თეონა ლავრელაშვილი, ბელგიის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი, „ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი

 

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ, საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მოლდოვასა და უკრაინას. ეს იყო ერთგვარი შეხსენება, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა მარტივი ნამდვილად არ იქნებოდა. თუმცა, მართალია, ივნისში საქართველოს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებები ოფიციალურ გადაწყვეტილებაში შეუმჩნეველი დარჩა, წყლის ჭავლთან მდგარი ქართველი ქალის სურათმა მთელი მსოფლიო მოიარა. უფრო მეტიც, ეს ფოტო, რომელზეც ქალი „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ევროკავშირის დროშას შემართებით აფრიალებს, საქართველოს ევროპული მომავლის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

ქართული და ევროკავშირის დროშების შთამბეჭდავი ფრიალით მსოფლიომ ირწმუნა, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა ევროპული ღირებულებებისათვის სათანადოდ უნდა დაფასდეს. მართალია, საპროტესტო აქციას ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით უპასუხა, მაგრამ ხალხის ძალამ და საერთაშორისო ზეწოლამ აიძულა საქართველოს ხელისუფლება, შეეცვალა გზა. მმართველმა პარტიამ ქუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის უმალვე უკან გაწვევა გადაწყვიტა.

აღნიშნული კანონპროექტის მიღებით საქართველოს დემოკრატია დიდი ნაბიჯით დაიხევდა უკან. წინააღმდეგობრივი კანონპროექტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, მოუწევდათ თავი უცხოურ აგენტებად გამოეცხადებინათ. მიღების შემთხვევაში, ეს კანონი უდავოდ შეზღუდავდა პრესის თავისუფლებას და ჩაახშობდა კიდეც სამოქალაქო საზოგადოების ხმას.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა – ჯოზეფ ბორელმა –  მმართველი პარტიის ეს განზრახვა შეაფასა, როგორც „შეუთავსებელი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან“.  ბორელმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმასაც, რომ ეს ნაბიჯი „ეწინააღმდეგება საქართველოს განცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა“. უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში და კომისიის ვიცე-პრეზიდენტი არ მოერიდა ეთქვა, რომ კანონპროექტის საბოლოო მიღებას „სერიოზული შედეგები“ მოჰყვებოდა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის. ეს შედეგები შესაძლოა მართლაც მძიმე ყოფილიყო – მაგალითად, სავარაუდოა, რომ ევროკავშირი ცალსახად ეტყოდა უარს საქართველოს კანდიდატის სტატუსზე (ევროკავშირი ამ საკითხს 2023 წლის ოქტომბერს ევროკომისიის გაფართოების პაკეტში განიხილავს), ან შეწყვეტდა ფინანსური დახმარების დიდ ნაწილს, ან შეაჩერებდა „ჰორიზონტის“ პროექტებში საქართველოს მონაწილეობას, ასევე, მოვლენების განვითარების მიხედვით, მოსალოდნელი იყო, რომ გაბათილებულიყო საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, რომელიც ქვეყანას 2022 წლის ივნისში მიენიჭა.

ბორელი მიესალმა კანონპროექტის უკან გატანას. მის ტვიტერზე ვკითხულობთ:  „განცხადება გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ კარგის ნიშანია. ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯები უნდა გადაიდგას“.

აღსანიშნავია, რომ სახალხო რეაქციამ კანონპროექტის ირგვლივ  გამოკვეთა ევროკავშირის რბილი ძალის მნიშვნელობა საქართველოში. მიუხედავად ევროკავშირში წევრობის პერსპექტივების არარსებობისა, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. საქართველოს ეს საგარეო კურსი დაცულია ქვეყნის კონსტიტუციით.  ამ კურსის გადახვევის საფრთხის საპასუხოდ კი თბილისის ქუჩები ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.

რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, რომ საქართველოს ევროპული კურსი არ დადგეს საფრთხის წინაშე?

პირველ რიგში, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს რიტორიკა, რომ პირობითობის პრინციპი სამოქალაქო სექტორისა და მედიის თავისუფლების შენარჩუნების მიზნით სისტემური იქნება.

მეორე, მკაფიოდ უნდა ახსნას კანონპროექტის მოდელის შეუსაბამობა ევროკავშირის წევრობის პრინციპებთან. მსგავსი კანონმდებლობა მიიღეს რუსეთში 2012 წელს და გამოიყენეს უფლებადამცველების და კრიტიკული საინფორმაციო ორგანიზაციების შესავიწროებლად. ბოლო თვეებში ყირგიზეთის და ყაზახეთის კანონმდებლებმა, დიდი ალბათობით რუსული პროტოტიპის გავლენით, მსგავსი კანონის შემოტანა მოისურვეს, რომელიც მთავრობას ახალ უფლებამოსილებას ანიჭებს – უფლება დახუროს მედიასაშუალებები.

მესამე, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თავისი პოლიტიკური, დიპლომატიური და არაფორმალური არხები, რათა ხელი შეუწყოს დიალოგის პროცესს პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტორებს შორისასევე ევროკავშირმა უნდა გადახედოს და გააუმჯობესოს დემოკრატიის მხარდაჭერის მეთოდები საქართველოში.

კანონპროექტი ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში გამოქვეყნებული თორმეტი ძირითადი რეკომენდაციიდან, სულ მცირე, ორს უთხრის ძირს. ერთი, რომ მკვეთრად ასუსტებს საქართველოს ძალისხმევას შეიქმნას თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემო. მეორე – კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველომ სწრაფად გააძლიეროს მოწყვლად ჯგუფებს მიკუთვნებული ადამიანის უფლებების დაცვა, აღნიშნული კანონპროექტი კი სრულიად საპირისპიროდ იმოქმედებდა ბევრი მათგანისთვის „უცხო აგენტის“ იარლიყის მინიჭებით.

უნდა აღინიშნოს ისიც, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მოპყრობის საკითხი რჩება საქართველოს მთავრობის ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების ლაკმუსის ტესტად, როგორც ეს ევროპარლამენტმა ხაზგასმით აღნიშნა. საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ბ-ნი სააკაშვილის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, გაუწიოს მას ადეკვატური სამედიცინო დახმარება და პატივი სცეს მის ფუნდამენტურ უფლებებსა და პიროვნულ ღირსებას, ქვეყნის კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

საქართველო შედარებით ახალგაზრდა დემოკრატიაა. აქ 2012 ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდა. მშვიდობიანი ტენდენციები და დემოკრატიის განვითარება საქართველოს პროგრესისთვის გადამწყვეტია. სამწუხაროდ, მმართველი პარტიის  ბოლოდროინდელ ქმედებებს შეეძლო ქვეყანა აღმოსავლეთის სამეზობლოს „ვარდიდან“  ეკლიან მცენარედ ექცია. ახლა არის გადამწყვეტი დრო, რომ ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს, ახალგაზრდობასა და სამოქალაქო აქტორებს განახლებული ძალისხმევითა და გზებით, რათა ქვეყანას ევროკავშირში წევრობის ოცნება ღამის კოშმარად არ ექცეს.