ავტორი: კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

როგორც ცნობილია, უნგრეთის პრემიერი ემუქრება ევროკავშირს, რომ არ დაუჭერს მხარს (დაბლოკავს) მის გაფართოებასთან დაკავშირებით ახლო მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, ევროპულ საბჭოზე 15 დეკემბერს დაგეგმილ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების  დამტკიცებას.  ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, თითქოს ევროკავშირს არ გააჩნდეს არავითარი ბერკეტი წევრი ქვეყნის მხრიდან ასეთი შანტაჟის წინააღმდეგ, რაც არ შეეფერება სიმართლეს. კერძოდ, ევროკავშირის შესახებ შეთანხმების მე-7 მუხლი (https://eur-lex.europa.eu/EN/legal-content/glossary/suspension-clause-article-7-of-the-treaty-on-european-union.html), ამოქმედების შემთხვევაში, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ წევრ ქვეყანას, რომელიც არღვევს იმავე შეთანხმებით დაწესებულ კანონის უზენაესობის პრინციპებს, რაც ნამდვილად ხდება უნგრეთში,  შეუჩერდეს ევროკავშირის ინსტიტუტებში გადაწყვეტილებების მიღების კენჭისყრაში ხმის მიცემის უფლება. შესაბამისად, ევროკავშირს აქვს იმისი ბერკეტი, რომ უნგრეთი აიძულოს დაანებოს თავი საგარეო ურთიერთობების გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლების დესტრუქციული მიზნებით გამოყენებას ან დატოვოს იგი გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობის უფლების  გარეშე.

მაგრამ, მოდი, უფრო დეტალურად ჩავწვდეთ საქმის შინაარსს  და შევეცადოთ გავცეთ პასუხი რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას.

რატომ ემუქრება უნგრეთი ევროკავშირის დანარჩენ წევრ ქვეყნებს?

საქმე ისაა, რომ ევროკავშირში ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყეს გამოსავლის ძიება ზოგიერთ წევრ ქვეყანაში (კერძოდ, პოლონეთსა და უნგრეთში)  დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად. მაშინვე დამკვიდრდა ე.წ. „კანონის უზენაესობის ციკლის“ წლიური ანგარიშების განხილვის პრაქტიკა, რომელმაც  გამოავლინა, რომ უნგრეთში განხორციელებული რიგი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ადამიანის უფლებების დაცვისა და კარგი მმართველობის (კორუფციასთან ბრძოლის) მიმართულებით მდგომარეობა აშკარად გაუარესებულია. შესაბამისად, უკვე 2021 წელს ევროკავშირის საბჭომ მიიღო „პირობითობის რეგულაცია“, რომელმაც ევროკავშირის 7-წლიანი ციკლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვაზე დააწესა კანონის უზენაესობის კრიტერიუმები, რომელთა შეუსრულებლობა ზღუდავს წევრი ქვეყნის წვდომას შესაბამის ფონდებსა და პროექტებზე. ასეთი შეზღუდვების საფუძველია:

ა)    სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის საფრთხის არსებობა.

ბ) უუნარობა, რომ თავიდან აიცილონ, გამოასწორონ ან სანქციები დაუწესონ საზოგადოებრივი ხელისუფლების წარმომადგენლების (ძალოვანი სტრუქტურების ჩათვლით) მიერ მიღებულ შერჩევით ან არასამართლიან გადაწყვეტილებებს, ასევე აღმოფხვრან ინტერესთა კონფლიქტი.

გ) სამართლებრივი ინსტრუმენტების წვდომა ან მათ ეფექტურად გამოყენებაზე არსებული შეზღუდვა, შემზღუდველი პროცედურული წესების არსებობა ან სასამართლო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა, ეფექტური გამოძიების ნაკლებობის ან კანონდარღვევებისთვის სამართალწარმოების და სასჯელის გამოტანის შესაძლებლობის ნაკლებობა.

2023 წლის 5 ივლისს ევროკომისიის გაკეთებული ანგარიში უნგრეთის შესახებ აჩვენებს, რომ არ შესრულებულა არცერთი პირობა, რომელსაც 2019 წლიდან მოყოლებული სთხოვდნენ უნგრეთს, კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილებების გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობის, სოციალური დიალოგის, კორუფციასთან ბრძოლის და სხვა მიმართულებებით. ანგარიშში ნათქვამია, რომ უნგრეთმა დროებით საერთოდ გააუქმა ქვეყანაში ევროკავშირის ფონდებიდან სარგებლობისთვის დაწესებული პირობების მოქმედება. შესაბამისად, ევროკავშირმა უნგრეთს შეუჩერა ევროკავშირის 2021-2028 წლების ბიუჯეტიდან სახსრებზე წვდომა, რაც, საერთო ჯამში, დაახლოებით 20 მილიარდ ევროს უტოლდება. ამჟამად კი უნგრეთი, პირველ რიგში, ითხოვს ევროკავშირის რეაბილიტაციისა და მედეგობის ფონდიდან მისთვის დაახლოების 10 მლრდ ევროს დახმარების გადარიცხვის დაწყებას. სწორედ ამ თანხის გამო ედავება და აშანტაჟებს უნგრეთი ევროკავშირს, იყენებს რა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების წესის გამო არსებულ ვეტოს უფლებას სულ სხვა საკითხზე, კერძოდ, ე.წ. გაფართოების პაკეტის დამტკიცებისას.

საინტერესოა ასევე, რომ რამდენიმე დღის წინ შარლ მიშელისთვის მიწერილ წერილში, რომელიც ორბანის ოფისმა გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ნათქვამია, რომ  უკრაინას უნდა შეუჩერდეს ევროკავშირის დახმარება მანამდე, სანამ ბოლომდე არ დაზუსტდება, რამდენად ეფექტიანი იყო ომში მყოფი ქვეყნისთვის უკვე გაწეული მხარდაჭერა და რისი მომტანი იქნება შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერა. იქვეა აღნიშნული, რომ არც უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება წარმოადგენს ევროკავშირის რეალურ ინტერესს. აშკარაა, რომ გაყინული თანხების მიღების მიზნით ორბანი ცდილობს ევროპის პარტნიორ ქვეყნებს ყველაზე მტკივნეულ წერტილებზე დააჭიროს. წერილში იმაზეც არის მინიშნება, რომ უკრაინის ყველაზე აქტიურ მხარდამჭერს – აშშ-ს თავადაც ჯერ არ აქვს მიღებული ახალი ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც ორპარტიული დაპირისპირების დერეფნებში „გაიჭედა“.  როგორც ჩანს, საკუთარი ქვეყნისთვის ევროკავშირის ბიუჯეტის თანხების შეზღუდვის მოხსნის მიზნით ორბანი ნებისმიერ ხერხს და არგუმენტს იყენებს.

რა მოხდება, თუ არც ევროკავშირი (ანუ დარჩენილი 26 ქვეყანა) და არც უნგრეთი უკან არ დაიხევენ?

ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ცდილობს დაითანხმოს უნგრეთის მთავრობა შუალედურ კომპრომისზე, ანუ ევროკავშირი ამ ეტაპზე უნგრეთს გადაურიცხავს დაახლოებით 900 მილიონ ევროს და შემდგომ მისცემს მას საშუალებას, რომ თანდათან შეასრულოს დაწესებული პირობები. იმ შემთხვევაში კი, თუ კომპრომისზე ვერ შეთანხმდებიან, ამ ეტაპზე  ვერც საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ვერც უკრაინა და მოლდოვა ჩაერთვებიან გაწევრიანების მოლაპარაკებებში.

როგორ შეიძლება დასრულდეს ეს დავა?  

ძირითადი შეხედულებები იყოფა ორ მოსაზრებად: წავა თუ არა ევროკავშირი სრულ დათმობაზე და შეეგუება უნგრეთში და შემდგომ, შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც დემოკრატიის უკუსვლას? ევროკავშირის დამფუძნებელი შეთანხმება იმ ქვეყნისთვის, რომელიც სისტემატურად არღვევს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს, ითვალისწინებს ევროკავშირის საბჭოში გადაწყვეტილების მიმღებ პროცედურებში მონაწილეობისთვის ხმის უფლების შეჩერებას/ჩამორთმევას. ასეთი შესაძლებლობა არ ნიშნავს ავტომატურად მის მარტივად გამოყენებას. საჭიროა, რომ წევრი ქვეყნების დიდი უმრავლესობა დარწმუნებული იყოს ამ პროცედურის გამოყენების აუცილებლობაში, რომ გადაწყვეტილება კავშირის ერთიანობაზე უფრო დადებითად იმოქმედებს, ვიდრე უარყოფითად. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ევროკავშირის წევრთა ერთ მესამედს, ან ევროპარლამენტის ერთ მესამედს, ან ევროკომისიას შეუძლია მოითხოვოს ასეთი პროცედურის ამოქმედება. შემდეგ ხმების ოთხ მეხუთედ ქვეყნებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ შესაბამისი დარღვევები აქვს ერთ-ერთ წევრ ქვეყანას. ბოლოს კი, კვალიფიცირებული უმრავლესობით ევროკავშირის საბჭოს შეუძლია შეუჩეროს ხმის უფლება დამრღვევ ქვეყანას.

დასკვნა

მიუხედავად ევროკავშირის საგარეო და გაფართოების პოლიტიკაში გეოპოლიტიკის მნიშვნელობის ზრდის ტენდენციებისა, მისი მომავალი შეუძლებელია წარმოვიდგინოთ კანონის უზენაესობის სრული პატივისცემის გარეშე, რადგან როგორც მისი დამფუძნებელი შეთანხმება, ისე სულ ახლახან შემუშავებული ევროკავშირის რეფორმირების პროექტები, პირველ რიგში, გამოკვეთს კანონის უზენაესობის მნიშვნელობას და კავშირის მასშტაბით, შიგნით თუ გაფართოების არეალში, მისი მონიტორინგის  გაძლიერებას. ამიტომ  ნაკლებად სავარაუდოა, რომ უნგრეთს ან რომელიმე სხვა წევრ სახელმწიფოს მიეცეს უფლება, რომ დემოკრატიის უკუსვლა დაიკანონოს და ისევ დარჩეს კავშირის აქტიურ მოქმედ წევრად. თუ პრეცედენტი მოხდება უნგრეთის შემთხვევაში და მას ხმის უფლება შეუჩერდება, მაშინ ეს ქვეყანა ან თავად მიიღებს გადაწყვეტილებას კავშირიდან გასვლის შესახებ, ან შეცვლის პოლიტიკას და კვლავ დაუბრუნდება ევროპულ ღირებულებებს, სავარაუდოდ, ახალი არჩევნებისა და  ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობის არჩევის შემდგომ. თუმცა, ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უნგრეთმა ახლავე არ შეცვალა ევროკავშირის შანტაჟის ტაქტიკა. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სწრაფად ჩამოყალიბდებიან ევროკავშირიც და უნგრეთიც ამ მიმართულებით.