ავტორი: თეონა ლავრელაშვილი, ევროპის კომისიის პოლიტიკის ოფიცერი, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი

 

უკვე რამდენიმე წელია, რაც ევროპარტიების თემით ვარ დაინტერესებული და ბოლო წლების ჩემმა გამოცდილებამ ეს ინტერესი მხოლოდ გააძლიერა. ვფიქრობ, ქართული და ევროპული პარტიების ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპეიზაციის თვალსაზრისით. განსაკუთრებით ეს ევროპარტიებს ეხება.

ქართული პოლიტიკური პარტიებისათვის ევროპის ანალოგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სულ უფრო აქტუალურია. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ისაა, რომ საქართველოს ევროპასთან ურთიერთობები გაღრმავდა და პარტიებმა საკუთარი საერთაშორისო როლის ძიება დაიწყეს, ხოლო, მეორე მხრივ, ქართულმა პარტიებმა გაიაზრეს, რომ საერთაშორისო  კავშირები პარტიული მშენებლობის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს – მით უფრო, რომ იგი სხვა სიკეთესთან ერთად ხშირ შემთხვევაში შიდაპოლიტიკური ლეგიტიმაციის წყაროცაა.

ალბათ ღირს ორიოდე სიტყვით აღვწერო არსებული მდგომარეობა. აქ, პირველ რიგში, უნდა განვასხვავოთ ევროპის ქვეყნების (ადგილობრივი) პოლიტიკური პარტიები (მაგალითად,  გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია, სახალხო პარტია ესპანეთში და ა.შ) და პოლიტიკური პარტიები ევროკავშირის დონეზე, რომელსაც ასევე ევროპარტიებს უწოდებენ. ესენია პარტიათა გაერთიანებები, ანუ პარტიული ოჯახები, რომლებიც ყალიბდება იდეოლოგიურ საფუძველზე. ასე, მემარჯვენე და მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიები ერთ ოჯახში იყრის თავს, მემარცხენეები – სხვა ოჯახში, ცალკეა ასევე კონსერვატორები, მწვანეთა მოძრაობები და ა.შ. ევროკავშირში ოფიციალურად სულ 16 ევროპარტიაა რეგისტრირებული, რომელთა შორის 3 – ევროპის სახალხო პარტია (EPP), ევროპის სოციალისტების პარტია (PES), ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) – არის ყველაზე ძლიერად წარმოდგენილი. ევროპარტიები ცალკე იურიდიული პირებია და, გარდა დაფინანსების სხვა წყაროებისა, ევროკავშირის ბიუჯეტიდანაც ფინანსდება. უნდა ითქვას, რომ ევროპარტიების როლი თანდათან იზრდება ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავებისას, ევროპარლამენტის როლის ზრდასთან ერთად.

ახლა ცოტა რამ ქართული პარტიების და ევროპარტიების ურთიერთობების შესახებ, თუ როგორ დაიწყო და ვითარდება ეს კავშირები. გაწევრიანების პროცესს წინ უძღვის ე.წ ფაქტების დასადგენი (fact finding) მისია, რომელიც აფასებს, თუ რამდენად შეესაბამება პარტიის სტრუქტურა, პროცედურები და იდეოლოგია ევროპარტიის მოთხოვნებს.  სწორედ ეს ფორმალური პროცედურები ახდენს გავლენას ქართული პარტიების შედარებით დემოკრატიზაციაზე.

პირველი ქართული პარტია, რომელიც ევროპარტიაში გაწევრიანდა (EPP-ში, დამკვირვებლის სტატუსით), იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2008 წელს. 2017 წელს კი EPP-ს მეორე პარტია –  ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის – შეუერთდა იმავე სტატუსით.

ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული პარტიები კონკურენტად აღიქვამენ სხვა ქართულ პარტიას, თუკი ის იმავე ევროპული ოჯახის წევრი გახდება. ახალმა მემარჯვენეებმა ენმ-ის გაწევრიანების შემდგომ არაერთხელ სცადეს EPP-სთან დაახლოება, თუმცა უშედეგოდ.

ევროპის სოციალისტების პარტიის (PES) წევრია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, ასევე დამკვირვებლის სტატუსით. ხოლო  ლიბერალების და დემოკრატების ალიანსში ევროპისთვის (ALDE) საქართველოდან ორი პარტიაა შესული: საქართველოს რესპუბლიკური პარტია – 2007 წლიდან და თავისუფალი დემოკრატები -2012 წლიდან. უნდა ითქვას, რომ ეს არის ერთადერთი ევროპარტია, რომელიც სრული წევრობის უფლებას ანიჭებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების პარტიებს.

ევროპარტიებში წევრობა ქართულ პარტიებს არაერთ საინტერესო შესაძლებლობას სთავაზობს, თუმცა ამ შესაძლებლობების ნაწილი კარგად ათვისებული არაა და ეს პოტენციალი თავად ქართულმა პარტიებმა უნდა განავითარონ.

მაგალითად, ქართული პარტიები მონაწილეობას იღებენ ევროპარტიის კონგრესებსა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, ასევე სემინარებსა და ტრენინგებში, რომელსაც ევროპარტია (ან მისი შესაბამისი ჯგუფები ევროპარლამენტში) ატარებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაწილეობა ევროპარტიების კონგრესებში, რომელთაც ევროპის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და მაღალი დონის პოლიტიკოსები ესწრებიან. ამგვარ ე.წ. „ნეტვორკინგში“ მონაწილეობა ქართულ პარტიებს განვითარების ახალ შესაძლებლობებს და ეროვნულ დონეზე გარკვეულ ლეგიტიმაციას ანიჭებს.

ღირს იმის განხილვა, თუ რა პრობლემები უშლის ხელს ევროპარტიებისა და ქართული პარტიების უფრო ეფექტურ თანამშრომლობას. ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ პარტიათაშორისო თანამშრომლობის მოტივაცია ევროპარტიებსა და ქართულ პარტიებს განსხვავებული აქვთ. ქართული პარტიებისათვის ზემოაღნიშნული ლეგიტიმაციის და საზოგადოების თვალში ავტორიტეტის გაზრდის გარდა, ზოგჯერ მნიშვნელოვანია დამატებითი რესურსების მოპოვება, ტექნიკური დახმარება პარტიის შესაძლებლობის გაზრდის მიმართულებით, ხოლო ოპოზიციური პარტიებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია გარკვეული დაცვის შესაძლებლობა ხელისუფლებასთან კონფლიქტის შემთხვევაში. ევროპარტიებს კი, პირველ რიგში, აინტერესებთ საკუთარი საერთაშორისო გავლენის გაზრდა და ამის შედეგად ევროპულ ასპარეზზე პოლიტიკაზე მეტი ზემოქმედების შესაძლებლობის მოპოვება.

მეორე პრობლემა უკავშირდება იმას, რომ ქართულ პარტიებს ხშირად არ გააჩნიათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული იდეოლოგია და პროგრამა და ხშირად დიდი განსხვავებაა ფორმალურ დოკუმენტებსა და რეალურ პრაქტიკებს შორის. ევროპარტიები გარკვეულ ძალისხმევას იყენებენ, რომ დაეხმარონ ქართულ პარტიებს ამ ხარვეზების გამოსასწორებლად, მაგრამ მათი გავლენა უფრო ფორმალურია.

თანამშრომლობა მრავალი ფორმატით არის შესაძლებელი, თუმცა ჯერჯერობით ზოგი მათგანი გამოიყენება. ამ ფორმატის ნაწილია ქალთა და ახალგაზრდული შესაბამისი ორგანიზაციების დაკავშირება. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაცია EPP ქალთა ორგანზიაციის წევრია, თუმცა არც ქართულ ოცნებას და არც რესპუბლიკელებს (და არც თავისუფალ დემოკრატებს) ეს შესაძლებლობა არ გამოუყენებიათ.

რაც შეეხება ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, აქ საინტერესო ტენდენცია ვლიდნება. ქართული ახალგაზრდული პოლიტიკური ორგანიზაციების ნაწილი შესაბამისი ‘ცენტრალური’ პარტიისგან დამოუკიდებლად საქმიანობს, მაგალითად, ევროპის სოციალისტების ახალგაზრდული პარტიის წევრია საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები, მაშინ, როდესაც საქართველოს სოციალისტური პარტია აღარ არსებობს და არც არსებობის დროს იყო ევროპარტიის რიგებში. საინტერესოა, რომ  ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა ამ ორგანიზაციის წევრი არ არის, თუმცა იგი გახდა ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო კავშირის დამკვირვებელი ორგანზიაცია 2016 წლიდან.

ასევე ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია ახალგაზრდა მემარჯვენეები, ხოლო თავად პარტია ახალი მემარჯვენეები EPP-ის წევრი არ გახლავთ.

და მაინც, რა შეიძლება გაკეთდეს უკეთ,  თანამშრომლობის რა ახალი ფორმების მოფიქრება არის შესაძლებელი? ვფიქრობ, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გამოიყენონ ინოვაციური  მიდგომები, რაც საჭიროებს ორი დონიდან – თბილისიდან და ბრიუსელიდან სიტუაციის გაანალიზებას. მაგალითად, აუთვისებელია პარტიული კვლევითი მიმართულება. ევროპარტიებს აქვთ თავთავიანთი კვლევითი ცენტრები, როგორიც, მაგალითად, ევროპის სახალხო პარტიას – ვილფრედ მარტენსის ცენტრი ევროპული კვლევებისათვის (WMCES). ასევე ევროპის სოციალისტების პარტიის კვლევითი ცენტრია ევროპული პროგრესული კვლევების ფონდი (FEPS). მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა პარტიებმა მონახონ თანამშრომლობის ფორმები, იქნება ეს ერთობლივი პროექტები თუ საკუთარ რიგებში მსგავსი კვლევითი ცენტრების შექმნა.

ასევე, ქართულ პარტიებს აქვთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პოლიტიკის შემუშავების პროცესში მეტი ჩართულობის შესაძლებლობა. ქართულ პარტიებს შეუძლიათ მიაღწიონ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დეკლარაციების მიღებას ისეთი პოლიტიკური სამიტების დროს, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმი, ნატოს სამიტები, ა.შ. ევროპარტიები კი ევროკავშირის საბჭოში დაიწყებენ ამ პუნქტების ადვოკატირებას.

ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქართული პარტიების ევროპარტიებთან თანამშრომლობის გაღრმავება ქართული პოლიტიკური პროექტის ერთ-ერთი მძლავრი ხელშემწყობი მექანიზმია და მე მოველი, რომ ეს პროცესი ნელ-ნელა სულ უფრო მეტ ინტესივობას შეიძენს.