დავით შატაკიშვილი, კონტრიბუტორი ანალიტიკოსი, ამერიკული უნივერსიტეტი, ვაშინგტონი

 

2022 წლის ბოლოდან მოსკოვში აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. თბილისსა და მოსკოვს შორის ავიამიმოსვლა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შეჩერდა – როდესაც დიდი სახალხო მღელვარება მოჰყვა თბილისში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასა და სესიის რუსულ ენაზე ჩატარებას. იმავე წლის 8 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა. მას შემდეგ რუსული მხარე თითქმის ყოველ წელს აცხადებს გარკვეულ „პირობებს“ ფრენების აღსადგენად, რაც, მათი განცხადებით, ეხებოდა საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაციას, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტასა და რუსეთის მოქალაქეებისთვის მოსალოდნელი ნებისმიერი საფრთხის პრევენციას. 2023 წლის 18 იანვარს კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა განცხადება და საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების იმედი გამოთქვა. მას არც 2019 წლის მოვლენების მთავარი ფიგურანტი – სერგეი გავრილოვი ჩამორჩენია და ფრენების აღდგენასთან ერთად, დიპლომატიური ურთიერთობების მოგვარების სურვილიც გამოთქვა. მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ არის შეწყვეტილი. მოსკოვის ამჟამინდელ განცხადებებს თბილისში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, როგორც სახელისუფლებო, ისე საექსპერტო და ბიზნესსექტორის მხრიდან. ქვემოთ განვიხილავთ სანქციების პირობებში რა ვითარებაშია რუსული ავიაინდუსტრია, რამდენად რეალისტურია ფრენების აღდგენა და რა პოტენციური შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ეს საქართველოსთვის.

 

სანქციები და მისი გავლენა რუსულ ავიაინდუსტრიაზე

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი დასავლური სამყაროსგან პრაქტიკულად იზოლირებული აღმოჩნდა – ევროკავშირის  სანქციების ცხრა პაკეტი, შეზღუდვა საწარმოო და ტექნიკურ კომპონენტებზე, მილიარდობით დოლარის გაყინული რეზერვი, ქვეყნიდან გასული საერთაშორისო კომპანიები, იზოლირება საერთაშორისო ბანკთაშორისი გადარიცხვების სისტემიდან, შემცირებული ენერგეტიკული რესურსების ექსპორტი და, შესაბამისად, ნაკლები პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენა ევროპაზე, ჩაკეტილი საჰაერო სივრცე, პერსონალური სანქციები და სხვა იმ შეზღუდვების არასრული ჩამონათვალია, რომელთა დაწესებითაც დასავლურმა ცივილიზებულმა სამყარომ უპრეცედენტო მასშტაბის ერთიანობა აჩვენა. ცხადია, სანქციების შედეგები უკვე აისახა და გასულ წელს რუსეთის საბიუჯეტო დეფიციტმა 47 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც უმეტესად ენერგეტიკული შემოსავლების კლებითა და უკრაინაში ომის საწარმოებლად გაზრდილი დანახარჯებით არის განპირობებული.

დასავლურ სანქციებს არც რუსული ავიაინდუსტრია დაუტოვებია ყურადღების მიღმა. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ასევე აშშ-მ, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის დაკეტეს საჰაერო სივრცე. გარდა ამისა, ისეთმა საავიაციო გიგანტებმა, როგორებიცაა Boeing და Airbus, შეწყვიტეს რუსული ავიაკომპანიების მფლობელობაში არსებული საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება და სათადარიგო ნაწილების მიწოდება. შესაბამისი შედეგებიც უკვე ხელშესახებია. მაგალითად, მიმდინარე წლის 9 იანვარს რუსული ავიაკომპანია „S7“-ის მფლობელობაში არსებული A320 ტიპის ხომალდი მიფრინავდა რუსეთის ქალაქ ბრატსკიდან მოსკოვის მიმართულებით, თუმცა ტექნიკური პრობლემის გამო მოუწია ქალაქ ყაზანში გაუთვალისწინებელი დაშვება. ასევე, 5 იანვარს რუსული ავიაკომპანია „Red Wings“-ის ხომალდს, რომელიც ყაზანიდან ეკატერინბურგისკენ მიფრინავდა, მოუწია გაფრენის აეროპორტში მიბრუნება, რადგან მწყობრიდან გამოვიდა დამშვები ბორბლების სისტემა. მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ორ კვირაში დაფიქსირდა, სულ მცირე, 7 შემთხვევა, როდესაც ფრენების განხორციელებას ტექნიკური პრობლემა შეექმნა. გარდა ამისა, ორიოდე თვით ადრე რუსეთის პრიმორიეს მხარის ტრანსპორტის მაღალჩინოსანმა წერილი გაუგზავნა რუსეთის შორეული აღმოსავლეთისა და არქტიკის განვითარების სამინისტროს, სადაც წერდა, რომ მათ სჭირდებათ ახალი სამგზავრო თვითმფრინავები, რადგან არსებული საჰაერო ხომალდები მომდევნო წლიდან ვეღარ შეძლებდნენ ოპერირებას. გასულ წელს, სულ  მცირე, 9 რუსულმა ავიაკომპანიამ სრულად შეწყვიტა ფუნქციონირება. ექსპერტების ცნობით, რუსულმა ავიაკომპანიებმა „კანიბალიზაციის“ გზასაც მიმართეს და სხვადასხვა თვითმფრინავს შლიან ფუნქციური ნაწილების ამოსაღებად და სხვა ხომალდებში გამოსაყენებლად. გასული წლის ნოემბერში გავრცელდა ცნობა, რომ კომპანია „აეროფლოტმა“ 25 თვითმფრინავი დაშალა 18 ხომალდში სათადარიგო ნაწილების გამოსაყენებლად. დეკემბერში კი რუსეთის მთავრობამ „კანიბალიზაცია“ ლეგალურ საქმიანობად დაამტკიცა. ამავე პერიოდში ყველაზე დიდ საავიაციო ტელეგრამარხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მფლობელობაში არსებულმა თვითმფრინავების ძრავების კომპანიამ გასცა რეკომენდაცია, რომ „SuperJet 100“ ტიპის თვითმფრინავების  საწვავის გაბიდნული  ფილტრები, ნაცვლად შეცვლისა, გაეწმინდათ. ამ მცირე ზომის რეგიონულ ხომალდებს აწარმოებს ასევე რუსული სახელმწიფო კომპანია “Sukhoi”, რომელსაც 2008 წლის შემდეგ უდიდესი კრიზისი აქვს.

 

ფრენების აღდგენის პოტენციური შედეგები საქართველოსთვის

უახლესი ისტორიისთვის თვალის გადავლება საკმარისია რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გამოსატანად. უპირველეს ყოვლისა, კრემლის მხრიდან 2006 წლის იანვარში დაწყებული საქართველოს ეკონომიკური ბლოკადა ოქტომბერში საავიაციო სფეროსაც შეეხო, რამაც, თავის მხრივ, ქართული კომპანიები უდიდესი ფინანსური დანაკარგებისა და რისკების წინაშე დააყენა. 2019 წლის ივნისის მოვლენების შედეგად მოსკოვის მხრიდან შეწყვეტილი ავიამიმოსვლის შემდეგ იყო გარკვეული შიში, რომ რუსეთზე საქართველოს ტურიზმის მაღალი დამოკიდებულების გამო რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა შემოსავლების გარეშე არ დარჩენილიყო. ამავე პერიოდში საქართველოში დაიწყო კამპანია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო ვიზიტორებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებდა. შეიძლება ითქვას, რომ 2019  წლის 8 ივლისს სრულად შეწყვეტილ ავიამიმოსვლას ხელშესახები შედეგები ტურიზმის მხრივ არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, თუ რიცხვებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ 2019 წელს საქართველომ შემომავალი ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობა მიიღო, რამაც 9.4 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, საიდანაც 1.4 მილიონი რუსეთის მოქალაქე იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის მაჩვენებელი რუსეთიდან შემომავალი ტურისტების რეკორდული რაოდენობაა. ამგვარად, ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ შეჩერებული ავიამიმოსვლა ტურიზმის მხრივ საქართველოსთვის არ იწვევს ეკონომიკურ სირთულეებს. სასიხარულოა ტენდენცია, რომ ქვეყანა სულ უფრო პოპულარული ხდება ევროპელი და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისთვის, რაც ვიზიტორების დივერსიფიცირებაზე ახდენს დადებით გავლენას.

ამ თვალსაზრისით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია დასავლური სანქციები. ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს, რომ შესაძლოა რუსეთმა მოინდომოს სანქციების გვერდის ავლა, ევროგაერთიანების სასანქციო რეჟიმი კი განიხილავს შესაბამის ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს შეზღუდვების გვერდის ავლაში დაეხმარება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, რომ ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან. რუსული ავიაკომპანიების დიდი ნაწილი იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლსაც ექვემდებარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სამოქალაქო უსაფრთხოების ფაქტორიც. „გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO)“ უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს რუსული ავიახომალდების ტექნიკური მდგომარეობის გამო და მოუწოდებს საქართველოს, არ დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავები საკუთარ ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველო 2014 წლიდან არის „ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის“ წევრი და მოვალეა შეასრულოს საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

სანქციების თვალსაზრისით საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი. შეზღუდვების მიუხედავად, საქართველოს მეზობელი ქვეყნები განაგრძობენ რუსული ავიაკომპანიების მიღებას, თუმცა ამ დრომდე მათ წინააღმდეგ არანაირი ზომები არ გატარებულა. მაგალითად, თურქეთი არც დასავლურ სანქციებს შეერთებია, მაგრამ აქტიურად უჭერს მხარს  უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ჩართულია მისთვის შეიარაღებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების საქმეში – სწორედ ამით აიხსნება მის მიმართ ლოიალობა. რაც შეეხება  აზერბაიჯანს, აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი ენერგორესურსები და გაზრდილი მიწოდება ევროპაში. მიმდინარე წლის დასაწყისში ვაშინგტონმა მკაცრად გააფრთხილა თურქული მხარე, რომ შეეწყვიტათ რუსეთიდან და ბელარუსიდან მომავალი თვითმფრინავების მომსახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდებოდა შესაბამისი სასანქციო ზომები. ამგვარად, თურქეთის ყველაზე დიდმა თვითმფრინავების სერვისკომპანია Havas-მა წერილი გაუგზავნა რუსულ და ბელარუსულ კომპანიებს, სადაც იყო გაფრთხილება, რომ მათ სანქციების გამო შესაძლოა შეეწყვიტათ მომსახურება ამერიკული Boeing-ისა და ევროპული Airbus-ის მიერ წარმოებული ავიახომალდებისთვის, რაც რუსული ავიახაზების საკუთრებაში არსებულ 170 საჰაერო ხომალდს. რუსული მხარის ცნობებით კი, ანკარის ეს გადაწყვეტილება გაზრდის ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის ფასებს.

ამრიგად, რუსეთის წინადადება საქართველოსთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით  შეიძლება ერთი მხრივ აღვიქვათ, როგორც სურვილი, რომ იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი რუსულ ავიაკომპანიებს შეუჩერებს ტექნიკურ მომსახურებას, საქართველო განიხილებოდეს, როგორც ალტერნატიული ადგილი, სადაც რუსული კომპანიები მიიღებენ ტექნიკურ მომსახურებას, ხოლო, მეორე მხრივ, რომ რუსეთის მოქალაქეები შეძლებენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილთან დაკავშირებას.

 

***

აღსანიშნავია, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას საქართველოსთვის ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგები ექნება, რაც სტრატეგიულ ქვეყნებთან ურთიერთობაზეც იმოქმედებს. რუსეთის ამ გადაწყვეტილების მიღმა ექსპერტები უფრო მეტად პოლიტიკურ მიზნებს ხედავენ, ვიდრე კომერციულს ან ტექნიკურს. მოკლევადიანი პოლიტიკური დივიდენდების მიღების მიზნით საქართველოსთვის გრძელვადიანი სტრატეგიული ურთიერთობების დაზიანება არაგონივრული ნაბიჯი იქნება. იმ ფონზე, როდესაც მეგობარი სახელმწიფოები ცდილობენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და უსაფრთხოების პირობების შექმნას, ფრენების აღდგენა და მობილიზაციას გამოქცეული ადამიანების უფრო მეტად უკონტროლო შემოდინება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას კიდევ უფრო დიდი რისკების წინაშე დააყენებს. როგორც ჩანს, ამერიკული მხარე მიმდინარე წლიდან უფრო მეტად აპირებს სანქციების აღსრულების კონტროლის გამკაცრებას და, შესაბამისად, ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, ქვეყანაში სანქციების რისკებსაც გაზრდის. ფრენების აღდგენა ასევე საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რადგან გადაწყვეტილება დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობების გაუარესებას შეუწყობს ხელს, მით უმეტეს, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მოლოდინშია. მოსკოვის რეჟიმის სანქციების ფონზე, საქართველოში მკვეთრად გაიზარდა რუსეთიდან შემომავალი ადამიანებისა და ფინანსური ნაკადების რაოდენობა და მათ მიერ კონტროლირებადი ბიზნესებისა თუ უძრავი ქონების რიცხვი. პირდაპირი ავიამიმოსვლა, დიდი ალბათობით, გაზრდის საქართველოში შემომავალი მიგრანტების რაოდენობას და, შესაბამისად, მათ კომერციულ საქმიანობას, რაც ქვეყნის ეკონომიკას უფრო მეტად გახდის რუსეთზე დამოკიდებულს და მას საქართველოზე ზემოქმედების პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბერკეტებს ჩაუგდებს ხელში. სამომავლოდ, მსგავსი იმპულსური ნაბიჯები კრემლის მხრიდან, თუნდაც რაც 2006 და 2019 წლებში მოხდა, საქართველო ეკონომიკას უდიდეს დარტყმას მიაყენებს. ამგვარად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება, რომ „მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს – ახლა რუსეთთან ჩართულობის დრო არ არის“, ზუსტად გამოხატავს კოლექტიური დასავლეთის აზრს და რაც მთავარია, საქართველოსთვისაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას ბედნიერ მომავალს არ უქადის.