ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
2020 წლის 27 სექტემბერს ყარაბაღსა და მის გარშემო დაწყებულმა სამხედრო ესკალაციამ მნიშვნელოვანი მსხვერპლი გამოიწვია ორივე მხარეს (საუბარია ათეულობით დაღუპულსა და ასეულობით დაჭრილზე როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებში), ასევე განადგურებულია დიდი რაოდენობით სახმელეთო და საჰაერო დანიშნულების სამხედრო ტექნიკა.
ამ „გაყინული“ კონფლიქტის „გალღობამ“ სერიოზული საფრთხეები და გამოწვევები შეუქმნა არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანის, არამედ მთლიან რეგიონსა და, განსაკუთრებით, მეზობელ ქვეყნებს.
კონფლიქტის შემდგომი ინტენსიფიკაციისა და დროში გაწელვის შემთხვევაში, საქართველოსაც გაუჩნდება მთელი რიგი სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული სახის საფრთხეები და გამოწვევები, რომელთა წინასწარ განსაზღვრა და გამკლავების გზების დასახვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
საბრძოლო მოქმედებების ამსახველი რუკა
სამხედრო-პოლიტიკური განზომილება
ყარაბაღის კონფლიქტი თბილისისთვის ქმნის შემდეგი სახის სამხედრო-პოლიტიკურ საფრთხეებსა და გამოწვევებს:
- რაც უფრო გაიწელება დროში კონფლიქტი, ოფიციალურ თბილისს, დიდი სურვილის მიუხედავად, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მაინც გაუჭირდება სრული „ნეიტრალიტეტის“ შენარჩუნება. არაა გამორიცხული, რომ მეომარი მხარეები სხვადასხვა ფაქტის მოშველიებით შეეცადონ საქართველოს დადანაშაულებას მოწინააღმდეგის მიმხრობაში/დახმარებაში.
- კონფლიქტის განახლების შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის საკმაოდ მტკივნეულია ყარაბაღის საკითხი, რომელსაც მათი სწრაფი მობილიზება/კონსოლიდაცია შეუძლია: მხარდამჭერი და საპროტესტო მიტინგები, დახმარების მიზნით საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის სურვილი, ტვირთის გაგზავნის მცდელობა, თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი კარწახის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გადაკეტვა სატვირთო ავტომობილებისთვის, სომხეთთან დამაკავშირებელი ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გადაჭრა-დაზიანება და ა.შ. კონფლიქტის დროში გაწელვის შემთხვევაში, მოსალოდნელია მსგავსი და შესაძლოა, კიდევ უფრო რადიკალური სახის ქმედებების მატებაც.
- „კუხოს“ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) შესაბამისი მუხლების ამუშავების შემთხვევაში, რუსეთმა სომხეთთან პირდაპირი სახმელეთო კორიდორით დაკავშირებისათვის შესაძლოა საქართველოს ტერიტორიის გამოყენება მოითხოვოს. ოფიციალურ თბილისს კი ამ მიმართულებით რეალური სამხედრო წინააღმდეგობის გაწევის საშუალებები საკმაოდ შეზღუდული აქვს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო კორიდორის გაჭრის ფაქტს შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვეს მთელი ქვეყნისთვის.
- ყარაბაღის კონფლიქტის დროში გაწელვის შემთხვევაში, საკმაოდ დასუსტდება სომხეთიცა და აზერბაიჯანიც, რაც გაზრდის რუსეთზე მათი დამოკიდებულების ხარისხს. შესაბამისად, კავკასიაში გაიზრდება რუსეთის გავლენა, რაც არანაირად არ შედის საქართველოს ინტერესებში.
ეკონომიკური განზომილება
ყარაბაღის კონფლიქტს მასში მონაწილე მხარეებისთვის სოლიდური ეკონომიკური განზომილებაც აქვს. კორონავირუსის პანდემიის ფონზე ისედაც დასუსტებული ეკონომიკებისთვის ომის ტვირთის დამატება სერიოზულად აისახება მათ სავაჭრო და ეკონომიკურ შესაძლებლობებზეც.
ყარაბაღის კონფლიქტის განახლებამ უკვე უარყოფითად იმოქმედა თურქულ ლირაზეც, რომელიც 29 სექტემბერს 3%-ით გაუფასურდა. თურქული ლირის ნებისმიერი გაუფასურება კი დამატებით სირთულეებს უქმნის საქართველოს ეკონომიკას, რადგან უკვე წლებია ეს ქვეყანა ჩვენთვის ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია. ასევე ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს ამ ქვეყანაში, რომლებიც ანაზღაურებას თურქულ ლირებში იღებენ. შესაბამისად, დროთა განმავლობაში მატ უფრო ნაკლები მყარი ვალუტის შეძენა და საქართველოში გამოგზავნა შეეძლებათ.
თურქეთის გარდა, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან აზერბაიჯანიც და სომხეთიც.
ამასთან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ყოველწლიურად საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი პირდაპირი ინვესტიციები ხორციელდება. ასევე, ამ ქვეყნების (პლიუს სომხეთის) მილიონობით მოქალაქე ტურისტული მიზნით ყოველწლიურად სტუმრობს საქართველოს. ამიტომ კონფლიქტის დროში გაწელვის შემთხვევაში, ყველა ამ მიმართულებით საქართველოშიც უნდა ველოდოთ მნიშვნელოვან კლებას და, შესაბამისად, ეკონომიკური სახის სირთულეებს.
აქ ასევე გასათვალისწინებელია აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბუნებრივი აირის სამხრეთის კორიდორი და ა.შ.) საკითხიც, რომლებიც კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში გამორიცხული არაა სამიზნეებად იქცნენ (მით უმეტეს, მხარეები აღნიშნავენ, რომ საბრძოლო მოქმედებები უკვე უშუალოდ სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ჩრდილოეთ ნაწილში, თოვუზის რაიონშიც, დაიწყო, სადაც გადის ყველა ზემოხსენებული პროექტის ხაზები). ეს კი დამატებით რისკებს და საფრთხეებს უქმნის მთელი რეგიონისა და, მათ შორის ,საქართველოს ეკონომიკას.
აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი პროექტები
ჰუმანიტარული განზომილება
ფართომასშტაბიანი ომისა და, განსაკუთრებით, მხარეთა მიერ ახალი ტერიტორიების დაკავების/შეტევების შემთხვევაში, გამორიცხული არაა გაჩნდეს ლტოლვილთა ახალი ნაკადები. თუ ეს მოხდება, შესაძლოა ლტოლვილთა ნაწილი საქართველოსკენაც დაიძრას, რაც ახალი სახის გამოწვევების წინაშე დააყენებს ოფიციალურ თბილისს.
ასევე მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული განზომილება აქვს სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე მეწამორის ატომური ელექტროსადგურის საკითხს. ა.წ. ივლისში, სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტის მორიგი გააქტიურების დროს, სომხური მხარის განცხადების საპასუხოდ (რომელიც ეხებოდა მინგეჩაურის წყალსაცავზე შესაძლო შეტევის მიტანას), აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა ვაგიფ დარგიაჰლმა განაცხადა: „სომხურ მხარეს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების ულტრათანამედროვე სარაკეტო სისტემას უნარი აქვს ზუსტად დაარტყას მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს, რაც უდიდესი ტრაგედია იქნება სომხეთისთვის“.
აღსანიშნავია, რომ ეს ატომური ელექტროსადგური თურქეთ-სომხეთის საზღვრიდან, სულ რაღაც, 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და მისი დაზიანება სერიოზულ ჰუმანიტარულ კრიზისს წარმოქმნის როგორც სომხეთში, ისე თურქეთის აღმოსავლეთ გუბერნიებსა და მთელ საქართველოში.
საბრძოლო მოქმედებების ინტენსიფიკაციისა და დროში გაწელვის შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს შესაძლოა დაემატოს ახალი გაუთვალისწინებელი გარემოებები და საკითხები, რომლებმაც, თავის მხრივ, შესაძლოა დამატებითი გამოწვევები და თავსატკივარი მოუტანოს საქართველოს.
დასკვნები:
- ყველსათვის ცხადია, რომ ყარაბაღის კონფლიქტი ადვილად ვერ მოგვარდება. უახლოეს ხანში მხარეებმა რომც მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ეს მაინც დროებითი ხასიათისა იქნება და ყოველთვის იარსებებს მისი დარღვევის შანსი (რაც გვაჩვენა კიდეც ამ კონფლიქტის ისტორიამ);
- შესაბამისად, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოსთვის მოსალოდნელი საფრთხეები და გამოწვევები კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური;
- სასურველია, დროულად დასრულდეს მუშაობა „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის“ ახალ ვერსიაზე (ძველს 2018 წელს გაუვიდა ვადა), სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა საფრთხე და გამოწვევა.