გასული წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ ულტრამემარჯვენეებთან ერთად შეძლო ისრაელის ახალი, რიგით 37-ე მთავრობის ჩამოყალიბება.

ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ისრაელის ახალი ხელისუფლების მიმართ მალევე გაჩნდა, არის – იცვლება თუ არა ამ ქვეყნის პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?  

            ისრაელის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოჰენის

            პრეს-კონფერენცია 2023 წლის 2 იანვარს

                              

ახალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოჰენმა 2 იანვარს თავის საინაუგურაციო სიტყვაში მიანიშნა, რომ ისრაელი საჯაროდ აღარ დაგმობს რუსეთის ქმედებებს უკრაინის მიმართ. მან იქვე დასძინა, რომ ჩამოაყალიბებენ ახალ პოლიტიკას უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ და საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენს უშიშროების კაბინეტს. კიდევ უფრო დამაფიქრებელი იყო კოჰენის მიერ ასეთი პოლიტიკისთვის სახელის შერჩევა. მისი სიტყვებით, ეს იქნება „პასუხისმგებლობიანი“ პოლიტიკა ომთან მიმართებაში.

ამ განცხადების გაკეთებიდან მალევე (3 იანვარს) გაიმართა სატელეფონო საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და ელი კოჰენს შორის. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე.

ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა ისრაელის წინა ხელისუფლება ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, ხოლო ისრაელისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების საუბარი არ გამართულა 24 თებერვლის შემდეგ. თუმცა, აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელის წინა მთავრობას არც იარაღი გადაუცია უკრაინისთვის, რის მიზეზადაც უსაფრთხოების საკითხი სახელდება. ისრაელში შიშობენ, რომ მათი წარმოებული იარაღი არ აღმოჩნდეს ჯერ რუსეთის, ხოლო შემდეგ კი ისრაელის ეგზისტენციალური მოწინააღმდეგის – ირანის ხელში, რომელიც ამ შემთხვევაში შეძლებდა მისი სქემების გაშიფვრას და მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებდა ქვეყნის უსაფრთხოებას.

არანაკლები მნიშვნელობისაა ის საკითხიც, რომ რუსეთი წლების განმავლობაში თვალს ხუჭავდა ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების მიერ სირიის საჰაერო სივრცეში (რომელსაც რუსეთი აკონტროლებს) შეჭრასა და იქ განთავსებული ირანული და პროირანული ძალების (მაგ., ლიბანური „ჰეზბოლა“) სამხედრო ბაზების ინტენსიურ დაბომბვებზე.

ბუნებრივია, ასეთმა სიტუაციამ მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია ისრაელის ახალი ხელისუფლების მიმართ როგორც ამ ქვეყნის შიგნით, ისე უკრაინასა და შეერთებულ შტატებში.

კრიტიკოსთა შორის იყო კონგრესში ისრაელის ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი, რომელიც არ მოერიდა საჯაროდ განეცხადებინა: „ვიმედოვნებ, რომ ბატონ კოჰენს ესმის, რომ როდესაც ის ესაუბრება რუსეთის [საგარეო საქმეთა მინისტრ] ლავროვს, ის ურთიერთობს სამხედრო კრიმინალურ რეჟიმთან, რომელიც ყოველდღიურად სამხედრო დანაშაულებს ჩადის სამრეწველო მასშტაბებში“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება (რომელიც, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან) გააკეთა ისრაელში უკრაინის ელჩმა იევგენ კორნიჩუკმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ კიევის შეფასებით, კოჰენსა და ლავროვს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი არის მტკიცებულება იმისა, რომ შეიცვალა ისრაელის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ.

ასეთი მკაცრი კრიტიკის შემდეგ ისრაელის მაღალჩინოსნები შეეცადნენ შეემსუბუქებინათ სიტუაცია და მედიასთან საუბრისას აღნიშნეს, რომ კოჰენის მიერ გაკეთებული კომენტარი დიდწილად ეხებოდა ისრაელის წინა ხელისუფლების საჯარო განცხადებებსა და მცდელობებს შეესრულებინათ შუამავლის როლი რუსეთსა და უკრაინას შორის და რომლებიც წარუმატებელი აღმოჩნდა. მათ ასევე დასძინეს, რომ ლავროვთან სატელეფონო საუბარი გაიმართა ამ უკანასკნელის თხოვნის საფუძველზე და რომ აღნიშნულის შესახებ კოჰენმა წინასწარ აცნობა აშშ-ის სახელმწიფო მინისტრს ენტონი ბლინკენსაც.

ამის გარდა, იანვრის პირველ ნახევარში ისრაელის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოჰენი ცდილობდა სატელეფონო საუბრის გამართვას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან, მაგრამ ეს უკანასკნელი არ ჩქარობს საუბარს თავის ისრაელელ კოლეგასთან (საუბრის ვერგამართვის ოფიციალურ მიზეზად დასახელდა საახალწლო დასვენებები).

საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განცხადების გაკეთება მოუწია ისრაელის კიდევ ერთ მაღალჩინოსანსაც, რომელმაც არ ისურვა საკუთარი ვინაობის გამჟღავნება. მისი სიტყვებით, უკრაინასთან მიმართებით „ისრაელის პოლიტიკაში არ მომხდარა არავითარი ცვლილება“.

საინტერესოა, რომ ისრაელის ახალი მთავრობის მეთაურს ბინიამინ ნეთანიაჰუს ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. იგი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ თვეების განმავლობაში თავს არიდებდა პუტინის კრიტიკას, რომელთანაც ძალზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა წლების განმავლობაში. მაგრამ ნოემბერში მისი პარტიის მიერ საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ნეთანიაჰუმ დაგმო პუტინის შეჭრა უკრაინაში და დასძინა, რომ როდესაც თანამდებობას დაიკავებდა, განიხილავდა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შესაძლებლობასაც.   

 

ისრაელის 37-ე მთავრობის მეთაური ბინიამინ ნეთანიაჰუ

 

ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 30 დეკემბერს გაიმართა. ისრაელის მთავარი თხოვნა იყო გაეროს გენერალური ასამბლეის კენჭისყრაზე უკრაინას მხარი არ დაეჭირა რეზოლუციის პროექტისთვის, რომელიც მოუწოდებს იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს გამოსცეს სამართლებრივი დასკვნა ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების ოკუპაციის შედეგებზე. უკრაინის წარმომადგენელი არ დაესწრო ამ საკითხზე კენჭისყრას (წინა კენჭისყრებზე კიევი ისრაელის წინააღმდეგ აძლევდა ხოლმე ხმას), რითაც, უკრაინული მხარის განცხადებით, შანსი მიეცა ნეთანიაჰუსთან ურთიერთობებს.

ამ სატელეფონო შეხვედრისას უკრაინულმა მხარემაც დააყენა საკუთარი საკითხები. კერძოდ, კიევი კვლავ ითხოვს ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას. უკრაინული მხარის განცხადებით, მათ აღნიშნულ საკითხზე კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ, მაგრამ მიიღეს დაპირება, რომ ამ საკითხს მხარეები დაუბრუნდებიან მომავალში. იგივე უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერები არ იყვნენ კმაყოფილი საუბრის შედეგებით.  

რეალურად, ისრაელი სტრატეგიულად მძიმე მდგომარეობაშია (და მსგავს სიტუაციაშია ყველა, ვინც ერთგვარი „ნეიტრალიტეტის“ შენარჩუნებას ცდილობს რუსეთ-უკრაინის ომში) და ისრაელის ახალი ხელისუფლება აცნობიერებს სიტუაციის სერიოზულობას.

თუ ისრაელი რუსეთისკენ გადაიხრება, იქმნება საფრთხე, რომ ურთიერთობები გაუცივდება მთავარ სტრატეგიულ მოკავშირე შეერთებულ შტატებთან (და ამის მინშნებები უკვე გაკეთდა აშშ-ში). ეს კი დაუშვებელია მისი გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის.

თუ ნეთანიაჰუს მთავრობა უკრაინისკენ გადაიხრება, ისრაელში ეჭვობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა ისეთი ტექნოლოგიები (მათ შორის, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული) გადასცეს ირანს, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ისრაელის არსებობას. ამავე დროს იქმნება საფრთხე, რომ მოსკოვმა თვალი აღარ დახუჭოს სირიაში ისრაელის ქმედებებზე. ეს კი რუსეთ-ისრაელის სამხედრო დაპირისპირების საფრთხეს წარმოშობს, რომელიც ისრაელს არ აწყობს.  

ამიტომ ისრაელის ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად ზომიერი პოლიტიკის გატარებას რუსეთისა და უკრაინის მიმართ. თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმაც ცხადად დაგვანახა, რომ რაც უფრო დროში იწელება და სისხლისმღვრელი ხდება რუსეთ-უკრაინის ომი, მით უფრო ძნელდება ბალანსირებული პოლიტიკის გატარება (და ეს მხოლოდ ისრაელის ხელისუფლებას არ ეხება). ასეთი სიტუაცია კი, თავის მხრივ, არაერთ საფრთხესა და გამოწვევას წარმოშობს უსაფრთხოების სფეროში.