სათაური | ენა | სფერო | წელი |
---|---|---|---|
ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი – (გამოცემა 1, 1-31 აგვისტო, 2021)
|
ქართული | საერთაშორისო ურთიერთობები | 2021 |
„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.
ჩრდილოეთი კავკასია და ცენტრი კავკასიაში რუსი სამხედროების მასშტაბური წვრთნები დაიწყო 9 აგვისტოდან კავკასიის რეგიონში, მათ შორის ადიღეში, დაღესტანში, ჩრდ. ოსეთში, ჩეჩნეთსა და რუსეთის სამხედრო ბაზებზე სომხეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „სამხრეთის სამხედრო ოლქის“ ყველა ტიპის სპეცდანაყოფის სამხედრო გადამზადება დაიწყო – ამ ინფორმაციას „სამხრეთის სამხედრო ოლქის“ ოფიციალურ ცნობაზე დაყრდნობით „ინტერფაქსი“ ავრცელებს. წვრთნები, კავკასიის გარდა, იმართება ანექსირებულ ყირიმსა და ასტრახანის, როსტოვის, სტავროპოლის და ყუბანის რეგიონებში მდებარე სამხედრო პოლიგონებზეც 9 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით. სამხედრო სწავლებებში მონაწილეობას, ქვეით ჯართან ერთად, ავიაცია და ფლოტიც იღებს.
რუსეთის განათლების მინისტრმა ჩრდ. კავკასიაში სკოლების კაპიტალური რემონტის საჭიროებაზე ისაუბრა რუსეთის ფედერაციის განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა 4 აგვისტოს განცხადებაში აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით სკოლების უმეტესობა, რომლებიც კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, ჩრდილოეთ კავკასიასა და შორეულ აღმოსავლეთში მდებარეობს. „დღეისთვის კაპიტალური რემონტის საჭიროების ყველაზე დიდი წილი ჩრდილოეთ კავკასიის და შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოკრუგებზე მოდის. მე ვთხოვ კოლეგებს ამ პროექტების განხორციელებას მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ“, – განაცხადა კრავცოვმა.
ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო ცხინვალს ჩრდილოეთ ოსეთის საპარლამენტო დელეგაცია ესტუმრა ფოტო: cominf.org 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის აღიარების დღეს, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო „პარლამენტს“ ჩრდილოეთ ოსეთის საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ალექსეი მაჩნევის ხელმძღვანელობით ეწვია. სტუმრებს ოკუპირებული რეგიონის „პარლამენტის სპიკერმა“ ალან ტატდიევმა უმასპინძლა. ტატდიევმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთმა ცხინვალის რეგიონი „რესპუბლიკისთვის ყველაზე მძიმე დროს“ აღიარა. „დადგა დრო, როდესაც რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს შეუძლია მიზნების დასახვა და საკუთარი ცხოვრების დაგეგმვა, რადგანაც იცის, რომ ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის, საიმედო დაცვის ქვეშ ვიმყოფებით“, – აღნიშნა ტატდიევმა. ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერმა, თავის მხრივ, ცხინვალს რუსეთის მიერ აღიარების მე-13 წლისთავი მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის დელეგაცია ცხინვალში, როგორც „სახლში“, ისე ჩადის. „ყოველ ჩამოსვლაზე ვამჩნევთ რესპუბლიკას დადებით ცვლილებებს. თუნდაც მშენებლობების, ქუჩების, გზების შემხედვარე, ეს ნათელია“, – აღნიშნა მაჩნევმა.
იბრაჰიმ იაგანოვის გამოსვლას აფხაზურ ტელევიზიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა „აფხაზეთის გმირის“ წოდების მქონე ყაბარდოელი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, იბრაჰიმ იაგანოვის სატელევიზიო გამოსვლას „აფსუა ტვ“-ზე, სადაც იაგანოვმა საქართველოზე დადებით კონტექსტში ისაუბრა, ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვა. 9 აგვისტოს ეთერში გასული გადაცემა, სადაც მონაწილეობას იბრაჰიმ იაგანოვი და ასევე „აფხაზეთის გმირის“ ორდენოსანი ეთნიკურად აფხაზი ასლან კობახია იღებდნენ, აგვისტოს განმავლობაში აფხაზურ მედიასა და სოციალურ ქსელებში განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო. კრიტიკა და დისკუსია საქართველოს მიმართ იაგანოვის პოზიციამ გამოიწვია. იბრაჰიმ იაგანოვმა, რომელიც 1992-1993 წლებში აფხაზების მხარეს მებრძოლ ბატალიონ „ყაბარდას“ ხელმძღვანელობდა, სატელევიზიო ჩართვის დროს აღნიშნა, რომ ომი წარსულშია, „აფხაზეთმა წინ უნდა იაროს“ და ახლანდელი საქართველო შევარდნაძის საქართველოსგან განსხვავდება. „საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც კანონი მუშაობს. არა მხოლოდ ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც სააკაშვილმა გაატარა. ხალხი დამშვიდდა, თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. მე იქ ბევრ საინტერესოს ვხედავ და ასევე გარკვეულ პერსპექტივებს, როგორც ჩემი ხალხისთვის, ასევე პირადად ჩემთვის. სამწუხაროდ, ვერაფერს ანალოგიურს აფხაზეთში ვერ ვხედავ და ეს ძალიან მამწუხრებს“, – განაცხადა იაგანოვმა. იაგანოვმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში აფხაზეთს დიდი კეთილგანწყობით უყურებენ. „ჩემთვის, ყოფილი მოხალისისთვის, ადამიანისთვის, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ომის დამნაშავედ ცნო, თბილისში ჩასვლა, იქ გამოჩენა და მათთან შეხვედრა, ვფიქრობ, რომ ნორმალური პოლიტიკაა, რომლის ათვისებასაც თქვენც გირჩევდით “, – დასძინა მან.
სოხუმს ჩეჩნეთის დელეგაცია ეწვია ფოტო: apsnypress.info აფხაზური პრესის ცნობით, ა.წ. 30 აგვისტოს სოხუმს ჩეჩნეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია ჯანდაცვის მინისტრ ელხან სულეიმანოვის და ეროვნული პოლიტიკის, საგარეო კავშირების, ბეჭდვისა და ინფორმაციის მინისტრ ახმედ დუდაევის ხელმძღვანელობით. სტუმრებს სოხუმში ოკუპირებული რეგიონის „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია და „ჯანდაცვის მინისტრი“ ედუარდ ბუტბა შეხვდნენ. ასლან ბჟანიამ სტუმრებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფხაზეთი და ჩეჩნეთი გასაჭირში „ერთმანეთს ყოველთვის გვერდში უდგანან.“ აფხაზეთი დახმარების სახით საჩუქრად ჩეჩნეთიდან უახლოეს დღეებში კიდევ ორ სასწრაფო დახმარების მანქანას მიიღებს. ახმედ დუდაევმა, თავის მხრივ, ასლან ბჟანიას აფხაზეთის „საერთაშორისო აღიარების“ დღესთან დაკავშირებით ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის აფხაზი ხალხისათვის მილოცვა გადასცა. „ჩვენ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გვიყვარს და პატივს ვცემთ აფხაზ ხალხს თავისი მდიდარი, უძველესი ისტორიითა და კულტურით. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს ძმურ ურთიერთობებს. ვიცით, თუ რა პრობლემებთან უწევდა გამკლავება აფხაზ ხალხს დამოუკიდებლობის გზაზე თავისი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე“, – აღნიშნა დუდაევმა.
ადიღეს რესპუბლიკა 2021 წელს ადიღეს რესპუბლიკაში კორუფციული დანაშაული 50%-ით გაიზარდა ადიღეს რესპუბლიკის პროკურატურამ 23 აგვისტოს 2021 წლის იანვარ-ივლისის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, რესპუბლიკაში კორუფციული დანაშაულის საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა – გასული წლის იანვარ-ივლისის 68 შემთხვევასთან შედარებით, 2021 წელს ეს რიცხვი 102-მდე გაიზარდა, რაც 50%-იანი მატებაა. რესპუბლიკაში დანაშაული სამივე მიმართულებით არის გაზრდილი – განსაკუთრებული სიმძიმის, საშუალო სიმძიმის და მსუბუქი დანაშაული. 25.5%-ით შემცირდა ფინანსური სახის დანაშაული. მთლიანობაში, რესპუბლიკაში 2021 წელს დანაშაულის რაოდენობა 6.4%-ით არის გაზრდილი
ყარაჩაი-ჩერქეზეთი ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის მეთაურის კანდიდატად „ერთიანმა რუსეთმა“ მოქმედი ხელმძღვანელი წარადგინა რაშიდ ტემრეზოვი. ფოტო: kommersant.ru ყარაჩაი-ჩერქეზეთის მეთაურის პოზიციაზე სამი კანდიდატი იბრძოლებს – მთავრობის მოქმედი ხელმძღვანელი რაშიდ ტემრეზოვი მმართველი „ერთიანი რუსეთის“ პარტიიდან, დეპუტატი რენატ აკბაევი პარტიიდან „სამართლიანი რუსეთი“ და დეპუტატი ოლეგ ჟედიაევი “რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან“. კანდიდატები რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 28 აგვისტოს წარადგინა. ფედერალური სუბიექტის მოქმედი ხელმძღვანელი და „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს წევრი რაშიდ ტემრეზოვი ამ პოსტს 2011 წლის თებერვლიდან იკავებს. ყარაჩაი-ჩერქეზეთის პარლამენტმა ის მეორე ვადით 2016 წლის 18 სექტემბერს აირჩია – ტემრეზოვს ხუთწლიანი ვადა წელს ეწურება. ადგილობრივი პოლიტოლოგების და ექსპერტების აზრით, რესპუბლიკის მეთაურის პოსტზე კანდიდატების წარდგენა უფრო სიმბოლური ხასიათისაა, რადგან რაშიდ ტემრეზოვს, რომელსაც მხარს უჭერს „ერთიანი რუსეთი“, რეალური კონკურენტები არ ჰყავს.
ყაბარდო-ბალყარეთი ბაქსანის მკვიდრი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლის ხელშეწყობისთვის გაასამართლეს დონის როსტოვის სამხედრო სასამართლომ 27 აგვისტოს ყაბარდო-ბალყარეთის ქალაქ ბაქსანის მაცხოვრებელ არტურ ჩემკოვს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს ცნობით, 2019 წლის მარტში ბრალდებულმა ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ წევრს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საიდუმლო საცავის შექმნაში შეუწყო ხელი, სადაც მასთან ერთად საბრძოლო მასალას და ასაფეთქებელ ნივთიერებებს ინახავდა. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. სასჯელი ძალაში ჯერ არ შესულა და მხარეებს სააპელაციო სამხედრო სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვთ.
კანტემირ ბალაგოვმა სერიალ The Last of Us-ის საპილოტე სერიაზე მუშაობა დაასრულა კანტემირ ბალაგოვი. ფოტო: imdb.com ცნობილმა რეჟისორმა ყაბარდო-ბალყარეთიდან კანტემირ ბალაგოვმა უმსხვილესი ამერიკული სატელევიზიო არხის HBO-ს ახალი სერიალის The Last of Us-ის (ჩვენგან უკანასკნელნი) საპილოტე სერიაზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ რეჟისორმა 31 აგვისტოს საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე განაცხადა. The Last of Us-ი ამავე დასახელების საკულტო ვიდეოთამაშის ეკრანიზაციაა, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სატელევიზიო შოუ იქნება. ნალჩიკში დაბადებული 30 წლის რეჟისორი საზოგადოებამ ფილმებით “Теснота“ (სივიწროვე) და “Дылда“ (აყლაყუდა) გაიცნო. ბალაგოვს ამ ფილმებმა საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა – 2020 წლის დეკემბერში მისი ნამუშევარი “Дылда“, რომელსაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2020 წლის ფილმებიდან თავისი „ერთ-ერთი უსაყვარლესი“ უწოდა, ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ წლის საუკეთესო უცხოენოვან ფილმად ცნო.
ყაბარდო-ბალყარეთში 18 მილიარდი რუბლის ღირებულების საინვესტიციო პროექტი დაიწყო ფოტო: kbrria.ru 2021 წლის 31 აგვისტოს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის მეთაურმა კაზბეკ კოკოვმა ახალი სასათბურე კომპლექსის მშენებლობა სიმბოლურად გახსნა. 100 ჰექტარზე გათვლილი პროექტის საერთო ღირებულება 18.4 მილიარდი რუბლია (246.6 მილიონი დოლარი) და ის 2024 წლის ბოლოს ამუშავდება. „ასეთი მსხვილი პროექტი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი ნაბიჯია. საერთო ძალისხმევით უფრო მასშტაბურ პროექტებსაც განვახორციელებთ“, – განაცხადა კაზბეკ კოკოვმა გახსნის ცერემონიაზე.
ჩრდილოეთი ოსეთი ჟანგბადის მილის დაზიანებას ვლადიკავკაზის საავადმყოფოში მინიმუმ ცხრა კოვიდპაციენტი ემსხვერპლა თვის მთავარი მოვლენა ჩრდ. ოსეთში 9 აგვისტოს დატრიალებული ტრაგედია გახდა – ვლადიკავკაზში სასწრაფო დახმარების რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჟანგბადის მილი გასკდა, რასაც კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტი ემსხვერპლა. საჟანგბადე მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის გამო მძიმე პაციენტები, რომლებიც ჟანგბადის ხელოვნურად მიწოდებაზე იყვნენ დამოკიდებული, ჰაერის უკმარისობით დაიხოცნენ. მეორე დღეს გარდაცვლილთა რიცხვი თერთმეტამდე გაიზარდა, თუმცა ჩრდ. ოსეთის სახელმწიფო უწყებების ინფორმაციით, შესაძლოა, ბოლო ორი სიკვდილი ინციდენტს არ უკავშირდებოდეს. ტრაგიკულმა მოვლენამ დიდი აჟიოტაჟი და საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია რესპუბლიკაში, რასაც საავადმყოფოს მთავარი ექიმის ვლადიმერ პლიევის პოსტიდან გადაყენება და დაპატიმრება მოჰყვა. მთავარი ექიმი პლიევი, რომლის მხარდასაჭერადაც საავადმყოფოს პერსონალმა წერილი გამოაქვეყნა, სასამართლომ 14 აგვისტოს ორთვიან შინაპატიმრობაში გაგზავნა. მას ბრალი ედება სერვისის მიწოდებაში, „რომელიც არ პასუხობდა უსაფრთხოების მოთხოვნებს და პაციენტების სიკვდილი გამოიწვია“. რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა მომხდარის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემა როგორც ტექნიკურმა, ისე ადამიანურმა ფაქტორებმა განაპირობა. მისი თქმით, ჟანგბადის მიწოდების სარეზერვო ხაზის შექმნაზე დავალება ინციდენტამდე ერთი თვით ადრე გაიცა და ამისთვის შესაბამისი სახსრებიც გამოყოფილი იყო, თუმცა ტრაგედიის დღეს საავადმყოფოს სარეზერვო ჟანგბადი არ აღმოაჩნდა.
სასამართლომ ჩრდ. ოსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი ტურიზმის მინისტრი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ჩრდ. ოსეთის რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერგეი ტაკოევი და ტურიზმის ყოფილი მინისტრი ალანა დიამბაკოევა ორ თვეს წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარებენ. ყოფილი მაღალჩინოსნები 10 აგვისტოს დააპატიმრეს – მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებულად დიდი ოდენობის (180 მილიონი რუბლი) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის პოსტზე სამი კანდიდატურა წარადგინა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 30 აგვისტოს ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის პოსტზე სამი კანდიდატურა წარადგინა – რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი სერგეი მენიაილო და რეგიონალური პარლამენტის დეპუტატები მედეა ელძაროვა და ვალერი ბალიკოევი. არაპირდაპირი არჩევნები რესპუბლიკის პარლამენტში 19 სექტემბერს გაიმართება და დეპუტატები ჩრდილოეთ ოსეთის ახალ მეთაურს დასახელებული სამი კანდიდატიდან აირჩევენ. „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, პოლიტოლოგები და ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ მოვალეობის შემსრულებელი სერგეი მენიაილო ერთადერთი რეალური კანდიდატია და არჩევნები უბრალოდ ფორმალობაა.
ინგუშეთი ასჰაბ გოიგოვი: „საზღვრების საკითხზე მომუშავე ეროვნული კომისიის დასკვნას ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს“. „ინგუშეთის ტერიტორიებისა და საზღვრების განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის ეროვნული კომისიის“ ხელმძღვანელის ასჰაბ გოიგოვის 31 აგვისტოს გაკეთებული განცხადებით, ინგუშეთის ხელისუფლება 94 გვერდიან დასკვნას და რეზოლუციას რესპუბლიკის საზღვრებთან დაკავშირებით იგნორირებას უკეთებს. გოიგოვის თქმით, დოკუმენტი, რომელიც ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის საზღვრების „უსამართლო ცვლილებას” ეხება, ინგუშეთის შესაბამის ორგანოებს 5 აგვისტოს გაეგზავნა. კომისიამ ასევე ინგუშეთის და ჩეჩნეთის მეთაურებს მაჰმუდ-ალი კალიმატოვს და რამზან კადიროვს გაუგზავნა მიმართვა მოთხოვნით – „აღდგეს ინგუშეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა“. გოიგოვი მიიჩნევს, რომ პრობლემის უგულებელყოფა ფედერალური ცენტრის „პირდაპირი დავალებაა“. „მე მგონია, რომ კრემლს ბრძანება აქვს გაცემული და ამიტომაც მაღალჩინოსნები პრობლემას თავს არიდებენ“, – განაცხადა გოიგოვმა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ფორტანგას“ ცნობით, ეროვნული კომისია საზღვრების საკითხებთან დაკავშირებით 2018 წლის 30 ნოემბერს ჩამოყალიბდა. კომისიაში მომუშავე ოცდაათმა სპეციალისტმა 900-გვერდიანი დასკვნა მოამზადა, რომელიც 75 რუკის კვლევების საფუძველზეა შექმნილი. კომისიის მოსაზრებით, ეს დასკვნა, რომლის შემოკლებული ვერსია გაეგზავნა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, ამტკიცებს ინგუში ხალხის სამართლიან მოთხოვნას „სადავო“ ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ჩეჩნეთი ჩეჩნეთში აჰმატ კადიროვის 70 წლის იუბილე აღნიშნეს ფოტო: rt.com აგვისტოს თვეში ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მთავარი მოვლენა რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის აჰმატ კადიროვის დაბადების დღე იყო, რომელსაც 23 აგვისტოს 70 წელი შეუსრულდებოდა. ჩეჩნეთში აჰმატ კადიროვის დაბადების დღისათვის მიძღვნილი სხვადასხვა სახის ღონისძიებები მთელი აგვისტოს განმავლობაში იმართებოდა. „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, რომელმაც ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის იუბილესთვის მიძღვნილ აქტივობებს „აჰმატ კადიროვის პიროვნების კულტის კიდევ ერთი ხაზგასმა“ უწოდა, სკოლის მასწავლებლებს მოსთხოვეს, რომ მოსწავლეები შეეკრიბათ და სხვადასხვა ღონისძიებაზე მათთვის აჰმატ კადიროვზე ლექსების თქმა დაევალებინათ. აჰმატ კადიროვის სახელზე სხვადასხვა დღეს ჩეჩნეთში გაიმართა სამეცნიერო კონფერენციები, კადიროვის ფონდმა ოჯახებს გადასცა ბინები, გროზნოში გაიხსნა ახმად კადიროვის დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი მონუმენტი, ჩატარდა აქციები და ფლეშმობები. პირველი პრეზიდენტის დაბადების დღის აღნიშვნაში აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო უწყებები, მათ მიერ კონტროლირებადი ინტერნეტპლატფორმები, გვერდები სოციალურ ქსელებში და ტელე-რადიოარხები, სადაც აგვისტოს განმავლობაში რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის შესახებ მრავალი სიუჟეტი და გადაცემა გადიოდა. აჰმატ კადიროვის დაბადების დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ აჰმატ კადიროვის ტრაგიკულმა სიკვდილმა ჩეჩენი ხალხი გააერთიანა და მისი მოღვაწეობის სისწორეში უფრო მეტად დაარწმუნა. „აჰმატ კადიროვის საქმეები მისი შვილის და თანამოაზრის რამზან კადიროვის ძალისხმევით და ნებით გაგრძელდა“, – აღნიშნა პუტინმა.
ჩეჩნეთი რუსეთის პირველი ფედერაციული სუბიექტი გახდა, სადაც 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის ნახევარზე მეტმა კორონავირუსის აცრა გაიკეთა 24 აგვისტოს მონაცემებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკა რუსეთის პირველი ფედერაციული სუბიექტი გახდა, რომელმაც კორონავირუსზე 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის ნახევარზე მეტი აცრა – 63%, რაც 81 ათასი ადამიანია.
ჩეჩნეთი 2021 წელს კრიმინალის ზრდის ტემპით რუსეთში პირველ ადგილს იკავებს 2021 წლის შვიდი თვის (იანვარი-ივლისი) მონაცემებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში რუსეთის სხვა ფედერაციულ სუბიექტებთან შედარებით, კრიმინალის ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი დაფიქსირდა – 28,8%. კრიმინალის ზრდის უარყოფითი მაჩვენებლით ათეულში ასევე ინგუშეთი (19,7%) და დაღესტანი (9,3%) შევიდა. ამ მიმართულებით ვითარების გაუარესება ასევე გამოიკვეთა ადიღეაში (6,5%), ჩრდ. ოსეთში (5.4%) და ყაბარდო-ბალყარეთში (4.8%).
დაღესტანი დაღესტანში სტიქიურ უბედურებას მსხვერპლი მოჰყვა ფოტო: ria.ru 23 აგვისტოს ძლიერ წვიმებს დაღესტანში 4 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი დაკარგული პირის ძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დაღუპულთა შორის არიან როგორც ადგილობრივები, ასევე ერთი ტურისტი სანქტ-პეტერბურგიდან. სტიქიურმა უბედურებამ განსაკუთრებით დაღესტნის მთიანი რაიონები დააზარალა. სულ 5 დაკარგული პირიდან ნაწილი გუბინსკის რაიონის ყარადახის ხეობაში ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა, ნაწილი კი ლევაშინკის რაიონში წარმოშობილ ღვარცოფში მოჰყვა. ძლიერმა წვიმებმა და ღვარცოფმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენა ლევაშინკის რაიონის სოფლებს, სადაც გზები დააზიანა, ოთხი სოფელი კი გაზმომარაგების გარეშე დატოვა. ფინანსური ზარალის მთლიანი ოდენობა 50 მილიონ რუბლს შეადგენს.
აგვისტოს თვეში დაღესტანში კორონავირუსისგან რეკორდული რაოდენობის ადამიანი გარდაიცვალა აგვისტოს თვეში (26 აგვისტოს ჩათვლით) დაღესტანში კორონავირუსის ინფექციისგან 321 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რესპუბლიკაში ინფექციის მესამე ტალღა მაისის დასასრულს ე.წ. ინდური (დელტა) შტამის სწრაფი გავრცელებით დაიწყო. სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში დელტა შტამის უფრო მძიმე სიმპტომებს მიაწერენ, თუმცა ადგილობრივი გამოცემა „ჩერნოვიკი“ მკურნალობის არასწორ მეთოდებსა და სამედიცინო რესურსების, მათ შორის, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ჟანგბადის რესურსების ნაკლებობაზეც მიუთითებს.
რუსეთში პირველი ტურისტული მარშრუტი ჰიდროელექტროსადგურზე დაღესტანში გაიხსნა ფოტო: ria.ru დაღესტნის ტერიტორიაზე, ბუინაკსკის რაიონში, მდინარე სულაკზე გაშენებული ჩირკეის ჰიდროელექტროსადგური რუსეთში პირველი ჰესი იქნება, რომელიც ტურისტული ობიექტის ფუნქციებსაც შეითავსებს. ტურისტული მარშრუტი ჰესზე 18 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა. რუსული ჰიდროელექტრო კომპანიის „რუსჰიდროს“ გენერალურმა დირექტორმა ვიქტორ ხმარინმა საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ჰესზე ტურისტული მარშრუტის გახსნა ქვეყნის შიგნით მოგზაურობის მოყვარულთათვის ღირსშესანიშნავი მოვლენაა.
დაღესტნის სოფელ აგვალში სამუფტოს და ადგილობრივებს შორის კონფლიქტი ახალი იმამის დანიშვნით დასრულდა ცუმადინსკის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრ სოფელ აგვალში ადგილობრივ მოსახლეობასა და რესპუბლიკურ სამუფტოს შორის დაპირისპირება 16 აგვისტოს სამუფტოს მიერ დანიშნული იმამის რამაზან ისაევისა და ადგილობრივი მაცხოვრებლის შუაიბ ალიევის ჩხუბით დაიწყო. ისაევის განცხადებით, ალიევმა „ინსტაგრამზე“ მას შეურაცხმყოფელი კომენტარი დაუტოვა, სადაც წერდა, რომ ისაევი აგვალში იმამად „იძულებითი გზით“ დაინიშნა. ისაევმა ალიევს კომენტარში გამოთქმული ბრალდების „შარიათის წესით“ დამტკიცება მოსთხოვა, რასაც საბოლოოდ ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ისაევის განცხადებით, მას სოფლის ჯამაათი მხარს უჭერდა, რაც უარყო ცუმადინსკის რაიონის მეთაურის მოადგილემ ხალილულა მოგამედოვმა. მისი თქმით, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ახალი იმამის წინააღმდეგ იყო. მხარეებს შორის დაპირისპირება 20 აგვისტოს ახალი იმამის იუსუპ გაჯიევის დანიშვნით ამოიწურა. გაჯიევის არჩევამდე აგვალში ძალოვანები შევიდნენ, რათა კონფლიქტის ესკალაცია თავიდან აერიდებინათ, ხოლო აგვალის ჯამაათმა სამუფტოს შეთავაზებულ კიდევ ერთ კანდიდატზე, ჰამზათ საიდოვზე, უარი თქვა. აგვალის მეჩეთის საბჭოს წევრის აბდურაჰიმ მაშთიხის განცხადებით, რაიონში ვნებათაღელვა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო, როდესაც რესპუბლიკურმა სამუფტომ, საკუთარი გავლენის განმტკიცების მიზნით, აგვალში იმამების ცვლილება დაიწყო, მათი ნების წინააღმდეგ. |