ავტორი: გელა ხმალაძე
ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში ვრცელდება სხვადასხვა ვერსია ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის ავადმყოფობის შესახებ. დასტურდება, რომ იგი სრულფასოვნად ვეღარ ასრულებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას. აგრეთვე, გამოითქმება ვარაუდი, თითქოსდა რუსეთის ფედერალური ხელისუფლება რ. კადიროვის შემცვლელად ამზადებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს და ამჟამად უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ე. წ. ჩეჩნური სამხედრო დანაყოფების მეთაურ აფთი ალაუდინოვს. ასეთი ვარაუდის დამადასტურებელ არგუმენტად მოჰყავთ ალაუდინოვის დანიშვნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ.
ამასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთებამდე საინტერესოა, მოკლედ შევეხოთ, დღემდე რა განაპირობებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის, როგორც განსაკუთრებული სტატუსის მქონე სუბიექტის არსებობას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, რა სპეციფიკით ხასიათდება რამზან კადიროვის სახელისუფლებო ვერტიკალი და რა პოლიტიკური ცვლილებების მომასწავებელი შეიძლება გახდეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურად სხვა პირის დანიშვნა.
გზა პერსონალისტურ ავტოკრატიამდე
2000-იანი წლების დასაწყისში მარცხით დასრულდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მცდელობა, რუსეთის ფედერაციასთან შეიარაღებული დაპირისპირების გზით მოეპოვებინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დასრულებისა და ჩეჩნეთში რუსეთის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ჩეჩნეთის პრომოსკოვურ მმართველ ელიტად კადიროვების კლანის აქცია და გარკვეული პოლიტიკური და ფინანსური პრეფერენციებით და პოლიტიკური ლოიალობის სანაცვლოდ მისცა რესპუბლიკის შიდა საქმეებში ჩაურევლობის გარანტია. მოსკოვის ასეთი გადაწყვეტილება თავდაპირველად გათვლილი იყო რამდენიმე მიზნის მიღწევაზე:
– ჩეჩნეთის ტერიტორიაზე დარჩენილი არალეგალურად მოქმედი შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად მოსკოვისადმი ლოიალურად განწყობილი ასევე ეთნიკური ჩეჩნებით დაკომპლექტებული საბრძოლო შენაერთების გამოყენება;
– ომის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებული ჩეჩნეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სწრაფად აღდგენა;
– ჩეჩნეთის რესპუბლიკის მცხოვრებთა პოსტკონფლიქტური ტრავმების მოშუშება და ჩეჩნური საზოგადოების ინტეგრაცია ერთიან რუსულ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში.
2007 წელს ამ ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის სათავეში რამზან კადიროვის დანიშვნის შემდეგ მოხდა ხელისუფლების კონცენტრაცია ერთი პირის გარშემო. შეიქმნა მკაცრი სახელისუფლებო ვერტიკალი, სადაც რ. კადიროვმა პირადი ერთგულების ნიშნით გააერთიანა მხოლოდ საკუთარი კლანის წარმომადგენლები. მან რესპუბლიკიდან გააძევა ან ფიზიკურად გაანადგურა, ერთი შეხედვით, მოსკოვისადმი ასევე ლოიალურად განწყობილი დაჯგუფებები, რომლებიც შესაძლოა აღქმულნი ყოფილიყვნენ რამზან კადიროვის პოლიტიკურ კონკურენტებად და მომავალში საფრთხე შეექმნათ კადიროვების კლანის უალტერნატივო და უპირობო მმართველობისთვის. შედეგად, შეიქმნა ვითარება, როდესაც ჩეჩნეთის რესპუბლიკაში აღარ დარჩნენ სხვა, თუნდაც შედარებით მცირე გავლენის მქონე საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც თავის საქმიანობას განახორციელებდნენ რ. კადიროვის კლანის უფლებამოსილების მიღმა.
დღესაც კი, რამზან კადიროვის სტაბილური არსებობა მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მის პირად ერთგულებაზე, რასაც ზუსტად გამოხატავს რ. კადიროვის ცნობილი ფრაზა – „ვარ პუტინის ქვეითი და მზად ვარ შევასრულო რუსეთის პრეზიდენტის ნებისმიერი დავალება“. ერთგულების დასადასტურებლად რ. კადიროვისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ რუსეთში ჩატარებულ ყოველ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე სწორედ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში დაფიქსირდეს ვლადიმირ პუტინისა და, შესაბამისად, მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთისადმი“ მხარდაჭერის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
ვ. პუტინისადმი სრული ლოიალობის სანაცვლოდ რამზან კადიროვმა მიიღო დამოუკიდებელი მოქმედების უფლება რუსეთის ფედერაციის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ რ. კადიროვის არა მხოლოდ მასკულინური და ბრუტალური იმიჯი, არამედ რეალური ძალაუფლება და პოლიტიკური გავლენები თანაბრად ეფუძნებოდა შეუზღუდავ ფინანსურ რესურსებსა და ასევე მის კონტროლქვეშ არსებულ სამხედრო ფორმირებებს, სადაც, სხვადასხვა მონაცემებით, 20-დან 30 ათასამდე შეიარაღებული მოსამსახურეა გაერთიანებული.
რ. კადიროვი ერთპიროვნულად განკარგავს ფაქტობრივად უკონტროლო ფინანსურ ნაკადებს, რაც თავს იყრის „ახმატ კადიროვის სახელობის რეგიონულ საზოგადოებრივ ფონდში“. ამ ფონდის ანგარიშებზე თანხების მოძრაობა სრულიად გაუმჭვირვალეა და რუსი ექსპერტების შეფასებით, ფონდის წლიური ბრუნვა აღემატება თავად ჩეჩნეთის რესპუბლიკის ბიუჯეტს. ამ თანხების განკარგვა ხდება მმართველი კლანის ინტერესების გათვალისწინებით და რამზან კადიროვის, როგორც პოლიტიკური ლიდერის, იმიჯის განსამტკიცებლად.
რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის სპეციფიკურ და განსაკუთრებულ სტატუსს განსაზღვრავდა სწორედ ის ფაქტორი, რომ სხვა ფედერალური სუბიექტებისგან განსხვავებით, ამ რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და ნაციონალური გვარდიის სპეციალური შეიარაღებული დანაყოფები არა თავად ამ ფედერალური უწყებების, არამედ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის ფაქტობრივ დაქვემდებარებაში იყვნენ და საბრძოლო ამოცანების შესრულებისას მოქმედებდნენ უშუალოდ რ. კადიროვის განკარგულებითა და მითითებით.
ჩეჩნეთის ტერიტორიაზე არალეგალურად მოქმედი სეპარატისტული შეიარაღებული ფორმირებების და ისლამური ტერორისტული ჯგუფების განადგურების შემდეგაც ფედერალური სამხედრო შენაერთები კვლავ დარჩა რამზან კადიროვის დაქვემდებარებაში. რასაკვირველია, ფედერალური ხელისუფლების თანხმობით, რ. კადიროვმა ამ მებრძოლების გამოყენება განაგრძო საზოგადოებრივი აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და როგორც პირადად მის, ასევე რუსეთის პრეზიდენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების რეპრესიებისათვის. ასეთი რეპრესიების და ანგარიშსწორების არეალად იქცა არა მხოლოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკა, არამედ მთლიანად რუსეთის ფედერაციის ტერიტორია.
იმავდროულად, ხსენებული ჩეჩნური შენაერთები 2014 წლიდან დღემდე მოქმედებენ რუსეთის საზღვრებს გარეთაც. კერძოდ, რუსეთის ხელისუფლების დავალებით უკრაინისა და სირიის ტერიტორიებზე ახორციელებენ სპეციალურ სამხედრო და საპოლიციო ხასიათის ოპერაციებს.
რამზან კადიროვს რუსეთის ფედერალური ხელისუფლებისგან მინიჭებული აქვს გარკვეული დიპლომატიური ფუნქციაც. იგი აქტიუარდაა ჩართული რუსეთის საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობებში ახლო და შუა აღმოსავლეთის მუსლიმურ ქვეყნებსა და საერთაშორისო ისლამურ ორგანიზაციებთან. ბოლო დრომდე ამ სახელმწიფოებში ვიზიტებისას რ. კადიროვი სისტემატურად არის რუსეთის სამთავრობო დელეგაციების შემადგენლობაში და რუსეთის ფედერაციაში ვიზიტების დროს ისლამური სახელმწიფოების მაღალი რანგის წარმომადგენლებსაც მასპინძლობს.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის ოფიციალურ პოზიციასთან ერთად თანდათან მოირგო ე. წ. სრულიად ჩეჩენთა ლიდერის როლიც. რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ სუბიექტში მცხოვრები ჩეჩენი ეროვნების პირები რ. კადიროვის გარემოცვის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არიან. კლანისგან მიღებული აქვთ გარანტიები, რომ დაცულნი იქნებიან უფლებების დარღვევისა და ღირსების შელახვის შემთხვევებში. ამგვარი დაცულობის სანაცვლოდ ყველა ეთნიკურ ჩეჩენს აქვს გარკვეული პოლიტიკური, სოციალური და ფინანსური ვალდებულება რამზან კადიროვის კლანის მიმართ. ბოლო წლებში კადროვის გარემოცვის მხრიდან ასეთივე გავლენების გავრცელების მცდელობა შეინიშნება ევროპის ქვეყნებში არსებულ ჩეჩნურ დიასპორებზეც, სადაც, სხვადასხვა მონაცემებით, 200 ათასზე მეტი ეთნიკური ჩეჩენი ცხოვრობს.
ხაზგასასმელია, რომ რამზან კადიროვის მიერ შექმნილი პერსონალისტური ავტოკრატიული სისტემის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია მისი საკადრო პოლიტიკა ჩეჩნეთში. ამ რესპუბლიკის სახელისუფლებო ვერტიკალი მეტწილად დაკომპლექტებულია რ. კადიროვის ოჯახის წევრებითა და მრავალრიცხოვანი ნათესავებით. არსებულ სურათს არ ცვლის ამ დიდი სანათესავო წრის წარმომადგენელთა ხშირი გადანაცვლება ერთი პოზიციიდან მეორეზე.
თავისთავად ამგვარი როტაცია და ის ფაქტი, რომ რ. კადიროვი ბოლომდე არავის ენდობა საკუთარი სანათესავო კლანის მიღმა, შესაძლოა აჩვენებდეს ჩეჩნეთში მისი შექმნილი ავტორიტარული სისტემის სიმყიფეს, არაეფექტურობასა და არასტაბილურობას.
განწყობა საზოგადოებაში
ნიშანდობლივია ერთი მომენტიც – ჩეჩნეთის რესპუბლიკაში შეინიშნება ადგილობრივი საზოგადოების „გადაღლა“ რ. კადიროვის ერთპიროვნული, დიქტატორული მეთოდებით მართვისგან. რეპრესიების შიში, განსაკუთრებით კი, დემონსტრაციული დაუსჯელობა, როდესაც ჩეჩნეთის მმართველი კლანის წარმომადგენლებს არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ თვით რუსეთის ფედერაციის კანონების უხეში დარღვევის გამოც კი, იწვევს საზოგადოების გაუცხოებას ხელისუფლებისაგან. მოსახლეობის უმრავლესობას სულ უფრო მეტად უჩნდება სურვილი იცხოვროს რუსეთის ფედერაციის სხვა სუბიექტების მსგავსად, სადაც დაცული იქნება რ. კადიროვის ტოტალური რეჟიმიდან მომდინარე შეუზღუდავი ძალადობისა და განუკითხაობისგან.
ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში აღარ არსებობს სეპარატიზმის ობიექტური წინაპირობები. საზოგადოების უმრავლესობას აღარ სურს ეფემერული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ომის და საყოველთაო ნგრევის ფასად. მათ აშინებთ იმის განმეორება, რაც 1994-2000 წლებში რუსეთის ფედერაციისგან გამოყოფისთვის ბრძოლამ და დამოუკიდებლობის იდეამ მოიტანა. 2000 წლის შემდეგ ამ რესპუბლიკაში მოვიდა ახალი თაობა, რომლის სურვილია ჰქონდეს სულ უფრო მეტი წვდომა ეკონომიკურ რესურსებთან და კარიერულ შესაძლებლობებთან, რასაც მათ რუსეთის სახელმწიფო სთავაზობს. ამ შესაძლებლობების რეალიზაციის გზაზე კი რამზან კადიროვის ავტოკრატია და ტოტალური ძალადობა საზოგადოების უმრავლესობისთვის უკვე დაბრკოლებად იქცა.
პროექტ „კადიროვის ჩეჩნეთის“ პერსპექტივა
ამჟამად ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მოქმედი მმართველობის მოდელისთვის რამზან კადიროვი შეუცვლელი ფიგურაა. თუკი რუსეთის ფედერალური ხელისუფლება მიიღებს მისი სხვა პირით ჩანაცვლების გადაწყვეტილებას, ამას ობიექტურად უნდა მოჰყვეს ამ ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის კლანურობაზე დაფუძნებული სახელისუფლებო ვერტიკალის საკადრო შემადგენლობისა და ეკონომიკური სისტემის კარდინალური ცვლილება. მოკლე პერიოდში ასეთი ცვლილება ძალზე მტკივნეული იქნება ჩეჩნეთის საზოგადოებისთვის. გავლენების ხელახალმა გადანაწილებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სოციალური რყევები, რაც საზოგადოების მოზრდილ ნაწილს მასობრივ პირად ანგარიშსწორებასა და შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მიიყვანს. ამიტომ, სავარაუდოდ, მოსკოვი შეეცდება ამ რესპუბლიკის მმართველობის მოდელის თანდათანობით შეცვლას და რაც შეიძლება უმტკივნეულოდ განხორციელებას.
დღეს, როდესაც რუსეთის ფედერაციის შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური რესურსების უმეტესი ნაწილი უკრაინასთან ომისა და დასავლეთთან გლობალური დაპირისპირებისკენ არის მიმართული, ლოგიკურად მოსკოვს არ უნდა სჭირდებოდეს ფედერაციის შიგნით ასეთი რყევები, რამაც შესაძლოა სერიოზული რისკი შეუქმნას სოციალურ სტაბილურობას და ხელი შეუშალოს პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკური კურსის გარშემო რუსეთის საზოგადოების გაერთიანებას.
დღემდე რამზან კადიროვი და მისი ტოტალური მმართველობა ითვლება პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთ წარმატებულ შიდაპოლიტიკურ პროექტად და მასზე ერთბაშად უარის თქმამ შესაძლოა დააზიანოს ვ. პუტინის როგორც შორსმჭვრეტელი და შეუმცდარი ლიდერის, ავტორიტეტი.
ამასთან, მიზანშეწონილია დავსვათ კითხვა – მომავალში რამდენად დასჭირდება ვლადიმირ პუტინის პოლიტიკურ რეჟიმს პროქსი-ძალების სახით კადიროვის შეიარაღებული ფორმირებების შენარჩუნება. საქმე ისაა, რომ 2022 წლის თებერვლამდე მოსკოვისთვის ჯერ კიდევ არსებობდა წითელი ხაზები საკუთარი ოფიციალური შეიარაღებული ფორმირებების ღია და აშკარა გამოყენებაზე როგორც რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის ამოცანების გადასაწყვეტად, ისე ქვეყნის შიგნით პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დასათრგუნად. ძირითადად სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებდა „ვაგნერის“ და „კადიროველთა“ ნახევრადოფიციალური შეიარაღებული ფორმირებების არსებობას.
დღეს მოსკოვისთვის ხსენებული წითელი ხაზები მოხსნილია. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლები „ხელისუფლების ორგანოების და შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის შესახებ“ უკვე პირდაპირ კრძალავს არასანქცირებულ ოპოზიციურ საქმიანობას და კრიტიკული აზრის საჯარო გამოთქმას, ხოლო პუტინის რეჟიმი გადასულია მეზობელი ქვეყნის მიმართ ღია სამხედრო აგრესიაზე. ამიტომ მოსკოვისთვის აზრს კარგავს რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი რეგიონის მმართველის განკარგულებაში მყოფი სამხედრო შენაერთების არსებობა.
სწორედ ამ მიმართულებით გადადგმულ პირველ ნაბიჯად შეიძლება განვიხილოთ უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ჩეჩნური შეიარაღებული ფორმირებების საერთო მეთაურის, აფთი ალაუდინოვის, დანიშვნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მაღალ პოზიციაზე. ასეთი გადაწყვეტილებებით მოსკოვი, სავარაუდოდ, შეეცდება თანდათან შეზღუდოს ამ სამხედრო ფორმირებებზე რ. კადიროვის ფაქტობრივი გავლენა და ხელიდან გამოაცალოს მას მართვის ბერკეტები. ამ შემთხვევაში უმტკივნეულოდ მოხდება ამ სამხედრო შენაერთების ინტეგრირება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში.
მით უმეტეს, არსებობს სამხედრო შენაერთი „ვაგნერის“ ისტორია, როცა 2023 წლის ზაფხულში რუსეთის ხელისუფლებამ განსაკუთრებული პოლიტიკური დანაკარგების და რეპუტაციული ზიანის გარეშე შეძლო ამ შენაერთის მეამბოხე მეთაურის განეიტრალება, როდესაც იგი შეეცადა ვ. პუტინის პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ წასვლას.
რამზან კადიროვის პერსონალისტური ავტოკრატიული რეჟიმი, გამოეცლება რა სამხედრო ძალისმიერი კომპონენტი, თანდათან გადაიქცევა რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი სუბიექტის რიგით მმართველად. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მმართველი ელიტის საქმიანობის რუსეთის საკანონმდებლო ჩარჩოებში საბოლოო მოქცევის შემდეგ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკურ აქტუალობას დაკარგავს ინსინუაციები რამზან კადიროვის ფიგურის შეუცვლელობის ანდა მისი სავარაუდო მემკვიდრეების შესახებ.