2013 წლის 19-21 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა პროექტის – ”ექსპერტები რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზაციის გზების ძიებაში” – ფარგლებში რუსი და ქართველი ექსპერტების სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.
ბრიტანეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებისთვის ალტერნატიული არხის გახსნა და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა. პროექტის შედეგად ორივე ქვეყანაში შეიქმნება ნდობაზე ორიენტირებული ექსპერტების ჯგუფები.
შეხვედრის პირველი დღე მოიცავდა დისკუსიებს ორმხრივი ურთიერთობების შემდეგ საკითხებზე: ორივე ქვეყანაში მიმდინარე მთავარი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენები და მათი გავლენა არსებულ ურთიერთობებზე, სოჭის ოლიმპიური თამაშები, ვითარება ჩრდილოეთ კავკასიაში და ა.შ. საერთშორისო კონტექსტის საკითხებიდან განხილულ იქნა შემდეგი თემები: აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი ვილნიუსში, საქართველოს პერსპექტივები, რუსული მოლოდინი და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებზე გავლენა, ასევე სირიის კრიზისი, რუსეთი და დასავლეთი, კრიზისიდან გამოსვლის მოსალოდნელი შედეგები. შეხვედრის ბოლო სესია დაეთმო რეგიონული საკითხების განხილვას: თურქეთი და ირანი, აზერბაიჯანი და სომხეთი, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საკითხები.
შეხვედრას ესწრებოდა თექვსმეტი ექსპერტი რუსეთიდან და საქართველოდან, ასევე საქართველოს პრემიერი-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ბატონი ზურაბ აბაშიძე.
სამუშაო შეხვედრის მეორე დღე ძირითადად პროექტის მონაწილეების მიერ შემუშავებული ნაშრომების განხილვას დაეთმო. შეხვედრის ბოლოს გაიმართა აქტიური დისკუსია.
შეხვედრას თავმჯდომარეობდნენ კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, და ანდრეი რიაბოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთნ არსებული მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (IMEMO).