მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

2020 წელი აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისით დაიწყო, რასაც დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომა და ვადამდელი „საპრეზიდენტო არჩევნები“ მოჰყვა. ახლადარჩეული „პრეზიდენტი“ რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რადგან მის „გაპრეზიდენტებას“ დაემთხვა ახალი კორონავირუსის პანდემია. წლის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს არ ჩაუვლია რუსეთის მონაწილეობის გარეშე, რომელმაც წლის ბოლოსთვის აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობისგან სწრაფი და მეტი ინტეგრაცია მოითხოვა. აღნიშნულ სტატიაში 2020 წლისთვის აფხაზეთში მომხდარ ზოგიერთ მნიშვნელოვან ამბავს გაგიზიარებთ.
 

პოლიტიკური კრიზისი და „პრეზიდენტის“ გადადგომა

2020 წელი აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისით დაიწყო. კრიზისის კულმინაცია 12 იანვარი იყო, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომელიც 2014 წელს თავადაც მსგავსი კრიზისის შედეგად გახდა „პრეზიდენტი“, მზარდი შიდა პოლიტიკური ზეწოლითა და რუსი კურატორების შუამავლობით იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. ხაჯიმბა გადადგომის აუცილებლობასა და ვადამდელი „არჩევნების“ დანიშვნაში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევმა დაარწმუნეს, რომლებიც კრიზისის მოსაგვარებლად აფხაზეთში საგანგებოდ ჩავიდნენ.
 

ვადამდელი „არჩევნები“ და ახალი „პრეზიდენტი“

2020 წლის 22 მარტს აფხაზეთში ვადამდელი არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, „არჩევნებში“ გაერთიანებული ოპოზიციური ძალების ლიდერმა ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. ბჟანიამ ხმების 56.5% მიიღო. ბჟანიას გამარჯვება ხაჯიმბაზე 2014 წლის მოვლენებისთვის ერთგვარი რევანში იყო, როდესაც ხაჯიმბას მომხრეებმა დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს გადადგომა აიძულეს. ბჟანია მაშინ ანქვაბის გუნდის წევრი იყო. რევანშის სიმბოლური გამოხატულება ბჟანიას მიერ ანქვაბის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად დასახელება იყო, რომელმაც ასაკობრივი შეზღუდვის გამო ვერ შეძლო არჩევნებში მონაწილეობა. ბჟანია აფხაზეთის რიგით მეხუთე დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა.

 

პანდემია და გამოწვევები

ბჟანიას „პრეზიდენტობა“ ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაიწყო. ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შეიზღუდა რუსეთთან მიმოსვლა. შეზღუდვების ხარჯზე, პანდემიის საწყის ეტაპზე, აფხაზეთში მოხერხდა ვირუსის გავრცელების შეკავება. თუმცა, ჩავარდნილი ტურისტული სეზონის გადასარჩენად 1 აგვისტოს რუსეთთან „საზღვარი“ გაიხსნა, რასაც ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატება მოჰყვა. 2020 წლის ბოლოსთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 9 ათასს მიაღწია. საახალწლოდ კორონავირუსი დაუდასტურდათ ბჟანიას და ანქვაბსაც, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ მისი მკურნალობის პასუხისმგებლობა აფხაზეთში ვერ აიღეს და იგი მოსკოვის კლინიკაში გააგზავნეს.

პანდემიამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა აფხაზეთში ჯანდაცვის სისტემის სავალალო მდგომარეობა. არასათანადო ინფრასტრუქტურისა და სპეციალისტების ნაკლებობის პირობებში, დე ფაქტო მთავრობამ დახმარება რუსეთს სთხოვა. მედიკამენტებისა და სპეციალისტებით დახმარების გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სოხუმში საველე ჰოსპიტალიც კი გახსნა, რომელიც დღემდე მუშაობს.

„საზღვრების“ ჩაკეტვამ მძიმე დარტყმა მიაყენა აფხაზურ ეკონომიკას და განსაკუთრებით ტურისტულ სექტორს. ტურიზმის სექტორმა ვერ მიიღო დაგეგმილი შემოსავლები. პანდემიის გამო შეფერხებით მიმდინარეობდა რუსული დაფინანსებით მიმდინარე საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაც.
 

ენერგოკრიზისი და კრიპტოვალუტა

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის დამატებით თავის ტკივილად იქცა ენერგოკრიზისი. საქართველოსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის არსებული არაფორმალური შეთანხმების საფუძველზე, აფხაზეთი ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს მოიხმარს. აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეს დენი პრაქტიკულად „უფასოა“. „უფასო“ ელექტროენერგიით ისარგებლეს „საქმოსნებმაც“, რომლებმაც კრიპტოვალუტის წარმოება, რაც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოითხოვს, სარფიან ბიზნესად აქციეს.

ენერგოკრიზისის დასაძლევად დე ფაქტო მთავრობა იძულებული გახდა ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი დაეწესებინა და კრიპტოვალუტის წარმოება დროებით შეეჩერებინა (ამის მიუხედავად, კრიპტოვალუტის წარმოება სრულად მაინც ვერ შეჩერდა). სოხუმს „მაშველ რგოლად“ ისევ რუსეთი მოევლინა, რომელმაც კრიზისის პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყო. რუსული ენერგიის იმედზეა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა 2021 წელსაც, როდესაც სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო აფხაზეთი რამდენიმე თვე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ენგურჰესიდან.
 

ბჟანიას ვიზიტები რუსეთში და შეხვედრა პუტინთან

ბჟანია „პრეზიდენტის“ რანგში ოფიციალური ვიზიტით რუსეთში შვიდჯერ იმყოფებოდა. პირველი ხუთი ვიზიტის შესახებ მედიაში მწირი ინფორმაცია გავრცელდა. ბჟანიას გასაიდუმლოებულმა ვიზიტებმა გააჩინა ეჭვი, რომ რუსეთის პრეზიდენტი უარს ამბობდა მასთან პირისპირ შეხვედრაზე. საბოლოოდ, ბჟანიას პუტინთან პირისპირ შეხვედრა მხოლოდ 12 ნოემბერს მოხერხდა, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დამთავრებიდან მალევე. რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ ამავე დღეს ხელი მოეწერა  რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამას. ყველაზე დატვირთული მეშვიდე ვიზიტი იყო, როდესაც ბჟანია წინასაახალწლოდ რუსეთის მთავრობის არაერთ წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრების მთავარი მიზანი 12 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო.
 

12 ნოემბრის შეთანხმება და მეტი ინტეგრაცია

12 ნოემბერს დამტკიცებული რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის ფარგლებში, 2-3 წლის განმავლობაში 45 ღონისძიების განხორციელებაა დაგეგმილი. ამ პერიოდში უნდა მოხდეს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია არაერთ სფეროში: ეკონომიკა, ფინანსები (საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკა, საგარეო-ეკონომიკური და საბანკო საქმიანობა, ინვესტიციების დაცვა, საბაჟო სამართალი), ენერგეტიკა, სოციალური სფერო (მედიცინა, განათლება, სოციალური დაცვა).

ღონისძიებების დიდი ნაწილი ისე განხორციელდება, რომ საზოგადოება ვერ შეამჩნევს, თუმცა მათ შორის აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ორი საკითხი, რომლის გადასაწყვეტად ბჟანიას გუნდს 2021 წელს დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევს. პირველი ორმაგი მოქალაქეობის საკითხია, რაც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთის „მოქალაქეობის“ მიღებისა და შემდგომში შიდა აფხაზურ პროცესებზე გავლენის შესაძლებლობას მისცემს. მეორე უძრავი ქონების შეძენის საკითხია. ამ ეტაპზე აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენის უფლება მხოლოდ აფხაზეთის „მოქალაქეებს“ აქვთ. ეს შეზღუდვა აფხაზური საზოგადოების შიშით არის განპირობებული, რომ მსგავსი შეზღუდვის არარსებობის პირობებში, მათზე უფრო შეძლებული რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის, ეთნიკურად ქართველები, შეძლებენ აფხაზეთის „ყიდვას“. ამ საკითხის გადაწყვეტას კრემლში დიდი ხანია ითხოვენ, მაგრამ აფხაზური საზოგადოებრივი აზრის მწვავე რეაქციის პირობებში, ვერც ერთმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ვერ გაბედა მოსკოვის მოთხოვნებზე დათანხმება. ამჯერად, როგორც ჩანს, რუსეთი უფრო ხისტი  იქნება თავის მოთხოვნებში და აფხაზეთში შექმნილ რთულ ვითარებას ამ საკითხში ბჟანიაზე ზეწოლისთვისაც გამოიყენებს.

 

გზავნილები თბილისს და ახალი „კონცეფცია“

2020 წელს ბჟანიამ და აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ, ჟენევის ფორმატის გარდა, საქართველოსთან პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობაზე რამდენიმეჯერ განაცხადეს. მათი განწყობები აისახა 2020 წლის 4 დეკემბერს მიღებულ „აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაშიც“. „კონცეფციის“ თანახმად აფხაზური მხარე უშვებს შესაძლებლობას მოლაპარაკებების დამატებითი ფორმატი შეიქმნას, სადაც იმ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც ჟენევის ფორმატში ვერ გვარდება.

ბჟანიასა და შამბას განცხადებები შესაძლოა ერთგვარი სიგნალი იყოს, რომ აფხაზური მხარე მზად არის ქართულ მხარესთან ურთიერთობის განსხვავებული ფორმატი შემუშავდეს. თუმცა, ბჟანიას მზაობას, დიდი ალბათობით, ხელს შეუშლის შიდა აფხაზური წინააღმდეგობა და რუსეთი, რომელიც ქართულ-აფხაზური პირდაპირი ურთიერთობების განვითარებით არ არის დაინტერესებული.  შემაფერხებელ ფაქტორად ასევე შეიძლება იქცეს, თუკი თბილისიდან არ იქნება საპასუხო ნაბიჯები.
 

რა იქნება 2021-ში?

თუ 2020 წელს აფხაზეთის ახლადარჩეული დე ფაქტო ხელისუფლება არსებულ პრობლემებს მძიმე მემკვიდრეობით და პანდემიით ამართლებდა, 2021 წელს ეს არგუმენტები არ იქნება საკმარისი ადგილობრივი მოსახლეობისა და ოპონენტებისთვის. ბჟანიას პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, რომლებმაც ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ დროებით პასიური პოზიცია დაიკავეს, 2021 წელს შეეცდებიან არაერთი გამოწვევის წინაშე მდგარ ბჟანიას ხელისუფლებაზე ზეწოლა გააძლიერონ და საზოგადოების უკმაყოფილება პოლიტიკური რევანშისთვის გამოიყენონ.

შიდა პოლიტიკური თუ ეკონომიკური გამოწვევების გარდა, ბჟანიას დე ფაქტო მთავრობას რუსულ წნეხთან გამკლავებაც მოუწევს, რომელიც აფხაზეთისგან მეტ ინტეგრაციას და ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პრობლემური საკითხების (ორმაგი მოქალაქეობა, რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლება) დროულ გადაწყვეტას ითხოვს.