სათაური ენა სფერო წელი

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (გამოცემა 17, ივნისი 15-30, 2022)

  • ავტორი: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი:
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2022

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.

 

 

ჩრდილოეთი კავკასია და ცენტრი

 

ჩრდილოეთ კავკასიის პენსიონერები რუსეთში „ყველაზე ღარიბები“ აღმოჩნდნენ

 

რუსეთის ფედერალური რეიტინგის მიხედვით, მაცხოვრებლების პენსიის საშუალო მაჩვენებლით ჩრდილოეთ კავკასიის ექვსივე რესპუბლიკა და ადიღეა აუტსაიდერებს შორის აღმოჩნდნენ.

 

საშუალო-სტატისტიკური რუსი პენსიონერის პენსია დაახლოებით 17 ათასი რუბლია, მაშინ, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში ეს რიცხვი 15 ათასზე დაბალია. ბოლო ადგილს რესპუბლიკებს შორის დაღესტანი იკავებს, სადაც საშუალო პენსია, 1 მაისის მონაცემებით, 12 761 რუბლს აღწევს.

 

რუსეთმა უკრაინაში ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან 400 ჯარისკაცის სიკვდილი დაადასტურა

 

24 თებერვალს დაწყებული ომიდან დღემდე, ადგილობრივი ფედერაციული მთავრობების ცნობით, უკრაინაში ჩრდილოეთ კავკასიიდან 274, სამხრეთ ფედერაციული ოლქიდან კი 126 მებრძოლი დაიღუპა. ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი დაღუპული დაღესტნიდან არის – 145.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფარგლებში დაღუპულთა შესახებ ცნობები მხოლოდ ორჯერ გამოაქვეყნა: 2 მარტს – 498 ადამიანი, 25 მარტს კი – 1351. სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს, მათ შორის, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის დანაკარგები ამ რიცხვებს ბევრად აღემატება. ოფიციალურ მონაცემებს აღემატება რუსეთის მხრიდან დაღუპულ ჩრდილოეთ კავკასიელ მებრძოლთა რაოდენობაც.

 

 

ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო

 

მაჰაჩყალაში დაბადებული ავსტრიის მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვეს

 

როგორც მაჰაჩყალაში დაბადებული ავსტრიის მოქალაქე აცხადებს, ის საქართველოში თავისი წარმომავლობის გამო არ შემოუშვეს. ავსტრიის მოქალაქე საქართველოში თავის მეუღლესთან და შვიდ შვილთან ერთად აპირებდა მოგზაურობას, თუმცა მას ქვეყნის საზღვრის გადაკვეთაზე ქუთაისის აეროპორტში  უთხრეს უარი. მისი სიტყვებით, როგორც კი მესაზღვრეებმა პასპორტში დაბადების ადგილთან დაკავშირებით შესაბამისი ჩანაწერი ნახეს, დამატებითი დოკუმენტები მოითხოვეს.

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩრდილოეთკავკასიური წარმომავლობის ადამიანები აცხადებენ, რომ ისინი საქართველოს საზღვარზე უმიზეზოდ დაბლოკეს. როგორც ჩვენი მაუწყებელი წერდა, ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკების ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მაცხოვრებლები საქართველოს საზღვრის გადაკვეთის სირთულეებზე ხშირად ლაპარაკობენ. მათი თქმით, საქართველოში არსებობს დაუწერელი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში აკრძალულია ამ რესპუბლიკების მკვიდრთა შეშვება.

 

თვითმხილველთა ინფორმაციით,  პრობლემა განსაკუთრებით ჩეჩნეთიდან მომავალ მოქალაქეებს შეეხებათ, რომელთა პრაქტიკულად უდიდეს ნაწილს საქართველო საზღვარზე არ უშვებს. სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება ცნობები, რომ საქართველო ჰიჯაბებითა და მუსლიმური წესით მოშვებული წვერით მოქალაქეებს საზღვრიდან უპირობოდ აბრუნებს უკან.

 

საქართველოს ხელისუფლება ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის რაიმე სახის აკრძალვის არსებობას გამორიცხავს და ასეთ ცნობებს „დეზინფორმაციას“ უწოდებს.

 

შეფერხებებისა და რიგების შემდეგ ზემო ლარსის გამშვები პუნქტი გაიხსნა

სატვირთოების რიგი ზემო ლარსზე. ფოტო: kavkaz-uzel.eu

 

ივნისის თვეში ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შეფერხებებით მუშაობდა, 26 ივნისიდან კი უამინდობის გამო ჩაიკეტა, რამაც საზღვართან სატვირთო მანქანების დიდი რიგი და მძღოლების უკმაყოფილება გამოიწვია. ზემო ლარსზე მიმოსვლა 29 ივნისს განახლდა.

 

ჩაკეტილი სასაზღვრო პუნქტის გამო განსაკუთრებული პრობლემა სომეხ ფერმერებს შეექმნათ, რომელთაც საქართველოს გავლით რუსეთში მალფუჭებადი პროდუქტი, მათ შორის, გარგარი გადაჰქონდათ. ამ მომენტისთვის საზღვარზე მიმოსვლა შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.

 

 

ადიღეს რესპუბლიკა

 

Кавказский Узел: ადიღეს რესპუბლიკაზე „იკეას“ გასვლა მტკივნეულად აისახება

 

საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა Кавказский Узел-ი გამოკითხული ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით წერს, რომ შვედური კომპანია „იკეას“ გასვლა ადიღეს რესპუბლიკის ეკონომიკასა და შრომით ბაზარზე საგრძნობლად მძიმედ აისახება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ის 300-დან 400-მდე თანამშრომელი იქნება, რომლებიც კომპანიის ბაზრიდან გასვლის შემდეგ უსამსახუროდ დარჩება.

 

„იკეამ“ რუსული და ბელარუსული ბაზრების დატოვების შესახებ 2022 წლის 3 მარტს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში, გამოაცხადა. სხვადასხვა მონაცემით, ადიღეს რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციულ სუბიექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია. შესაბამისად, ასეთი მსხვილი სავაჭრო ცენტრის ბაზრიდან გასვლა რესპუბლიკაზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას იქონიებს.

 

 

ადიღეს მეთაურმა მურატ კუმპილოვმა რესპუბლიკის მოქალაქეები მიიღო

ფოტო: adigea.aif.ru

 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით, ადიღეს რესპუბლიკის მეთაურმა მურატ კუმპილოვმა რესპუბლიკის მოქალაქეები ოფისში პირადად მიიღო.

 

კუმპილოვმა მოისმინა რესპუბლიკის მაცხოვრებლების  სოციალური, ეკონომიკური, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სხვადასხვა პრობლემა და მოქალაქეებს მათ მოგვარებას დაჰპირდა. კუმპილოვმა ასევე განკარგულება გასცა, რომ მოქალაქეების ყველა მიმართვა შესაბამისმა უწყებებმა კონკრეტულ ვადებში მოაგვარონ.

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთი

 

ჩერქეზმა აქტივისტმა კასე კიკმა რუსეთი დატოვა

ფოტო: kavkaz-uzel.eu

 

სამოქალაქო აქტივისტმა ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკიდან რუსეთი მას შემდეგ დატოვა, რაც კაფეში უკრაინული მუსიკის ჩართვის გამო   სამართალდამცავების არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. აქტივისტის განცხადებით, მან ქვეყანა პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით დატოვა.

 

როგორც ჩვენი მაუწყებელი წერდა, კასე კიკი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა ციხეში, სადაც სამართალდამცავებმა კაფეში უკრაინული მუსიკის ჩართვისთვის მოათავსეს. სასამართლომ მას წვრილმანი ხულიგნობისთვის 7 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თავად დაზარალებული აცხადებს, რომ ის პაციფისტური პოზიციისა და მისი საჯარო საქმიანობის გამო ციხეში უკანონოდ მოხვდა. კასე კიკი სამართალდამცავებმა ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მას რამდენიმე ადამიანი მთელი ღამე სცემდა და უკრაინასთან, ამერიკასთან, თურქეთსა და რუსულ ოპოზიციასთან კავშირის შესახებ გამოტყდომას აძალებდა. კიკს არც ადვოკატის დახმარების უფლება მისცეს.

 

 

ყაბარდო-ბალყარეთი

 

რეჟისორი კანტემირ ბალაგოვი ახალი ფილმის მოქმედებებს ნალჩიკიდან ამერიკაში გადაიტანს

ნალჩიკელი რეჟისორი კანტემირ ბალაგოვი. ფოტო: kavkazr.com

 

ახალგაზრდა რეჟისორი ყაბარდო-ბალყარეთიდან კანტემირ ბალაგოვი, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს უკრაინისა და საქართველოსადმი სოლიდარობის გზავნილებით გამოვიდა, ახალი ფილმის „მონიკას“ მოქმედებებს ნალჩიკიდან ამერიკაში, შტატ ნიუ-ჯერსიში გადაიტანს. თავდაპირველად ფილმის გადაღება ნალჩიკში იგეგმებოდა, თუმცა უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ ბალაგოვმაც და ფილმის პროდიუსერმა ალექსანდრ როდნიანსკიმაც რუსეთი დატოვეს და ამერიკაში გადაბარგდნენ.

 

უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ კანტემირ ბალაგოვი რუსული მედიის კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა. რუსეთიდან გამოქცეული ბალაგოვი და მისი შეყვარებული, ასევე რეჟისორი კირა კოვალენკო, გარკვეული პერიოდი თბილისს აფარებდნენ თავს. თბილისში ბალაგოვმა მხარზე უკრაინისა და საქართველოს მხარდამჭერი ტატუ გაიკეთა.

 

ნალჩიკში დაბადებული 30 წლის რეჟისორი საზოგადოებამ ფილმებით “Теснота“ (სივიწროვე) და “Дылда“ (აყლაყუდა) გაიცნო. ბალაგოვს ამ ფილმებმა საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა – 2020 წლის დეკემბერში მისი ნამუშევარი “Дылда“, რომელსაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2020 წლის ფილმებიდან თავისი „ერთ-ერთი უსაყვარლესი“ უწოდა, ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ წლის საუკეთესო უცხოენოვან ფილმად ცნო.

 

ბლოგერი ინსა ლანდერი საქართველოში შემოუშვეს, საიდანაც ლიტვაში გაფრინდა

ფოტო: kavkazr.com

 

ბლოგერი ყაბარდო-ბალყარეთიდან ინსა ლანდერი (ინსა ოგუზი) რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ საქართველოში შემოუშვეს, საიდანაც ის, თავშესაფრის ძიების მიზნით, ლიტვაში გადაფრინდა. ბლოგერის განცხადებით, „სიტუაცია მოგვარებულია“ – ის საქართველომ საზღვარზე 27 ივნისს შემოუშვა, ლიტვაში კი 28 ივნისს გაფრინდა.

 

როგორც ჩვენი მაუწყებელი წერდა, ოპოზიციონერი ბლოგერი, რომელსაც რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ტერორისტულ საქმიანობაში ადანაშაულებენ, კვირაზე მეტ ხანს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, იმყოფებოდა და  საქართველო საზღვარზე არ უშვებდა.

 

ლანდერის შესახებ განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ აქტივისტი „არის ბრალდებული ისეთ მძიმე საერთაშორისო დანაშაულში, როგორიც არის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა“. ლანდერის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც ხელისუფლებას ლანდერისთვის „თავშესაფრის პროცედურაზე წვდომის შესაძლებლობის“ მიცემა სთხოვა.

 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 9 დეკემბერს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ქალაქ ბაქსანში მცხოვრები ბლოგერის, ინსა ლანდერის, სახლში სამართალდამცავები მივიდნენ და ის ფსბ-ის სამმართველოში დაკითხვაზე გადაიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, მას გამოძიება ბრალს ტერაქტის მომზადებაში ან ტერაქტით მუქარაში სდებდა. ლანდერი საქველმოქმედო ფონდის რესურსების ბოროტად გამოყენების ფაქტს იძიებდა. ამ საქველმოქმედო ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რესპუბლიკის მოქმედი მაღალჩინოსანია.

 

 

 

ჩრდილოეთი ოსეთი

 

ჩრდილოეთ ოსეთში რესპუბლიკის მეთაურად არჩევაზე ლიმიტი მოხსნეს

 

ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური სერგეი მენიაილო. ფოტო: kavkazr.com

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, შეზღუდვა რესპუბლიკის მეთაურის ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით არჩევაზე სრულად მოიხსნა. ასევე ახალი კანონპროექტით დაზუსტდა მეთაურის არჩევის პროცედურაც – არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელსაც დეპუტატების უმრავლესობა მისცემს ხმას.

 

2012 წლიდან ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურს არაპირდაპირი გზით ირჩევენ. რეგიონის დეპუტატები მეთაურს ირჩევენ იმ სამ კანდიდატს შორის, რომელთაც რუსეთის პრეზიდენტი წარადგენს. როგორც წესი, ჩრდილოეთ ოსეთში და მთელ რუსეთშიც მეთაურის არჩევის პროცედურა სიმბოლურია და ვის აირჩევენ დეპუტატები, წინასწარ არის ცნობილი.

 

 

ინგუშეთი

 

უკრაინაში საომრად ინგუშეთში მოხალისეებისგან ახალი ასეული შეიქმნება

 

უკრაინასთან ომში მონაწილეობის მისაღებად ინგუშეთში შეიქმნება ნომინალური „ინგუშური“ ქვეითთა ასეული, რომელიც სრულად მოხალისეებისგან იქნება შედგენილი. მოხალისეები ომში გასამგზავრებლად სახელმწიფოსთან ოფიციალურ კონტრაქტს გააფორმებენ.

 

ინგუშეთის სუნჯის რაიონის პრესსამსახურის ცნობით, განკარგულება სამხედრო რაზმის შექმნის შესახებ რაიონის ხელმძღვანელობამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო. ხელმძღვანელობა გეგმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებასა და კანდიდატების შერჩევის პროცესის დაწყებას გეგმავს.

 

 

ჩეჩნეთი

 

კადიროვმა ოთხი ახალი ჩეჩნური ბატალიონის შექმნის შესახებ გამოაცხადა

ფოტო: kavkazr.com

 

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამ-არხზე ოთხი ახალი ჩეჩნური საბრძოლო ბატალიონის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელთა სახელები იქნება: Север-Ахмат, Юг-Ахмат, Запад-Ахмат და Восток-Ахмат. როგორც კადიროვმა თქვა, ახალ სამხედრო ფორმირებებში „მხოლოდ ჩეჩენი ბიჭები იქნებიან“.

 

კადიროვს არ დაუკონკრეტებია, მიიღებს თუ არა ახალი ბატალიონები მონაწილეობას უკრაინასთან ომში, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი რუსეთის თავდაცვის ძალების რიგებს შეავსებენ. ჩეჩნეთის მეთაურის სიტყვებით, ახალი რაზმების შექმნა „რეგიონის ახალგაზრდობის მკვეთრად პატრიოტული განწყობით“ არის შთაგონებული.

 

პოლიტოლოგები: დელიმხანოვის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევამ კადიროვის გავლენები გააძლიერა

დელიმხანოვი და კადიროვი. ფოტო: meduza.io

 

რუსი პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო დუმას ჩეჩნეთის წარმომადგენელი დეპუტატის, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირის, ადამ დელიმხანოვის უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დანიშვნა რუსეთში კადიროვის გავლენებს გააძლიერებს. დელიმხანოვი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ უკრაინაში მიმდინარე „სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობისთვის წახალისების მიზნად დანიშნეს.

 

„ეს კადიროვის მზარდი გავლენის ნიშანია, რომელმაც ქულები მოაგროვა სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, როგორც ელიტებში, ასევე საზოგადოებაში,“ – აღნიშნავს პოლიტოლოგი ევგენი მინჩენკო. მისი თქმით, დელიმხანოვი კადიროვისთვის ძალოვანი სტრუქტურების მიმართულებით „მარჯვენა ხელია“.

 

პოლიტოლოგი სერგეი ჟავორონკოვი მიიჩნევს, რომ ახალ თანამდებობაზე დანიშვნა ერთგვარი „მედალია“იმ როლისთვის, რასაც უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დელიმხანოვი და კადიროვის გარემოცვა ასრულებს.

 

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიამ უკრაინაში კონსული დანიშნა

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიას კონსული უკრაინაში იური შულიპა. ფოტო: kavkazr.com

 

არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერ-მინისტრმა, დევნილობაში მყოფმა აჰმედ ზაკაევმა უკრაინაში კონსულად იური შულიპა დანიშნა. გადაწყვეტილება ზაკაევმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ მიიღო, სადაც ის უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს, ჩეჩნურ დიასპორასა და საზოგადო მოღვაწეებს შეხვდა.

 

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საპატიო კონსული ინიშნება, რათა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დიპლომატიური კორპუსი გააქტიურდეს და გაძლიერდეს „საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ახალი დირექტივების მიხედვით“.

 

„ჩვენ ვიმუშავებთ ჩეჩენი და უკრაინელი ხალხის ინტერესების მიხედვით. ასევე ვაპირებთ დავეხმაროთ ჩეჩენ მოხალისეებს, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან“, – განაცხადა შულიპამ.

 

დაღესტანი

 

დაღესტანში დაგეგმილი კონსტიტუციური ცვლილებები მოსახლეობის ნაწილის შეშფოთებას იწვევს

 

დაღესტანში რესპუბლიკურ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რამაც მოსახლეობის და აქტივისტების ნაწილის შეშფოთება გამოიწვია. საუბარია კონკრეტულად ორ შესწორებაზე, რომელსაც კრიტიკოსები მიუღებლად მიიჩნევენ – პირველის მიხედვით, რესპუბლიკის მეთაურად არჩევაზე მაქსიმუმ ორი ვადის ლიმიტი მოიხსნება, ხოლო მეორე შესწორება რესპუბლიკის მეთაურს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.

 

პოლიტოლოგებისა და აქტივისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველ წრეებს ტერიტორიულ საკითხზე ცვლილებების შეტანა გარკვეული ტერიტორიული დათმობების განსახორციელებლად სჭირდებათ. ამასთან დაკავშირებით დაღესტნელმა დეპუტატმა საგიდ საგიდოვმა განაცხადა, რომ ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს იმაში, თუ რაღაც დროს ჩეჩნეთი, ინგუშეთი და დაღესტანი ერთ რესპუბლიკად გაერთიანდება. „ამას ჩვენი შვილები დააფასებენ“, – დასძინა საგიდოვმა.

 

ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მკაცრად გააკრიტიკა ცვლილებების მოწინააღმდეგეები დაღესტნის მეთაურმა სერგეი მელიქოვმა. მისი განცხადებით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ის, როგორც „მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი და დაღესტნელი“ რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას არ დაიცავს, „ეს მას პირში უთხრას“. „მე ყველა ასეთ „ექსპერტს“ ვურჩევ, კარგად შეისწავლონ ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი“, – განაცხადა მელიქოვმა.

 

ФСБ-მ დაღესტანში თურქეთში მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავა

 

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) თანამშრომლებმა დაღესტანში თურქეთის ერთ-ერთ ღამის კლუბში ხუთი წლის წინ ჩადენილი ტერაქტის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს. დაღესტნის მკვიდრს ბრალი თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ჩადენილი ტერაქტის დაფინანსებაში ედება.

 

ФСБ-ის ცნობით, ეჭვმიტანილი აბდურაჰმან აბდურაჰმანოვია, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია, მისი ძმები კი სირიაში რუსული ძალების წინააღმდეგ იბრძვიან. ტერაქტი, რომლის დაფინანსებაშიც აბდურაჰმანოვი არის ეჭვმიტანილი, 2017 წლის 1 იანვარს სტამბოლში, ღამის კლუბ Reina-ში მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, თავდამსხმელმა გახსნა ცეცხლი, რასაც 39 ადამიანი ემსხვერპლა, 69 კი დაიჭრა.