ავტორი: ვასილ ღლონტი

 

შესავალი

უკრაინა-რუსეთის ფრონტზე შექმნილი რთული მდგომარეობის ფონზე უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში კარდინალური საკადრო ცვლილებები განეხორციელებინა. კერძოდ, პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, 2024 წლის თებერვალში შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ თანამდებობა დატოვა და მის ადგილას დაინიშნა სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი ალექსანდრე სირსკი. მოგვიანებით, მარტში, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვიც და მისი თანამდებობა უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ალექსანდრე ლიტვინენკომ დაიკავა. ამ ფონზე საგარეო დაზვერვის უფროსად გენერალი ოლეგ ივაშჩენკო დაინიშნა. ამ სფეროში საკადრო ცვლილებები 2022 წელს უშიშროების სამსახურის უფროსად გენერალი ვასილი მალიუკის დანიშვნით დაიწყო. ჩვენი ბლოგის მიზანია დავადგინოთ და გავაანალიზოთ, თუ რამ განაპირობა უკრაინის ხელისუფლების მიერ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ჩატარებული მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები; რა შედეგებს მოუტანს ახალი ცვლილებები ქვეყანას და რამდენად შეცვლის ეს მიმდინარე ომის რთულ სურათს უკრაინის სასარგებლოდ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების პრობლემები

ჩვენი შეფასებით, გენერალ ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება დიდად განსაზღვრა 2023 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კონტრშეტევამ, რომელზეც უკრაინის ხელისუფლება და მისი დასავლელი მოკავშირეები დიდ იმედს ამყარებდნენ. სამხედრო ოპერაცია, რომლის დაგეგმვაში უკრაინელებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამერიკელმა და ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა სამხედრო სპეციალისტებმა, წარუმატებლად დამთავრდა. უზარმაზარი დასავლური ფინანსური და სამხედრო დახმარების მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დასახული ამოცანები ვერ გადაჭრეს და კარგი შედეგი ვერ მიიღეს, რაშიც გარკვეული როლი უკრაინელი და ამერიკელი სამხედროების შეუთანხმებლობამაც შეასრულა.

ჩვენი მოსაზრებით, ამერიკელების მიდგომები და ხედვები უფრო სწორი იყო – უკრაინელ სამხედროებს სამხრეთ მიმართულებაზე, კერძოდ, აზოვის ზღვის სანაპიროს ქალაქების, ბერდიანსკის, მელიტოპოლის, მარიუპოლისა და აგრეთვე შავ ზღვაზე მდებარე ყირიმის ოლქის დაბრუნებაზე აქცენტის გაკეთებას ურჩევდნენ.თავის მხრივ, უკრაინელები ფრთხილობდნენ, რომ ძირითადი სამხედრო ძალების სამხრეთის მიმართულებით კონცენტრაციის შემთხვევაში, ისინი აღმოსავლეთის ფლანგებს მოაშიშვლებდნენ, რის შედეგადაც ხარკოვს, დონეცკსა და ლუგანსკს ჯეროვნად ვეღარ დაიცავდნენ და მთლიანად დაკარგავდნენ. პარალელურად, უკრაინელი სამხედროები დასავლელ კოლეგებთან თავს იმით იმართლებდნენ, რომ ავიაციის, მძიმე არტილერიისა და სარაკეტო კომპლექსების მხრივ რუსეთს დიდი უპირატესობა ჰქონდა, რაც კონტრშეტევის დროს მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა და დიდ ზარალს აყენებდა.

ჩვენი აზრით, უკრაინელებსა და ამერიკელებს შორის ტაქტიკურ შეუთანხმებლობასთან ერთად, განსხვავებული იყო საომარი მოქმედებების წარმოების პრინციპებთან/მეთოდებთან დაკავშირებით მათი ხედვები. თუ უკრაინული არმიის ხელმძღვანელობას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მათ ბირთვს საბჭოთა სამხედრო სკოლის წარმომადგენლები შეადგენდნენ, რომლებმაც სამხედრო განათლება ყოფილი სსრკ-ის სამხედრო სასწავლებლებში მიიღეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინელი სამხედროები ბრძოლის ველზე ხშირად რუსებივით აზროვნებდნენ და მოქმედებდნენ. შესაბამისად, ლოგიკურად, დიდი საბჭოთა არმია ადრე თუ გვიან თავის პატარა ყოფილ „თანამოძმეს“ აუცილებლად დაამარცხებდა. ამის თავიდან ასაცილებლად ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედროებმა სცადეს უკრაინელების ახლებური, თანამედროვე მეთოდებით გადამზადება, თუმცა ეს მათ ჯერჯერობით ბოლომდე არ გამოუვიდათ, რადგან ამისათვის ცოტა დრო ჰქონდათ. საფიქრებელია,რომ აშშ-ის პოლიტიკური და სამხედრო ელიტა ცვლილებების აუცილებლობაში დარწმუნდა და  ვალერი ზალუჟნის გადაყენების მიზნით ზელენსკიზე ზეწოლა განახორციელა.მითუმეტეს, რომ ზალუჟნის ქმედებებითა და ბოლოდროინდელი განცხადებებით თვითონ ზელენსკიც უკმაყოფილო იყო, რადგან უკრაინელი გენერალი ფრონტის ხაზზე შექმნილ მდგომარეობას პრობლემატურს და უკრაინის სახელმწიფოებრიობისათვის საფრთხის მომტანს უწოდებდა. მიუხედავად იმისა,რომ მოგვიანებით ზალუჟნიმ თავისი მკვეთრი განცხადება შეარბილა, ვლადიმირ ზელენსკის მისი განთავისუფლება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. ამ ფონზე ვალერი ზალუჟნის ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დანიშვნა გვაფიქრებინებს, რომ ახალ თანამდებობაზე ის უფრო სამხედრო ატაშეს ფუნქციებს შეასრულებს, ვიდრე ელჩისას და კურატორობას გაუწევს ბრიტანეთის მიერ უკრაინისათვის სამხედრო სფეროში გაწეულ დახმარებას.

ამ რთულ რეალობაში  უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე რუსეთში, ვლადიმირის ოლქში დაბადებული გენერლის, ალექსანდრე სირსკის, დანიშვნამ არანაკლები რეზონანსი გამოიწვია, ვიდრე ვალერი ზალუჟნის განთავისუფლებამ. იმ ფაქტმა, რომ ახალდანიშნულ მთავარსარდალს მშობლები რუსეთში ჰყავს, ხოლო თვითონ მოსკოვის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი აქვს დამთავრებული, უკრაინის შიგნით გარკვეული პოლიტიკური ძალების კრიტიკა გამოიწვია. თუმცა, ჩვენი აზრით, ეს არასწორი მიდგომაა, რადგან მაგ პრინციპით თუ ვიხელმძღვანელებთ, რუსეთის არმიაში ბევრი ეთნიკური უკრაინელი მსახურობს, რომელიც კრემლის ინტერესებს იცავს. საყურადღებოა, რომ მისი მთავარსარდლად თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ფრონტის წინა ხაზზე სიტუაცია არ გამოსწორებულა, პირიქით, გაუარესდა, თუმცა ამაში მარტოოდენ სირსკის დადანაშაულება არ იქნება მართებული, რადგან უკრაინის არმიას, რუსულთან შედარებით, შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და ადამიანური რესურსის უზარმაზარი დეფიციტი აქვს. თუმცა,როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისიც საბჭოთა სამხედრო სკოლის წარმომადგენელია და ისეთივე მოძველებული ტაქტიკით იბრძვის, როგორც რუსი სამხედროები, რაც ბრძოლის ველზე წარმატების საშუალებას არ იძლევა. ჩვენი შეფასებით, საბჭოთა სამხედრო ტაქტიკა გულისხმობს ადამიანური რესურსის ზედმეტად გამოყენებას იმისათვის, რომ ტექნოლოგიური ჩამორჩენის კომპენსირება მოხდეს. ეს კი რუს და უკრაინელ სამხედროებში უზარმაზარ ადამიანურ მსხვერპლს იწვევს.

ამ ფონზე, არანაკლები რეზონანსი გამოიწვია 26 მარტს თავდაცვისა და ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის თანამდებობიდან გადაყენებამ და მის ადგილას საგარეო დაზვერვის უფროსის, გენერალი ალექსეი ლიტვინენკოს დანიშვნამ. არაოფიციალურად, დანილოვი ევრაზიის საკითხებში ჩინეთის სპეცწარმომადგენლის ლი ხუეის უცენზურო სიტყვით მოხსენიებას შეეწირა, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობისაკენ მოუწოდებდა. თუმცა საფიქრებელია,რომ დანილოვის გადაყენებაში თავისი როლი შეასრულა აგრეთვე დასავლეთის პოზიციამ, რადგან იგი ევროპელებსა და ამერიკელებს უკრაინისათვის არასაკმარისი დახმარების გაწევაში ღიად ადანაშაულებდა. ჩვენი მოსაზრებით, ალექსანდრე ლიტვინენკოს ფიგურა საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს, რადგან მას მოსკოვში რუსული სპეცსამსახურის „ფსბ“-ის კრიპტოგრაფიის აკადემია აქვს დამთავრებული.თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ შემდგომში მან სპეციალური განათლება დიდ ბრიტანეთშიც მიიღო. ამ ფონზე, ლიტვინენკოს მაგივრად საგარეო დაზვერვის უფროსად სამხედრო დაზვერვიდან გადმოსული გენერლის, ოლეგ ივაშჩენკოს, დანიშვნა გვიჩვენებს, რომ ზელენსკი თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს(დირექტორატს) განსაკუთრებულ ნდობას უცხადებს. საყურადღებოა, რომ ივაშჩენკო მანამდე სამხედრო დაზვერვის უფროსის,  კირილ ბუდანოვის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.საინტერესოა, რომ ზელენსკიმ მალევე საგარეო დაზვერვის უფროსის მოადგილე ანდრეი ალექსეენკოც გადააყენა და მის ადგილას ოლეგ ლუგოვსკოი დანიშნა.

ამ ფონზე იმის განჭვრეტა, თუ რამდენად შეძლებს უკრაინის ხელისუფლება ამ საკადრო ცვლილებებით თავისი ქვეყანა ურთულესი  მდგომარეობიდან გამოიყვანოს, ძნელად პროგნოზირებადია. მიუხედავად იმისა, რომ ახალდანიშნული თანამდებობის პირები თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ და ისევ საბჭოთა სკოლას წარმოადგენს და თანამედროვე დასავლური სკოლის მეთოდების ათვისება საკმაოდ უჭირთ. ფრონტზე  უკრაინის მომავალი წარმატება მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული უკრაინელი სამხედროების დასავლურ რელსებზე გადასვლის უნარზე.

ამ რეალობაში, ერთი შეხედვით თითქოსდა სერიოზული რყევების გარეშე ფუნქციონირებს უკრაინის უშიშროების სამსახური, რომელსაც 2022 წლიდან ხელმძღვანელობს გენერალი ვასილი მალიუკი. ჩვენი შეფასებით, მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ თავისი ბავშვობის მეგობარი ივანე ბაკანოვი გაათავისუფლა, უკრაინის ამ სამსახურმა რუსული აგენტურის ბევრი წარმომადგენელი ამხილა. თუმცა, 2023 წლის კონტრშეტევის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ საინტერესო ფრაზა გააჟღერა, რომ „უკრაინის კონტრშეტევის გეგმა პუტინს მის დაწყებამდე უკვე მაგიდაზე ედო“, რაც იმას ნიშნავს, რომ კრემლის სპეცსამსახურებმა ეს დოკუმენტაცია თავისი უკრაინაში ჩანერგილი აგენტურის საშუალებით მოიპოვა. ეს კი უკრაინის უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვის სერიოზულ ჩავარდნაზე მიგვითითებს. ამ კონტექსტში ჩვენს ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი ფაქტი: ბოლო პერიოდში გაიზარდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის სპეცდანიშნულების რაზმების წარუმატებელი ოპერაციების რიცხვი. რუსული შენაერთები ფაქტობრივად ზუსტად იმ ადგილას ხვდებიან უკრაინელებს, საიდანაც ისინი დესანტის გადასხმას იწყებენ, რასაც უკრაინული სპეცრაზმის განადგურება მოჰყვება ხოლმე. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ რუსულ სადაზვერვო სტრუქტურებს უკრაინის სამხედრო წრეებსა და სპეცსამსახურებში სერიოზული აგენტურა ჰყავთ ჩანერგილი, რაც აგრეთვე უკრაინის უშიშროების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის შეცდომებზე მიუთითებს. არაა გამორიცხული, რომ სწორედ ამ მოვლენებს უკავშირდება  სპეცოპერაციების ძალების უფროსის, პოლკოვნიკ სერგეი ლუპანჩუკის თანამდებობიდან გადაყენება და მის ადგილზე გენერალ ალექსანდრე ტრეპაკის დანიშვნა.

ამასთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 2024 წლის 1 მაისს თანამდებობიდან გაათავისუფლა უშიშროების სამსახურის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ილია ვიტიუკი, რომელსაც გაურკვეველი წარმოშობის თანხებით ელიტური საცხოვრებლის შეძენა ბრალდება. ეს უკვე მეორე სკანდალია უშიშროების სამსახურში, რასაც დეპარტამენტის უფროსი შეეწირა. მანამდე, რამდენიმე თვით ადრე, 2024 წლის16 იანვარს უკრაინული ჟურნალისტური პროექტის „ბიგუს ინფოს“ მონაწილეებმა დაადგინეს, რომ მათ უკრაინის უშიშროების სამსახურის ეროვნული სახელმწიფოებრიობის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები მაღალი ხარისხის სპეცტექნიკის გამოყენებით უკანონოდ უსმენდნენ და უღებდნენ. შედეგად, დეპარტამენტის უფროსი რომან სემენჩენკო თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო უშუალო შემსრულებლები დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით ფრონტის წინა ხაზზე გაუშვეს.ეს ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურში საკმაოდ მტკივნეული პროცესები მიმდინარეობს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ომის ირობებში მყოფი სახელმწიფო რეფორმების გატარების რეჟიმშია და ასეთ დროს გადაცდომებიც არაა გამორიცხული. ცალკე თემაა კორუფცია, რომლის მასშტაბები უკრაინაში საკმაოდ დიდია.

ჩვენი შეფასებით, პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინის უშიშროების სამსახურში არსებული ასეთი ფაქტებით უკმაყოფილო უნდა იყოს, მაგრამ ვასილი მალიუკისნაირი პროფესიონალის თანამდებობიდან გადაყენება ზელენსკისათვის უდავოდ მნიშვნელოვანი დანაკარგი იქნება. ამას ისიც ადასტურებს, რომ 2024 წლის 7 მაისს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ამხილა და დააპატიმრა უკრაინის სახელმწიფო დაცვის ორი პოლკოვნიკი, რომლებიც რუსულ ФСБ-ის დავალებით პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის, სამხედრო დაზვერვის უფროსის კირილ ბუდანოვისა და თვითონ ვასილი მალიუკის ლიკვიდაციას გეგმავდნენ. ამ სკანდალს უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს უფროსის, სერგეი რუდის თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა, რადგან დაკავებულთაგან ერთ-ერთი, პოლკოვნიკი ანდრეი გუკი მასთან დაახლოებული პირი იყო. არაა გამორიცხული, რომ ამ ფონზე, გამოძიებას თვითონ სერგეი რუდის მიმართაც გაუჩნდეს შეკითხვები. ჩვენი აზრით, უკრაინის რუსეთთან გამარჯვებისათვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენად შეძლებენ უკრაინული სპეცსამსახურები რუსული აგენტურის განეიტრალებას, რომელიც რუსულ სადაზვერვო სტრუქტურებს უკრაინაში მაღალ დონეზე ჰყავთ ჩანერგილი.

დასკვნა

ჩვენი შეფასებით, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რთული პროცესები განაპირობა რუსეთთან ომმა და იმ სირთულეებმა, რომლებმაც გასული წლისა და 2024 წლის დასაწყისში იჩინა თავი. ფრონტზე წარმოქმნილმა სისტემატურმა პრობლემებმა უკრაინის არმია ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენა და ხელისუფლება აიძულა, რომ რეფორმებისა და ახალი კადრების მოძიების პროცესი საკმაოდ რთულ პირობებში  გაეგრძელებინა. თუმცა, იმ რეალობაში, როცა ეს ქვეყანა რუსეთს ეომება, უკრაინის ხელისუფლებას ექსტრემალურ პირობებში მოუწია რთული სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტა. ჩვენი მოსაზრებით, უკრაინის ხელისუფლების მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩატარებულ საკადრო გადაადგილებებს პოზიტიური შედეგი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ახლადდანიშნული თანამდებობის პირები თავის დაქვემდებარებაში არსებულ სახელმწიფო სტრუქტურებში წარმატებით შეძლებენ ევროპული და ამერიკული მენეჯმენტის დანერგვას, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი უკრაინისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. სახელმწიფო ორგანოების მართვის დასავლური მეთოდების ეფექტურად დანერგვა/გამოყენება ევროპული რეფორმების წარმატების გარანტი გახდება. მითუმეტეს, როცა საქმე ეხება ისეთ საკვანძო და მნიშვნელოვან მიმართულებას, როგორიცაა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფერო. რა თქმა უნდა, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო ძალასთან – რუსეთის არმიასთან ომის პირობებში, ეს არ იქნება იოლი, თუმცა უკრაინის ხელისუფლებას ამ ეტაპზე სხვა არჩევანი არ გააჩნია, მას აქვს მხოლოდ მიზანი: გახდეს ცივილიზებული სამყაროს, ევროკავშირის/NATO-ის წევრი. ამისათვის უკრაინას მოუწევს წარმატებით გააკეთოს ფაქტობრივად თითქმის შეუძლებელი.