ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
ახლო აღმოსავლეთის მიმოხილვა No 77
2024 წლის 15 მარტს ირანს ეწვია აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბასოვი. ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანს 1 წლის წინ თეირანში დახურული აზერბაიჯანის საელჩოს ხელახლა გახსნისთვის ნიადაგის მომზადება წარმოადგენდა.
რამდენად რეალურია ირან-აზერბაიჯანული ურთიერთობების ნორმალიზაცია?
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის ფარვიზ შაჰბაზოვის შეხვედრა თავის ირანელ კოლეგასთან ალი აქბარ მეჰრაბიანთან 2024 წლის 15 მარტს ქ. თეირანში
ირანული და აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე არაერთი საკითხი განიხილეს. მათ შორის უმთავრესი თემა იყო მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება ირანში აზერბაიჯანის საელჩოს ხელახლა გახსნის მიზნით, რომელიც 2023 წლის იანვარში დაიხურა, მას შემდეგ, რაც საელჩოზე განხორციელებულ თავდასხმას დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა.
ირანული მხარე აცხადებს, რომ ამ მომენტისთვის მიმდინარეობს საქმის განხილვა სასამართლოში. იგი ამავე დროს გამორიცხავს რაიმე სახის ტერორისტულ მოტივაციას და თავდასხმის მიზეზად ორ პიროვნებას შორის წარმოშობილ კონფლიქტს ასახელებს.
შაჰბაზოვის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრისთვის ნიადაგის მომზადებაცაა. მოსალოდნელია, რომ მათი შეხვედრა სასაზღვრო მდ. არაქსზე ჰიდროელექტროსადგურების გახსნის ცერემონიალზე გაიმართება.
ხუდაფარინის ისტორიული ხიდი მდ. არაქსზე (ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე)
მხარეებმა ასევე ისაუბრეს მდ. ხუდაფარინზე არსებული ისტორიული ხიდის რესტავრაციის შესაძლებლობაზე.
შაბაზოვის ვიზიტი დადებითად შეაფასა ირანის ელჩმა აზერბაიჯანში აბას მუსავიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ პრობლემები ორი ქვეყნის ურთიერთობებში ხელოვნურად იყო შექმნილი და რომ ახლა შესაძლებელია ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება.
ამ დადებითი დამოკიდებულების მიუხედავად, მხარეებს შორის მაინც რჩება გადაუჭრელი პრობლემები.
ირანის პერსპექტივიდან ნერვიულობის საფუძველი ისრაელ-აზერბაიჯანის ახლო თანამშრომლობაა, რომელიც რაც დრო გადის, კიდევ უფრო ინტენსიური ხდება: გასულ წელს ისრაელმა საელჩოც გახსნა ბაქოში, ასევე აზერბაიჯანს ეწვია ისრაელის თავდაცვის მინისტრი იაოვ გალანტი, რომლის მიზანიც სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იყო. ასეთი სიტუაცია კი, ცხადია, თეირანის შეშფოთებას იწვევს.
თავის მხრივ, აზერბაიჯანში დროდადრო აკავებენ შიიტურ ორგანიზაციებთან დაკავშირებულ პირებს, რომლებსაც ბრალად ედებათ ირანის სასარგებლოდ მუშაობა. საპასუხოდ, ირანშიც დააკავეს ჯგუფი, რომელიც, თეირანის განცხადებით, სეპარატიზმის გაღვივებას ცდილობდა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ირანის ჩრდილოეთ ნაწილში.
სატრანსპორტო პროექტები ნახიჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის
კიდევ ერთი პრობლემატური საკითხი ე.წ. „ზანგეზურის კორიდორის“ თემაა, რომლითაც ნახიჩევანის დანარჩენ აზერბაიჯანთან სახმელეთო გზით დაკავშირება მოიაზრებოდა. სომხეთის მხრიდან წინააღმდეგობის შემდეგ ამ გზას (რომელსაც ირანი „არაქსის კორიდორს“ უწოდებს) ირანის ტერიტორიაზე უნდა გაევლო. მაგრამ 2023 წლის შემოდგომაზე ირანის პრეზიდენტმა რაისიმ ამ პროექტის საწინააღმდეგო აზრი ღიად გამოხატა, რამაც კითხვები გააჩინა კორიდორის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.
უნდა აღინიშნოს, რომ მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით მხარეებს შორის სერიოზული წინააღმდეგობები არსებობს. მათ განსხვავებული ინტერესები ამოძრავებთ, რაც მოკლე პერიოდში ვერ შეიცვლება.
ამიტომ ვფიქრობთ, რომ გარკვეული დათბობების მიუხედავად, მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით მხარეებს გაუჭირდებათ პოზიციების დაახლოება და დაძაბულობა კვლავ შენარჩუნდება ორმხრივ ურთიერთობებში.