2012 წლის 15 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის ექსპერტთა მორიგი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის ექსპერტები, პროექტზე მომუშავე გუნდი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ეს გახლდათ საპარლამენტო არჩევნების შედეგად მთავრობის გუნდის შეცვლის შემდგომ ჩატარებული პირველი შეხვედრა, რომელიც, ბუნებრივია, პასუხობდა ახალი და ძველი ხედვების შედარების მიმართ საზოგადოებაში არსებულ ინტერესს.
შეხვედრაზე მოხსენებებით წარსდგნენ ქეთევან ციხელაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, თემა: საქართველოში კონფლიქტების მოგვარების ახლებური ხედვა და სერგი კაპანაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ყოფილი საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მოხსენებით: სტატუსნეიტრალობა – როგორც კონფლიქტის გასაღები.
ქალბატონი ციხელაშვილის თქმით, ახალი ხელისუფლება ცდილობს არ განახორციელოს კონფლიქტებთან და მათ მოგვარებსათან დაკავშირებული წინა ხელისუფლების დროს შექმნილი კანონმდებლობა და მეტი ყურადღება დაუთმოს რეალური და ხელშესახები რესურსის ძიებას დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით. იგი მზად არის იზრუნოს ისეთი პროექტებისა და იდეების განხორციელებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ორმხრივი კავშირების განვითარებას როგორც რუსეთთან, ისე ოსურ და აფხაზურ მხარეებთან.
ბატონ სერგი კაპანაძის მიერ წარმოდგენილ ანალიზში გამოიკვეთა აზრი, რომ კონფლიქტის დაპირისპირებულ მხარეთა შორის ურთიერთობაში ნებისმიერი ტიპის პროგრესი ახლო მომავალში მხოლოდ იმ საკითხებთან მიმართებაშია შესაძლებელი, რომლებიც სტატუსნეიტრალურ ხასიათს ატარებენ. მისი რჩევით, ახალმა მთავრობამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწონოს ამ თვალსაზრისით ჟენევის მოლაპარაკებებში დაგროვილი გამოცდილება.
ორივე მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა მრავალი კითხვა და გამოითქვა ვარაუდები. მომხსენებლებმა შეძლებისდაგვარად უპასუხეს დასმულ კითხვებს.