ავტორი: გელა ხმალაძე

 

ბოლო წლებში საქართველოში, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, არაერთხელ გაუსვამთ ხაზი რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართული დიასპორის როლისა და მნიშვნელობისთვის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში. რუსეთში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობის შესახებ ლაპარაკს არცთუ იშვიათად აქვს პოლიტიკური სპეკულაციის სახე. განსაკუთრებით თვალშისაცემია, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენელი ყოველგვარი დასაბუთებისა და წყაროების მითითების გარეშე ასახელებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ნახევარი მილიონიდან ერთ მილიონამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს. ვფიქრობთ, ასევე პოპულიზმისა და სპეკულაციის გამოვლინებაა აქცენტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციის მიმართ საკუთარი პოლიტიკის განსაზღვრისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს იქ მცხოვრები მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორის ინტერესები.

აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის ვრცელ ტერიტორიაზე დისპრესიულად მცხოვრები ქართული დიასპორის სრულფასოვანი და ობიექტური კვლევა ადგილზე არავის ჩაუტარებია. რუსეთთან რთული პოლიტიკური ურთიერთობის გამო ასეთ შესაძლებლობას ქართული მხარეც მოკლებულია.

საინტერესოა მოკლედ მიმოვიხილოთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რა პროცესები ვითარდებოდა რუსეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორაში, რა მდგომარეობაა ახლა და, რაც ყველაზე საყურადღებოა, დღემდე როგორ აისახება საქართველოს მიმართ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული არაკეთილმოსურნე და აგრესიული პოლიტიკა ამ დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობაზე.

 

დიასპორის განმარტებისთვის

ზოგადად, დიასპორის შესახებ საუბრისას ხშირად დაისმის კითხვა, თუ რა კრიტერიუმებით განისაზღვრება უცხოეთში მცხოვრებ პირთა წრე დიასპორის კუთვნილებად. თანამედროვე ეპოქაში სახელმწიფოთაშორის საზღვრების გაზრდილმა გამჭვირვალობამ, მიგრაციულმა ნაკადებმა და, ზოგადად, ადამიანების მობილურობის ზრდამ გამოიწვია სხვადასხვა ქვეყანაში ეთნიკური ჯგუფების გაჩენა, რომელთაც როგორც ადგილსამყოფელი ქვეყნის, ისე ისტორიული სამშობლოსთვის სპეციფიკური ფუნქცია შეიძინეს. დღეს სამეცნიერო სფეროში არ არსებობს ერთიანი აზრი, თუ რა კრიტერიუმებით უნდა ხდებოდეს პიროვნების დიასპორისათვის მიკუთვნებულობის განსაზღვრა, ასევე, შეიძლება თუ არა დიასპორას მიეკუთვნებოდნენ მეორე და შემდეგი თაობების მიგრანტები, რომლებიც უკვე სრულად არიან ინტეგრირებული ადგილსამყოფელ სახელმწიფოში. შესაძლოა დავეთანხმოთ მიღებულ შეხედულებას, რომ დიასპორაში უნდა მოიაზრებოდნენ ერთიანი კულტურული იდენტობის მქონე ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ხასიათდებიან შემდეგი ძირითადი ნიშნებით:

  • წამოსულები არიან ისტორიული სამშობლოდან;
  • ინარჩუნებენ სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს ისტორიულ სამშობლოსთან;
  • ფიქრობენ, რომ ადგილსამყოფელ ქვეყანაში ვერასოდეს იქნებიან სრულფასოვნად ინტეგრირებული;
  • აქვთ მყარი რწმენა, რომ ხელსაყრელი ვითარების შექმნის შემთხვევაში, დაბრუნდებიან ისტორიულ სამშობლოში.

საქართველოს მოქმედი კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ უცხო ქვეყანაში მცხოვრებ თანამემამულედ მიიჩნევს ყველა იმ პირს, ვისაც აქვს წარმომავლობა საქართველოდან, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. ამასთან, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ უცხოეთში მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებში ერთიანდებიან და საქართველოსთან, როგორც ისტორიულ სამშობლოსთან, კავშირის შენარჩუნებას ცდილობენ ძირითადად ეთნიკურად ქართველი ანდა ქართული კულტურული იდენტობის მქონე პირები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული „დიასპორის სტრატეგიის“ თანახმად, ქართულ დიასპორებთან მიმართებით საქართველოს სახელმწიფოს მიზანია იქ მცხოვრები თანამემამულეების „ეროვნული იდენტობის და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება“, ასევე „დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანად წარმართვა“.

 

რამდენი ქართველია რუსეთში?

კონკრეტულად რუსეთის ფედერაციის შემთხვევაში საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1989 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე უკვე ცხოვრობდა 130 688 ეთნიკური ქართველი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში საქართველოში განვითარებული რთული პოლიტიკური პროცესების და ეკონომიკური პრობლემების გამო, საქართველოდან მიგრაციის ნაკადის ძირითადი მიმართულება იყო რუსეთის ფედერაცია, რაც განპირობებული იყო ძირითადად გეოგრაფიული სიახლოვით, ისტორიული ინერციითა და სავიზო ბარიერების არ არსებობით.

საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მიმართულებით გადინება მკვეთრად შეიზღუდა 2000-იანი წლების დასაწყისიდან, გარკვეული პოლიტიკური მიზეზების გამო, კერძოდ:

  • 2000 წელს რუსეთმა ცალმხრივად შემოიღო მკაცრი სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის, რამაც უკიდურესად გაართულა რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა;
  • 2006 წელს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ შემოიღო ეკონომიკური ემბარგო, აგრეთვე რუსეთის ტერიტორიაზე ეთნიკური ქართველების მიმართ ეროვნული ნიშნით განხორციელდა რეპრესიები და ისინი მასობრივად გამოაძევეს;
  • 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემოჭრა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე, საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია და მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა.

მოგვიანებით, 2010 წლის შემდგომ პერიოდში, რუსეთის ფედერაციაში ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებამ და სისტემურმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად დაუკარგა ინტერესი, რომ სტაბილური ცხოვრება და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების გზები რუსეთში ეძებნათ. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მაისში რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გაუქმებას არ გამოუწვევია რუსეთის მიმართულებით მიგრაციული ნაკადის ზრდა.

რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართველების რაოდენობის ყველაზე ობიექტური მაჩვენებელი ამ ქვეყანაში ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებია. რუსეთში ბოლო ორი აღწერის თანახმად, თუკი 2010 წელს საკუთარ ეროვნებად ქართველი რუსეთის 158 995 მცხოვრებმა მიუთითა, 2021 წლის აღწერის მონაცემებით, მათი რაოდენობა 112 765-მდე შემცირდა. ასეთი მკვეთრი შემცირების  ტენდენცია შესაძლოა ასევე მიუთითებდეს იმაზეც, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველთა უმრავლესობა მიგრანტთა მეორე-მესამე თაობის წარმომადგენლები არიან და ისინი უკვე სრულფასოვნად არიან ინტეგრირებული რუსულ საზოგადოებაში. მეტიც, დაწყებულია რუსულ ეროვნულ და ენობრივ სივრცეში მათი ასიმილაციის პროცესი.

 

ქართული დიასპორული ორგანიზაციები

ზოგადად, დიასპორული ორგანიზაციის დანიშნულებაა ადგილსამყოფელ ქვეყანაში მცხოვრები თანამემამულეების შეკავშირება მათი ენისა და კულტურის დაცვის და ისტორიულ სამშობლოსთან კონტაქტების შენარჩუნების მიზნით. თუმცა რუსეთის ფედერაციაში ქართული დიასპორული ორგანიზაციების შექმნას და ფუნქციონირებას უფრო მეტად განაპირობებდა იმ ეტაპზე საქართველო-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების ხასიათი, აგრეთვე რუსეთში არსებული პოლიტიკური ვითარება და იქ მოქმედი მმართველი რეჟიმის დამოკიდებულება საქართველოსთან.

გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციები „მოსკოვის ქართული სათვისტომო“, „ქართველთა საზოგადოება რუსეთში“, ქართული სათვისტომო „ივერია“, კულტურულ-ნაციონალური საზოგადოება „ერთობა“ თავის საქმიანობაში მხოლოდ კულტურული და სახელოვნებო ღონისძიებების ჩატარებით შემოიფარგლებოდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ საქართველოს და რუსეთს შორის იმ პერიოდში არსებული პოლიტიკური უთანხმოებებისგან დისტანცირებას.

ამ მხრივ ვითარება მკვეთრად შეიცვალა 2006 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესების შემდეგ პერიოდში. რუსეთში შეიქმნა დიასპორული ორგანიზაციები „ქართველთა კავშირი რუსეთში“ და „ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი“, რომელთა ხელმძღვანელები მიხეილ ხუბუტია და ალექსანდრე ებრალიძე რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები იყვნენ, ეს ორგანიზაციები კი მათ, რეალურად, რუსეთში საკუთარი ბიზნესის სტაბილურობისა და პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად სჭირდებოდათ. მეტიც, მ. ხუბუტია რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ წევრი იყო და არასოდეს მორიდებია ოფიციალური მოსკოვის საგარეო-პოლიტიკური გზავნილების გახმოვანებას, ხოლო ა. ებრალიძე უხეშად ცდილობდა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას და იდეურად პრორუსულ ოპოზიციურ პარტიებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასაც.

ნიშანდობლივია, რომ 2012 წლის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კოალიცია მოვიდა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში კონფრონტაციის ხარისხი შემცირდა, ხსენებულმა ორმა დიასპორულმა ორგანიზაციამ რუსეთში საერთოდ შეწყვიტა საჯარო აქტივობა, ხოლო 2015 წელს მ. ხუბუტიას „ქართველთა კავშირს რუსეთში“, რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საერთოდ გაუუქმეს რეგისტრაცია ორგანიზაციის წესდებასა და ფორმალურ საქმიანობაში რუსეთის კანონმდებლობის მოთხოვნების მრავალჯერადი დარღვევების გამო.

 

რა ვითარებაა დღეს?

უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში არც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ არ გამოუყენებია რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ფაქტორი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში. სავარაუდოდ, მოცემულ მომენტში საქართველოს ხელისუფლებაც ნათლად აცნობიერებდა დიასპორის ფაქტორის უსარგებლობას, ასევე ითვალისწინებდა იმ მომენტს, რომ რუსეთში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციები მოსკოვს ადვილად შეეძლო გამოეყენებინა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსზე გავლენის ბერკეტად.

დიასპორულ ორგანიზაციებთან მიმართებით რუსეთში ვითარება უკანასკნელ წლებში შეიცვალა. ძველი, ფუნქციადაკარგული დიასპორული ორგანიზაციების ნაცვლად, რუსეთში შეიქმნა ორგანიზაცია, სახელწოდებით „ქართველთა ნაციონალურ-კულტურული ავტონომია“, რომელიც შექმნის წესით და იურიდიული სტატუსით, ფაქტობრივად, რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და არა – დიასპორული. ამავე დროს, აღნიშნული „ავტონომიის“ ქოლგის ქვეშ თანდათან გაერთიანდნენ რუსეთის მსხვილ რეგიონულ ქალაქებში მანამდე ფორმალურად არსებული და ერთმანეთთან სუსტად კონსოლიდირებული ქართული დიასპორული ორგანიზაციები, რითაც გაადვილდა მათი შემდგომი საქმიანობის კოორდინაცია და ერთიანი მართვის ქვეშ მოქცევა.

„ქართველთა ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის“ საქმიანობის ოფიციალურად გაცხადებული მიზანია „კავშირების განმტკიცება ისტორიულ სამშობლოსთან – საქართველოსთან და რუსულ საზოგადოებაში ქართული კულტურის და ტრადიციების პოპულარიზაცია“. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ორგანიზაციის სათავეში რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის, რუსეთის მოქალაქე დავით ცეცხლაძის მოსვლის შემდეგ მათი აქტივობა აშკარად პოლიტიკურ ელფერს იძენს. დღემდე დ. ცეცხლაძის საჯარო მიმართვები არაფრით განსხვავდება საქართველოში არსებული ე. წ. პრორუსული პარტიების დღის წესრიგისგან. იგი სისტემატურად ითხოვს რუსეთის ეთნიკურად ქართველი მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივებას, ორ ქვეყანას შორის სავიზო ბარიერების მოხსნას, ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურ მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის დაწყებისკენ, რისი საბოლოო მიზანიც საქართველოს და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა უნდა გახდეს. აგრეთვე აცხადებს, რომ საქართველო არ უნდა მოექცეს დასავლეთის გავლენის ქვეშ, რათა არ გადაიქცეს ნატოს და ევროკავშირის პოლიტიკის ინსტრუმენტად რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 4 ოქტომბრის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით დავით ცეცხლაძე გახდა პრეზიდენტთან არსებული ეროვნებათაშორის ურთიერთობათა საბჭოს წევრი. ეს საბჭო რუსეთის პრეზიდენტის საკონსულტაციო ორგანოა და მისი მიზანია „რუსეთში მცხოვრებ ეროვნებებს შორის თანხმობის ხელშეწყობა“. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიჩნიოთ ქართული დიასპორის საქმიანობის რუსეთის შიდაპოლიტიკურ კონტექსტში ჩართვის მცდელობად.

ამასთან, საგულისხმოა, რომ 2024 წლის მარტში მოსკოვში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დაინიშნა რუსეთში მომუშავე ბიზნესმენი მამუკა მერკვილაძე, რომელიც მანამდე ხსენებული „ქართველთა ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო. ადრე სექციის ხელმძღვანელის პოზიციას საქართველოდან ყოველთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკადრო დიპლომატი იკავებდა. საქართველოს ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ მომავალში, სავარაუდოდ, მოსალოდნელია ქართული დიასპორის რესურსის გააქტიურება საქართველო-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში.

ამასთან, რუსეთში დღეს მოქმედი რეჟიმის სპეცსამსახურების ტოტალური კონტროლის ქვეშ, სავარაუდოდ, მოქცეულია ბიზნესის და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობაც და ამდენად, საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან მ. მერკვილაძის პიროვნების დაკავშირება თავისთავად რისკების შემცველია სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

აქვე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში გააქტიურდა მორიგი ე. წ. პრორუსული პარტია „ალიანსი მშვიდობისათვის“, რომლის დამფუძნებელი, დამფინანსებელი და საერთაშორისო მდივანი არის რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელი, რუსეთში მცხოვრები ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენი მამუკა ფიფია. საინტერესოა, რომ ამ პიროვნების აქტივობის ზრდა დროში ემთხვევა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს. ამ არჩევნებზე პრორუსული პარტიების „პატრიოტთა ალიანსის“ და „ალტ-ინფოს“ წევრებით დაკომპლექტებული საარჩევნო სუბიექტის მარცხმა, სავარაუდოდ, დღის წესრიგში დააყენა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში რუსეთზე ორიენტირებული ახალი პოლიტიკური სუბიექტის შემოყვანა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახლო მომავალში რუსეთიდან ქართული დიასპორის რესურსის ჩართულობა საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესში კიდევ უფრო გაიზრდება

 

დასკვნა 

უნდა აღვნიშნოთ, რომ, ზოგადად, ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული დიასპორის რესურსს და, შესაბამისად, დიასპორული ორგანიზაციების აქტივობას ადგილსამყოფელ ქვეყანასა და ისტორიულ სამშობლოს შორის პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებობს საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორული ურთიერთობები.

დღეს, როდესაც რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი და დარღვეული აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ამავე დროს რუსეთის რევანშისტული საგარეო ექსპანსია სტრატეგიულ წინააღმდეგობაშია საქართველოს ოფიციალურად გაცხადებულ დასავლურ საგარეო კურსთან, მუდმივად იარსებებს საფრთხე, რომ რუსეთში არსებულ ქართულ დიასპორას მოსკოვი გამოიყენებს ქართულ საზოგადოებასა და საქართველოს ხელისუფლებაზე მისთვის სასურველი ზეგავლენის მოსახდენად.

ხაზგასასმელია ის მომენტიც, რომ ავტორიტარული მმართველობის პირობებში რუსეთში ნებისმიერი საზოგადოებრივ აქტივობას, არასამთავრობო და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობასაც მკაცრად აკონტროლებს რეპრესიული რეჟიმი. მით უმეტეს, რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და, შესაბამისად, რუსეთის სახელმწიფოს წინაშე გარკვეული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები აქვს. ამიტომ ბუნებრივია ისინი ადვილად მოექცევიან ტოტალური რეჟიმის, მათ შორის სპეცსამსახურების, გავლენის ქვეშ და ქართულ დიასპორაზე ეფექტური კონტროლის ბერკეტი ყოველთვის მოსკოვის ხელში იქნება.

აქვე საინტერესოა გავიხსენოთ სომხეთის მაგალითი. როდესაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეეცადა რუსეთის გავლენები დაებალანსებინა პროდასავლური საგარეო კურსის გააქტიურებით, აგრეთვე ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის სამხედრო მარცხის გამო, მისი პოლიტიკური გუნდი მოსკოვიდან გახდა უპირველესად რუსეთში მოქმედი ყველაზე მსხვილი და გავლენიანი სომხური დიასპორული ორგანიზაციის „რუსეთის სომეხთა კავშირის“ მწვავე კრიტიკის ობიექტი. აგრეთვე, სომხეთის მოქმედ ხელისუფლებაზე  ეთნიკურად სომეხი რუსეთის მოქალაქე მედიაპროპაგანდისტების რუსეთიდან თავდასხმებმა პერმანენტული და ორკესტრირებული ხასიათი მიიღო.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთთან წინააღმდეგობებით სავსე და არაპროგნოზირებადი ურთიერთობის გამო რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორის აქტივობა მომავალშიც დარჩება საქართველოს სახელმწიფოსთვის პოლიტიკური რისკების შემცველი.