2010 წლის 14 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობასა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა იყო ”საჯარო პოლიტიკის გაუმჯობესების პროცესი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში”. შეხვედრას უძღვებოდა სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში. შეხვედრას ესწრებოდნენ წარმომადგენლები შემდეგიორგანიზაციებიდან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამოქალაქო ინტეგრაციის საზოგადოება, მულტი-ეთნიკური საქართველო, სამოქალაქო მოქმედება, გაერთიანებული ერების ასოციაცია და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.
შეხვედრა გახსნა სახალხო დამცველმა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი მიმოხილვით. მან ისაუბრა სახელმწიფოს ომბუდსმენის მოვალეობებზე, ტერიტორიებზე, სადაც გასაუმჯობესებელია მდგომარეობა ამ კუთხით, ასევე ისაუბრა თუ სად შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მაცხოვრებლებს საჭირო ინფორმაციისა და სათანადო დახმარების მიღება და როგორ შეიძლება ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში რეგიონულ და სახელმწიფო დონეზე.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და სხვა მონაწილეებმა წამოჭრეს რეგიონული განვითარების პრობლემური საკითხები და შეეხნენ ისეთ თემებს როგორიცაა განათლება, მედიის შეზღუდული მიწოდება და ინფორმაციის წვდომა, უმუშევრობა, მომხმარებელთა უფლებები და სხვა.
პროექტი ”საჯარო პოლიტიკის გაუმჯობესების პროცესი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში” წარიმართა რონდელის ფონდის მიერ ევრაზიის თანამეგობრობის ფონდთან ერთად და განხორციელდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.