დომინანტური ეკონომიკური თეორიის მიმართ მრავალი კითხვა ისმის, რომლებიც ძირითადად უკავშირდება უმუშევრობას, მკვეთრ უთანასწორობასა და არასტაბილურობას. საინტერესოა ეკონომიკური გამოწვევების გააზრება ფიზიკის კანონების შინაარსობრივი პოსტულატებით. მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის შემდეგ ფიზიკა ორად გაიყო: კლასიკურ და კვანტურ მექანიკად. კვანტური ფიზიკისათვის დამახასიათებელია: გადაჯაჭვულობა, სუპერპოზიცია, ვირტუალურობა, დუალურობა და განუზღვრელობა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თეორიებიც ეხმიანება კლასიკური და კვანტური ფიზიკის თავისებურებებს. მაგალითად ფულის რაოდენობრივი თეორია, რომელიც ინფლაციის გამომწვევ მთავარ მიზეზად ეკონომიკაში ფულის მასის ჭარბ მიწოდებას გულისხმობს, უგულებელყოფს ფულის დუალურ ბუნებას და ფულს განიხილავს, როგორც ნეიტრალურს. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კვანტური ბუნება ჩანს შემდეგ ეკონომიკურ საკითხებშიც: მიწოდება ქმნის შესაბამის მოთხოვნას, თუ მოთხოვნა ქმნის მიწოდებას? ღირებულების ცნება ობიექტურია თუ სუბიექტური? დანაზოგები ქმნის ინვესტიციებს თუ ინვესტიციები დანაზოგებს? და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა სოციალური მეცნიერებაა, ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების ფიზიკის თავისებურებების თვალსაზრისით გააზრება საინტერესო დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. მოდერატორი: ვლადიმერ პაპავა, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი. მომხსენებელი: გივი მაკალათია, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი.