ლეილა ჩხეტიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ საერთაშორისო სისტემაში ფუნდამენტური პოლიტიკური ძვრები გამოიწვია, მათ შორის, ბზარი გაჩნდა პოლონეთისა და უნგრეთის ხანგრძლივ თანამშრომლობაშიც.

ორი ქვეყნის მეგობრობას მყარი ისტორიული საფუძველი აქვს. საერთო საბჭოური ზეწოლისგან გათავისუფლების შემდეგ ორივე მათგანი ინტეგრირდა ევროკავშირსა და ნატოში. ისტორიული სიახლოვის გარდა, ისინი პოლიტიკური მოკავშირეებიც არიან და მემარჯვენე-პოპულისტური იდეოლოგიითაც უახლოვდებიან ერთმანეთს. უნგრეთში „ფიდეშის“ და პოლონეთში „კანონის და სამართლიანობის პარტიის“ მოსვლის შემდეგ დაიწყო დემოკრატიული უკუსვლა. პოლონეთში ინტენსიურად იზღუდება სასამართლოს დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლება. უნგრეთში კი კორუფციის მაღალ დონესთან ერთად სუსტდება კანონის უზენაესობა და ირღვევა უმცირესობათა უფლებები, იმდენად რომ ტერმინი „ორბანიზაცია“ თანდათან ავტორიტარიზმის სინონიმის მნიშვნელობასაც იძენს.

ამ ქვეყნებში ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების რღვევა კავშირს გამოწვევის წინაშე აყენებს. იმის ფონზე, რომ „ცენტრალური ევროპის არალიბერალური დუეტი“ განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუტების დაკნინებას და ამავე დროს იღებს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას, ეჭვქვეშ დგება ევროკავშირის სანდოობა. გარდა ღირებულებითი ფაქტორისა, პოლონეთისა და უნგრეთის მოკავშირეობამ ორგანიზაცია არაერთხელ დააყენა ხელშესახები გამოწვევების წინაშე. მაგალითად, კოვიდ-პანდემიისას შემუშავებულ ევროპის აღდგენის გეგმას“, რომელიც კანონის უზენაესობაზე იყო ორიენტირებული, უნგრეთისა და პოლონეთის წარმომადგენლებმა ვეტო დაადეს. კანონის უზენაესობის დაცვის ერთ-ერთი ბერკეტია ევროკავშირის ხელშეკრულების VII მუხლი, რომელიც სახელმწიფოებისთვის კონკრეტული უფლებების ჩამორთმევას გულისხმობს და მისი ამოქმედებისთვის აუცილებელია წევრთა სრული თანხმობა. 2017 წელს ამ მუხლის პოლონეთის წინააღმდეგ ამოქმედებას ხელი შეუშალა უნგრეთმა, მომდევნო წელს კი თავად უნგრეთი იმავე გზით პოლონეთმა გადაარჩინა. სახელმწიფოთა შეთანხმებული მხარდაჭერა ხელს უშლის VII მუხლის ამოქმედებას და ახალისებს დაუსჯელობის სინდრომს კავშირში.

მრავალ საკითხში თანამშრომლობის მიუხედავად, მოკავშირეებს რუსეთთან დამოკიდებულება ყოველთვის განასხვავებდათ. პოლონეთი რუსეთისადმი განსაკუთრებით ხისტი დამოკიდებულებით გამოირჩევა და ომის დაწყებამდეც ცდილობდა ევროპის ყურადღება კრემლისკენ მიეპყრო. უნგრეთი კი რუსეთისადმი ყოველთვის ლოიალური მიდგომით გამოირჩეოდა. ბოლო წლებში აქტუალური გახდა უნგრეთის „აღმოსავლეთის გახსნის პოლიტიკა“, რაც გულისხმობს არადასავლურ სახელმწიფოებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, განსაკუთრებით კი, რუსეთთან და ჩინეთთან.  მეტიც, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ინსპირირებულიც კია პუტინის არალიბერალური ავტორიტარული მმართველობით.

ომის პერიოდში პოლონეთი უკრაინის მნიშვნელოვან მხარდამჭერად იქცა. უმაღლესი პირები რამდენჯერმე ესტუმრნენ კიევს და საკუთარი მხარდაჭერა დაუდასტურეს. ასევე, პოლონური მხარე შეიარაღებას აწვდის უკრაინას და თავშესაფარს აძლევს რამდენიმე მილიონ მიგრანტს. უნგრეთის ხელისუფლებამ კი, თუმცაღა თავდაპირველად გააკრიტიკა რუსული აგრესია, შეუერთდა მის წინააღმდეგ დაწესებულ გარკვეულ სანქციებს და მიიღო ათასობით უკრაინელი მიგრანტი, უარი თქვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებასა და შეიარაღების საკუთარ ტერიტორიაზე გატარებაზე. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოებს შორის გარკვეული კონფრონტაცია დაიწყო, უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინა დაადანაშაულა იქ მცხოვრები უნგრული უმცირესობის შევიწროებაში. ომისას სამთავრობო მედიებმა ზელენსკი ჰიტლერს შეადარეს, ხოლო ორბანმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ზელენსკი თავის ოპონენტად მოიხსენია.

ომამდე „ფიდეში“ ცდილობდა შუალედური პოზიცია შეენარჩუნებინა ევროკავშირსა და რუსეთს შორის, თუმცა უკრაინის ომის შემდეგ ასეთი პოზიციის შენარჩუნება რთული აღმოჩნდა. უნგრეთს არ სურს ევროკავშირთან კავშირების საბოლოო გაწყვეტა, სწორედ ამიტომ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ამავე დროს უნგრეთი უარს ამბობს უკრაინის დახმარებაზე. იმის ფონზე, რომ დასავლური სამყარო ერთხმად გმობს რუსულ აგრესიას, უნგრეთის პოლიტიკა აღიქმება არა დიპლომატიურ მანევრირებად, არამედ რუსეთის მხარდაჭერად.

უნგრეთი ერთადერთია ევროკავშირში, რომელმაც რუსული გაზის რუბლებში შესყიდვაზე უარი არ განაცხადა, რადგან ასეთ შემთხვევაში „უნგრელ ხალხს ომის საფასურის გადახდა მოუწევდა“. უნგრეთი დიდწილად დამოკიდებულია რუსულ ენერგორესურსებზე, იმპორტირებული გაზის 80% სწორედ რუსეთზე მოდის. კრემლზე ენერგოდამოკიდებულება განსაკუთრებით გაიზარდა „ფიდეშის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რისი დასტურიცაა რუსეთის მიერ დაფინანსებული პაკსის ატომური ენერგოსადგური და “გაზპრომთან” განახლებული 15-წლიანი კონტრაქტი. უნგრეთისგან განსხვავებით, პოლონეთი მაქსიმალურად ცდილობს ენერგომრავალფეროვნების გაზრდას. რუბლში არგადახდის საფუძველზე  „გაზპრომის“ მიერ ბუნებრივი აირის შეწყვეტის გამო პოლონეთი ენერგიის ალტერნატიულ გზებს ეძებს, ამასთან პოლონეთმა უარი თქვა რუსული ქვანახშირის შესყიდვაზეც.

რუსეთისადმი დამოკიდებულებებს შორის სხვაობა კონფლიქტამდეც ნათელი იყო, თუმცა ომის პერიოდში „ფიდეშის“ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა და პრორუსულმა განცხადებებმა უნგრეთის პოლონეთისგან გაუცხოება გამოიწვია. პოლონეთის ხელისუფლების უმაღლესი პირები უარყოფითად აფასებენ უნგრეთის პოზიციას. მმართველი პარტიის ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ გააკრიტიკა უნგრეთის ხელისუფლება და აღნიშნა, რომ თუ ორბანი ვერ ამჩნევს რუსულ დანაშაულებს უკრაინაში, მას თვალის ექიმი ესაჭიროება. ამასთან, პოლონეთისა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრებმა უარი განაცხადეს უნგრეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვიშეგრადის სამიტის ფარგლებში. კაჩინსკის თქმით, „თუ [უნგრეთის პრორუსული პოლიტიკა] გაგრძელდება, ჩვენ ისე ვეღარ ვითანამშრომლებთ, როგორც ადრე“. ვინაიდან „ფიდეშმა“ საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და ორბანმაც საარჩევნო სიტყვაში ზელენსკი ოპონენტად მოიხსენია, ნაკლებად სავარაუდოა რუსეთის მიმართ რიტორიკის ცვლილება.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ორი ქვეყნის თანამშრომლობა ხშირად ხელს უშლიდა კავშირში ლიბერალური ინიციატივების განხორციელებას და ახალისებდა დაუსჯელობის განცდას. შესაბამისად, დუეტში განხეთქილება შეუმჩნეველი არ დარჩენილა ევროკავშირისათვის და შეიძლება ითქვას, რომ ეს უკანასკნელი სასიკეთოდ იყენებს ამ შემთხვევას.

შეინიშნება, რომ პოლონეთი, რომელიც აქამდე დემოკრატიის დასუსტების გამო კრიტიკის საგანი იყო, ომის შემდეგ იქცა ევროპის ძლიერ ფიგურად. ევროკავშირი ცდილობს პოლონეთი მაქსიმალურად დაიახლოოს, ხოლო უნგრეთი გარიყოს. ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს პოლონეთის დახმარებას უკრაინისათვის და მის როლს ევროპის უსაფრთხოებაში. ევროკომისიის წევრის ელისა ფერეირას თქმით, „ჩვენ ყველა დიდი პატივისცემით ვუყურებთ იმას, რაც ხდება პოლონეთში“. გარდა სიტყვიერი მხარდაჭერისა, ევროკომისია პოლონეთს ფინანსურ დახმარებას შეჰპირდა მიგრანტების თავშესაფრისა და საკვებისთვის. მეორე მხრივ, ევროკავშირი აძლიერებს წნეხს უნგრეთზე და მის დემოკრატიულ პრობლემებზე მიუთითებს. არჩევნებში ორბანის გამარჯვების შემდეგ ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შეუწყვეტს უნგრეთს ფინანსურ დახმარებას კანონის უზენაესობის მძიმე მდგომარეობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული რღვევა პოლონეთშიც უნგრეთის მსგავსად შესამჩნევია, პოლონეთის პრინციპულობა ევროკავშირს აიძულებს თვალი დახუჭოს მასზე, დროებით მაინც. ამასთან პოლონეთის, როგორც უკრაინის მნიშვნელოვანი მხარდამჭერის, რაიმე ფორმით დასჯა ან გაკრიტიკება ნეგატიურად იმოქმედებს კონფლიქტში უკრაინის გამარჯვებაზე.

ომამდე ევროკავშირი უნგრეთისა და პოლონეთის დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას სხვადასხვა ხერხით ცდილობდა, მათ შორის, მწვავე კრიტიკითაც. 2021 წლის შემოდგომიდან გაჟღერდა ინიციატივა, რომ კანონის უზენაესობის მხრივ გაუმჯობესების გარეშე ეს წევრები ვეღარ მიიღებენ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას. საპასუხოდ უნგრეთის და პოლონეთის მმართველ პოლიტიკურ ელიტებში იმატა ევროსკეპტიციზმმა და შეხედულებამ, რომ ევროკავშირი ბიუროკრატიული ელიტისტური გაერთიანებაა, რომელიც მათ სუვერენიტეტს ზღუდავს.

ამის მიუხედავად, დღეს პოლონეთი არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ნატოს მოწინავე აქტორად იქცა, რითაც მის მიმართ მანამდე არსებული შენიშვნები და დემოკრატიული უკუსვლები მეორეხარისხოვანი გახდა. თუ აქამდე პოლონეთი სხვა ლიბერალური დემოკრატიების კრიტიკის ქარ-ცეცხლში ეხვეოდა და მარგინალიზებული იყო არალიბერალური პოლიტიკის გამო, ომის დაწყების შემდეგ პოლონეთი აღმოსავლეთ ფრონტის მთავარ აქტორად იქცა, რომელიც მატერიალური და მორალური მხარდაჭერით აძლიერებს უკრაინას. პოლონეთის მნიშვნელოვან მოთამაშედ გადაქცევა აშშ-მაც აღიარა. უკანასკნელ პერიოდში პოლონეთს აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენლები, პრეზიდენტი ბაიდენი, ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი და სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ეწვივნენ. ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის პრეზიდენტის პოლიაკოვას თქმით, „პოლონეთი ევროპის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია… ჩვენ გვჭირდება პოლონეთი. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ნაპატიებია, თუმცა ცხადია, თუ სად არის პრიორიტეტები“.

და მაინც,  კანონის უზენაესობა და უმცირესობათა უფლებები პოლონეთში კვლავ გამოწვევად რჩება და საბოლოოდ ნაკლებად მოსალოდნელია ევროკავშირმა თვალი დახუჭოს ამ გადაცდომებზე. შესაძლოა, კრიტიკული ტონის განახლების შემდეგ კვლავ შეიკრას უნგრულ-პოლონური კავშირი. მით უმეტეს, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობისთვის ხელი არ შეუშლია წარსულში მიღებულ განსხვავებულ სტრატეგიებს. მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრეთი ნაცისტური გერმანიის მოკავშირე იყო, როცა პოლონეთმა ნაციზმის მძიმე დარტყმა იწვნია.

ამ ეტაპისთვის კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ უნგრეთსა და პოლონეთს შორის გაჩენილი განხეთქილება ევროკავშირს შანსს აძლევს, გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლებსაც აქამდე დუეტი ქმნიდა.