სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი
20 იანვარს გაიმართა ამერიკის ახალი პრეზიდენტის – ჯო ბაიდენის ინაუგურაცია. „დემოკრატიის ამ დღეს“, როგორც აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას, დაიწყო დონალდ ტრამპის „პოლარიზებული პოლიტიკისაგან“ მკვეთრი გადახვევა. ბაიდენი გაპრეზიდენტებისთანავე შეუდგა ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ჯანდაცვის საკითხების მოგვარებას და პრეზიდენტობის პირველივე დღეს 17 ბრძანებას მოაწერა ხელი, რათა წინამორბედი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები შეეცვალა. რამდენადაც ბაიდენმა მიზნად დაისახა საშინაო გამოწვევების მოგვარება და ქვეყანაში გლობალური პანდემიით მიღებული ზარალის შემსუბუქება, არსებობს დიდი მოლოდინი, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ევროკავშირისა და აშშ-ის ტრანსატლანტიკური ურთიერთობები გამოცოცხლდება. ეს კი, თავის მხრივ, მოითხოვს დიდ ყურადღებას დემოკრატიულ ღირებულებებსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო) რეფორმირებაზე, რაც ბაიდენის ადმინისტრაციისათვის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანებია.
საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობა
დემოკრატიის მსოფლიო მასშტაბით გაუარესება სათავეს იღებს ჯერ კიდევ 21-ე საუკუნის დასაწყისში (იხ. სურათი 1). გლობალურმა პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ამ მხრივ ვითარება კიდევ უფრო გააუარესა. 6 იანვარს ვაშინგტონის კაპიტოლიუმზე თავდასხმა ერთგვარი განგაშის ზარი იყო მთელი მსოფლიოს დემოკრატიის დამცველებისათვის. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, „დემოკრატია უძვირფასესია, თუმცა – მსხვრევადი“. ბაიდენმა პრიორიტეტულ საკითხად დასახა, რომ აშშ და ევროკავშირი წინ აღუდგნენ ავტორიტარიზმს, კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევების ზრდას. აქედან გამომდინარე, ოკეანის ორივე მხარეს არსებული პოლიტიკური მიზნების გათვალისწინებით, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის განახლების შესაძლებლობა ძალიან მაღალია.
აშშ-ის დემოკრატიული პარტია დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური ჯგუფია და ბაიდენის ადმინისტრაციას სურს დონალდ ტრამპის ოთხწლიანი ნაციონალისტური ქმედებების გაუქმება და წინა ადმინისტრაციამდე არსებული ეტაპიდან დაწყება. ტრამპმა საკუთარი პრეზიდენტობის ვადა ევროპელ პარტნიორებთან დავაში გამოიყენა. ბაიდენს კი, მისი წინამორბედისაგან განსხვავებით, შეუძლია აშშ-ის პარტნიორებთან მრგვალ მაგიდასთან დაბრუნება. ბაიდენმა კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებაში ამერიკის დაბრუნებაზე ხელმოწერით გამოხატა ძლიერი სურვილი, რომ შეიცვალოს ოკეანისგაღმა პარტნიორების მიმართ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.
სურათი 1. დემოკრატიის შესუსტება გლობალური მასშტაბით 2005-2019 წლებში (წყარო: Freedom House)
ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, გლობალურ დონეზე ავტორიტარიზმის ზრდის გამო, მიზნად დაისახა დემოკრატიული ქვეყნების ლიდერების მრგვალ მაგიდასთან მიწვევა მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიის გაძლიერების მიზნით. აქედან გამომდინარე, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მიზნად ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობას, რათა გლობალური მასშტაბით მოხდეს დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა. გაერთიანებული ტრანსატლანტიკური ძალისხმევა უმნიშვნელოვანესი იქნება ავტორიტარიზმის ზრდის შესაჩერებლად, როგორც გლობალურ დონეზე, ისე ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში, კერძოდ, უნგრეთსა და პოლონეთში.
ტრანსატლანტიკური ურთიერთობების „რენესანსი“
2018 წლის მიუნხენის კონფერენციაზე იდეის – „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ -თაობაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის სიტყვის შემდეგ ჯო ბაიდენმა განაცხადა: „ამასაც გადავიტანთ“. 2020 წლის არჩევნებმა მისი ეს დაპირება აასრულა და ბაიდენმა აღთქმა დადო, რომ „ხელახლა გააერთიანებს ალიანსებს და კვლავ აქტიურად ჩაერთვება საერთაშორისო საქმეებში“.
ბაიდენის გამარჯვებას დიდი მოლოდინით შეხვდა მსოფლიო, განსაკუთრებით კი, ევროპა, სადაც პრეზიდენტი ტრამპის ოთხწლიანი ანტაგონისტური პოლიტიკის შემდეგ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების აღსადგენად ხელსაყრელი შესაძლებლობების გამოჩენას ელიან. ბაიდენი და მისი სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი არიან ატლანტისტები და მიაჩნიათ, რომ აშშ და ევროპა უნდა მუშაობდეს ერთად, როგორც საერთაშორისო დემოკრატიული „სვეტი“. ბაიდენის ხელისუფლება აპირებს ქვეყნის მოკავშირეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელიც „პრეზიდენტმა ტრამპმა დააკნინა, ძირი გამოუთხარა და მიატოვა“. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა პრეზიდენტმა უკვე შეაჩერა ტრამპის დაწყებული გერმანიიდან აშშ-ის არმიის გამოყვანის პროცესი.
ბაიდენის ჩართულობა ნატოს საკითხებში ასევე მნიშვნელოვანია. ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ის უძღვებოდა განხილვებს ნატოს გაფართოების თაობაზე და ბოსნიაში ინტერვენციასაც კი უჭერდა მხარს. ბაიდენს მიაჩნია, რომ ალიანსი „წმინდა პასუხისმგებლობაა“, რომელშიც ევროპელ მოკავშირეებს უპირველესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოთ. ტრამპის ნარატივისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად ეხებოდა ფინანსებს, ბაიდენი მიზნად ისახავს დასავლური თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის საერთო სარგებლის მოტანას. ის ნატოს ხედავს უფრო ფართო პერსპექტივიდან და მნიშვნელობას ანიჭებს არა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტსა და დანახარჯებს, არამედ ალიანსის მიერ მისაღებ უსაფრთხოების ზომებსა და მის წინაშე მდგარ ამოცანებს. მეტიც, ბაიდენი მიზნად ისახავს დაეხმაროს ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, განსაკუთრებით, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე ევროკავშირის გადასვლის პერიოდში. ახალი ადმინისტრაცია ასევე აპირებს გამალებული შეიარაღების საფრთხე თავიდან აიცილოს. ეს საკითხები კი ემთხვევა როგორც ამერიკის, ისე ევროპის უსაფრთხოების ინტერესებს.
ახალი იმედები საქართველოსთვის
აშშ და ევროკავშირი ტერიტორიული ინტეგრაციისა და დემოკრატიის შენების პროცესში მრავალი წელია საქართველოს მთავარ პარტნიორებად რჩებიან. ბაიდენის ადმინისტრაციის ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილმა შეიძლება საქართველოსაც ახალი შესაძლებლობები მისცეს, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის უმთავრესი როლი შეასრულოს და ქვეყანა წინ წასწიოს დემოკრატიული განვითარების გზაზე.
პრეზიდენტ ბაიდენის მთავარი მიზანი დემოკრატიულ ქვეყნებთან თანამშრომლობით მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიის გაძლიერებაა, რათა შესაძლებელი გახდეს ისეთ ქვეყნებთან გამკლავება, სადაც დემოკრატია დღითიდღე სუსტდება. პრეზიდენტის სურვილია კორუფციასთან ბრძოლა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი ინტერესი გახდეს და ამგვარ მცდელობებს საერთაშორისო დონეზე იგი თავად გაუძღვეს. ბაიდენის ადმინისტრაცია დემოკრატიის სამიტის ჩამოყალიბებასაც აპირებს, რომელიც გლობალური მასშტაბით გააერთიანებს ქვეყნებსა და დემოკრატიის მხარდამჭერ სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზაციებს, დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობისა და დეზინფორმაციასთან გამკლავების მიზნით. ბაიდენის ადმინისტრაციისა და ევროკავშირის დემოკრატიის ხელისშემწყობი გაერთიანებული მცდელობები რუსეთის „ზღურბლზე“ არსებული ახლადწარმოქმნილი დემოკრატიებისთვის, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, იქნება უფრო თანმიმდევრული და ეფექტიანი. ეს ქვეყნები ბაიდენისთვის „დემოკრატიის ფრონტის ხაზებია“.
ჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტობისას რესპუბლიკური პარტიის მრავალი წევრი მხარს უჭერდა საქართველოსთან აშშ-ის ახლო თანამშრომლობას და თან რუსეთის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. ეს განწყობები აისახა 2019-2010 წლების აშშ-ის კონგრესმენებისა და სენატორების განცხადებებში, როდესაც საქართველოს მმართველ პარტიას ღიად აკრიტიკებდნენ ქვეყნის რეფორმირებისთვის საჭირო მცდელობის ნაკლებობისთვის. კრიტიკა შეეხო ბიძინა ივანიშვილსაც და იგი „პუტინის მოკავშირედ“ მოიხსენიეს. განსხვავებით დონალდ ტრამპისგან, რომელიც პუტინის მიმართ გარკვეულ კეთილგანწყობასაც კი ამჟღავნებდა, ბაიდენის ევროკავშირთან ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის აღდგენის გეგმა აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება.
აშშ-ისა და ევროკავშირის თანამშრომლობა რეგიონში დემოკრატიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს და შეიძლება რუსეთის უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საწინააღმდეგო აგრესიულ პოლიტიკასა და ჰიბრიდული ომის ქმედებებისათვის დაბრკოლებად იქცეს. მეტიც, შედარებით უსაფრთხო გარემოს შექმნამ შესაძლოა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მცდელობები წაახალისოს. ამ ცვლილებებს კი პოტენციურად მტკიცე ნიადაგის მომზადება შეუძლია საქართველოს ნატოში სამომავლო ინტეგრაციისთვის და ევროკავშირში გაწევრიანების 2024 წლისთვის დაგეგმილი განაცხადისათვის. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის 20 იანვრის მოსმენაზე აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თუ მოთხოვნები დაკმაყოფილდება, „ნატოს კარი საქართველოსთვის იქნება ღია“ და რუსული აგრესიის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებით. აქედან გამომდინარე, ბაიდენის გეგმა, რომ აქტიურად შეუწყოს ხელი საერთაშორისო დონეზე დემოკრატიის შენებას, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროატლანტიკურ ალიანსში სამომავლო წევრობისათვის.