სათაური ენა სფერო წელი

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (გამოცემა 18, ივლისი 1-15, 2022)

  • ავტორი: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი:
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2022

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.

 

 

ჩრდილოეთი კავკასია და ცენტრი

 

ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმებმა ყურბან-ბაირამი აღნიშნეს

 

ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმებმა ყურბან-ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს – პირველად 3 წლის განმავლობაში რელიგიურმა ღონისძიებებმა და რიტუალებმა კოვიდრეგულაციების გარეშე ჩაიარა. ყურბან-ბაირამი (ეიდ ალ-ადჰა) მუსლიმურ სამყაროში მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც ჰაჯისა და საუდის არაბეთის წმინდა ადგილებში პილიგრიმობის პერიოდის დასასრულს აღნიშნავს.

 

უკანასკნელმა ორმა ყურბან-ბაირამმა პანდემიის პირობებში ჩაიარა და ჩრდილოეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი შეზღუდვები იყო როგორც მექისა და მედინის მონახულების, ისე დღესასწაულის ადგილზე აღნიშვნის თვალსაზრისით. წლევანდელი დღესასწაული მუსლიმებმა ყოველგვარი რეგულაციის გარეშე აღნიშნეს. ყურბან-ბაირამის დღეებში ჩრდილოეთ კავკასიაში, ტრადიციულად, უქმე დღეები გამოცხადდა.

 

რუსეთის მასშტაბით, ჩრდილოეთ კავკასიაში, ანტიდეპრესანტების ნაკლებად მოიხმარენ

 

ჩეჩნეთი, დაღესტანი და ინგუშეთი რუსეთის იმ ფედერაციულ სუბიექტებს შორის მოხვდნენ, სადაც 2022 წლის გასულ 6 თვეში ანტიდეპრესანტების ყველაზე ნაკლები რაოდენობა მოიხმარეს.

 

ამ პერიოდში ჩეჩნეთში 10 ათას კაცზე 90 კოლოფი ანტიდეპრესანტი გაიყიდა, დაღესტანში – 228 და ინგუშეთში – 212. კვლევა „პერსპექტიული ტექნოლოგიების კვლევის ცენტრმა“ ჩაატარა.

 

ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო

 

ჩრდილოეთ კავკასიელები კვლავ აღნიშნავენ, რომ მათ საქართველო საზღვარზე ბლოკავს

 

საჯარო სივრცეებში, სოციალურ ქსელებსა და მედიაში თვითმხილველები ისევ ლაპარაკობენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიელებს საქართველო საზღვარზე მასობრივად არ უშვებს. როგორც ამბობენ, ჩეჩნეთის, დაღესტნის, ინგუშეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის მკვიდრებს საზღვარზე ადგილობრივი მესაზღვრეები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ეუბნებიან უარს საქართველოში შესვლაზე. ქართული მხარე უარყოფს, რომ ჩრდილოეთ კავკასიელების მიმართ რაიმე ტიპის შეზღუდვები არსებობს, თუმცა ოფიციალური განცხადება ამ თემაზე არ გაკეთებულა.

 

ჩრდილოეთ კავკასიელები, რომელთაც საქართველომ შეშვებაზე უარი უთხრა, ამბობენ, რომ ეს მათთვის ახალი პრობლემაა, რადგან საქართველოში მანამდეც ძალიან ბევრჯერ ყოფილან. მათ შორის არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც არასოდეს ჩაუდენიათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება და ისეთებიც, რომელთაც საქართველოს ტრანზიტად გამოყენება სურდათ.

 

„იუთუბ-არხის“ „Мысли Ислама“-ს ავტორი ისლამ ბელოკიევი ამბობს, რომ მასაც არაერთხელ დაუკავშირდნენ ჩეჩნები და ინგუშები, რომელთაც საქართველოში შესვლაზე უთხრეს უარი. ბელოკიევი მოსაზრებას გამოთქვამს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საქართველო დამატებით სიფრთხილეს იჩენს და ქვეყანაში ჩრდილოეთ კავკასიელი მეომრების, პირველ რიგში კი, „კადიროველების“ შესვლის პრევენციას ცდილობს.

 

 

ადიღეს რესპუბლიკა

 

მაიკოპის მაცხოვრებლები სტიქიამ დააზარალა

ფოტო: kavkaz-uzel.eu

 

ადიღეს რესპუბლიკის დედაქალაქ მაიკოპში, სადაც გადაუღებელი წვიმებისა და სეტყვის გამო მოსახლეობა დაზარალდა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქალაქის ადმინისტრაციაში სახურავის დაზიანებასთან დაკავშირებით მაცხოვრებლებისგან 174 მიმართვა შევიდა, 48 მოქალაქემ კი ტერიტორიების და სახლების დატბორვის შესახებ განაცხადა.

 

ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებით, ქალაქის მკვიდრებს, რომელთა საკუთრებაც სტიქიურმა უბედურებამ დააზიანა, შეუძლიათ ქალაქის ადმინისტრაციაში ერთჯერად ფულად დახმარებაზე მოთხოვნა შეიტანონ. რაც შეეხება უფრო საფუძვლიან დახმარებას, ქალაქის ადმინისტრაცია მას შესაბამისი კომისიის სამუშაოების ჩატარების შემდეგ დააკმაყოფილებს.

 

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთი

 

ფსბ-მ ყარაჩაი-ჩერქეზეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული თერთმეტი პირი დააკავა

ფოტო: kavkaz-uzel.eu

 

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ფსბ) ყარაჩაი-ჩერქეზეთში ტერორიზმის ბრალდებით თერთმეტი პირი დააკავა, რომლებიც სასამართლომ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.

 

გამოძიების ინფორმაციით, ყარაჩაი-ჩერქეზეთის მკვიდრები რუსეთის ფედერაციაში აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაციასთან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობდნენ და ინტერნეტში ტერორიზმის პროპაგანდას ეწეოდნენ. ეჭვმიტანილებისგან სამართალდამცავებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი საშუალება ამოიღეს.

 

რუსეთში მოქმედი შესაბამისი კანონის მიხედვით, ეჭვმიტანილებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მათ ვინაობას სამართალდამცავი უწყებები არ ამჟღავნებენ.

 

ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მასშტაბით გზები ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ყარაჩაი-ჩერქეზეთშია

 

ადგილობრივი და რეგიონალური მნიშვნელობის გზების ხარისხით ყარაჩაი-ჩერქეზეთში ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში ყველაზე ცუდი მდგომარეობაა – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

 

რეგიონში ნორმატიულ სტანდარტებს გზების მხოლოდ 40%-ზე ნაკლები შეესაბამება. ამ მხრივ რთული მდგომარეობაა ჩრდილოეთ ოსეთსა და ჩეჩნეთში, სადაც ეს ნიშნული 45%-ს აღწევს. ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაზე კარგი მდგომარეობა, გზების თვალსაზრისით, დაღესტანსა (70%) და ინგუშეთშია (80%-ზე მეტი).

 

 

 

 

 

 

ყაბარდო-ბალყარეთი

 

ყაბარდო-ბალყარეთის მკვიდრი რუსეთის ჯარის დისკრედიტაციისთვის დააჯარიმეს

 

ყაბარდო-ბალყარეთის მკვიდრი, 61 წლის პიოტრ ტოდერიშკი, რუსეთის ჯარის დისკრედიტაციის საქმეში დამნაშავედ ცნეს – დანაშაული 30 ათასიდან 50 ათასი რუბლის ოდენობის ფინანსურ ჯარიმას ითვალისწინებს.  მოქალაქე დამნაშავედ ცნეს „საკუთარი სახლის კარზე რუსეთის ჯარის დისკრედიტაციის შემცველი წარწერისთვის“. კონკრეტულად რა წარწერაზეა საუბარი, ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნული არ არის.

უკრაინაში დაწყებული სამხედრო აგრესიის ფონზე რუსეთში ჯარის დისკრედიტაციით ადამიანების კანონით დასჯა უფრო გახშირდა. ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩრდილოეთი კავკასიაა, სადაც რუსეთის ჯარისა და ომის შესახებ კრიტიკული გამოხმაურებები აქტიურად იდევნება.

 

ვლადიმერ პუტინი ყაბარდო-ბალყარეთის მეთაურს შეხვდა       

ფოტო: kremlin.ru

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 13 ივლისს კრემლში ყაბარდო-ბალყარეთის მეთაურ კაზბეკ კოკოვთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სასაუბრო თემები რესპუბლიკის შრომითი ბაზრის მდგომარეობა, სოფლის მეურნეობა, ინვესტიციები, ტურიზმი და სხვა სოციალურ-ეკონომიკური საკითხები იყო.

 

კრიტიკულად განიხილა პუტინისა და კოკოვის შეხვედრა სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილმა, რომელთა შეფასებით, შეხვედრა ფორმალური იყო და მხარეებმა არ განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა, მაგალითად, ფასების ზრდა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები.

 

 

ჩრდილოეთი ოსეთი

 

ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური უარყოფს, რომ უკრაინაში დივერსანტების შეტევისას კონტუზია მიიღო

 

სერგეი მენიაილო. ფოტო: rbc.ru

 

ადგილობრივმა ჩრდილოეთ ოსურმა ტელეგრამ-არხმა „ნოგ ირისტონმა“ სერგეი მენიაილოსთან დაკავშირებით ცნობა გაავრცელა, რომლის მიხედვით, რესპუბლიკის მეთაურმა უკრაინაში ვიზიტის დროს კონტუზია მიიღო. ეს ინფორმაცია ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის ადმინისტრაციამ მალევე უარყო.

 

„ნოგ ირისტონის“ ინფორმაციით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასული მენიაილო ადგილობრივი უკრაინელი დივერსანტების შეტევის სამიზნე გახდა, რის დროსაც მან კონტუზია მიიღო. ტელეგრამ-არხის ცნობით, ასევე დაიჭრა მენიაილოს თანმხლები ორი პირი.

 

გავრცელებულ ინფორმაციას მენიაილოს პრესსამსახურის უფროსი ოლგა ძგოევა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არანაირი დივერსიული შეტევა მენიაილოზე არ ყოფილა. მოგვიანებით ეს ცნობები უარყო თავად მენიაილომაც. მან აღნიშნა, რომ ფრონტის წინა ხაზზე შეტევები სულ ხდება, მაგრამ ის არანაირი დივერსიული შეტევის სამიზნე არ ყოფილა. „ყველაფერი კარგად არის და სახლში ვბრუნდები“, – განაცხადა რესპუბლიკის მეთაურმა.

 

 

ინგუშეთი

 

ინგუშურმა ტაიპმა ბლოგერი ადამ აუშევი მოიკვეთა

 

ადამ აუშევი. ფოტო: kavkaz-uzel.eu

ინგუში ბლოგერი ადამ აუშევი, რომელიც ოპოზიციური ვიდეოებით გამოირჩევა, აუშევების ტაიპმა „უხუცესების შეურაცხყოფის“ გამო მოიკვეთა. ადამ აუშევზე უარი თქვა მისმა ძმამაც ილეზ აუშევმა, რომელმაც ტაიპის უხუცესებს ოჯახის სახელით მოუბოდიშა.

 

ადამ აუშევი ანტირუსული იუთუბ-არხის Abu Caucas-ის ავტორია, სადაც ინგუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებას და რუსეთის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს. ტაიპის უხუცესების განცხადებით, სწორედ ამ არხზე მოიხსენია ადამ აუშევმა ცუდად ინგუშეთის უხუცესები, სამართალდამცავები და რელიგიური მოღვაწეები.

 

დამოუკიდებელ ინგუშურ გამოცემა „ფორტანგას“ მთავარ რედაქტორზე ხელისუფლების ზეწოლა გრძელდება

 

იზაბელა ევლოევა. ფოტო: kavkaz-uzel.eu

ინგუშეთში დამოუკიდებელი ინგუშური გამოცემა „ფორტანგას“ მთავარი რედაქტორის იზაბელა ევლოევას მამამთილი ძალოვნებმა პანაშვიდზე უკანონოდ დააკავეს და დაკითხეს. ამის შესახებ თავად ევლოევამ განაცხადა, რომელზეც რუსეთში რუსული ჯარის შესახებ „ყალბი ინფორმაციების გავრცელების“ გამო საქმეა აღძრული.

 

მას შემდეგ, რაც ევლოევაზე რუსეთში საქმე აღიძრა, მისი ოჯახის წევრები განსაკუთრებული წნეხის ქვეშ მოექცნენ. ევლოევას ინფორმაციით, მის „ხანდაზმულ მამამთილამდე“, რომელიც საკუთარი ძმის პანაშვიდიდან დაკითხვაზე გადაიყვანეს, ევლოევას და მისი მეუღლის ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით, ევლოევას მაზლიც დაკითხეს.

 

შეგახსენებთ, რომ იზაბელა ევლოევა ჩრდილოეთ კავკასიაში ერთ-ერთი გამორჩეული ოპოზიციონერი ქალი ჟურნალისტია, რომელიც ხშირად აშუქებს ინგუშეთში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს, ასევე აქტიურად წერს ინგუში აქტივისტების დევნისა და ინგუშურ-ჩეჩნური ტერიტორიალური კონფლიქტის შესახებ.

 

ჩეჩნეთი

 

უკრაინაში ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის აღიარება განიხილება

 

უკრაინის „უმაღლეს რადაში“ დაარეგისტრირეს პროექტი, რომლის მიხედვით, უკრაინამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს. პროექტის ავტორები დეპუტატები ალექსეი გონჩარენკო და მუსა მაგომედოვი არიან.

 

გონჩარენკოს განცხადებით, „იჩქერია რუსეთისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა იყოს“. მან ასევე აშშ-ს და ევროკავშირს მიმართა, აღიარონ იჩქერიის დამოუკიდებლობა. უმაღლეს რადას პროექტი ჯერ არ განუხილავს.

 

აღნიშნულ ინიციატივას ირონიულად გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი და თქვა, რომ „მსგავსი სუბიექტი არ არსებობს, რაც კარგად აჩვენებს უკრაინაში კანონშემოქმედების დონეს“.

 

კანონპროექტზე კომენტარი გააკეთა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმაც და აღნიშნა, რომ „იჩქერია ფურცელზეც კი არ არსებობს“. მისი სიტყვებით, იჩქერია 2007 წელს თავად მისმა დამაარსებლებმა გააუქმეს და მის ნაცვლად კავკასიის საამიროს დაარსების შესახებ გამოაცხადეს.

 

ოპოზიციური ტელეგრამ-არხი 1ADAT იუსტიციის სამინისტრომ ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა

 

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ოპოზიციური „სახალხო მოძრაობა ადათი“, ცნობილი, როგორც ტელეგრამ-არხი 1ADAT, აკრძალული ექსტრემისტული ორგანიზაციების რეესტრში შეიტანა.

 

მოძრაობა ექსტრემისტულად ჯერ კიდევ იანვარში ჩეჩნურმა სასამართლომაც მიიჩნია. მაშინ „ადათის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ იანგულბაევმა განაცხადა, რომ მოძრაობა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებდა, რადგანაც „ის ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს“.

 

როგორც ჩვენი მაუწყებელი წერდა, იუსტიციის სამინისტროს ექსტრემისტული ორგანიზაციების რეესტრში „ადათის“ მოხვედრა ადგილობრივ და ფედერალურ ძალოვნებს დამატებითი სამართლებრივი ბერკეტს აძლევს იმ ადამიანების დევნისთვის, რომლებიც მოძრაობას მხარს უჭერენ.

 

„სახალხო მოძრაობა ადათი“ 2020 წელს ჩეჩნეთის მოსახლეობის ინფორმირებისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით შეიქმნა. პროექტში ოცდაათამდე ადამიანი მუშაობს, რომლებიც ინფორმაციის შეგროვებით, ტექსტების წერით, ვიდეოების შექმნითა და ადამიანის უფლებების დაცვით არიან დაკავებული.

 

დაღესტანი

 

დაღესტნის მკვიდრი „რეაბილიტაციის ცენტრში“ წამებაზე ლაპარაკობს

 

დაღესტნის მკვიდრმა მაგომედ ასჰაბოვმა რუსეთი დატოვა მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა „ჰომოსექსუალიზმისგან განკურნების“ მიზნით ნარკოტიკული დამოკიდებულის რეაბილიტაციის ცენტრში მოათავსეს. ასჰაბოვის თქმით, ცენტრში ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი გახდა.

 

დაზარალებული ჰყვება, რომ მას ხელებზე ბორკილები დაადეს, რომელსაც საპირფარეშოს გამოყენებისასაც კი არ ხსნიდნენ. ასჰაბოვი ამბობს, რომ ხასავიურტის რეაბილიტაციის ცენტრში საშინელი პირობებია, „პაციენტებს“ ცუდად აჭმევენ, გარკვეული წესების დარღვევის გამო კი ცემენ და აწამებენ.

 

მაგომედი ჰყვება, რომ მან ჯერ მოსკოვში გადაფრენა, შემდეგ კი რუსეთიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა თავს უსაფრთხოდ დღემდე არ გრძნობს. აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა „რეაბილიტაციის ცენტრში“ საგრძნობლად გაუუარესდა და რომ იმ პერიოდიდან მოყოლებული პანიკური შეტევები და მუდმივი შიში დაჰყვება.

 

დაღესტნის სახალხო პალატამ რესპუბლიკის კონსტიტუციური ცვლილებები გააკრიტიკა

 

დაღესტნის სახალხო პალატის წევრებმა გააკრიტიკეს კონსტიტუციური ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც დაღესტანში პირველი მოსმენით მიიღეს. სახალხო პალატის აზრით, დოკუმენტი, რომელიც განსახილველად რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მელიქოვმა წარმოადგინა, რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხეებს შეიცავს.

 

როგორც ჩვენი მაუწყებელი წერდა, დაღესტანში რესპუბლიკურ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რამაც მოსახლეობის და აქტივისტების ნაწილის შეშფოთება გამოიწვია. საუბარია კონკრეტულად ორ შესწორებაზე, რომელსაც კრიტიკოსები მიუღებლად მიიჩნევენ – პირველის მიხედვით, რესპუბლიკის მეთაურად არჩევაზე მაქსიმუმ ორი ვადის ლიმიტი მოიხსნება, ხოლო მეორე შესწორება რესპუბლიკის მეთაურს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.

 

პოლიტოლოგებისა და აქტივისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველ წრეებს ტერიტორიულ საკითხზე ცვლილებების შეტანა გარკვეული ტერიტორიული დათმობების განსახორციელებლად სჭირდებათ.