ავტორი: მარიამ მაჭარაშვილი
2025 წლის 1 იანვარს ევროპის ენერგეტიკულ პოლიტიკაში ისტორიული ცვლილება მოხდა – უკრაინამ ოფიციალურად შეწყვიტა რუსული ბუნებრივი გაზის ტრანზიტი ევროპაში. უკრაინის ხელისუფლებამ უარი განაცხადა 2019 წელს გაზპრომსა და ნაფტოგაზ უკრაინას შორის გაფორმებული ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე, რომლის ვადა 2024 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. უკრაინაზე გამავალი მილსადენი, რომელიც აშენდა ციმბირიდან გაზის ევროპაში ტრანსპორტირების მიზნით, იყო რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული კავშირი ევროპასთან მას შემდეგ, რაც 2022 წელს გერმანიაში Nord Stream მილსადენზე საბოტაჟი განხორციელდა (პოტენციურად უკრაინის მიერ) და ბელარუსის გავლით პოლონეთისკენ მიმავალი სატრანზიტო მარშრუტი დაიხურა.
რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტა მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის პირდაპირი შედეგია და ასევე მნიშვნელოვანი ეტაპია ევროპისთვის რუსულ წიაღისეულზე დამოკიდებულების დაძლევის მისაღწევად. „ჩვენ არ მივცემთ უფლებას მათ [რუსებს] გამოიმუშაონ დამატებითი მილიარდები ჩვენი სისხლის ფასად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ 2024 წლის დეკემბერში. იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და წინ წამოწია შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვით აშშ-მ მოაწყო მთელი ეს ვითარება ევროპისა და რუსეთის საზიანოდ. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია ბლოგში გავაანალიზოთ უკრაინის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები და შედეგები.
უკრაინის გადაწყვეტილების გამომწვევი მიზეზები
- ეროვნული უსაფრთხოება და სუვერენიტეტი
უკრაინის გადაწყვეტილება ევროპაში გაზის ტრანზიტის შეჩერების შესახებ მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც 2025 წლის 1 იანვარს რუსეთთან საკვანძო შეთანხმების ვადა ამოიწურა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“. რუსეთთან მიმდინარე ომის შემდეგ, რომელიც 2022 წელს დაიწყო, უკრაინა ცდილობდა თავი დაეღწია ნებისმიერი შეთანხმებისა და ინფრასტრუქტურული კავშირისგან, რომელიც მოსკოვის ხელში პოლიტიკურ ბერკეტად გადაიქცეოდა. წლების განმავლობაში რუსეთი გაზს გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდა, რათა შეეზღუდა ევროპის ქვეყნების პოლიტიკური არჩევანი, ხოლო უკრაინას აღარ სურდა მონაწილეობა მიეღო ამ პროცესში, რადგან საკუთარ ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე, რუსეთის გამდიდრებას ხელს აღარ შეუწყობდა.
- რუსეთისგან ევროპის მზარდი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა
უკრაინის მიერ გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მოჰყვა ევროპის მრავალწლიან მცდელობას, შეემცირებინა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება. 2023 წელს რუსული გაზი ევროპის ბუნებრივი აირის იმპორტის მხოლოდ 8%-ს შეადგენდა, რაც მნიშვნელოვნად შემცირებულია 2021 წლის 40%-თან შედარებით. რუსული გაზის ნაცვლად, ევროკავშირი იყენებდა ალტერნატიულ წყაროებს, როგორიცაა თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) აშშ-დან და კატარიდან, ასევე, ბუნებრივი აირი ნორვეგიიდან. გარდა ამისა, 2022 წელს Nord Stream მილსადენის ამუშავების მარცხმა და სხვა რუსული მილსადენების დახურვამ ევროპისათვის რუსულ გაზზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაართულა. შედეგად, ევროპის მიერ რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება გახდა იმპულსი უკრაინისთვის გადაედგა გადამწყვეტი ნაბიჯი.
- ფინანსური ფაქტორი და ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების დაკარგვა
უკრაინის გადაწყვეტილებას, ასევე აქვს მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგები. რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შედეგად ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს დაკარგავს, თუმცა ეს დანაკარგი დასაშვებია ქვეყნის უსაფრთხოების პრიორიტეტებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, უკრაინამ გაზარდა გაზზე შიდა ტარიფები მომხმარებლებისთვის, რათა გარკვეული ფინანსური ზარალი დაეფარა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ეკონომიკური დანაკარგი რეალურია, მთავრობა პრიორიტეტს უფრო ანიჭებს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ვიდრე რუსეთის გაზის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების შენარჩუნებას. ამასთან, გაზის ტრანზიტის შეწყვეტა გავლენას არ ახდენს უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, რადგან რუსული გაზი უკრაინის ბაზარზე არ შედის.
- პოლიტიკური სიმბოლიკა და სტრატეგიული მესიჯი
გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გადაწყვეტილებას არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ სიმბოლური დანიშნულებაც აქვს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ ნაბიჯს “მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი” უწოდა, რაც ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკის კონტექსტში რუსეთის გავლენას მნიშვნელოვნად შეასუსტებს. ეს არის შესაძლებლობა უკრაინისთვის, რუსეთს მისი პოლიტიკური მანიპულირების მთავარი ინსტრუმენტის გამოყენება შეუზღუდოს და ამავდროულად უზრუნველყოს, რომ ევროპა რუსეთის ომის ირიბი თანამონაწილე არ გახდეს.
უკრაინის გადაწყვეტილების შედეგები
- გავლენა ევროპის ენერგეტიკულ სექტორზე
უკრაინის გადაწყვეტილება, შეწყვიტოს რუსული გაზის ტრანზიტი ევროპაში, მოკლევადიან პერიოდში ნაკლებად მოახდენს გავლენას ევროპის ენერგეტიკულ სექტორზე. უკრაინის გავლით მიღებული გაზი ევროკავშირის მთლიანი გაზის იმპორტის მხოლოდ 5%-ს შეადგენს, ხოლო მისი დიდი ნაწილი უკვე ჩანაცვლდა ალტერნატიული გზებით, მათ შორის, ნორვეგიული ბუნებრივი აირით, თხევადი გაზით აშშ-დან და თურქულით ნაკადით, რომელიც შავ ზღვაზე გადის. თუმცა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტრანზიტის შეწყვეტამ შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში ევროპაში გაზის ფასების ზრდა გამოიწვიოს, თუმცა 2022 წლის ფასების არასტაბილური ცვლილებების გამეორება ნაკლებად სავარაუდოა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ უკვე ერთი წელია ემზადებიან, თუმცა მაინც საგულისხმოა ევროპის მოწყვლადობა ენერგეტიკულ კრიზისებთან მიმართებით, განსაკუთრებით, ზამთარში.
- შესაძლო გავლენა უკრაინაზე
უკრაინის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგი არა მხოლოდ ფინანსური დანაკარგებია, არამედ შესაძლოა ამან გამოიწვიოს ქვეყნის სტრატეგიული როლის შესუსტება ევროპის ენერგეტიკულ სისტემაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ იგი გაზის მიწოდებას ვეღარ უზრუნველყოფს. ამასთანავე, თუ რუსული გაზი აღარ მიედინება უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ მილსადენებში, აღნიშნული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა შეიძლება გახდეს რუსეთის სამხედრო სამიზნე.
- ენერგოდეფიციტი მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში
მიუხედავად იმისა, რომ ევროპა მზად არის უკრაინის გავლით მიწოდებული გაზის შეწყვეტისთვის, მეზობელი მოლდოვა უფრო მწვავე კრიზისის წინაშე დგას. დნესტრისპირეთის სეპარატისტულმა რეგიონმა, რომელიც დიდი ხანია სარგებლობს უკრაინის გავლით გადინებული რუსული გაზით, რომელიც ასევე კვებავს მოლდოვის ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილის წყაროს – MGRES ელექტროსადგურს, უკვე განიცდის ელექტროენერგიის და გათბობის კუთხით გამოწვეულ შეფერხებებს. მოლდოვის მთავრობამ რუსეთი ასევე დაადანაშაულა ენერგეტიკულ შანტაჟში, რადგან მოსკოვი იმუქრება, რომ შეწყვეტს გაზის მიწოდებას, თუ სატრანზიტო შეთანხმება არ განახლდება. მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვას შეუძლია რუმინეთიდან გაზის იმპორტზე დამოკიდებული იყოს, დნესტრისპირეთში ვითარება კვლავ მძიმეა, რაც გავლენას ახდენს ასიათასობით მცხოვრებზე.
- რუსეთის ფინანსური დანაკარგები
რუსეთისთვის უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმაა. გაზპრომი, რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტი, სავარაუდოდ, დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის შემოსავალს დაკარგავს, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს მის ეკონომიკურ პრობლემებს. გაზპრომისთვის ევროპაში გაზის მიწოდებიდან მიღებული შემოსავალი ბოლო წლებში უკვე არსებითად შემცირდა, ევროპის მიერ ენერგორესურსების დივერსიფიკაციის და ალტერნატიულ წყაროებში ინვესტიციების ჩადების შედეგად. ეს დანაკარგი რუსეთისთვის ევროპაში პოლიტიკური ბერკეტების დაკარგვას ნიშნავს განსაკუთრებით იმის გამო, რომ მისი უკრაინაში შეჭრა კვლავ მიუღებლად რჩება რუსული გაზით მოსარგებლე ქვეყნებისთვის.
- პოლიტიკური შედეგები ევროპისთვის
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა ევროპაში, განსაკუთრებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მიესალმა რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას, ამ ნაბიჯმა გამოიწვია გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ავსტრია, რომელიც დამოკიდებული იყო რუსულ გაზზე, უკეთ იყო მომზადებული, რადგან მან უკრაინის გავლით გაზის იმპორტი ჯერ კიდევ 2024 წლის დასაწყისში შეწყვიტა რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის შედეგად გამოწვეული რუსული გაზის მიწოდების შეფერხების გამო. თუმცა, სლოვაკეთმა და უნგრეთმა, ქვეყნებმა, რომლებიც ჯერ კიდევ დამოკიდებული არიან რუსულ გაზზე, მათ შორის უკრაინის ომის შემდგომ, გამოთქვეს შეშფოთება ფასების პოტენციურ ზრდასთან და მათ მოქალაქეებსა და ინდუსტრიებზე მოსალოდნელ ფინანსურ ტვირთთან დაკავშირებით. რუსული გაზის წილი უნგრეთის იმპორტის 47%-ს შეადგენს, სლოვაკეთის იმპორტის კი – თითქმის 90%-ს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ გააკრიტიკა გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ეს არაპროპორციულად იმოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებზე მაშინ, როცა რუსეთი მინიმალურად დაზარალდება. მიუხედავად ამისა, ორივე ქვეყანა უკვე მუშაობს ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაციაზე და სავარაუდოდ მიმართავენ ალტერნატიულ წყაროებს ენერგოდეფიციტის აღმოსაფხვრელად.
- სტრატეგიული დარტყმა მოსკოვის გავლენაზე
უფრო ფართო პერსპექტივით, უკრაინის გადაწყვეტილება კიდევ უფრო ზღუდავს მოსკოვის შესაძლებლობას გამოიყენოს ენერგორესურსები პოლიტიკური ბერკეტების ინსტრუმენტად. ევროკავშირის ვალდებულებამ, 2027 წლისთვის შეამციროს რუსულ წიაღისეულზე დამოკიდებულება, შესაძლოა დააჩქაროს ევროპის გადასვლა უფრო სუფთა და მრავალფეროვან ენერგოწყაროებზე. გრძელვადიან პერსპექტივაში ამან შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის დომინირების შესუსტება ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე, რაც აიძულებს ქვეყანას ეძიოს ახალი ბაზრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენერგეტიკის სექტორში შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს.
უკრაინის გადაწყვეტილება – 2025 წლის 1 იანვრიდან შეწყვიტოს რუსული გაზის ტრანზიტი – არის გარდამტეხი ნაბიჯი, რომელსაც გრძელვადიანი გავლენა ექნება როგორც რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ისე გლობალურ ენერგეტიკულ პოლიტიკაზე. ეს ცვლილება, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით, რუსეთთან მიმდინარე ომით და ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით არის ნაკარნახევი, წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შესამცირებლად და მოსკოვის ხელში გეოპოლიტიკური ბერკეტების შესაზღუდად. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ენერგომომარაგებაზე უშუალო გავლენა მართვადია, ალტერნატიული წყაროებიც უკვე არსებობს, უკრაინის გავლით გაზის იმპორტის შეწყვეტა კვლავ ხაზს უსვამს ევროპის მოწყვლადობას და ამასთან რუსეთის ენერგეტიკული სექტორის ფინანსურ დანაკარგს. რამდენადაც უკრაინა უარს ამბობს მნიშვნელოვან სატრანზიტო შემოსავალზე სუვერენიტეტის დაცვის სანაცვლოდ, იმდენად აძლიერებს ევროპის ძალისხმევას გადავიდეს უფრო მრავალფეროვან და მდგრად ენერგიის წყაროებზე. გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება დააჩქაროს რუსეთისგან ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და განაპირობოს რუსეთის ხელში ბერკეტის დაკარგვა, გამოიყენოს ენერგორესურსების ექსპორტი პოლიტიკური იძულების იარაღად, რაც მას კიდევ უფრო იზოლირებულს დატოვებს გლობალურ ასპარეზზე.