploads/2020/12/South-china-Sea-2.jpg

რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს ნიშნავს შემდეგს, როგორც ცნობილია, რუსეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს თავის „უკანა ეზოდ“ მიიჩნევს. შესაბამისად, რუსეთი ჩინეთისგან ელის იმავე ქმედებას, რასაც ის სამხრეთ ჩინეთის მიმართულებით ახორციელებს. ეს ფაქტი სრულიად გამორიცხავს საქართველოს მიზეზით რუსეთისა და ჩინეთის დაპირისპირებას. ამ მოსაზრების კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია უკრაინის საკითხი. კერძოდ: უკრაინაში ქალაქ ბერდიანსკსა და მარიუპოლში ჩინეთი საპორტო ინდუსტრიაში მილიონობით აშშ დოლარის ინვესტირებას აკეთებს. ამ ფაქტს მნიშვნელოვნად ხდის ერთი მოვლენა. ბერდიანსკსა და მარიუპოლში მოხვედრის ერთადერთ საშუალებას რუსეთის მხრიდან ანექსირებული ყირიმისა და ქერჩის სრუტის (მათ შორის, რუსეთ-ყირიმის დამაკავშირებელი ახალი ხიდის) გავლა არის საჭირო. როგორც ეს მაგალითი ცხადყოფს, შავი ზღვის რეგიონში ჩინეთი და რუსეთი საკმაოდ შეხმატკბილებულად მოქმედებენ და მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.

დასკვნის სახით რომ ვთქვათ, ზემოთ მოყვანილი მაგალითები ნათლად აჩვენებს ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობის ბუნებას და გამორიცხავს ჩინეთის მიერ რეგიონში რუსეთის დამბალანსებლის როლის შესრულებას. შესაბამისად, კიდევ უფრო ნათელი ხდება საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობა, რაც არა რომელიმე პირის ახირებას, არამედ საქართველოს განვითარებისა და გადარჩენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს.