2016 წლის 22 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ბალტმორში“, ყოველწლიური კონფერენცია სახელწოდებით – „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები” გაიმართა. კონფერენციის ჩატარებას საქართველოს მთავრობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.
ღონისძიების მიზანია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობის ხელშეწყობა.
კონფერენცია გახსნა ევროპულ და ევროატლნატიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ბაქარაძემ.
გამომსვლელთა შორის იყვნე ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი, რონდელის ფონდის ევოროპული კვლევების ცნეტრის დირექტორი ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე კახა გოგოლაშვილი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული კოორდინატორი ლაშა ტუღუში.
კახა გოგოლაშვილმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოე ეროვნული სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის თავმჯდომარის რანგში უხელმძღვანელა ორ პანელურ დისკუსიას.
კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა. მისი შეფასებით, პლატფორმა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გაერთიანება, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში გამორჩეულ როლს ასრულებს. პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, განსაკუთრებულად ღირებულია ევროინტეგრაციის თემატიკაზე ქვეყნის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ძალისხმევის გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საზოგადოების კონსოლიდაციას და ევროინტეგრაციის პროცესს დამატებით იმპულსს მისცემს.
სამუშაო სხდომებზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარადგინეს ასოცირების ხელშეკრულების კონკრეტული დებულებებისადმი მიძღვნილი 12 საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი.
კონფერენციის შემუშაბების პროცესში მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის წარმომადგენლები საქართველოში.
კონფერენციის დასასრულს, კახა გოგოლაშვილმა სხვა მომხსენებლებთან ერთად დამსწრე საზოგადოებას შემაჯამებელი სიტყვით მიმართა.
კონფერენცია გაიმართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივი ორგანიზებით. ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში, ევროკავშირი და შვედეთის მთავრობა.