ავტორი: მარიამ მაჭარაშვილი

 

2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინას თავს რომ არ დასხმოდა, ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევნების ჩანიშვნა 2024 წლის გაზაფხულზე მოუწევდა. ნათელია, რუსეთ-უკრაინის ომმა გავლენა იქონია არა მხოლოდ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტზე, არამედ შიდა პოლიტიკურ გარემოზეც. იმის ფონზე, რომ ომი უკვე სამ წელზე მეტხანს გრძელდება, არჩევნების ჩატარების საკითხი სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. დემოკრატიისა და დემოკრატიზაციის პროცესისთვის არჩევნებს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, თუმცა ომში მყოფი ქვეყნის მძიმე მდგომარეობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა მისი ჩატარებისთვის. შესაბამისად, ჩვენს ბლოგში გავაანალიზებთ იმ რისკებს და შედეგებს, რაც შეიძლება  უკრაინაში, ასეთ მძიმე პირობებში, არჩევნების ჩატარებას მოჰყვეს.

უკრაინაში არჩევნების ჩატარების საკითხი წინ წამოწია აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა, მას „დიქტატორი“ უწოდა და ამტკიცებდა, რომ ომის მიუხედავად, უკრაინის მოქალაქეებს მაინც უნდა ჰქონდეთ ხმის მიცემის უფლება. მართალია, ტრამპი თავისი განცხადების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა, მაგრამ მისი პოზიცია საფუძველმოკლებული არაა, რადგან აშშ-ს ომის პერიოდში არჩევნების ჩატარების გამოცდილება ნამდვილად აქვს, იმის მიუხედავად, კონფლიქტი  ამერიკის მიწაზე მიმდინარეობდა თუ მის ფარგლებს გარეთ. მაგალითებად შეიძლება მოვიყვანოთ სამოქალაქო ომის დროს ჩატარებული1864 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და 1944 წლის  არჩევნები მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პერიოდებში არჩევნები მაინც ჩატარდა, პროცესს თან ახლდა მნიშვნელოვანი გამოწვევები, მათ შორის, დაბალი აქტივობა, საზოგადოებრივი აზრის დაყოფა, პოლარიზაცია და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები. გარდა ამისა, მაშინ, როდესაც საშინაო პოლიტიკაში ყველა საარჩევნო კამპანიით იყო დაკავებული, ამან ომში ლიდერის როლი მნიშვნელოვნად შეასუსტა. აშშ-ის გარდა, აფრიკის, აზიის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც აქვთ ომის დროს არჩევნების ჩატარების უარყოფითი გამოცდილება. როგორც თომას გრემინგერმა, ეუთოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ხაზგასმით აღნიშნა, „აუცილებელია სტაბილურობის გარკვეული დონე და საფუძვლიანი მომზადება“. ამის გარეშე არჩევნებმა შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნის დესტაბილიზაცია და არა მისი გაძლიერება.

მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატია შეიძლება იყოს მთავარი არგუმენტი ტრამპის რიტორიკის უკან, შეიძლება არსებობდეს კიდევ სხვა მიზეზი, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტი მხარს უჭერს უკრაინაში არჩევნების ჩანიშვნას. ამ კუთხით საგულისხმოა რუსეთის პოზიცია. რუსეთი ხშირად გამოთქვამდა შეშფოთებას უკრაინაში არჩევნების არჩატარების გამო. პრეზიდენტმა პუტინმა ზელენსკის ლეგიტიმაცია არაერთხელ  დააყენა ეჭვქვეშ 2024 წელს დაგეგმილი არჩევნების გაუქმების მიზეზით. მოსკოვმა განაცხადა, რომ ღიაა ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ უკრაინაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე არ დათანხმდება სამშვიდობო შეთანხმებას. უკრაინის მთავრობამაც დაადასტურა, რომ პუტინი არჩევნების საკითხს საბაბად იყენებდა მოლაპარაკებების გადასადებად. ვინაიდან პრეზიდენტი ტრამპი ახლა ცდილობს შეასრულოს მთავარი როლი და აჩვენოს თავისი შესაძლებლობები რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად, არსებობს მოსაზრება, რომ არჩევნების ჩატარება შეიძლება იყოს ტრამპის გეგმის ნაწილი რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებში, რათა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მოხერხდეს. თუმცა, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯონ ჰერბსტი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებში არჩევნების ბერკეტად გამოყენება შეცდომა იქნება.

ტრამპის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკეს როგორც უკრაინაში, ასევე დასავლეთის მოკავშირე სახელმწიფოებში. ევროპელი ლიდერები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იცავდნენ ზელენსკის და ამტკიცებენ, რომ არჩევნებზე უპირატესია სტაბილურობისა და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნება. ისინი ხაზს უსვამენ უკრაინის კონსტიტუციის პატივისცემას და აცნობიერებენ განსაკუთრებულ გარემოებებს, რომლებიც ომის დროს არჩევნების ჩატარებას მიუღებელს ხდის. როგორც ჩანს, საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია და მხარს უჭერს არჩევნების გადადებას მანამ, სანამ უკრაინა არ უზრუნველყოფს მისთვის სათანადო პირობებს.

უკრაინის კონსტიტუცია და სამართლებრივი ჩარჩო წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას ომის დროს არჩევნების ჩატარებისთვის. 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში საომარი მდგომარეობა მოქმედებს, რომელიც ზღუდავს გარკვეულ სამოქალაქო თავისუფლებებს და ცვლის მმართველობის მექანიზმებს. უკრაინის „საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ“ კანონი კრძალავს არჩევნებს. ამ კანონის მე-19 მუხლი ადგენს, რომ საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე. საომარი მდგომარეობის შეწყვეტის შემდეგაც კი ექვსი თვეა საჭირო არჩევნების ჩასანიშნად, რაც კიდევ უფრო აჭიანურებს  პროცესს. შეზღუდვები ეფუძნება კონფლიქტის დროს პოტენციური საფრთხეებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას, ამიტომ საკანონმდებლო ბაზა არ ტოვებს სივრცეს საარჩევნო პროცესებისთვის ომის დასრულებამდე.

გარდა საკანონმდებლო ბაზისა, უკრაინაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს არჩევნების გადადების მხარდაჭერას. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) 2024 წლის თებერვლის გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 69% ეწინააღმდეგება ომის დროს საპრეზიდენტო/საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. რაზუმკოვის ცენტრის მიერ 2024 წლის ივნის-ივლისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 22% უჭერდა მხარს არჩევნების ჩატარებას, ხოლო 59% მტკიცედაა წინააღმდეგი. კვლევებიდან ირკვევა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შეშფოთებულია ასეთ არასტაბილურ პერიოდში არჩევნების ჩატარებით. მოქალაქეები უფრო მეტად ორიენტირებული არიან თავიანთი ქვეყნისა და ოჯახების დაცვაზე, ვიდრე პოლიტიკურ კამპანიებსა და არჩევნებზე.

ომის მიმდინარეობისას არჩევნების ჩატარების წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებია. კონფლიქტის ზონაში ამომრჩევლების, საარჩევნო უბნების და საარჩევნო პერსონალის უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია, რადგან უკრაინის საარჩევნო ინფრასტრუქტურა შეიძლება სამხედრო თავდასხმების პირდაპირი სამიზნე გახდეს, განსაკუთრებით, კონფლიქტურ რაიონებში ან ფრონტთან ახლოს. არსებობს არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის მაღალი რისკი, რამაც შეიძლება არა მხოლოდ შეაფერხოს ხმის მიცემის პროცესი, არამედ საფრთხე შეუქმნას მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. გარდა ამისა, ლოჯისტიკურმა გამოწვევებმა, კერძოდ, არასტაბილურ გარემოში ბიულეტენების განაწილებამ, ტრანსპორტირების ორგანიზებამ და ხმების უსაფრთხო დათვლამ, შეიძლება კიდევ უფრო შეაფერხოს საარჩევნო პროცესი. ომის შედეგად ძლიერ დაზიანდა საკომუნიკაციო ხაზები, გზები და სატრანსპორტო ქსელები, რაც ართულებს არჩევნების სათანადოდ ჩასატარებლად საჭირო ინფრასტრუქტურის მობილიზებას.

გარდა ამისა, უკრაინა მოსახლეობის მასობრივი გადინების კრიზისის წინაშე დგას. იმის გამო, რომ მილიონობით უკრაინელმა უკვე დატოვა სამშობლო და საცხოვრებლად სხვა ქვეყნებში გადავიდა, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა თითქმის შეუძლებელი ხდება. ასევე, როდესაც ქვეყნის დიდ ნაწილში ჯერ კიდევ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ბევრ მოქალაქეს შესაძლოა არ ჰქონდეს წვდომა საარჩევნო უბნებზე, განსაკუთრებით, ომის შედეგად განადგურებულ აღმოსავლეთ რეგიონებში. არ არსებობს საარჩევნო უბნებზე ფიზიკურად მისვლის გარეშე ხმის მიცემის სისტემა და არც ამომრჩეველთა ეროვნული რეესტრი განახლებულა ბოლო პერიოდში.

საარჩევნო პროცესის დაფინანსება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნები დაახლოებით 196,7 მილიონი დოლარი დაჯდება, საპარლამენტო არჩევნებისთვის კი დაახლოებით 135,9 მილიონი დოლარი იქნება საჭირო. იმავდროულად, უკრაინის 2024 წლის ბიუჯეტი ითვლიდა 43,7 მილიარდ აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალს, თითქმის გაორმაგებული ოდენობის  82,3 მილიარდი დოლარის ხარჯებს, არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლებით. დეფიციტის შევსება, სავარაუდოდ, საერთაშორისო სესხებითა და გრანტების მეშვეობით მოხდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნებისმიერი რესურსი, რომელიც გამოიყოფა არჩევნების ჩასატარებლად, ქვეყნის თავდაცვის ხარჯებს დააკლდება.

ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე პოლიტიკური პოლარიზაციისა და მანიპულაციის საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები ზოგადად გაერთიანებული არიან ეროვნული თავდაცვის ირგვლივ, პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობა  მაინც არსებობს. ომის დროს არჩევნების ჩატარებამ შეიძლება გააძლიეროს ეს განხეთქილება, განსაკუთრებით იმის თაობაზე, თუ როგორ იმართება ომი და რა სტრატეგიები გამოიყენება ხელმძღვანელობის მიერ. გარდა ამისა, უკრაინაში არჩევნების ჩატარება რუსეთის ინტერესებში ჯდება, რათა არასტაბილურობა გამოიწვიოს, უკრაინის ერთიანობა შეასუსტოს და ზელენსკის მმართველობა დააკნინოს. გარდა ამისა, არჩევნების დროს, როგორც Chatham House-ის მკვლევარი ორისია ლუცევიჩი ამტკიცებს, რუსეთი ჩაერევა საარჩევნო პროცესში იმ იმედით, რომ მხარს დაუჭერს უფრო მშვიდობის, ნორმალიზაციის მომხრე კანდიდატს, რომელიც რუსეთის ინტერესებს შეესაბამება.

მიუხედავად ზემოთ გაანალიზებული გამოწვევებისა, თუ არჩევნები ჩატარდება, ამან შესაძლოა წაახალისოს ინტენსიური დისკუსია ომის მართვის, მთავრობის ქმედებებისა და ომის შემდგომი აღდგენის გეგმების შესახებ. ასეთმა დებატებმა შეიძლება კიდევ უფრო დაყოს საზოგადოებრივი აზრი, რამაც შეიძლება სამოქალაქო პროტესტი ან პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს. უფრო მეტიც, შეიძლება გაჩნდეს საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობა, თუ მოქალაქეები იგრძნობენ, რომ საარჩევნო პროცესი არასათანადო გარემოში მიმდინარეობდა. თუ მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს არ შეუძლია ან არ სურს ხმის მიცემა, არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც გააჩენს ეჭვებს არჩეული ხელისუფლების მანდატისა და ლეგიტიმურობის მიმართ

შეჯამებისთვის, უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს არჩევნების ჩატარების საკითხი განხილვის საგნად იქცა, რომელიც ახლახან კიდევ უფრო მეტად წამოსწია აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რუსეთ-უკრაინის ომის დროს მისი ჩატარება შექმნის მნიშვნელოვან გამოწვევებს, მათ შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს, ფინანსურ და ლოგისტიკური სირთულეებს, შეუსაბამობას სამართლებრივ ჩარჩოსთან. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, უკრაინის მოქალაქეების უმრავლესობა ეროვნული თავდაცვას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ანიჭებს უპირატესობას და არა დაძაბულ პოლიტიკურ კამპანიას, რამაც შესაძლოა ქვეყნის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. გარდა ამისა, არჩევნების ჩატარება რუსეთს მისცემს ბერკეტს ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და მხარი დაუჭიროს მისი ინტერესების გამტარებელ კანდიდატს. შესაბამისად, მხოლოდ კონკრეტულმა პირობებმა შეიძლება განსაზღვროს უკრაინაში არჩევნების ჩატარებისთვის შესაფერისი დრო, როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტა, ინფრასტრუქტურის აღდგენა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.