ავტორი: ვატო ბჟალავა
2024 წლის სექტემბრის დასაწყისში რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში, გაიმართა რიგით მე-8 მინისტერიალი. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაცია, რომელიც ითვალისწინებს აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის დაკავშირებას, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, არამედ ასევე ზრდის საქართველოს, როგორც ენერგეტიკული სატრანზიტო ჰაბის შესაძლებლობებს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ამბიციური პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს ევროპის კონტინენტზე განახლებადი ენერგიის კასპიის რეგიონიდან მიწოდებას, რაც ენერგომომარაგების გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის პირობებში გააძლიერებს ევროკავშირის მდგრადობას.
ინიციატივის ძირითადი მიზანი ევროკავშირის ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციაა. შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით ევროპა მიიღებს აზერბაიჯანში გენერირებულ განახლებად ენერგიას, როგორიცაა ქარისა და მზის ენერგია. პროექტის განხორციელების შედეგად კაბელის ქსელი გაივლის საქართველოს, წყალქვეშა კაბელით გადაკვეთს შავ ზღვას და დაუკავშირდება რუმინეთს, რომელიც ევროკავშირის ელექტროქსელში იქნება ინტეგრირებული.
პროექტი ევროპისა და საქართველოსთვის რამდენიმე მიმართულებით არის კრიტიკული: ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკა, მწვანე პოლიტიკა და რეგიონთაშორისი კავშირი.
გარდამტეხი მომენტი ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და კასპიის რეგიონისთვის
პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის ფართო სტრატეგიის ძირითად კომპონენტს, რაც რუსეთის ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულების შემცირებას გულისხმობს. რუსეთ-უკრაინის ომისა და ამის შედეგად რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების პირობებში, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთისგან დისტანცირებას ცდილობენ. ესაბამისად, ენერგიის ალტერნატიული მარშრუტების უზრუნველყოფა ევროკავშირის მთავარ პრიორიტეტად იქცა. სამხრეთ კავკასიიდან პირდაპირ ევროპულ ბაზარზე სუფთა ენერგიის მიწოდებით შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზი ხელს შეუწყობს ევროპის ენერგოპორტფელის დივერსიფიკაციას და შეამცირებს ენერგიის ტრადიციულ მიმწოდებლებზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ რისკებს.
მწვანე ენერგიის დერეფნის ერთობლივი საწარმო, რომელიც დაფუძნდა აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკულ კომპანიებს (CNTEE Transelectrica, Georgian State Electrosystem (GSE), AzerEnerji და MVM Electrical Works) შორის ხელშეკრულების საფუძველზე, მიზნად ისახავს ამ რეგიონებში კრიტიკული ენერგეტიკული კავშირის შექმნას. პროექტი, რომლისთვისაც საწყის ეტაპზე 2.3 მილიარდი დოლარის ბიუჯეტია გამოყოფილი, 2029 წლისთვის ამოქმედდება. აზერბაიჯანი, საწარმოს მნიშვნელოვანი წევრი, გამოირჩევა განახლებადი ენერგიის პოტენციალით, რაც ხმელეთზე შეადგენს 27 გიგავატს, ხოლო კასპიის ზღვაში – 157 გიგავატს. 2027 წლისთვის მოხდება ამ პოტენციალის 4 გიგავატის რეალიზაცია, რომლის 80 პროცენტიც ექსპორტზე გადანაწილდება. მოსალოდნელია ამ მონაცემის 25 გიგავატამდე გაზრდა, 2037 წლისთვის კი იგეგმება 6 გიგავატის დამატება, რაც რეგიონულ ენერგეტიკულ ბაზარზე კიდევ უფრო გაზრდის აზერბაიჯანის როლს.
პროექტის ერთ-ერთი კონტრიბუტორია მსოფლიო ბანკი, რომელმაც ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის (ESPIRE Program) ფარგლებში პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 35 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია დაამტკიცა. მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავს პროექტისთვის შესაფერისი საკაბელო დერეფნის იდენტიფიცირებას, გეოფიზიკურ და გეოტექნიკურ გამოკვლევებსა და მთავრობათაშორისი კოორდინაციისთვის ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებას. პროექტის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება, განახლებადი ენერგიის მიწოდების ხელშეწყობა და სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ციფრული კავშირის გაუმჯობესება. პროექტის პირველ ეტაპზე განისაზღვრება კაბელისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საჭირო ინვესტიციები.
შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზი არა მხოლოდ ენერგოუსაფრთხოების, არამედ ევროპის მწვანე შეთანხმების განუყოფელი ნაწილიცაა. განახლებადი ენერგიის წყაროები უმნიშვნელოვანესია ევროკავშირისთვის, რათა განახორციელოს ნაკისრი ვალდებულება და 2050 წლისთვის მიაღწიოს ნახშირბადნეიტრალიტეტს. აზერბაიჯანი, რომელსაც განახლებადი ენერგიის უზარმაზარი პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით ქარისა და მზის ენერგიის მიმართულებით, მზად არის გახდეს ევროპისთვის სუფთა ენერგიის ძირითადი მიმწოდებელი. პროექტი ითვალისწინებს ელექტროენერგეტიკული სისტემების დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომლის საშუალებითაც ევროკავშირი მიიღებს დიდი რაოდენობით განახლებად ელექტროენერგიას და დააჩქარებს გარემოს დამაბინძურებელი წიაღისეული საწვავის გამოყენების ჩანაცვლების პროცესს. კასპიის რეგიონიდან მწვანე ენერგიის ინტეგრირება ევროპას დაეხმარება კლიმატის იმ ამბიციური მიზნების მიღწევაში, როგორიცაა სათბურის გაზების ემისიის შემცირება.
გარდა ამისა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის პარტნიორობა წარმოადგენს ერთობლივ ძალისხმევას ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალებით კლიმატის ცვლილების გლობალური გამოწვევის გადასაჭრელად.
ენერგეტიკისა და გარემოზე ზემოქმედების გარდა, შავი ზღვის ელექტროგადამცემ ქსელს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური წონა აქვს. კასპიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონები დიდი ხანია მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე, განსაკუთრებით, ნავთობისა და გაზის ექსპორტის მიმართულებით. ახალი პროექტის მიხედვით, აქცენტი განახლებად ენერგიაზეა, ხოლო რეგიონი სუფთა ენერგიის ძირითად ექსპორტიორად მოიაზრება.
სამხრეთ კავკასია, რომელიც ხშირად ევროპისა და აზიის გზაჯვარედინად მიიჩნევა, გადამწყვეტ როლს შეასრულებს ევროპის ენერგეტიკული საჭიროებების კასპიის რეგიონის რესურსებთან დაკავშირებაში. შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის შედეგად რეგიონი მნიშვნელოვან ენერგეტიკულ დერეფნად გადაიქცევა ევროპისთვის, რაც მის სტრატეგიულ მნიშვნელობას გაზრდის. ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონულ სტაბილურობასა და თანამშრომლობას ისტორიულად დაძაბული ურთიერთობების მქონე ქვეყნებში. ამ პროექტის შედეგად რუსეთის ენერგეტიკაზე ევროპის დამოკიდებულება შემცირდება, რაც, თავის მხრივ, შეცვლის რეგიონში გეოპოლიტიკურ ბალანსს. ევროკავშირისთვის ენერგიის გადამცემი ახალი ინფრასტრუქტურა მოქნილი და დივერსიფიცირებული ენერგომომარაგების ქსელია, რომელიც ენერგიის ტრადიციული მიმწოდებლების გეოპოლიტიკური ზეწოლის მიმართ მის მოწყვლადობას შეამცირებს.
შავი ზღვის წყალქვეშა საკაბელო პროექტის განხორციელების რისკებს შორის, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, ინფრასტრუქტურის ფიზიკურად დაუცველობის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმთან სიახლოვე, რუსეთის მხრიდან პოტენციურ საფრთხეებს შორის ასევე მოიაზრება დივერსია. ასევე ტექნიკური გამოწვევაა პროექტის უზარმაზარი მასშტაბები, წყალქვეშ 2000 მეტრზე მეტ სიღრმეზე მუშაობა, სარემონტო სამუშაოები და მაღალი ხარჯები. გარდა ამისა, შეძლებს თუ არა საქართველო პროექტის დასრულებამდე დააკმაყოფილოს ენერგიის ექსპორტის მოთხოვნები კვლავაც ეჭვქვეშაა, რის გამოც ბუნდოვანია პროექტის მიზანშეწონილობა და გრძელვადიანი წარმატება.
რატომ არის პროექტი მომგებიანი საქართველოსთვის?
შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზი, სატრანზიტო მარშრუტის გარდა, საქართველოსთვის არის ტრანსფორმაციის შესაძლებლობა. პროექტი შეამცირებს საქართველოს მოწყვლადობას ენერგიის მიწოდების შეფერხებაზე და საქართველოს, რომელიც მეზობელი ქვეყნებიდან ენერგიის იმპორტზეა დამოკიდებული, უფრო სტაბილური და დივერსიფიცირებული ენერგომომარაგებით უზრუნველყოფს. რეგიონული ენერგეტიკული ქსელის პროექტში ჩართული საქართველო არა მხოლოდ გაიუმჯობესებს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, არამედ ევროპის ენერგეტიკულ სტრატეგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება.
პროექტი საქართველოსთვის რამდენიმე მიმართულებით იქნება ხელსაყრელი:
საქართველო – სტრატეგიული სატრანზიტო ჰაბი: საქართველო ევროპასა და კასპიის რეგიონს შორის გეოგრაფიული მდებარეობით ენერგიის მიმოცვლის ცენტრში ხვდება. განახლებადი ენერგიის აზერბაიჯანიდან ევროპაში გადაცემის ხელშეწყობით გაიზრდება საქართველოს, როგორც ენერგიის სატრანზიტო ქვეყნის, როლი, რაც ზრდის ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონალურ და ევროპულ ენერგეტიკულ ქსელებში და პოტენციალს, მოიზიდოს მეტი ინვესტიციები და საერთაშორისო პარტნიორები.
ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება: ისტორიულად, ენერგეტიკის იმპორტზე დამოკიდებულ საქართველოს შეუძლია პროექტი საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად გამოიყენოს. ფართო რეგიონალურ ენერგოქსელში ჩართულ საქართველოს წვდომა ექნება უფრო სტაბილურ და მრავალფეროვან ენერგორესურსებზე და შეუმცირდება გარე მომწოდებლებზე დამოკიდებულება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული არასტაბილურობისა და გლობალურად ცვალებადი ენერგეტიკული ბაზრების პირობებში.
განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობა: შავი ზღვის წყალქვეშა საკაბელო პროექტმა ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას. ევროპაში სუფთა ენერგიაზე მზარდი მოთხოვნის პირობებში, საქართველოს შეუძლია განავითაროს განახლებადი ენერგიის შესაძლებლობები, განსაკუთრებით, ჰიდროენერგეტიკის, მზისა და ქარის ენერგიის მიმართულებით, რაც არა მხოლოდ შეესაბამება გლობალურ ტენდენციებს, არამედ იძლევა გრძელვადიან ეკონომიკურ სარგებელს, რადგან საბოლოოდ, შესაძლოა საქართველო თავად გახდეს მწვანე ენერგიის ექსპორტიორი.
ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი: ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობა საქართველოსთვის ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლის მომტანია. პროექტი, სავარაუდოდ, მოიზიდავს ინვესტიციებს, ტექნოლოგიებსა და გამოცდილ კადრებს, ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას და შექმნის სამუშაო ადგილებს. პოლიტიკურად, ევროკავშირთან მჭიდრო ენერგეტიკული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს კავშირების გაღრმავებას ევროპასთან და ხაზს გაუსვამს ქვეყნის, როგორც რეგიონული სტაბილურობისა და განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი მოთამაშის როლს.
დასკვნა
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ენერგოუსაფრთხოების, დივერსიფიკაციისა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის კრიტიკული გამოწვევების მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც ევროპისთვის, ასევე საქართველოსთვის. ევროპისთვის პროექტი რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შესამცირებელი ალტერნატივაა, რაც შეესაბამება ევროკავშირის გრძელვადიან მიზნებს – 2050 წლისთვის მიაღწიოს ნახშირბადნეიტრალიტეტს. კასპიის რეგიონიდან განახლებადი ენერგიის ინტეგრირებით ევროპა არა მხოლოდ აძლიერებს თავის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ ხელს უწყობს მდგრად ენერგეტიკულ მომავალზე გადასვლას. პროექტი, ენერგიის წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით, ენერგიის მიწოდების შეფერხებებისა და გეოპოლიტიკური რისკების პირობებში ევროპის მდგრადობას უზრუნველყოფს.
შავი ზღვის წყალქვეშა საკაბელო პროექტის გეოპოლიტიკური შედეგები ენერგეტიკის ფარგლებს სცილდება. პროექტი სამხრეთ კავკასიას, კასპიის რეგიონსა და ევროპას შორის კავშირების გაუმჯობესებასა და ისტორიულად დაძაბულობებით გამორჩეულ რეგიონში სტაბილურობას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პროექტი საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობის თვალსაჩინო მაგალითია გლობალური ენერგეტიკისა და კლიმატის გამოწვევების მოგვარების კუთხით. ელექტროგადამცემი ხაზის პროექტში აზერბაიჯანის, რუმინეთის, უნგრეთისა და საქართველოს აქტიური მონაწილეობა წარმოაჩენს რეგიონული თანამშრომლობის როლს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
საქართველოსთვის შავი ზღვის წყალქვეშა საკაბელო პროექტი უფრო მეტია, ვიდრე ენერგეტიკული დერეფანი. ეს არის ქვეყნის სტრატეგიული შესაძლებლობა, გლობალურ ენერგეტიკულ რუკაზე ხელახლა განსაზღვროს საკუთარი პოზიცია. მრავალმხრივ ინიციატივაში ცენტრალური როლის შესრულებით საქართველო ხელს უწყობს განიმტკიცოს ევროპასა და აზიას შორის კრიტიკული ენერგეტიკული სატრანზიტო ჰაბის სტატუსი. კავშირების გაფართოება ზრდის საქართველოს მნიშვნელობას რეგიონულ და ევროპულ ენერგეტიკულ ბაზრებზე, ხელმისაწვდომს ხდის მასშტაბურ ეკონომიკურ ინვესტიციებს, საერთაშორისო პარტნიორობას, ტექნოლოგიურ მიღწევებსა და უსაფრთხოებას. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს შიდა განახლებადი ენერგიის სექტორის ზრდას, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას არა მხოლოდ დააკმაყოფილოს საკუთარი ენერგეტიკული საჭიროებები, არამედ გახდეს ევროპაში მწვანე ენერგიის მომავალი ექსპორტიორი.
გრძელვადიან პერსპექტივაში შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზი შეცვლის ენერგეტიკულ ლანდშაფტს როგორც ევროპაში, ისე საქართველოში. პროექტი ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და განახლებადი ენერგიის განვითარებას, შექმნის ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ შესაძლებლობებს. პროექტის განვითარებასთან ერთად გადამწყვეტი იქნება საქართველოს არა მხოლოდ როგორც სატრანზიტო ქვეყნის, არამედ როგორც ევროპის ენერგეტიკული დივერსიფიკაციის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი მოთამაშის როლი. ევროპასა და რეგიონალურ დონეზე მუდმივი თანამშრომლობის ინიციატივა განსაზღვრავს რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადობის მომავალს, რაც ხვალინდელი დღის ენერგეტიკული გამოწვევებისთვის უზრუნველყოფს საქართველოსა და ევროპის მზადყოფნას.