ავტორი: ოთარ ჯინჭარაძე

 

შესავალი

2022 წლის თებერვალში უკრაინაში დაწყებულმა ომმა დიდი გავლენა მოახდინა, როგორც ევროპაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთზე. პოლიტიკური დაბრკოლებების გარდა, გამოვლინდა ეკონომიკური დაბრკოლებებიც, რომელიც ძირითადად ხორბლის ექსპორტირებას ეხებოდა. უკრაინა, უწინ ხორბლის მთავარი ექსპორტიორი შავ ზღვაში, საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და ამ ფაქტმა მისი მეზობელი ქვეყნების ხორბლის მომარაგება გაართულა.

გაეროს, თურქეთის, უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებები უკვე 2022 წლის აპრილში დაიწყო, ხოლო 2022 წლის 22 ივლისს ხორბლის უსაფრთხოდ ტრანსპორტირების ინიციატივას ოფიციალურად ხელი მოეწერა სტამბულში. თურქეთი მიმდინარე მოლაპარაკებებში მთავარ მოთამაშედ მოგვევლინა, რომელიც გაეროს ხელშეწყობით ცდილობდა ხორბლის უსაფრთხო ტრანსპორტირების შეთანხმების მიღწევას. აღნიშნული შეთანხმება რამდენჯერმე გადავადდა. 2023 წლის 17 ივლისი შეთანხმების ბოლო თარიღი აღმოჩნდა, რადგან რუსეთმა მისი გაგრძელება არ ისურვა.

რუსეთი ხშირად ეცადა შეთანხმების გადავადების უარყოფით, ან დაყოვნებით სპეკულაციას და ამ შეთანხმებით საკუთარი ინტერესების გავრცელებას. მოცემულ შეთანხმებაში თურქეთი ასევე დიდ როლს თამაშობდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ხორბლის შეთანხმების სპეკულირებით რუსეთი ოპონენტებისთვის შავ ზღვაში თავისი პოლიტიკური პრივილეგიების არსებობის შეხსენებას ცდილობს, რადგან უკრაინაში ომმა რუსეთის იმიჯი ძლიერ შელახა. სწორედ ამიტომ, დაისვა კითხვა, თუ რამდენად იყენებს რუსეთი ხორბლის შეთანმხებას, რათა შავ ზღვაში უპირატესობა მოიპოვოს?

 

მოვლენათა მიმოხილვა:

თავდაპირველად, რუსეთმა პირველი შეთანხმების გაგრძელება 2022 წლის 19 ნოემბერსაც უარყო, რისი მიზეზიც შავ ზღვაში რუსულ ხომალდებზე უკრაინული დრონების თავდასხმა აღმოჩნდა, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება 17 ნოემბერს მაინც განახლდა. ამჯერად, რუსეთმა არ ისურვა შეთანხმების გაგრძელება და არც ახსნა-განმარტება გაუკეთებია ამ საკითხთან დაკავშირებით. წარსულის გამოცდილების შედეგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ უკრაინული მხარის წარმატებები ფრონტზე და მოსკოვზე გახშირებული თავდასხმები, დრონებით, გახდა რუსეთის უარის მთავარი მიზეზი. რუსეთი ხშირად სპეკულირებდა ხორბლის შეთანხმებით და გადავადების დაყოვნებაც მისი პოლიტიკური თამაშის ნაწილი იყო, თუმცა თურქეთი მაინც არ ნებდებოდა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას აქტიურად სთავაზობდა. აშკარაა, რომ თურქეთი არ თმობს შავ ზღვაზე პროზიციებს და ცდილობს, რომ რეგიონში არ დაკარგოს გავლენა და პოზიციები.

ცხადია, რომ თურქეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო მეტად იმტკიცებს თავის პოზიციას და დღესდღეობით მთავარ რეგიონალურ აქტორად გვევლინება, რომელიც ერთის მხრივ, პოლიტიკურად, უკრაინის მხარეს იჭერს და რუსეთს ეპაექრება, ხოლო მეორეს მხრივ, ჯერაც იკავებს რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორის პოზიციას და არ უერთდება ევროპის სანქციებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ არაერთხელ შედგა შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ ტაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის. 2022 წლის 5 აგვისტოს შეხვედრა ქალაქ სოჭში ერთ-ერთი გამორჩელი აღმოჩნდა, სადაც კვლავ დიდი დრო დაეთმო ხორბლის შეთანხმების გადახედვას. ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა 2023 წლის 28 მაისს თურქეთში დასრულებული საარჩევნო პერიოდი, რითაც ერდოღანმა კვლავ შეინარჩუნა ძალაუფლება, რასაც მალევე, 16 ივნისს, რუსეთში ახალი ელჩის, თანჟუ ბილგიჯის დანიშვნა მოჰყვა, რაც ცხადყოფს ერდოღანის სურვილსა და მზადებას, რომ რუსეთთან მუდმივი და ეფექტური მოლაპარაკებები აწარმოოს, რაც არა მხოლოდ მისთვის, არამედ რეგიონისთვისაც ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.

 

შეხვედრის დეტალები:

2023 წლის 4 სექტემბერს, ქალაქ სოჭში შედგა შეხვედრა ერდოღანსა და პუტინს შორის. თურქეთის პრეზიდენტის მიერ გამოთქმული ვარაუდი გამართლდა და მიმდინარე შეხვედრის შედეგად ხორბლის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებიც განახლდა, რაც რეგიონისა და მსოფლიო ეკონომიკისთვის ფუნდამენტალურ მნიშვნელობას წარმოადგენდა, თუმცა მოლაპარაკების მთავარ მიზნად აფრიკისთვის ხორბლის მიწოდების დაწყება გაჟღერდა.

მოლაპარაკების მიმდინარეობისას რუსეთის საონფორმაციო სააგენტომ გააჟღერა, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს შესაძლებლობა, რომ რუსეთს თურქეთის გავლითა და კატარის დახმარებით აფრიკისთვის გარკვეული რაოდენობის ხორბალი მიეწოდებინა.  პრეზიდენტების შეხვედრამდე ამავე წლის 31 აგვისტოს შედგა შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შორის, სადაც დასახელდა კონკრეტული ციფრი, რაც 1 მილიონ ტონა ხორბალს წარმოადგენდა. სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გახდა შესაძლებელი შავი ზღვის დომინანტი აქტორების შეხვედრა და ხორბლის შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებების წარმოება. შეხვედრის შედეგად ასევე გამოიკვეთა კატარის როლი, რომელიც ხორბლის ტრანსპორტირების მთავარი ინვესტორი იქნება.

 

 

რუსეთის მოთხოვნები:

პუტინმა განაცხადა, რომ ხორბლის შეთანხმების განახლება შესაძლებელია, თუ რუსული აგრარული პროდუქციის შეზღუდვის საკითხი კვლავ გადაიხედება დასავლეთის მიერ. პრეზიდენტის თქმით, წელს ის 130 მილიონ ტონა ხორბლის მოსავალს მოელის, საიდანაც 60 მილიონი ტონა ხორბლის ექსპორტირება შესაძლებელია.

რუსეთის კიდევ ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა რუსული აგრარული ბანკის SWIFT-ის საგადასახადო პროგრამაში დაბრუნებას, საიდანაც რუსეთის სხვადასხვა კომპანიები და ბანკები უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კერძოდ 2022 წლის მარტის დასაწყისში მოიხსნა და ამ გზით დასავლეთმა რუსეთს დიდი ეკონომიკური ზიანი მიაყენა.

ერდოღანის განცხადებით, მისთვის კარგად ცნობილია რუსეთის მოლოდინი, ხოლო თურქეთის და გაეროს მიერ შემუშავებული ახალი შეთანხმების პაკეტი საშუალებას მისცემენ მხარეებს დამაკმაყოფილებელ შეთანხმებას უმოკლეს ვადაში მიაღწიონ.  გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა ასევე მიმართა წერილით ლავროვს, რომლის ტექსტის შინაარსიც ჩვენთვის უცნობია, თუმცა მდივანის თქმით, აშკარა პროგრესი სახეზეა. არსებობს ვარაუდი, რომ  ხორბლის შეთანხმების გაგრძელება შემოდგომის დასაწყისში იგეგმება, თუმცა მოლაპარაკებები ჯერაც მიმდინარეობს და ზუსტი თარიღი უცნობია.

ერდოღანმა ასევე მოუწოდა უკრაინას, რომ შეარბილოს თავისი პოლიტიკა, თუ სურს რომ ხორბლის შეთანხმება მხარეებს შორის შედგეს. მოცემულ მიმართვაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ რუსეთი თავად ქმნის პრობლემებს და შემდეგ სხვებს მოუწოდებს ამ პრობლემების ერთობლივად გადაჭირსკენ, რაც მიუღებელია, თუმცა სოჭში გამართული მოლაპარაკებები უკრაინული მხარის მიერ ყურადღებით იქნება გადახედილი.

 

დასკვნა:

მიმდინარე მოვლენების შედეგად, ნათელი ხდება რუსეთის სურვილი, რომ ხორბლის შეთანმხების შეჩერება და დაყოვნება პოლიტიკურ და ეკონომიკურ თამაშში ბერკეტად გამოიყენოს. ამავე დროს, პუტინი ცდილობს საკუთარი შესაძლებლობების შავი ზღვის რეგიონში დემონსტრირებას და თავის შეხსენებას, რომ რეგიონში არა მხოლოდ თურქეთი, არამედ რუსეთიც დიდ ძალას წარმოადგენს.

მოლაპარაკებების მაგიდასთან თურქეთი მაინც მთავარ აქტორად გვესახება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავარი მოთხოვნები დასავლეთისკენაა მიმართული. აღსანიშვნავია, რომ ერდოღანი არ წყვეტს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს და თურქეთი არჩევნების აჟიოტაჟის მიუხედავად მალევე უბრუნდება თამაშს და რუსეთში ახალ ელჩსაც ნიშნავს. ამავდროულად, თურქეთი არ აძლევს რუსეთს საშუალებას, რომ შავ ზღვაში უწინდელი ძალაუფლება დაიბრუნოს. ხორბლის შეთანმხების შეწყვეტის განცხადებიდან მალევე ერდოღანი აიმედებს პარტნიორებს, რომ მოლაპარაკებების შედეგად შეთანმხება მალე გაგრძელდება, რაც დღესდღეობით რეალური ჩანს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თურქეთმა არ მისცა რუსეთს შავ ზღვაში ძალების შერხევის საშუალება და არჩევნების დასრულებიდან მალევე წარმოადგინა შავ ზღვაში თავისი პოლიტიკური უპირატესობა.

ნათელია, რომ თურქეთი დღემდე ითავსებს მოდერატორის ფუნქციას, როგორც უკრაინა-რუსეთს, ასევე დასავლეთი-ევროპას შორის. ერდოღანის მოწოდება უკრაინის მიმართ, ხორბლის შეთანხმებაზე პოლიტიკის შერბილების თაობაზე მხოლოდ დიპლომატიურ სვლად შეგვიძლია განვიხილოთ, რადგან თურქეთი რჩებოდა და რჩება უკრაინის მხარდამჭერი მიმდინარე ომში, თუმცა რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს. საინტერესოა, რომ რუსულ-თურქულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე დასავლეთი პრეტენზიას არ გამოთქვამს. ცხადია, რომ სწორედ თურქეთის მეშვეობით დასავლეთს რუსეთთან მოლაპარაკების კიდევ ერთი წარმატებული გზა ესახება, რაც შავი ზღვის რეგიონში ძალაუფლების შენარჩუნების საწინდარია. ხორბლის შეთანხმების შეწყვეტით რუსეთის მიერ შერხეული ძალთა ბალანსი შავი ზღვის რეგიონში სტაბილურდება, რაც თურქეთის მიერ წარმოებული დიპლომატიის შედეგია. უახლოეს მომავალში კი, ხორბლის შეთანხმების განახლება უფრო და უფრო რეალური ხდება, რაც საკვების კრიზისის თავიდან აცილების მთავარი გარანტორი იქნება.