ავტორი: ნინო მაჭარაშვილი
2013 წელს „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ (BRI) შემდეგ ჩინეთსა და MENA-ს (Middle East and North Africa) შორის კომერციული კავშირების გაძლიერება, ინვესტიციების გაფართოება, პოლიტიკური კონვერგენცია და აქტიური ინტეგრაცია დაიწყო. 2022 წელს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჩინეთი უკვე წარმოადგენდა რეგიონისთვის მნიშვნელოვან პარტნიორს. შესაბამისად, რუსეთის ომს უკრაინაში არ შეუცვლია ჩინეთი-MENA-ს ურთიერთობების ხასიათი, თუმცა გააღრმავა და დააჩქარა მისი დინამიკა.
დღეს მკვეთრად პოლარიზებულ სამყაროში MENA-ს სახელმწიფოთა უმეტესობა უარს ამბობს რომელიმე მხარის მიმხრობაზე და ნეიტრალიტეტს ანიჭებს უპირატესობას. ჩინეთი კი ამ სახელმწიფოებს ალტერნატივას სთავაზობს. პეკინი ორი მიმართულებითაა საინტერესო პარტნიორი: პოლიტიკურად – სი ძინ პინი იაზრებს, რომ ამ რეგიონში სახელმწიფოებს აქვთ დამოუკიდებელი პოლიტიკური ინტერესები და ამ ინტერესების დაკმაყოფილება მათთვის უფრო პრიორიტეტულია ვიდრე მათგან „შორს“ მიმდინარე ომი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. ეკონომიკურად ჩინეთი წარმოადგენს დიდ ძალას, რომელიც ისევ და ისევ რჩება ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ყველაზე მსხვილ ბაზრად. უკრაინის ომით გართული დასავლეთისა და რუსეთის ფონზე ჩინეთი ცდილობს ახალი მსოფლიო წესწყობილების ჩამოყალიბებას.
ამ ბლოგის ფარგლებში მოკლედ ვუპასუხებთ შემდეგ კითხვებს: რა მიზნებს ისახავს ჩინეთის საგარეო პოლიტიკა MENA-ს რეგიონში, რა საშუალებებს იყენებს პეკინი ამ მიზნების მისაღწევად და ამ ეტაპზე აღწევს თუ არა ხელშესახებ შედეგებს?
ჩინეთის საგაერო პოლიტიკის მიზნები და საშუალებები MENA-ს რეგიონში
ჩინეთმა MENA-ს რეგიონში ინტეგრაცია მისთვის დამახასიათებელი ფორმით – თითოეულ სახელმწიფოსთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებით დაიწყო. ასე იქცნენ ალჟირი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, ირანი და არაბთა გაერთიანებული საემიროები (UAE) რეგიონში ჩინეთის დასაყრდენ ძალად და ამასთან ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის შესაძლებლობად. ორმხრივი, ბიზნესზე ორიენტირებული თანამშრომლობა, რომელიც მოკლებულია ალიანსისთვის დამახასიათებელ ვალდებულებებს, ჩინეთის საგარეო ურთიერთობების ნიშად იქცა. თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩინეთისათვის მულტილატერალიზმის განვითარების ხელის შეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. ამ პროცესში MENA-ს უფრო მჭიდრო ინტეგრაციის მიზნით კი პეკინმა მუშაობა რამდენიმე ახალი მიმართულებით განავითარა:
- ბლოკების გაფართოება – ომის შემდეგ ჩინეთმა უკვე დაიწყო ალიანსების „გაცოცხლება“ და გააქტიურება. საუბარია ორ ევრაზიულ გაერთიანებაზე – შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასა (SCO) და BRICS-ზე.
SCO ჯერჯერობით არ იდენტიფიცირდება, როგორც სამხედრო ბლოკი ან უსაფრთხოების სათათბირო, თუმცა აშკარაა, რომ სი ძინ პინს მისი რაღაც უფრო დიდად გარდაქმნის სურვილი აქვს. სწორედ ამ მიზნით 2023 წლის 4 ივლისს SCO გაფართოვდა და მას ოფიციალურად შეუერთდა ირანი, რითაც ის გახდა ჩინეთის (და რუსეთის) დომინირებული ბლოკის მე-9 წევრი, მათ შორის, პირველი ახლო აღმოსავლეთიდან. მეტიც, თეირანი, MENA-ს კიდევ ერთი სახელმწიფო, ორგანიზაციის გაფართოების წინა ხაზზეა მაშინ, როდესაც საუდის არაბეთი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საემიროები და კატარი, ასევე MENA-ს ქვეყნები, ორგანიზაციის პარტნიორები გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ SCO ჯერჯერობით ისევ რჩება მხოლოდ დისკუსიის ფორუმად შეზღუდული ინსტიტუციური შესაძლებლობებითა და წევრთა შორის უთანხმოებებით, ის სულ უფრო მეტადაა ჩინეთის ყველაზე აშკარა მცდელობა, შექმნას რეგიონული ბლოკი, რომელიც შეძლებს გახდეს ევრაზიული ინსტიტუციური არქიტექტურის საფუძველი.
რაც შეეხება BRICS-ს, თითქმის 14 წლის შემდეგ, 2024 წლის 1 იანვარს, BRICS-ი ოფიციალურად გაფართოვდა და მას შეუერთდა ისეთი ქვეყნები როგორებიცაა: ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები. ამ გაფართოების შემდეგ ალჟირი დარჩა ერთადერთ სახელმწიფოდ ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორებიდან MENA-ს რეგიონში, რომელიც ბლოკის წევრი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორმით გაფართოებაზე BRICS-ის წევრებს შორის კონსენსუსი არ არსებობდა, ჩინეთმა მაინც შეძლო და მოახერხა ყველა მონაწილე მხარის დაყოლიება, რაც ნამდვილად სი ძინ პინის გამარჯვებაა. ბლოკი რომ ისევ მიმზიდველია გლობალური სამხრეთის ქვეყნებისთვის, ამას ადასტურებს მასში გაწევრიანების მსურველთა მზარდი რაოდენობაც. არსებობს ვარაუდი, რომ ჩინეთი BRICS-ისგან აღმოსავლეთის ევროკავშირის შექმნას ცდილობს. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს ევროს მსგავსი ერთიანი ვალუტის შექმნაზე მუშაობა, NDB-ის მიერ სესხების უნიკალური პირობებით გაცემა და სხვა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ BRICS-ის გარდაქმნა ინსტიტუციურ, გამართულ ორგანიზაციად ნაკლებად მოსალოდნელია ბლოკის წევრებს შორის არსებული იდეოლოგიური განსხვავებების გამო.
- „დიპლომატიის ახალი მოდელი“ – გასულ წელს პეკინმა მოახერხა და გადაჭრა შვიდწლიანი კონფლიქტი საუდის არაბეთსა და ირანს შორის. 2023 წლის მარტში ჩინეთში ოფიციალურად გაფორმდა შეთანხმება ელ-რიადსა და თეირანს შორის დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, პროცესში ჩინეთის ჩართვა გადამწყვეტი აღმოჩნდა. პეკინი ორივე მხარისთვის სანდო პარტნიორი იყო, რამაც ხელი შეუწყო პროცესის დეესკალაციას.
უფრო მეტიც, ჩინეთი ცდილობს მედიატორის როლი შეასრულოს ღაზის ომშიც. ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტს კიდევ უფრო მეტად ართულებს ის ფაქტი, რომ ღაზის სექტორის მმართველ ჰამასსა და ფათაჰს – ფორმალურად პალესტინის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას შორის ურთიერთობები დაძაბულია. ამიტომ ჩინეთის ინიციატივით 2024 წლის 23 ივლისს პეკინში ხელი მოეწერა შეთანხმებას ექსტრემისტულ დაჯგუფება ჰამასსა და სხვა პალესტინურ ორგანიზაციებს (მათ შორის ფათაჰს) შორის. შეთანხმება შეეხება ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორის ერთობლივ მართვას და მის მიზანს „ეროვნული ერთობის“ მიღწევა წარმოადგენს. ჯერჯერობით ღაზის ომში ჩინეთის შუამავლობას ხელშესახები შედეგები არ გამოუღია, თუმცა აშკარაა, რომ სი ძინ პინი ჯერ არ აპირებს დანებებას.
„დიპლომატიის ახალი მოდელი“ – ასე უწოდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ პეკინის ახალ წამოწყებას. ამ მოდელით ჩინეთმა, ერთი მხრივ, შეახსენა სახელმწიფოებს, რომ უკრაინის ომის გარდა მსოფლიოში სხვა კონფლიქტებიც არსებობს, რომლებიც ასევე იმსახურებენ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას, მეორე მხრივ კი, ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების „უუნარობას“, რეგიონში მისი ხანგრძლივი ჩართულობის ისტორიის მიუხედავად, შეემსუბუქებინა დაძაბულობა სპარსეთის ყურეში.
- სამხედრო ვაჭრობის ზრდა – ჩინეთმა გაზარდა იარაღის მიყიდვა MENA-ს რეგიონში და რუსეთთან ერთად ჩაატარა სამხედრო წვრთნები რეგიონის ორ გამორჩეულ ლიდერ – საუდის არაბეთსა და ირანში. ამასთან, ხელი შეუწყო იარაღის ერთობლივ წარმოებას. ეს ნაბიჯები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები ჩიხშია შესული და ვაშინგტონი უარს ამბობს MENA-ს ქვეყნებისათვის თანამედროვე იარაღის მიყიდვაზე. ამასთან, ჩინეთის მიერ იარაღის მიყიდვა ისეთი სახელმწიფოებისათვის, რომლებსაც ხშირად ედებათ საერთაშორისო სანქციები თუ ემბარგო, ხელს უწყობს რეგიონში ჩაურევლობის პრინციპის გამყარებას, რაც განსაკუთრებით მიმზიდველია იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებიც სტრატეგიული ავტონომიისათვის იბრძვიან.
- რბილი ძალის პროექცია – ჩინეთმა გაიაზრა, რომ რბილი ძალის გამოყენებაც ლიდერის სტატუსის მოპოვების ერთი-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ამიტომ ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში დაიწყო ჰუმანიტარული ინიციატივები MENA-ს რეგიონში, რაც გაგრძელდა უკრაინის ომის შემდგომ, განსაკუთრებით კი, ღაზის ომის პერიოდში გააქტიურდა. გარდა ამისა, პეკინი კონცენტრირებულია ხალხთა შორის ურთიერთობების დაახლოებაზე, რისთვისაც ზრუნავს ტურიზმის განვითარებაზე, საგანმანათლებლო ინიციატივების, უნივერსიტეტების თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების რაოდენობის ზრდაზე. ყოველივე ეს პეკინის მხრიდან წარმოადგენს რეგიონში დადებითი იმიჯის შექმნის მცდელობას და წარმოაჩენს ჩინეთს, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ძალასა და სანდო მრავალმხრივ პარტნიორს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ჩინეთი მრავალი მიმართულებით მუშაობს MENA-ს რეგიონში საკუთარი როლის გაზრდისა და გლობალური ამბიციების დაკმაყოფილებისთვის. თუმცა, ამ მცდელობების წარმატება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული რეგიონის ქვეყნების პოზიციებსა და დასავლეთის, განსაკუთრებით კი, შეერთებული შტატების, რეაგირებაზე.
MENA-ს რეგიონში ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მიმდინარე შედეგები
ჩინეთი ცდილობს გამოჩნდეს მესამე პოლუსად, რომელიც განსხვავებულია დასავლეთისგან, მაგრამ არც რუსეთთან აქვს სრული მსგავსება. ამ ძალამ უნდა მიიზიდოს გლობალური სამხრეთის ის ნაწილი, რომლებმაც უკრაინის ომს ნეიტრალიტეტის სხვადასხვა ხარისხით უპასუხეს. თუმცა, ჩინეთის ძალისხმევას ერთი მხრივ, უპირისპირდება თავად MENA-ს რეგიონის პოზიციები, მეორე მხრივ კი – შეერთებული შტატები.
MENA-ს რეგიონში სახელმწიფოებს არ აქვთ ერთგვაროვანი დამოკიდებულება ჩინეთთან ურთიერთობების სამომავლო განვითარების მიმართ. პოზიციების მიხედვით, ძირითადად, ქვეყნების ორი ჯგუფი გამოიყოფა: 1. ირანი და სირია, რომლებიც დასავლეთის მხრიდან იზოლირების მცდელობების გამო სრულად ემხრობიან ჩინეთს და მასთან პარტნიორობას პოლიტიკური ლეგიტიმაციისა და ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობად ხედავენ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ჯერ სრულად ნათელი არ არის, როგორ პოლიტიკას ჩამოაყალიბებს ახალი ხელისუფლება და 2. ფაქტობრივად, ყველა დანარჩენი ქვეყანა რეგიონში, რომლებმაც უარყვეს რომელიმე კონკრეტულ მხარესთან მიმხრობის აუცილებლობის ლოგიკა და აირჩიეს ისტორიული ურთიერთობების შენარჩუნება ვაშინგტონთან, ჩინეთთან მომგებიანი პარტნიორობის გაგრძელებასთან ერთად. ორ დიდ ძალას შორის გარკვეული ბალანსის მიღწევა არის MENA-ს რეგიონის სახელმწიფოთა უმეტესობის სტრატეგია, თუმცა აშკარაა, რომ აქტიურად მიმდინარეობს MENA-ს ქვეყნების ინტეგრაცია ევრაზიულ ალიანსებში. შესაბამისად, ისინი სულ უფრო მეტად აღმოსავლეთისკენ იხრებიან, მაგრამ ჯერ მზად არ არიან დასავლეთის „მიტოვებისთვის“. რეალურად, ეს მდგომარეობა ჩინეთისათვის უფრო მისაღები ჩანს, ვიდრე შეერთებული შტატებისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონს რეგიონში პოზიციების გასამყარებლად დამატებითი ძალისხმევის გაღება მოუწევს.
დასავლეთი MENA-ს რეგიონის ჩინეთისათვის დათმობას არ აპირებს. ამაზე მეტყველს 2023 წლის დიდი ოცეულის სამიტზე (G20) მიღებული გადაწყვეტილება ახალი სავაჭრო მარშრუტის შექმნაზე. პროექტი, სახელით, „ინდოეთი-ახლო აღმოსავლეთი-ევროპის ეკონომიკური დერეფანი“ (India-Middle East – Europe Economic Corridor – IMEC) მიზნად ისახავს აზიისა და ევროპის ინტეგრაციას და აჩვენებს, რომ დასავლეთი და განვითარებადი სამხრეთი უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ეტაპზე გადადიან. IMEC-ის სახით „და გზის ინიციატივას“ (BRI) რეალური კონკურენტი გამოუჩნდა. აშკარაა, რომ MENA-ს ქვეყნები ამ ეტაპზე არ აპირებენ ამ ორიდან რომელიმე პროექტის არჩევას და ისინი ორივე მათგანიდან სარგებლის მიღებას ცდილობენ.
ჩინეთის წარმატება MENA-ს რეგიონში ყველაზე მეტად არის დამოკიდებული შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტსა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკაზე. საინტერესოა, რა გზას აირჩევს დონალდ ტრამპი რეგიონის სახელმწიფოებთან ურთიერთობისა და ირანთან დაძაბულობის მართვის მხრივ. არსებობს რამდენიმე შესაძლო ვარიანტი: 1. „გათიშე და იბატონეს“ პოლიტიკა, რომელსაც ტრამპი წინა პრეზიდენტობისას მიმართავდა და რაც ირანის იზოლირებასა და სხვა სახელმწიფოებთან ალიანსების გაძლიერებას გულისხმობდა; 2. იზოლაციონისტური მიდგომა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა რეგიონის მიმართ და 3. ნიუანსირებული მიდგომა, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს დიპლომატიურ ურთიერთობებსა და მულტილატერალიზმს, როგორც სტაბილურობის ხელშეწყობის ყველაზე ეფექტურ საშუალებას. ეს მიდგომა შესაძლებელს გახდის ირანის JCPOA-ში დაბრუნებას, რაც ხელს შეუწყოს რეგიონში აშშ-ის ინტერესების დაცვას.
დასკვნა
ამრიგად, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს უკრაინის ომი, უკვე ერთმნიშვნელოვნად მომგებიანი აღმოჩნდა ჩინეთისათვის. ბოლო პერიოდია ჩინეთთან პარტნიორობა, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური შეხედულების გამო, მესამე მსოფლიოს ქვეყნებისათვის ორ რადიკალურად პოლარიზებულ ძალას შორის გამოსავლად იქცა.
2022 წლის შემდეგ ჩინეთის როლი MENA-ს რეგიონში გაზრდილია, რაც იმის დამსახურებაა, რომ სი ძინ პინმა სწორად შეაფასა რეგიონის საჭიროება – ეკონომიკური თანამშრომლობა პოლიტიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნებასთან ერთად – და შეიმუშავა ისეთი მიდგომა, რომელიც ამ საჭიროების დაკმაყოფილებისკენ იქნებოდა მიმართული. გარდა ამისა, ჩინეთმა MENA-ს რეგიონში უფრო მეტად ინტეგრაციისათვის დამატებით კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: „გააცოცხლა“ და გააფართოვა SCO და BRICS-ი; მოირგო მედიატორის როლი რეგიონში არსებული კონფლიქტის გადასაჭრელად; გახდა სამხედრო იარაღების იმპორტიორი; დაიწყო რბილი ძალის გამოყენება და სხვა. შედეგმაც არ დააყოვნა – MENA-ს სახელმწიფოებმა აქტიურად დაიწყეს აღმოსავლეთით „გადახრა“.
აღმოსავლეთით „გადახრის“ მიუხედავად, რეგიონის დიდი ნაწილი, ირანისა და სირიის გარდა, ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და ორმხრივი სარგებლის მიღების მიზნით დასავლეთთან ურთიერთობასაც განაგრძობს. და მაინც, ჩინეთი-MENA-ს ურთიერთობების სამომავლო განვითარება დღესდღეობით ყველაზე მეტად შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტზე და რეგიონის მიმართ მისი ადმინისტრაციის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით დონალდ ტრამპის გეგმები უცნობია, თუმცა აშკარაა, რომ წარმატებისთვის მას ბევრი რამის სწავლა მოუწევს ჩინეთისგან. როგორც ტრამპის „გათიშე და იბატონეს“, ისე ბაიდენის იზოლაციონისტურ პოლიტიკას მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები არ გამოუღია, ამიტომ უფრო სავარაუდოა, რომ ნიუანსირებული მიდგომა, რასაც პეკინი ასე აქტიურად იყენებს, ვაშინგტონისათვისაც უფრო მომგებიანი იქნება.