ავტორი: ნინო მაჭარაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
2023 წლის 30 სექტემბერს სლოვაკეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტი ხმა მემარცხენე სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ (SMER) მოაგროვა (23,3%), რაც მისი ლიდერის რობერტ ფიცოს პრემიერ-მინისტრად დაბრუნების შანსს ზრდის. ჯამში, 5%-იანი ზღვარი სულ შვიდმა პარტიამ გადალახა, მათ შორის, მეორე და მესამე ადგილებს, შესაბამისად, ლიბერალური, პროუკრაინული პარტია პროგრესული სლოვაკეთი (PS) (17%) და ზომიერად მემარცხენე პარტია „ჰოლოსი“ (Hlas (Voice)) (15%) ინაწილებენ (იხ. გრაფიკი). სავარაუდოა, რომ SMER-ის გამარჯვება ევროსკეპტიკურ, პრორუსულ და ანტილიბერალურ განწყობებს გააძლიერებს არა მხოლოდ სლოვაკეთში (NATO-სა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში), არამედ მთელი ცენტრალური ევროპის მასშტაბით. ყველაფერი ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნებზეც უარყოფითად აისახება.
გრაფიკი
წყარო: Reuters
ჩვენს ბლოგში მოკლედ გაგაცნობთ იმ ფაქტორებს, რაც ფიცოს პრემიერმინისტრობის შემთხვევაში სლოვაკეთის მოსკოვისკენ გადახრის ვარაუდს ამყარებს.
- ფიცოს ცუდი გამოცდილება – რობერტ ფიცოს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი აქამდე უკვე ორჯერ 2006-2010 და 2012-2018 წლებში ეკავა. მას 2018 წელს თანამდებობიდან გადადგომა მოუწია. ფიცოს გადადგომა დაკავშირებული იყო იან კუციაკის გახმაურებულ მკვლელობასთან. კუციაკი ცნობილი სლოვაკი გამომძიებელი ჟურნალისტი იყო, რომელიც სიკვდილის წინ რობერტ ფიცოს იტალიურ მაფიასთან კავშირების გამოძიებაზე მუშაობდა. კუციაკის მომზადებული სტატია მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა. ჟურნალისტის მკვლელობამ და პრემიერ-მინისტრის მაფიასთან კავშირში მხილებამ მასობრივ ანტისამთავრობო დემონსტრაციას მისცა ბიძგი, რამაც ფიცო „აიძულა“ პოსტი დაეტოვებინა. რობერტ ფიცო, როგორც ამბობენ, არ არის პოლიტიკოსთა იმ კატეგორიაში, ვინც ემოციებით იმართება. შესაბამისად, მისი ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი ნაკლებად შეიძლება დავუკავშიროთ შურისძიებას. ფიცოს დასავლეთის მიმართ გულგრილობა უფრო მეტად იმ ფაქტით აიხსნება, რომ მან 2018 წელს განვითარებული მოვლენების ფონზე ევროპის ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერა ვერ იგრძნო. შესაბამისად, ის ახლა მძლავრ მოკავშირესა და პოლიტიკურ დასაყრდენს შესაძლოა მოსკოვში ხედავდეს.
- პოპულისტური პოლიტიკა – ბოლო პერიოდში პოპულისტური პოლიტიკის სტილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ აქტიურად გამოიყენება. პოპულიზმი მუდმივად იყო რობერტ ფიცოსა და მისი პოლიტიკური პარტიისათვის დამახასიათებელი ნიშა, წინასაარჩევნოდ კი ამ მხრივ მუშაობა უფრო მეტად გაააქტიურეს. გავრცელებული პოპულისტური მესიჯები შეეხებოდა სლოვაკეთისათვის ისეთ მგრძნობიარე საკითხებს, როგორიცაა კოვიდპანდემია, უკრაინის ომი და ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი – მიგრაცია. როგორც GLOBSEC-ის კვლევების შედეგად დგინდება, სლოვაკეთის მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლადი და მგრძნობიარეა დეზინფორმაციის მიმართ. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ რუსეთი სლოვაკეთში პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებაში ძალიან დიდი რესურსს ხარჯავს და როგორც ჩანს, საკმაოდ ეფექტიანადაც. მაგალითისათვის, GLOBSEC-ის კვლევის მიხედვით, სლოვაკთა 40% უკრაინაში ომის დაწყებაში რუსეთს ადანაშაულებს, 51%-ს კი სჯერა, რომ მიმდინარე მოვლენებზე უკრაინა და დასავლეთი არიან პასუხისმგებელი.
ბრატისლავაში, ცხადია, აქტიურად ადევნებენ თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ აპირებდა არჩევანის გაკეთებას. აქვე შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტები და გამანადგურებელი თვითმფრინავები გაუგზავნა. მეორე მხრივ, სლოვაკი ამომრჩევლის დიდი რაოდენობა პრორუსულადაა განწყობილი და ისინი მიმდინარე ომის ამბებს სხვაგვარად აღიქვამენ. სიტყვით ერთ-ერთი გამოსვლისას რობერტ ფიცომ სწორედ ასეთი ამომრჩევლების „გული მოიგო“, როდესაც განაცხადა, რომ მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში სლოვაკეთი უკრაინაში არცერთ ახალ ტყვიას აღარ გაგზავნის, არც რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციებს შეუერთდება და არც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს. რობერტ ფიცოს მოსაზრებით, სხვანაირი მოქმედება მესამე მსოფლიო ომის გარანტია იქნებოდა, ამიტომ ის თავის ამომრჩევლებს სამშვიდობო პოლიტიკას სთავაზობს. ფიცოს და მის პარტიას სურთ, რომ სლოვაკეთი ნეიტრალურ, უფრო სწორად კი, მოსკოვისთვის მოსაწონ სახელმწიფოდ გადააქციონ.
- ფიცოს პოტენციური შიდა პარტნიორები – არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, როგორც უკვე აღინიშნა, ფიცოს მემარცხენე პარტია SMER ლიბერალური პარტია პროგრესული სლოვაკეთზე (PS) მცირედი უპირატესობით (6,3%-ით) სარგებლობს. SMER-ისგან განსხვავებით, წინასაარჩევნოდ PS-ი თავის ამომრჩევლებს დასავლური პოლიტიკური საგარეო კურსის შენარჩუნებას ჰპირდებოდა. ფიცოსთვის სასარგებლო შედეგების მიუხედავად, მისი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობაში მოსვლა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული სხვა პარტიებზე. საპარლამენტო არჩევნების შედეგებით მესამე ადგილზე ზომიერად მემარცხენე პარტია „ჰოლოსი“ (Hlas (Voice)) გავიდა, რომლის დამფუძნებელი პიტერ პელეგრინი SMER-ის ყოფილი წევრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრია (2018-2020). პარტიებს საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად ძალიან სჭირდებათ „ჰოლოსის“ მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ პელეგრინმა საჯაროდ საკმაოდ ნეიტრალური პოზიცია დააფიქსირა, სავარაუდოა, რომ ფიცოსთან ძველი კონფლიქტის მიუხედავად, ის მხარს SMER-ს დაუჭერს. დიდი ალბათობით, პრორუსული კოალიციის შექმნაში მათ სლოვაკეთის ნაციონალური პარტიაც (SNS) დაეხმარებათ (მან არჩევნებში 5.6% აიღო). პარლამენტში შესული პარტიების რაოდენობა არც ისე ცოტაა, რაც შესაძლო კოალიციების ვარიანტებს ზრდის. საბოლოო ჯამში, ფიცოს პრემიერ-მინისტრობას სხვა პატარა პარტიების პოზიციები გადაწყვეტს.
- ფიცოს საგარეო მოკავშირეები – ფიცოს პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ფიცოსა და ვიქტორ ორბანს, უნგრეთის პრორუს პრემიერ-მინისტრს შორის ურთიერთობები არც ისე თბილი იყო, თუმცა მიმდინარე საარჩევნო პერიოდში მათ შორის კავშირები უფრო მჭიდრო გახდა. ლიდერებმა კონსენსუსს მიაღწიეს ისეთ საკითხებზეც კი, რომლებიც ადრე საკმაოდ სადავო იყო: ფიცომ თავისი ერთ-ერთი გამოსვლისას „ნამუსი მოწმინდა“ ორბანს და განმარტა მისი პრეტენზია სლოვაკეთის უნგრეთის „გამოყოფილი ტერიტორიად“ მოხსენიების თაობაზე. ფიცოსთან ურთიერთობა სასარგებლოა ორბანისთვისაც, რადგან მისი პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში დასრულდება ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერთა შორის ორბანის იზოლაცია. დღესდღეობით ორბანი ერთადერთია, ვინც ანტიუკრაინული ნარატივებით გამოირჩევა. ამასთან, აღნიშნული ალიანსი, შესაძლოა, უფრო მეტადაც კი გაძლიერდეს, თუ პოლონეთში კონსერვატიული პარტია PiS-ი კიდევ ერთი ვადით მოვა ხელისუფლებაში (თუმცა, რუსეთთან მიმართებით მათ სხვაგვარი პოზიცია აქვთ).
SMER-ის მიერ კოალიციის შექმნისა და საპარლამენტო უმრავლესობაში მოსვლის შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ ფიცო ორბანისებურ მმართველად მოგვევლინოს. ამის მიუხედავად, მის პრემიერმინისტრობას დიდი გავლენა არ ექნება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რადგან სლოვაკეთის იარაღის მარაგი საკმაოდ შეზღუდულია, ევროკავშირის სანქციები რუსეთის მიმართ უკვე მოქმედებს, უკრაინა კი NATO-ში გაწევრიანების გზაზეა. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ცვლილება მნიშვნელოვნად შეასუსტებს დასავლეთის ერთიანობას და „წყალს დაასხამს რუსეთის წისქვილზე“. გარდა ამისა, 30 სექტემბრის არჩევნების შედეგებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზეც, რადგან სლოვაკეთის სახით NATO-სა და ევროკავშირში კიდევ ერთი ევროსკეპტიკური ქვეყნის გამოჩენის შანსი იზრდება.