ავტორი: ნინო მაჭარაშვილი

 

28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაკიცხეს, რის საპასუხოდაც ზელენსკიმ თეთრი სახლი წიაღისეული რესურსების შესახებ შეთანხმების გაფორმების გარეშე დატოვა. სწორედ ამ შეხვედრას მოჰყვა ლონდონში 2 მარტს საგანგებო სამიტის გამართვა, რომელსაც ევროპის სახელმწიფო მეთაურებთან ერთად კანადის პრემიერ-მინისტრი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტიც დაესწრნენ. საგანგებო სამიტის მთავარ თემას უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

ახლა ევროპელი ლიდერები აქტიურად მუშაობენ უკრაინის უსაფრთხოების დასაცავად. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, „ჩვენ [ევროპა] გადაიარაღების ეპოქაში ვიმყოფებით“. მან ევროპის ლიდერებს „ევროპის გადაიარაღების“ გეგმაც წარუდგინა, რაც თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას გულისხმობს. გეგმამ  მოკლევადიან პერიოდში – უკრაინის, გრძელვადიანში კი ევროპის უსაფრთხოებას უნდა შეუწყოს ხელი.

ყოველივე ზემოთქმულიდან ჩანს, რომ ევროპა უკრაინის დასაცავად მზადაა. მაგრამ საინტერესოა, როგორია ევროპის თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობები და რამდენად რეალურია უკრაინის დაცვა შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე? ამ კითხვაზე საპასუხოდ მათ სამხედრო შესაძლებლობებს უნდა გადავხედოთ.

 

აშშ-ის როლი ევროპის უსაფრთხოებაში

აშშ-ის მთავრობის თავდაცვის აქტიური ძალის მონაცემთა ცენტრის (Defense Manpower Data Center) თანახმად, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით, აშშ-ს ევროპის მასშტაბით მუდმივად განლაგებული ჰყავდა 65 000 ჯარისკაცი, ფართო შეიარაღებასთან, თავდაცვით სისტემებთან და ნატოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სხვა აქტივებთან ერთად. ამასთან, 10 ათასი ჯარისკაცი როტაციულად იყო განლაგებული პოლონეთში – ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე, ყველაზე ახლო წერტილში რუსეთთან.  მეტიც, 2024 წელს აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტმა 860 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ აღემატება ნატოს ყველა სხვა წევრი სახელმწიფოების მიერ თავდაცვისთვის გამოყოფილ თანხებს. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ფარგლებში უკრაინის დასახმარებლად ჯამურად 200 მლრდ დოლარზე მეტი გამოიყო, ტრამპი მიიჩნევს, რომ დროა შტატებმა სამხედრო სახით ევროპიდან უკან დაიხიოს და ასპარეზი ევროპელ მოკავშირეებს დაუთმოს. ის პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც ხშირად „ემუქრებოდა“ ევროპის სახელმწიფოებს ნატოდან გასვლით და მიზეზად სწორედ თავდაცვის ხარჯების სიმცირეს ასახელებდა.

ტრამპის პოზიცია იზოლაციონიზმისკენ მიდრეკილებით აიხსნება. მისი პოლიტიკა  „ამერიკა პირველ რიგში“ (“America First”) გულისხმობს, რომ შტატებმა თავი შეიკავოს მსოფლიო პოლიციელის როლის მორგებისგან და საკუთარი ინტერესებზე კონცენტრირდეს. ტრამპი უკრაინის წიაღისეულითაა დაინტერესებული. შესაბამისად, ეკონომიკური მოგება შესაძლოა გახდეს აშშ-ის წარმომადგენლობის საფუძველი უკრაინაში, რაც გარკვეულწილად შეაკავებს რუსეთის ხელახალ თავდასხმას, თუმცა აპრიორი ამას არ დაისახავს მიზნად.

ტრამპის რიტორიკის მიუხედავად, ამ ეტაპზე აშშ-ის ნატოდან გასვლა ოფიციალურად არ განიხილება, ამერიკის სამხედრო აქტივები ევროპაში რჩება და ისევ არსებობს ალბათობა, რომ ნატოზე თავდასხმის შემთხვევაში მე-5 მუხლი ამოქმედდება. თუმცა, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, ეს ჰგავს შროდინგერის კატის მდგომარეობას – ის მანამდე არსებობს ორივე მდგომარეობაში, მკვდარშიც და ცოცხალშიც, სანამ ყუთი არ გაიხსნება. შესაბამისად, მე-5 მუხლის ამოქმედების შესახებ ზუსტი პასუხი მანამ არ გვეცოდინება, სანამ ის რეალურად არ გამოიცდება.

 

ნატოს ევროპელი მოკავშირეების სამხედრო შესაძლებლობები

ნატოს ევროპელი მოკავშირეების სამხედრო აქტივები დაახლოებით 1.47 მილიონი ჯარისკაცია. მიუხედავად ამისა, ეკონომიკურ კვლევით ცენტრ ბრიუგელის მიხედვით, ევროპაში საფრთხის შეჩერება დიდწილად აშშ-ზეა დამოკიდებული. დიდი თავდასხმის შემთხვევაში, ნატო მოელის, რომ აშშ ასობით ათას დამატებით ჯარისკაცს შეიყვანს ევროპაში. თუ ეს მოლოდინი გაქრება, ევროპას მოუწევს დეფიციტის დამოუკიდებლად შევსება. ასევე, ბრიუგელის შეფასებით, დეფიციტის შესავსებად კონტინენტს ათასობით ჯარისკაცისგან შემდგარი დაახლოებით 50 ახალი ბრიგადის შექმნა მაინც დასჭირდება.

ჯერ კიდევ 2014 წელს ნატოს ქვეყნები შეთანხმდნენ თავდაცვის ხარჯების სამიზნე მაჩვენებელზე – თითოეული სახელმწიფოსთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე. 2014 წელს ამ მაჩვენებელს მხოლოდ 3 წევრი აკმაყოფილებდა, 2024 წლის მონაცემებით კი – 32-დან 23 წევრი. მიუხედავად იმისა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკვე დააანონსა 2027 წლამდე თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 2.5%-მდე გაზრდა და გერმანიის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრი ფრიდრიხ მერციც წლიურად მინიმუმ 84 მლრდ დოლარის გამოყოფას გეგმავს თავდაცვისთვის, ეს მაინც არ იქნება საკმარისი. სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, რუსეთის სამხედრო ხარჯები ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ევროპის მთლიანი თავდაცვის ხარჯები. ის დაახლოებით 41%-ით არის გაზრდილი და ახლა მშპ-ის 6.7%-ს შეადგენს.  ბრეიგელის შეფასებით, ევროპულ სახელმწიფოებს ყოველწლიურად დამატებით 250 მლრდ ევრო დასჭირდებათ თავიანთი ტერიტორიების ამერიკელების დახმარების გარეშე დასაცავად, რაც თითოეული სახელმწიფოს მხრიდან თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 3.5%-მდე გაზრდას გულისხმობს. „ევროპის გადაიარაღების“ გეგმის მიხედვით შესაძლოა არსებობდეს 800 მლრდ ევროს მობილიზების მოლოდინი, თუმცა რამდენად რეალურია ეს, ჯერ რთული სათქმელია.

გასათვალისწინებელია, რომ ევროპა განსხვავებული პრიორიტეტების, შესაძლებლობებისა და ინტერესების მქონე სახელმწიფოთა ერთობაა, შესაბამისად, მათ შორის უსაფრთხოების ერთობლივ და დამოუკიდებელ ევროპულ სტრატეგიაზე შეთანხმება რთული იქნება. თუ ევროპული უსაფრთხოება ავტონომიური გახდება, შეერთებული შტატების გარეშე ის თავდაპირველ ეტაპზე მაინც დაკარგავს შეკავების ძლიერ იარაღს, რადგან ნატოს მე-5 მუხლის ამოქმედება აღარ იქნება ისეთი „ღირებული“, როგორც აქამდე. ამასთან, არცერთი ევროპული ქვეყნის თავდაცვა არ არის იმდენად დიდი და ტექნოლოგიურად დახვეწილი, როგორც შეერთებული შტატებისა. შესაბამისად, თავდაცვის საკმარისი ბიუჯეტის არსებობის შემთხვევაშიც კი ევროპის უსაფრთხოება ვერ იქნება ამერიკისგან დამოუკიდებელი, რადგან მას, დიდი ალბათობით, იარაღის შესყიდვა სწორედ შტატებისგან მოუწევს. „ამერიკული ზურგის“ მნიშვნელობა კარგად ესმით ევროპაში, რასაც ისიც ადასტურეს, რომ თბილი დახვედრის მიღმა ევროპელმა ლიდერებმა ზელენსკის მიანიშნეს, რომ გრძელვადიანი მშვიდობისკენ მიმავალი გზა მხოლოდ თეთრ სახლზე გადის. გზავნილი რომ გასაგები აღმოჩნდა უკრაინისათვის, ამას ცხადყოფს მისი შეცვლილი პოზიცია და წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მაგიდასთან დაბრუნება. და მაინც, შეუძლია თუ არა ევროპას ამერიკის სრულად „ჩანაცვლება“?

 

ამერიკის ევროპით „ჩანაცვლების“ შესაძლებლობა

ევროპას აქვს 300 000 ჯარისკაცის დეფიციტი და ორი არჩევანი – ან შეავსოს ეს დეფიციტი სხვისი დახმარებით, ან შეძლოს სამხედრო კოორდინაციის გაუმჯობესება. ინდივიდუალური ძალისხმევა რუსეთის შესაკავებლად არაეფექტური იქნება. ევროპას ბალტიის ქვეყნებში რუსეთის სწრაფი გარღვევის თავიდან ასაცილებლად დასჭირდება მინიმუმ 1400 ტანკი, 2000 საბრძოლო მანქანა, 7000 საარტილერიო იარაღი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ამჟამად არსებობს საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ბრიტანეთის სამხედრო ძალებში ერთად. ამის გარდა, საჭირო იქნება საავიაციო და სატრანსპორტო, სარაკეტო, უპილოტო საომარი მოქმედებების, საკომუნიკაციო და დაზვერვის შესაძლებლობების გაუმჯობესება, რაც, ცხადია, კადრების გადამზადებასაც მოითხოვს. ამ მიზნის მისაღწევად წარმოება მთელ ევროპაში უნდა გაიზარდოს. ბრუგელის მონაცემების მიხედვით, სამხედრო აღჭურვილობის ხარჯები ამჟამად მშპ-ის დაახლოებით 0.7 პროცენტია, რაც არასაკმარისია. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ფისკალური დეფიციტის შესავსებად ევროპულ სახელმწიფოებს თავდაცვის სახსრების მშპ-ის 3.5%-მდე ზრდა მოუწევთ. რაც შეეხება უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას, თუ აქამდე ევროპული სამხედრო დახმარების პაკეტის სავარაუდო ღირებულება 6-10 მლრდ ევრო იყო, აშშ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, ევროკავშირის დიპლომატების ცნობით, ის, სულ მცირე, 20 მლრდ ევრომდე გაიზრდება. ამასთან, კიელის ინსტიტუტის ცნობით, ამერიკის სამხედრო იარაღზე ყველაზე დიდი დამოკიდებულება სამი მიმართულებით იკვეთება: სარაკეტო არტილერიაზე (HIMARS), ჰაუბიცის საარტილერიო საბრძოლო მასალაზე და შორ მანძილზე საჰაერო თავდაცვის სისტემებზე (Patriot). მათ ჩასანაცვლებლად ევროპამ საერთაშორისო ბაზარი უნდა გამოიყენოს, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა სამხრეთი კორეა (K239 Chunmoo) ან ისრაელი (PULS). ასევე, სამხედრო იარაღის წარმოებისათვის შეუძლია მიმართოს ე.წ. „დანიურ მოდელს“ და უკრაინაში აწარმოოს სამხედრო იარაღი. ეს განსაკუთრებით ეხება დრონებს, რისთვისაც ქვეყანამ უკვე ააშენა არაჩვეულებრივად ინოვაციური და პროდუქტიული ინდუსტრია.

მთავარი გამოწვევა ევროპისათვის იქნება სადაზვერვო მიმართულებით მუშაობა, რადგან კიელის ინსტიტუტის ცნობით, ამ ეტაპზე სადაზვერვო მიმართულებით ამერიკას კონკურენტი არ ჰყავს. აშშ-ის დაზვერვა უკრაინის თავდაცვის არსებითი ნაწილი გახდა 2014 წელს ყირიმში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამ დროიდან აშშ აწვდის კიევს ელექტრონული, სატელიტური და ადამიანური დაზვერვის უწყვეტ ნაკადს, რაც უფრო ეფექტურს ხდის უკრაინის თავდაცვას. აშშ-ის დაზვერვის გარეშე უკრაინას, სავარაუდოდ, უფრო მეტი საჰაერო თავდასხმა და უფრო მძიმე სამხედრო და სამოქალაქო მსხვერპლი ექნება, რადგან შეუმცირდება გამაფრთხილებელი ინფორმაცია. თუ ევროპა ცდის, რომ ჩაანაცვლოს შტატები დაზვერვის ნაწილში, ეს მოითხოვს მეტ დაფინანსებას გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის ქვეყნებისგან. ასევე საჭირო იქნება უფრო მეტი კონცენტრაცია კოორდინირებულ მუშაობაზე და საერთო უსაფრთხოების მიმართულებით ევროპის სამართლებრივი შეზღუდვების გადალახვა.  ეს ყველაფერი კი უფრო მეტ ნდობასა და პოლიტიკურ ნებას მოითხოვს. მართალია, ევროპულ სახელმწიფოებს აქვთ დაზვერვის ინდივიდუალური გამოცდილება, თუმცა თავდაპირველ ეტაპზე ინფორმაციის გაზიარება და ერთობლივი მუშაობა იქნება შედარებით ნელი და ნაკლებად ეფექტური.

 

შეჯამება

ამრიგად, ტრამპის რიტორიკა „აიძულებს“ ევროპას, რომ „გამოცოცხლდეს“ და მეტი გაიღოს უკრაინისა და საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად. დაზუსტებით რთულია იმის თქმა, შეწყვეტს თუ არა ამერიკა ევროპის უსაფრთხოებაზე ზრუნვას. თუმცა, თუ ეს ასე მოხდება, ევროპა ამ ეტაპზე მზად არ არის თავის დასაცავად. მართალია, უკვე მიმდინარეობს თავდაცვის ხარჯების ზრდა, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ უზრუნველყოფს ევროპის სამხედრო დამოუკიდებლობას. სამხედრო წარმოების გააქტიურების მიუხედავად, გარკვეული ტიპის იარაღის ყიდვა მაინც ამერიკისგან ან, ალტერნატიულად, სამხრეთ კორეისგან და ისრაელისაგან იქნება საჭირო. ევროპისთვის მთავარ გამოწვევას დაზვერვა შექმნის, რადგან დღესდღეობით ამ მიმართულებით აშშ უკონკურენტოა. ამასთან, ერთ-ერთ ძირეულ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოთა შორის კოორდინაცია, რადგან შტატებისგან განსხვავებით, ევროპა რამდენიმე ათეული სახელმწიფოსგან შედგება, რაც ერთობლივად მოქმედებას გაართულებს.

დაზუსტებით ახლა მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის განცხადებები ზრდის ევროპის მონაწილეობას თავდაცვაში. შესაძლოა, ტრამპის ინტერესი სულაც არაა „სხვების“ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მაგრამ ის დაინტერესებულია უკრაინის წიაღისეულით. თუნდაც ამ მიზეზით უკრაინაში განთავსებული ამერიკის წარმომადგენლობა გარკვეულწილად შეაკავებს რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს და ეს ევროპამ დროის მოსაგებად უნდა გამოიყენოს. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ ნებასა და ერთმანეთის ნდობაზე. ვნახოთ, რამდენად შეძლებს ევროპა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებითაც იპოვოს „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“.