ავტორი: ვასილ ღლონტი

 

შესავალი

ბოლო ხანებში რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გარკვეული საკადრო ცვლილებები მოხდა. ჩეჩენი მაღალჩინოსნების ნაწილი მოსკოვში გადაიყვანეს, ხოლო ზოგიერთი ჩინოვნიკი კი ჩეჩნეთშივე, სხვა თანამდებობაზე დანიშნეს. ეს გადაადგილებები იმ ფონზე ხდება, როდესაც სულ უფრო გახშირდა ხმები ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის, ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შესახებ.

ამ ფონზე, ჩვენი მიზანია განვიხილოთ და გავაანალიზოთ ჩეჩნეთში მიმდინარე ბოლოდროინდელი პროცესები, დავადგინოთ, რა მიზნით ხორციელდება და რა შედეგებს მოიტანს იქაური საკადრო ცვლილებები.

 

შეფასება/ანალიზი

ის, რომ ჩეჩნეთი ჩრდილოკავკასიაში კრემლის ერთ-ერთი ძირითადი დასაყრდენი ძალა გახდა, პრეზიდენტ პუტინისა და რამზან კადიროვის ტანდემის სიმბიოზმა განაპირობა. ფაქტია, რომ მოსკოვმა გასული ათწლეულების განმავლობაში მეამბოხე ჩეჩნების უმეტესი ნაწილი „მოარჯულა“, შეირიგა და თავის სამსახურში ჩაიყენა. ვინც ვერ მოარჯულა, ან ფიზიკურად გაანადგურა, ან აიძულა, რომ მშობლიური მხარე დაეტოვებინა და უცხოეთში გადახვეწილიყო. ჩეჩნების გულის მოსაგებად პუტინმა ჩეჩნეთში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა, სხვა ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან შედარებით, ეკონომიკურად უფრო მეტად განავითარა და თავის გავლენას ისევ დაუქვემდებარა, რაშიც კადიროვების კლანი დაიხმარა. ფაქტია, რომ ჩეჩნეთსა და რამზან კადიროვზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება რაღაც თვალსაზრისით, კრემლის სწორი სტრატეგიული გათვლა გამოდგა. ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დროს, როცა რამზან კადიროვის დაქვემდებარებაში არსებული ჩეჩნური ფორმირებები რუსული სამხედრო მანქანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ კომპონენტად იქცნენ, მეტიც, კადიროვის პოლკ „ახმატს“ შემაკავებელი სამხედრო შენაერთის ფუნქციები დაევალა, რაც ნიშნავს, რომ ფრონტის ხაზზე პუტინი ხანდახან ეთნიკურ რუსებზე მეტად კადიროვის ჩეჩნებს უფრო ენდობა.

თუმცა, ამავე დროს, იმის თქმა, რომ რამზან კადიროვი კრემლს ბრმად ემორჩილება და პუტინის ყველა ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებს, არ იქნება სწორი შეფასება. ჩვენი დაკვირვებით, რამზან კადიროვი ატარებს საკმაოდ ავტონომიურ პოლიტიკას და მხოლოდ საკუთარი სარგებლის მიღების შემთხვევაში თანხმდება იმის გაკეთებას, რასაც კრემლი ავალებს. ამას ისიც ადასტურებს, რომ უკრაინის ოკუპაციის პროცესში აქტიური მონაწილეობის გამო კადიროვმა სერიოზული ფინანსური დივიდენდები მიიღო. კერძოდ, მის კონტროლს დაექვემდებარა დონეცკის ოლქის უმსხვილესი  „Мариупольский металлургический комбинат имени Ильича“, რომლის მფლობელი თავდაპირველად გახდა კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირი ვალიდ კორჩაგინი (გერემეევი), ხოლო შემდგომში ეს კომბინატი გადაიბარა ალაშ დადაშოვმა,რომელიც პარალელურად ითვლება სპორტული-საბრძოლო კლუბის „ახმატის“ თავმჯდომარედ. მასვე ერგო მარიუპოლის მეორე კომპანიის «Технические материалы» მთლიანი წილი. არსებული ინფორმაციით, კადიროვს ბიზნესინტერესები აქვს ხერსონსა და ზაპოროჟიეშიც, სადაც თავისი წარმომადგენლებიც კი ჰყავს დანიშნული. საგულისხმოა, რომ დადაშოვსაც და კორჩაგინსაც, რომელთა უკან რეალურად რამზან კადიროვი დგას, კომპანიები აქვთ არა მარტო უკრაინის ოკუპირებულ მიწებზე, არამედ რუსეთის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის მოსკოვში.  ეს ადასტურებს, რომ რამზან კადიროვმა შექმნილი რეალობით ისარგებლა, პუტინთან უფრო პარტნიორული, ვიდრე ვასალური ურთიერთობების დამყარებით რუსულ ბიზნესში თავის დამკვიდრება და საკუთარი კლანის კიდევ უფრო გაძლიერება შეძლო. რამზან კადიროვმა პუტინი თავის საჭიროებაში დაარწმუნა, რამაც მას სერიოზული დივიდენდები მოუტანა.

ჩვენი შეფასებით, რამზან კადიროვის ნაწილობრივ დამოუკიდებლობასა და ავტონომიურობაზე ისიც მეტყველებს, რომ მან ბრძოლის გარეშე შეძლო ის, რაც თავის დროზე ვერ შეძლო გარდაცვლილმა ექსპრეზიდენტმა ჯოჰარ დუდაევმა – კადიროვმა ჩეჩნეთი, ფაქტობრივად, რუსეთის იურიდიული სივრციდან გაიყვანა. ამ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკაში მოქმედებს შარიათის კანონები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ნორმებს განსაზღვრავენ. თვით რუსეთის სხვა რეგიონებიდან ჩასული მოქალაქეები იძულებული არიან ადგილობრივ რელიგიურ ნორმებსა და ტრადიციულ ადათ-წესებს დაემორჩილონ. ჩეჩნეთში მოქმედებს დრესკოდი,რაც მას ასევე გამოარჩევს რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებისგან. ადამიანის უფლებები იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენ ვიცით, ამ რესპუბლიკაში არ მოქმედებს, სრულიად უგულებელყოფილია ქალთა უფლებების დაცვა, რომლებსაც თავისუფლად, საკუთარი არჩევანის შესაბამისად, ოჯახის შექმნის საშუალებაც კი არა აქვთ. აქ ერთი საყურადღებო დეტალი იქცევს ჩვენს ყურადღებას: 2023 წელს დაუდგენელმა პირებმა ოპოზიციონერ ზარემა მუსაევას სასამართლოზე დასწრების მიზნით ჩასული რუსი უფლებადამცველი ელენა მილაშინა და ადვოკატი ალექსანდრე ნემოვი სასტიკად სცემეს, რამაც კრემლიც კი აღაშფოთა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებადამცველები მოსკოვშიც არ უყვართ, იმპერიის დედაქალაქში მიხვდნენ, რომ ამ ორი მოსკოველი უფლებადამცველის ცემით დედაქალაქის რუს წარმომადგენლებს თავისი ადგილი მიუჩინეს და ჩეჩნეთის შიდა საქმეებში ჩარევა აუკრძალეს.

თვალში მოსახვედრი ფაქტია, რომ ჩეჩნეთში ისევე, როგორც ჩრდილოკავკასიის სხვა რესპუბლიკებში, რუსებსა და ჩრდილოკავკასიელებს შორის ღრმა ცივილიზაციური, მენტალური და კულტურული შეუთავსებლობა შეინიშნება, რაც ამ რეგიონისა და მოსკოვის ურთიერთობებს ფეთქებადსაშიშად აქცევს. ამ მიზეზით კრემლი იძულებულია, რომ ამ რეგიონის საქმეებში ზედმეტად ჩარევისგან მაქსიმალურად შეიკავოს თავი, რადგან ეს ადრე თუ გვიან ახალ ომს გამოიწვევს. ეს კი რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის ომის ფონზე ნამდვილად არ აწყობს. კრემლი ჩრდილოკავკასიას თავისებურ „კრაზანების ბუდედ“ განიხილავს, რომლის ხელის ხლება მის ინტერესებში ამჟამად არ შედის. თუმცა, იმის თქმა, რომ მოსკოვმა ხელი აიღო ჩეჩნეთის კონტროლქვეშ ყოლაზე, არ იქნება ბოლომდე მართებული. კავკასია რუსეთისათვის ძალიან მოწყვლად, ფეთქებადსაშიშ რეგიონს წარმოადგენს, შესაბამისად, კრემლისათვის აქაურობა პრიორიტეტულად რჩება. ამ და სხვა ფაქტორების გამო კრემლი ცდილობს ჩეჩნეთთან და, ზოგადად, ჩრდილოკავკასიასთან „იმეგობროს“. მით უმეტეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ საომარ კამპანიაში ჩრდილოკავკასიელები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და ისინი მოსკოვს ძალიან სჭირდება.

ამ ფონზე, გროზნოში ბოლო ხანებში განხორციელდა საინტერესო საკადრო გადაადგილებები, რომლებიც საყურადღებოდ გვეჩვენა. კერძოდ, 2024 წლის აპრილში პოლკ „ახმატის“ მეთაური, გენერალი აპტი ალაუდინოვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა. ამას ისიც ადასტურებს, რომ ამ სამმართველოს უფროსის თანამდებობას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი ვიქტორ გორემიკინი ითავსებს. იმ სტრუქტურაში ამხელა თანამდებობის მიცემა, რომელიც რუსეთის არმიის მოსამსახურეების იდეოლოგიურ მომზადებაზე მუშაობს, ალაუდინოვის მიმართ კრემლის დიდ ნდობაზე მიგვითითებს. საყურადღებო ფაქტია, რომ ეს სამმართველო 2019 წელს პრეზიდენტ პუტინის პირადი ბრძანებით შეიქმნა. ჩვენი შეფასებით, რუსეთის ერთ-ერთ ცენტრალურ სახელისუფლო ორგანოში ალაუდინოვის ასეთი აღზევება მიგვანიშნებს, რომ მას კრემლი რამზან კადიროვის ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილავს და არაა გამორიცხული, რომ კადიროვის შემდეგ ჩეჩნეთის ხელმძღვანელის პოსტზე სწორედ აპტი ალაუდინოვი ვიხილოთ.

ჩვენი მოსაზრებით, მის გარდა, კრემლი აქტიურად განიხილავს აგრეთვე ჩეჩნეთის მთავრობის ყოფილი მეთაურის, გროზნოს ყოფილი მერის, ჩეჩნეთის ტერიტორიული განვითარების, ეროვნული პოლიტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ყოფილი მინისტრის, მუსლიმ ხუჩიევის კანდიდატურასაც, რომელიც 2024 წლის 21მაისს მოსკოვში გადაიყვანეს და რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის თანაშემწედ დანიშნეს. ის ფაქტი,რომ ხუჩიევს 2009 წელს  მოსკოვში პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო სამსახურის აკადემია აქვს დამთავრებული, გვაფიქრებინებს, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლებაში ის უშუალოდ კრემლის კადრს წარმოადგენს. თუმცა, რა თქმა უნდა, რამზან კადიროვთან შეთანხმებით, რომლის გაღიზიანებას მოსკოვი მაქსიმალურად ერიდება.

ამ კონტექსტში ჩვენს ყურადღებას კიდევ იქცევს 14 მაისს ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერის, მაგომედ დაუდოვის, ვადის ამოწურვამდე თანამდებობიდან წასვლის ფაქტი, რომელიც კადიროვის უახლეს კადრად ითვლება. ჩვენთვის საინტერესოა, რომ დაუდოვი საკმაოდ გამოცდილი ძალოვანია, ხოლო ბოლო წლებში კი მისი სერიოზული კარიერული წინსვლა შეინიშნება. კერძოდ, 2023 წელს ის შსს-ის გენერალ-მაიორი გახდა, ხოლო სულ ახლახან, 2024 წლის აპრილში, გენერალ-მაიორის უკვე სამხედრო წოდება მიიღო. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მას ისევ ძალოვან სფეროში დაწინაურებისათვის ამზადებენ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დაუდოვი კრემლისათვის ყოფილი მეამბოხე-სეპარატისტია, რომელიც თავის დროზე ფედერალურ ჯარებს ებრძოდა და რუსებმა კადიროვის დახმარებით შემოირიგეს, მოსკოვი, სავარაუდოდ, მას ჩეჩნეთის მომავალ ლიდერად არ მოიაზრებს. ამავე დროს, ბოლომდე ვერც იმას ვივარაუდებთ, მოსკოვში წაიყვანენ თუ არა, რადგან უკრაინის ომმა აჩვენა, რომ რუსეთის ხელისუფლებას მაღალი კლასის ძალოვნების დიდი დეფიციტი აქვს და ამის შევსებას ბრძოლისუნარიანი, შემსრულებელი კავკასიელებითაც ცდილობს. ჩვენს ყურადღებას აგრეთვე იქცევს პარლამენტის სპიკერად ახალდანიშნული შაიდ ჟამალდაევი, რომელიც ძველი ჩინოვნიკი და პარტიული ფუნქციონერია. ჩვენი ინფორმაციით, ყოფილი კომუნისტი და ამჟამად „Единая Россия“-ს წევრი ჟამალდაევი მოსკოვისათვის გამოცდილი და მისაღები კადრია, რომელიც კრემლისადმი ლოიალურობით და ერთგულებით გამოირჩევა. არაა გამორიცხული მოსკოვი მის კანდიდატურასაც განიხილავდეს.

იმ ფონზე, როცა მედიაში აქტიურად ლაპარაკობენ რამზან კადიროვის ავადმყოფობის შესახებ, ასეთი ტიპის გადაადგილებები ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია. არსებული ინფორმაციის თანახმად, კადიროვს კუჭქვეშა ჯირკვლის ნეკროზი აქვს,რაც მის შრომისუნარიანობას და და ქმედითუნარიანობას ძალიან აქვეითებს. ჩვენი დაკვირვებით, რამზან კადიროვის ბოლოდროინდელი გამოსვლების ვიდეოანალიზი გვაფიქრებინებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულადაა. იგი ცუდად მეტყველებს, სულ ერთსა და იმავე პოზაში ზის გაუნძრევლად და გარეგნობაც მკვეთრად შეეცვალა, იმდენად, რომ თავის ორეულს უფრო ჰგავს, ვიდრე საკუთარ თავს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მისი დაავადების წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს, მათ შორის, კორონავირუსის გადატანის შემდეგ კუჭ-ნაწლავსა და თირკმელებზე დატოვებული გართულებები,თუმცა ასევე არის მისი მედიკამენტოზური მოწამვლის ვერსიაც, რომელიც ჩეჩნეთის ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, ვიცე-პრემიერსა და რამზან კადიროვის პირად ექიმს, ბაქოში დაბადებულ ეთნიკურად ლეზგს – ელხან სულეიმანოვს უკავშირდება. სულეიმანოვმა, პირადი უსაფრთხოების გამო, ჩეჩნეთი დიდი ხანია დატოვა და ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, მისმა დანიშნულმა პრეპარატმა რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია. ის, რომ რამზან კადიროვი საჯაროდ უარყოფს თავის ავადმყოფობას, უფრო მეტ კითხვასა და ეჭვს აჩენს.

ჩვენთვის საინტერესოა, რომ ამ ფონზე კადიროვი მაინც განაგრძობს თავისი ოჯახის წევრებისა და ნათესავ-მეგობრების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნას. კერძოდ, 2024 წლის 21 მაისს რამზანის უფროსი შვილი, ახმატი, ჩეჩნეთის სპორტისა და ფიზიკური კულტურის მინისტრად დაინიშნა, მისი ახლო მეგობარი რამზან ვისმურადოვი – ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად, ხოლო 5 ივნისს დისშვილი ადამ ჩერხიგოვი – ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ციფრული განვითარების მინისტრად. ამავე წელს, 31 იანვარს, კადიროვის ქალიშვილი ხადიჯათი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ყველაზე საყურადღებო საკადრო ცვლილება 2024 წლის 1 ივლისს მოხდა, როცა ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნად რამზან კადიროვის ძმისშვილი ჰამზათ კადიროვი დაინიშნა. რამზან კადიროვის საკადრო პოლიტიკა გვიჩვენებს, რომ ის კვლავინდებურად მხოლოდ თავის ნდობით აღჭურვილ ადამიანებს ენდობა და თავის გარშემო თავისივე კლანის საიმედო წევრებს იკრებს.

 

დასკვნა

ჩეჩნეთში მომხდარი საკადრო ცვლილებები გვაფიქრებინებს, რომ აქ, საკადრო სფეროში, რა თქმა უნდა, არანაირ სისტემურ რეფორმებზე საუბარი არაა. ავადმყოფობის მიუხედავად, რამზან კადიროვი კვლავინდებურად აძლიერებს თავისი კლანის პოზიციებს. თუმცა მოსკოვს, როგორც ყოველთვის, საკუთარი ინტერესები აქვს და კადიროვის ალტერნატიულ კადრებს სამომავლოდ უკვე ამზადებს. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, რადგან ამ ეტაპზე კრემლს კადიროვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან სჭირდება. თუმცა აქ ერთი საყურადღებო დეტალია: მოსკოვს რამზან კადიროვი სჭირდება, როგორც ვასალი და დამხმარე სამხედრო ძალა, იმ დროს, როცა ჩეჩნეთის ლიდერი კრემლის ინტერესებზე მეტად საკუთარ კეთილდღეობასა და ბიზნესის გაფართოებაზე ფიქრობს. იმავე უკრაინაში რამზანის ზედმეტად ჩარევა უკრაინის ეკონომიკურ სფეროში და უზარმაზარი საწარმოების მიტაცებები, დიდი ალბათობით, არც კრემლში უნდა მოსწონდეთ, არც ლუბიანკაზე და არც რუსეთის სამხედრო ისტებლიშმენტში, რომლებიც ისეთ მსუყე ლუკმას, როგორიც უკრაინაა, თავისთვის იბევებენ. ცალკე თემაა კიდევ რუსული ოლიგარქატი, რომლის წარმომადგენლები უკრაინის ტერიტორიას „ოქროს საბადოდ“ განიხილავენ და რამზან კადიროვის კონკურენცია მათთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურმა და სამხედრო ელიტამ რამზანს ნელ-ნელა მადა შეუზღუდოს. ამ კონტექსტში, ჩვენი აზრით, აპტი ალაუდინოვის და ხუჩიევის მოსკოვში გადაყვანით კრემლი კადიროვის მმართველობის შემდგომი პერიოდისათვის უკვე წინასწარ ემზადება და ჩეჩნეთში პოლიტიკურ ძალთა დამოუკიდებელი ცენტრების შექმნას ცდილობს, რომ ძალაუფლების დეცენტრალიზაცია მოხდეს და მხოლოდ ერთი ძლიერი მმართველის ხელში არ იყოს კონცენტრირებული.