2017 წლის 4 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) უმასპინძლა ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის (CASS) დელეგაციას.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა რონდელის ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომლებს – პროფ. ვლადიმერ პაპავას, პროფ. მერაბ კაკულიასა და ვალერი ჩეჩელაშვილს.
შეხვედრის მიზანი იყო თანამშრომლობის გაღრმავება ინიციატივის – „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ – ფარგლებში მხარეებს ემსჯელათ მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონული მოვლენების შესახებ.
შეხვედრაზე რონდელის ფონდის თანამშრომლებმა სტუმრებს მოკლედ გააცნეს საქართველოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება, მიმოიხილეს საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან არსებული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს მისწრაფებას.
საქართველოში ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაციის ვიზიტის ორგანიზატორია რონდელის ფონდი. დელეგაცია შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა არასამთავრობო, კვლევითი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.