2017 / 07 / 11

2017 წლის 9-11 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) უმასპინძლა შანხაის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის (SIIS) დელეგაციას.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შანხაის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ზალკალიანს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსს ქეთევან ვაშაკიძეს, ასევე საქართველოს რეფორმების ასოციაციისა (GRASS) და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს.

ვიზიტის ფარგლებში რონდელის ფონდში გაიმართა დისკუსია „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი: ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ახალი პერსპექტივები“. დისკუსიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკა მეტრეველი, მომხსენებელი იყო  შანხაის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი იან ძიენი. დისკუსიას ხელმძღვანელობდა რონდელის ფონდის გამოყენებითი ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ვლადიმერ პაპავა.

გამომსვლელებმა იმსჯელეს, თუ რა უპირატესობა აქვს აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელს სამხრეთ კავკასიისთვის, რეგიონის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, როგორც გეოპოლიტიკურ ჭრილში, ისე ადგილობრივ დონეზე.  შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები,  ეკონომიკის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებით.

შეხვედრის ბოლოს რონდელის ფონდსა და შანხაის საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკა მეტრეველმა და შანხაის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტმა ჩენ ტუნსიაომ.

საქართველოში შანხაის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის დელეგაციის ვიზიტის ორგანიზატორი იყო რონდელის ფონდი. 

Visit of SIIS Delegation, July 10, 2017