2017 წლის 27 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ორგანიზებით პროექტის „ექსპერტები რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზაციის გზების ძიებაში“ ფარგლებში გაიმართა ქართველი და რუსი ექსპერტების სამუშაო შეხვედრა და დისკუსია.
სამუშაო შეხვედრაზე პროექტის მონაწილეებმა განიხილეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებული ფართო სპექტრის საკითხები, როგორიცაა: საქართველოს წინსვლა ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმართულებით, მცოცავი ოკუპაცია სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფება, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, რუსეთში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება და სხვა რეგიონული თუ გლობალური მნიშვნელობის საკითხები, რაც აისახება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე.
ამავე დღეს,აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა „საქართველო და რუსეთი: ურთიერთობის სტატუსი, პრობლემები, სამომავლო პერსპექტივა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 25-ზე მეტმა ექსპერტმა და საჯარო მოხელემ.
დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ია თიკანაძემ და რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა.
დისკუსიის სხდომები მოიცავდა საქართველო-რუსეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს: ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს, რეგიონული და გლობალური საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს, ასევე კონფლიქტებს და რეგიონულ სტაბილურობას.
პროექტის მიზანია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებისთვის ალტერნატიული არხის გახსნა და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში წვლილის შეტანა, ასევე – მხარეებს შორის არსებული ურთიერთობის ფორმატის განვითარება.
პროექტს ახორციელებს რონდელის ფონდი ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით.