ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
30 მაისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალარჩეულმა ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა ბრძანებას „რუსეთთან მომავალი ინტეგრაციის გზებზე“, რომლის მიხედვითაც გაუქმდა რეგიონის ყოფილი დე ფაქტო მეთაურის ანატოლი ბიბილოვის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება, რომ 17 ივლისს რუსეთთან გაერთიანების რეფერენდუმი გამართულიყო. ამ რეფერენდუმის მთავარი კითხვა უნდა ყოფილიყო: „უჭერთ თუ არა მხარს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანებას?“ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ცნობამ ოკუპირებულ რეგიონში მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური რეზონანსი გამოიწვია, საზოგადოებაში კი – აზრთა სხვადასხვაობა.
რეფერენდუმის გამოცხადების შემდეგ განვითარებული მოვლენებისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო, მათ შორის რუსეთის, გამოხმაურების ფონზე, რეფერენდუმის გაუქმება მოულოდნელი არ ყოფილა. პირველ რიგში, ეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მარცხს უკავშირდება, რომელიც იყო კიდეც ინიციატორი რეფერენდუმის ჩატარებისა. აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი ადგილობრივმა ოპოზიციამ იმთავითვე შეაფასა, როგორც არჩევნებზე გათვლილი პოპულისტური ქმედება, რომელსაც არანაირი ხელშესახები შედეგი არ მოჰყვებოდა და მხოლოდ ამომრჩევლების გულის მოგებაზე იქნებოდა ორიენტირებული. შესაბამისად, რეფერენდუმის ლეგიტიმურობა და მისი რეალურად ჩატარების პერსპექტივები იმთავითვე დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ამ იდეის ხორცშესხმას ბიბილოვის ე.წ. არჩევნებში გამარჯვება სჭირდებოდა.
ბიბილოვის რეიტინგი ბოლო პერიოდში საკმაოდ დაბალი იყო, მისი სახელი კი არაერთ გახმაურებულ საქმეს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს – პატიმრობაში მყოფი ინალ ჯაბიევის წამებით სიკვდილს უკავშირდებოდა. ბიბილოვს მოსახლეობა საქმეში მონაწილე მაღალჩინოსნების მფარველობაში სდებდა ბრალს. ბიბილოვის რეპუტაცია საკმაოდ შეარყია ასევე მისმა სავარაუდო კორუფციულმა კავშირებმა, ე.წ. ჩორჩანა-წნელისის კრიზისმა, ოპოზიციურად განწყობილი ძალების ბრალდებებმა საქართველოსთან „ტერიტორიული დათმობების“ გამო, რუსეთიდან შემოსული თანხების არამიზნობრივმა და გაუმჭვირვალე ფლანგვამ, ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატების ჩამოშორებამ და სხვა. ამ ყველაფრის ფონზე ბიბილოვს ესაჭიროებოდა ძლიერი სტიმული, რომლითაც უარყოფითად განწყობილი საზოგადოების სეგმენტის მხარდაჭერას მოიპოვებდა და პუბლიკის თავის სასიკეთოდ მკვეთრ შემობრუნებას მოახერხებდა – სინამდვილეში, არალეგიტიმური რეფერენდუმი მან პოზიტიურ პოლიტიკურ ინსტრუმენტად დაისახა, რამაც არ გაამართლა.
თავად ე.წ. არჩევნებში გამარჯვებულ ალან გაგლოევს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფრთხილი პოზიცია ჰქონდა. ის, ერთი მხრივ, თავადაც აღნიშნავდა, რომ რეფერენდუმის დანიშვნა ბიბილოვისგან ერთგვარი ცრუ პოლიტიკური აქტი იყო, რომლითაც ის ამომრჩეველს ატყუებდა, მეორე მხრივ კი, მუდმივად უსვამდა ხაზს, რომ რუსეთთან შეერთება ოსი ხალხის ისტორიული არჩევანია, უბრალოდ, მისივე სიტყვებით, სრული ინტეგრაციის განხორციელებას შესაბამისი მზაობა სჭირდება. ეს სიფრთხილე კარგად ჩანს იმ ბრძანებაშიც, რომლითაც გაგლოევმა რეფერენდუმი გააუქმა. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ რეფერენდუმის გაუქმებაა ამ ბრძანების მთავარი მიზანი, ბრძანებას „რუსეთთან მომავალი ინტეგრაციის გზებზე“ დაერქვა, პირველ პუნქტად „რუსეთთან კონსულტაციების ჩატარების“ აუცილებლობაა გამოტანილი, მეორე პუნქტად კი უკვე იმ დელეგაციის სია, ვინც ოკუპირებული ცხინვალის მხრიდან ამ „კონსულტაციებში“ იქნება ჩართული. ამგვარ „შეფუთვაშიც“ ჩანს, რომ ცხინვალის ახალი დე ფაქტო ხელისუფლება რიტორიკის დონეზეც კი ცდილობს საზოგადოებისთვის მგრძნობიარე საკითხს მაქსიმალური სიფრთხილით მიუდგეს.
ე.წ. რეფერენდუმის გაუქმების მიზეზებში ასევე ორი სხვა პუნქტი დასახელდა: „საკითხის სამართლებრივი შედეგების ბუნდოვანება“ და „რეფერენდუმის, რომელიც რუსეთის უფლებებსა და ინტერესებსაც ეხება, ცალმხრივი გადაწყვეტის არდაშვება“. რეფერენდუმის სამართლებრივი გაუმართაობის შესახებ გაგლოევის გადაწყვეტილებამდე რუსეთის წარმომადგენლებმაც ილაპარაკეს, მათ შორის, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. პესკოვის თქმით, რეფერენდუმის ფორმულირებებზე დამატებითი მუშაობაა საჭირო, რადგან ის „ერთგვარ იურიდიულ კაზუსს“ წარმოშობს. საუბარია ტერმინ „გაერთიანებაზე“, რომელიც, პესკოვის სიტყვებით, ახალი სახელმწიფოს წარმოშობას გულისხმობს, რაც შეუძლებელია. მისივე თქმით, რუსეთი ამ მიმართულებით (ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის) არანაირ ნაბიჯებს არც დგამს და მსგავსი რამ არც იგეგმება.
ღია წყაროებში არსებული ინფორმაციისა და იმ ოფიციალური განცხადებების მიხედვით, რაც ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებაზე რუსეთმა გააკეთა, ნათელია, რომ, როგორც მინიმუმ, საჯარო დონეზე კრემლმა რეფერენდუმის ჩატარებას მხარი არ დაუჭირა. რუსეთს არ გაუკეთებია განცხადებები, სადაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეას საერთოდ გამორიცხავდა (ანექსიისკენ მიმავალი პროცესები რეგიონში ისედაც მრავალი წელია მიმდინარეობს), მაგრამ ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, მოსკოვი სხვა სტრატეგიის გამოყენებას ცდილობს. ეს დადასტურდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მარია ზახაროვას განცხადებაშიც, სადაც ის მიესალმა რეფერენდუმის გაუქმებას და აღნიშნა, რომ ბიბილოვის გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებული არ ყოფილა. „გაუქმების ბრძანებას ვაფასებთ, როგორც ჯანსაღ ნაბიჯს, რომელიც ეხმიანება ჩვენი ქვეყნების კავშირის სულისკვეთებას“, განაცხადა ზახაროვამ, თუმცა ასევე დასძინა, რომ რუსეთში დიდი პატივისცემით უყურებენ სამხრეთ ოსეთის ხალხის სურვილს თავისი მომავალი რუსეთთან ერთად ააშენონ. ბიბილოვის გადაწყვეტილება, არჩევნების წაგების შემდეგ მაინც დაენიშნა ოფიციალურად მანამდე დაანონსებული რეფერენდუმი, გააკრიტიკა რუსეთის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ დეპუტატმა, დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმაც. მან თქვა, რომ ბიბილოვის საქციელი არაკორექტულია, რადგან რეფერენდუმი, თუ საჭიროდ ჩათვლის, ახალმა პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს. ზატულინის სიტყვებით: „ეს რეფერენდუმი რუსეთს ახლა არაფერში სჭირდება“.
ასეთი განცხადებების მიხედვით ჩანს, რომ რუსეთის ამჟამინდელ პრიორიტეტებში აღნიშნული რეფერენდუმი არ შედის. რუსეთი ჯერჯერობით იტოვებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს, როგორც ერთ-ერთ საერთაშორისო სათამაშო ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დასავლური კურსის წინააღმდეგ არის მიმართული. ცხადია, მოსკოვის ნებართვის გარეშე ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაა, მიღებული ვერ იქნება. მეტიც, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებიც კი, მათ შორის, არალეგიტიმური რეფერენდუმი, რომლის შედეგებიც ავტომატურად რუსეთთან შეერთებას არ ნიშნავს, მოსკოვის სპეციალურ ზედამხედველობასა და პოლიტიკურ ნებას საჭიროებს. თუ მოსკოვი ამ ნებას გამოავლენს, მნიშვნელობას დაკარგავს, თუ ვინ იქნება იმ დროისთვის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი, რომელსაც კრემლისგან ისედაც მიზერული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. მანამდე კი აწ უკვე ლოგიკურად გაუქმებული არალეგიტიმური რეფერენდუმი უიმედოდ მყოფი ანატოლი ბიბილოვის შიდა პოპულისტურ ნაბიჯად რჩება.
ცალკე საკითხია, ასევე, რა გავლენა აქვს რეფერენდუმის გაუქმებას თბილისისთვის. ცხადია, ნებისმიერი სახის არალეგიტიმური რეფერენდუმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომლის საბოლოო მიზანიც საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსირებაა, თბილისისთვის მიუღებელია. 2008 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების შემდეგ რუსეთი აქტიურად მართავს პროცესებს საქართველოს რეგიონების რუსეთში ინტეგრირების მიმართულებით, რაც როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ-ეკონომიკურ დაახლოებაში გამოიხატება. ამის ნათელი მაგალითია ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთს შორის გაფორმებული სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და საკანონმდებლო დოკუმენტები, რომლებიც საგრძნობლად ზრდის რუსეთის გავლენას რეგიონებზე და ამცირებს ადგილობრივი, თუნდაც უკანონო, თვითმმართველობის სივრცეებს.
მიუხედავად ასეთი მძიმე ვითარებისა, ისეთი რეფერენდუმის ჩატარება ოკუპირებულ ცხინვალში, რომელსაც პირდაპირ უჭერს მხარს და მართავს რუსეთი, ანექსირების პროცესს შეუქცევადად აქცევს და თბილისისთვის ვითარებას ერთიორად ართულებს. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, რუსეთი მოვლენებს არ აჩქარებს და რეფერენდუმის გაუქმება თბილისისთვის მაინც დადებითად უნდა შეფასდეს. სამწუხაროდ, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი თავის აგრესიულ საგარეო პოლიტიკაზე ხელს იღებს და ოკუპირებულ ტერიტორიებს მომავალში არ გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ. მოსალოდნელია, რომ ჩვეულებრივად გაგრძელდება უკანონო ბორდერიზაციის, დაპატიმრებებისა და ქართველი მოსახლეობის შევიწროების პროცესები.
არალეგიტიმური რეფერენდუმის გაუქმება დადებითი სიახლეა, თუმცა გარკვეული გამოწვევები მასაც შეიძლება მოჰყვეს. ეს, პირველ რიგში, პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალების გააქტიურებაა, რომელთაც უკვე შეაფასეს რეფერენდუმის გაუქმება რუსეთის მიერ საქართველოსადმი კეთილი ნების გამოვლინებად. ეს ძალები შეეცდებიან მომხდარი ამბავი თავის სასიკეთოდ გამოიყენონ და მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ შესაბამისი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, რუსეთი მზად არის საქართველოსთან გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. ეს მცდარი გზავნილი, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს დასავლური საგარეო კურსის საწინააღმდეგოდ, სამოქალაქო საზოგადოებისგან, სფეროს სპეციალისტებისა და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებისგან შესაბამის პასუხს საჭიროებს.