ავტორი: ალექსანდრე კვახაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი |
2020 წლის 30 იანვარს სასტიკად მოკლეს საფრანგეთში მცხოვრები ჩეჩენი ბლოგერი იმრან ალიევი, მეტსახელად მანსურ სტარი, დანით, მისსავე საცხოვრებელ ბინაში. ამავე წლის 26 თებერვალს შვედეთში მცხოვრები ცნობილი ჩეჩენი ბლოგერისა და რამზან კადიროვის კრიტიკოსის ტუმსო აბდურაჰმანოვის ბინაში უცნობი მამაკაცი შეიჭრა და მძინარე ბლოგერს თავში რამდენჯერმე ჩაარტყა ჩაქუჩი, თუმცა აბდურაჰმანოვმა მოახერხა თავდამსხმელის მოგერიება, განეიტრალება და პოლიციისთვის ჩაბარება. როგორც გამოძიებამ შემდგომში დაადგინა, თავდასხმის უკან რუსეთის მოქალაქეების ჯგუფი იდგა. ეს სამი შემთხვევა დევნილობაში მყოფი ეთნიკური ჩეჩნების შეკვეთილი მკვლელობებისა თუ მკვლელობის მცდელობების სერიებზე მეტყველებს.
ჩეჩნეთის ომი და შეკვეთილი მკვლელობების მიმოხილვა
ჩეჩნეთის ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც ათასობით ჩეჩენი დევნილი, მათ შორის, არაღიარებული მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნები თუ საველე მეთაურები, უცხო ქვეყნებში დასახლდნენ, მათ მიმართ არაერთხელ მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება. მაგალითად, ამ მკვლელობათა სერიის არასრული ჩამონათვალია ჩეჩნეთის მეორე პრეზიდენტ ზელიმხან იანდარბიევის მკვლელობა კატარში, უმარ ისრაილოვის მკვლელობა ავსტრიაში, მუსა ასაევისა და ათამდე სხვა ჩეჩენი ვეტერანის მკვლელობა სტამბოლში, რუსლან პაპასკირის (ალი დაბუევის), ისა მუნაევისა და ამინა ოქუევას მკვლელობა უკრაინაში. ეს ინციდენტები, როგორც წესი, ჩეჩნეთის ომთან თუ მის შემდგომ შეიარაღებული დაჯგუფებების წევრობასთან იყო დაკავშირებული, თუმცა ბოლო წლებში სავარაუდო მსხვერპლთა არეალი მკვეთრად გაიზარდა და მასში რამზან კადიროვის კრიტიკოსებიც კი მოხვდნენ. რამზან კადიროვი, რომელიც წლებია ერთპიროვნულად მართავს ჩეჩნეთის რესპუბლიკას, შეუწყნარებელია განსხვავებული აზრის მიმართ როგორც ჩეჩენეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩეჩნეთში პოლიტიკური და განსხვავებული აზრის გამო დევნა არ არის ახალი მოვლენა. ჩეჩნეთში მომუშავე არაერთი უფლებადამცველი პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების მსხვერპლი გამხდარა. ამის მაგალითია ჩეჩნეთში მოკლული უფლებადამცველი ნატალია ესტემიროვა და აგრეთვე ორი წლის წინ დაპატიმრებული უფლებადამცველი ოიუბ ტიტიევი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა. მეტიც, ჩეჩნეთში მომუშავე “ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტი ელენა მილაშინა გროზნოს ცენტრში დაქირავებული არაფორმალური ჯგუფების თავდასხმის ობიექტი გახდა თავისი კრიტიკული სტატიების გამო. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის მასშტაბით გავრცელებულია ე.წ. “ბოდიშის მოხდის” ვიდეოების პრაქტიკა, როდესაც რამზან კადიროვის საჯარო კრიტიკოსს მუქარითა თუ ძალადობით თავისი სიტყვების უკან წაღებასა და რამზან კადიროვისთვის ბოდიშის მოხდას აიძულებენ და მისი მობოდიშება საჯაროვდება. ბოლო წლებია რამზან კადიროვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბლოგერი ტუმსო აბდურაჰმანოვია. ჩეჩნეთის დატოვებამდე აბდურაჰმანოვი ერთ-ერთ საჯარო სამსახურში მუშაობდა, თუმცა რამზან კადიროვის გარემოცვასთან პირადი დაპირისპირების გამო იძულებული იყო დაეტოვებინა ჩეჩნეთი და რესპუბლიკის პირველი პირი ონლაინსივრციდან გაეკრიტიკებინა. თავდაპირველად აბდურაჰმანოვი საქართველოში ცხოვრობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი, ევროკავშირს მიაშურა. აბდურაჰმანოვი ფლობს Youtube- არხს, რომელსაც უამრავი გამომწერი ჰყავს და მისი ზოგი ვიდეოს ნახვა მილიონს აჭარბებს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოა ტუმსო აბდურაჰმანოვისა და რამზან კადიროვის გარემოცვის წევრის, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერ მაგომედ დაუდოვის, მეტსახელად “ლორდის”, სატელეფონო საუბრის სრული აუდიოჩანაწერი, სადაც ის აბდურაჰმანოვს ემუქრება. გარდა ამისა, აბდურაჰმანოვს კადიროვისა და მისი გარემოცვის უამრავი მამხილებელი ვიდეო აქვს ატვირთული. ერთ-ერთ საუბარში კადიროვმა განაცხადა, რომ აბდურაჰმანოვი არის მისი მოსისხლე მტერი, რაც ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენია. აბდურაჰმანოვის ნათესავები მუქარით აიძულეს საჯაროდ ეთქვათ უარი მასზე და გამიჯნოდნენ მას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც აბდურაჰმანოვს ანგარიშსწორებით ემუქრებიან, არის მისი კრიტიკული დამოკიდებულება რამზან კადიროვის მამის – აჰმად კადიროვის მიმართ. აბდურაჰმანოვი ეჭვქვეშ აყენებს კადიროვ უფროსის ღვაწლს ჩეჩენი ერის ისტორიაში და ირონიულად მოიხსენიებს ე.წ. “აჰმადის გზის” კონცეფციას, რომელიც კადიროვის რეჟიმის შიდაპოლიტიკური იდეოლოგიის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. რამზან კადიროვს მამამისი ჩეჩნური რესპუბლიკის დამფუძნებელ მამად და დიდ მუსლიმ მოღვაწედ მიაჩნია, აბდურაჰმანოვის აზრით კი, აჰმად კადიროვი კრემლის ერთი რიგითი კოლაბორაციონისტი და მოღალატე იყო. აღსანიშნავია, რომ რამზან კადიროვი მამამისის მიმართ ნებისმიერ კრიტიკას მტკივნეულად აღიქვამს.
კადიროვის სიკვდილის ბრიგადები მსოფლიოში
ყოველივე ამის გათვალისიწინებით საინტერესოა, თუ რა მეთოდებით ებრძვის რამზან კადიროვი თავის ოპონენტებს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. პირველ რიგში, კადიროვის რეჟიმს ფაქტობრივად მძევლად ჰყავს აყვანილი საზღვარგარეთ მყოფი ჩეჩნების ის ნათესავები, რომლებიც ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ. ვინაიდან ჩეჩნებში ნათესავების წრე საკმაოდ ფართოა, ამიტომ ვერ ხერხდება ოჯახის სრულად გახიზვნა ევროპაში და კადიროვიც ხშირად იყენებს თავისი ოპონენტების ოჯახის წევრების მიმართ ზეწოლას. რაც შეეხება უშუალოდ საზღვარგარეთ მყოფ პირთა დევნას, საამისოდ კადიროვს კრიმინალთან დაკავშირებული პირების დიდი ჯგუფი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩეჩნურმა ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა დაჯგუფებებმა ფართოდ მოიკიდეს ფეხი როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპის ქვეყნებში. სათანადო ინფორმაციის არქონის გამო ევროპული ქვეყნების საიმიგრაციო სამსახურებს უჭირთ თავშესაფრის მაძიებელი ჩეჩნების ბიოგრაფიის ზედმიწევნით შესწავლა და მათი გაფილტვრა, რის გამოც, დასავლეთის ქვეყნებში კადიროვის რეჟიმის უამრავი მხარდამჭერი, მათ შორის, დანაშაულებრივი სამყაროს წევრიც ხვდება. ჩეჩნური დანაშაულებრივი სამყაროს წევრი ჯგუფები, როგორც წესი, ისევ უცხოეთში მომუშავე ჩეჩენ ბიზნესმენებზე ახორციელებენ რეკეტს. თუმცა, გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, მათი ნაწილი მზად არის კადიროვის უკანონო დავალების შესასრულებლად და კონკრეტული პირის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ლიკვიდაციისთვისაც კი. ამგვარი ჯგუფების ლობირების მიზნით ევროპაში შექმნილია კადიროვის მომხრეთა რამდენიმე ჩეჩნური ორგანიზაცია, რომელიც კადიროვის გარემოცვის წევრებს ევროკავშირში თავშესაფრის მიღებასა და დამკვიდრებაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ რს ჯგუფები ევროპაში ისლამური სახელმწიფოს მხრიდან არსებული ტერორისტული საფრთხით სარგებლობენ და აქტიურად თანამშრომლობენ ევროპული ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებთან. თუმცა, მათი თანამშრომლობის მიზანი მათთვის სასურველი პირის რუსეთის ფედერაციასა და, შესაბამისად, ჩეჩნეთში ექსტრადირებაა. გარდა რეალური სივრცისა, კადიროვის რეჟიმი ონლაინსივრცეშიც აქტიურობს. აღსანიშნავია მათგან მართული ე.წ. “ტროლები”, რომლებიც კადიროვის ოპონენტების სოციალური მედიის ანგარიშებზე აქტიურობენ. ამასთან, ცალკეული ჯგუფები ეძებენ და ავლენენ კადიროვისა და მისი გარემოცვის წევრების შესახებ ნეგატიური კომენტარების ავტორებს და შემდგომ მათ ანგარიშსწორებით ემუქრებიან. მეტიც, სავარაუდოდ, კადიროვის განკარგულებაშია ჰაკერთა ჯგუფი, რომელიც მისი კრიტიკოსების ადგილმდებარეობისა და საცხოვრებელი მისამართების გამოვლენით არის დაკავებული. მაგალითად, ტუმსო აბდურაჰმანოვი, რომელზედაც თავდასხმა მოხდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგულდაგულოდ მალავდა თავის ადგილსამყოფელს და მისი ლოკაციის დადგენა მხოლოდ მის ციფრულ მოწყობილობებში უკანონოდ შეღწევის გზით იყო შესაძლებელი.
კადიროვი და საქართველო
რამზან კადიროვი წლებია ყურადღებას იჩენს პანკისის ხეობისა და მისი მოსახლეობის მიმართ. მან, როგორც ევროპის ზოგ სახელმწიფოში, ჯერჯერობით ვერც საქართველოში მოახერხა საკუთარი გავლენების ქსელის შექმნა. თუმცა, ამის მცდელობა აუცილებლად იქნება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პანკისის ხეობაში კადიროვის მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. ყოველივე ეს დაადასტურა 2018 წელს რელიგიური დღესასწაულისას გამართულ დოღზე მომხდარმა ინციდენტმა, როდესაც კადიროვის მომხრეთა მცირე ჯგუფს პანკისის მოსახლეობამ არ მისცა საშუალება გაეშალა კადიროვის მხარდამჭერი დროშები და ბანერები. ერთ-ერთი ბერკეტი, რაც კადიროვს პანკისის ხეობაში აქვს, არის ადგილობრივთა ჩეჩნეთში მცხოვრები ნათესავები. 90-იანი წლების შემდეგ პანკისის ხეობის არაერთი მკვიდრი სამუშაოდ გადასახლდა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. კადიროვის რეჟიმმა ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიყენოს ეს პირები მათ ნათესავებზე ზეწოლისათვის. გარდა ამისა, კადიროვი შეეცდება საკუთარი გავლენის გაზრდას პანკისის ხეობაში და სხვადასხვა ინტერესჯგუფის დაფინანსებას. მიუხედავად იმისა, რომ პანკისის ხეობაში მისი მხარდამჭერები საკმაოდ მცირე რაოდენობით არიან, ის აუცილებლად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. გარდა ამისა, კადიროვის ხელში არსებული პროპაგანდისტული მანქანა განაგრძობს კადიროვის უძლეველობის მითის გაძლიერებასა და პანკისის ხეობაში მის პოპულარიზაციას. ამ მითის მთავარი ნარატივი შეიძლება იყოს: “შეიძლება კადიროვი სასტიკია, მაგრამ ის ძლიერი მმართველია”, “კადიროვმა ჩეჩნეთი ეკონომიკურად ააღორძინა და წესრიგი დაამყარა”, “კადიროვი ჩეჩნების ინტერესს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იცავს”, “კადიროვს იმდენად ძლიერი სპეცრაზმი ჰყავს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია ოპერაციის ჩატარება” და ა. შ. ასეთი მითების გავრცელება ხდება როგორც სოციალური მედიის, ისე ტელეკომპანია ЧГТРК გროზნოს მეშვეობით, რომლის მაუწყებლობაც პანკისის ხეობაშიცაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ არხს პანკისის ხეობაში უაღრესად დაბალი რეიტინგი აქვს. რაც შეეხება უშუალოდ საფრთხეს, კადიროვის რეჟიმის სამიზნედ საქართველოში შეიძლება აღმოჩნდნენ ორი კატეგორიის პირები. პირველი ასეთი სამიზნე ჯგუფია პანკისელი აქტივისტები. მათი აბსოლუტური უმრავლესობისთვის კადიროვის რეჟიმი და მისი მეთოდები არის უცხო და მიუღებელი. თუნდაც ისინი კონკრეტულად არ აქტიურობდნენ კადიროვის წინააღმდეგ, ჩეჩენთა შორის სამოქალაქო საზოგადოების ნებისმიერი ფორმით გამოვლენა საფრთხის შემცველად გამოიყურება, რადგან პანკისელი ქისტების აქტივიზმმა შესაძლოა მაგალითი მისცეს ჩეჩნეთის მკვიდრებს, რომ უფრო აქტიურად და მკაფიოდ გამოხატონ თავიანთი უკმაყოფილება არსებული პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ. კადიროვის მეორე სამიზნე ჯგუფი შესაძლოა გახდეს პანკისის ხეობაში არსებული სალაფიტი სასულიერო პირები. კადიროვი ცნობილია მისი შეურიგებელი პოზიციით სალაფიზმის მიმართ. დევნის ობიექტები ხდებიან არა მხოლოდ ჯიჰადის სხვადასხვა ჯგუფთან დაკავშირებულები, არამედ მშვიდობიანი სალაფიტებიც. ჩეჩნეთის ტერიტორიაზე სასულიერო სფერო მონოპოლიზებული აქვს კადიროვის მიერ კონტროლირებად ჩეჩნეთის სასულიერო სამმართველოს, რომელიც სუფიურ ისლამს მისდევს და ნებისმიერი სხვა მიმდინარეობა, მათ შორის სალაფიზმი, კონკურენტად მიაჩნია. მართალია, პანკისელ სალაფიტთა უდიდესი ნაწილი არ ცხოვრობს და არც არის ნამყოფი ჩეჩნეთში, მაგრამ ხელმისაწვდომია სოციალური მედიით პანკისელი სასულიერო პირების ქადაგებების ჩანაწერები ჩეჩნურ ენაზე. ვინაიდან ხშირ შემთხვევაში პანკისელ სასულიერო პირთა ქადაგებები ეწინააღმდეგება ჩეჩნეთის ოფიციალურ ნარატივს, კადიროვის რეჟიმი მკვეთრად რეაგირებს ამგვარ საკითხებზე. მეტიც, კადიროვის რეჟიმმა შესაძლოა გამოიყენოს სირიის კონფლიქტისა და მასში საქართველოს მოქალაქეობის მონაწილეობის საკითხი და საქართველოს ხელისუფლებას “ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ერთობლივი ბრძოლა” შესთავაზოს, რაც შეიძლება მოიცავდეს პანკისელ ისლამურ აქტივისტებზე ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლასა და სხვა ქმედებებს. დაბოლოს, საქართველოში კადიროვის მეთოდების იმპორტის რისკიც არსებობს. ამის პირველი გახმაურებული შემთხვევა იყო მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმეც, როცა მან მისადმი კრიტიკულად განწყობილი პირი დაამცირა, ბოდიში მოახდევინა და დამცირების აქტი ვიდეოზე ჩაწერა. ანალოგიური ქმედება დაფიქსირდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის ერთ-ერთი მასწავლებლის – ჰამიდ სადიხის შემთხვევაშიც. მასწავლებელმა გააპროტესტა თავისი მოსწავლე გოგონას იძულებითი დაქორწინების მცდელობა, რის გამოც სოფლის მკვიდრებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ეს პროცესი ვიდეოზე გადაიღეს [10]. მიუხედავად სახელმწიფოს დროული რეაქციისა, არსებობს რისკი, რომ კადიროვის მიერ აპრობირებული ე.წ. “ბოდიშის მოხდის ვიდეოებმა” უფრო ფართოდ მოიკიდოს ფეხი საქართველოს დანაშაულებრივ სამყაროში თუ რეგიონალურ ბიზნეს-პოლიტიკურ ელიტებში.
დასკვნა კადიროვის ჩეჩნეთი თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური და ავტორიტარული რეჟიმია. ათწლეულებია ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გრძელდება პოლიტიკური დევნა და ოპონენტების მიმართ არასამართლებრივი ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენება. ბოლო წლებში ეს მეთოდები ჩეჩნეთის რესპუბლიკის ფარგლებს გასცდა და მისი გამოყენება რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონებსა და დასავლეთის ქვეყნებშიც გაგრძელდა. ცნობილია, რომ რამზან კადიროვს საქართველოს მიმართაც აქვს გარკვეული ინტერესები და წლებია უშედეგოდ ცდილობს პანკისის ხეობაში თავის გავლენების გაზრდა. სწორედ ამიტომ არის მოსალოდნელი, რომ მისი ფაქტორი გარკვეულწილად გააქტიურდეს საქართველოს ტერიტორიაზე და ეს პრობლემა დიდ ყურადღებას მოითხოვს.
|