ავტორი: გელა ხმალაძე
23 ივნისს შეიარაღებულმა ჯგუფებმა ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალასა და ამ რესპუბლიკის სიდიდით მესამე ქალაქ დერბენტში მდებარე ეკლესიაზე, სინაგოგასა და საგზაო-საპატრულო პოლიციის პოსტზე. ამ თავდასხმების და სამართალდამცავი უწყებების საპასუხო მოქმედებების შედეგად, ჯამში, დაიღუპა ექვსი თავდამსხმელი, თექვსმეტი პოლიციელი და ექვსი სამოქალაქო პირი.
რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ფედერალური ძალოვანი უწყებების უფლებამოსილ პირებს არ გამოუთქვამთ არანაირი ვერსია ან შეფასება ამ ტერორისტული თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორებსა თუ დამკვეთების შესახებ, არც მონაწილეთა შესაძლო კავშირებზე რუსეთის ფარგლებს გარეთ. მხოლოდ ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების ადგილობრივი ჩინოვნიკებმა თქვს ვარაუდი, თითქოსდა ამ დანაშაულის უკან უკრაინის და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები დგანან. მათი ასეთი განცხადებებიაშკარად იყო საკუთარი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისა და მოსკოვის წინაშე თავის მართლების უსუსური მცდელობები.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი ღია ტერორისტული თავდასხმა მოულოდნელი აღმოჩნდა თავად ადგილობრივი დაღესტნური საზოგადოებისთვისაც. მით უმეტეს, შესაძლო დამნაშავეები მოქმედებდნენ შეუნიღბავად და მათგან დანაშაულებრივი აქტის ჩადენას წინ არ უსწრებდა რუსეთის ხელისუფლებისთვის განკუთვნილი საპროტესტო მიმართვა ან რაიმე პოლიტიკური მოთხოვნა, რაც, ზოგადად, ყოველთვის ახასიათებდა ჩრდილოეთ კავკასიის ისლამისტურ მოძრაობას.
მოცემულ შემთხვევას მოულოდნელობის ეფექტი ჰქონდა, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ რეგიონში, ერთი შეხედვით, იკლო ტერორიზმის საფრთხემ, შემცირდა რადიკალური ისლამური დაჯგუფებების აქტივობა და სამოქმედო არეალი. ეს შეიძლება აიხსნას ორი რამით:
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ ძირითადად შეძლო ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მოქმედი ტერორისტული გაერთიანება „კავკასიის იმარატის“ მხარდამჭერი ე.წ. იატაკქვეშა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განადგურება;რადიკალური ისლამისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი ყველაზე აქტიური და შეურიგებელი პირები მასობრივად გაემგზავრნენ ახლო აღმოსავლეთში მოქმედ კვაზიგაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოში“ საბრძოლველად (სხვადასხვა მონაცემით, 2014-2018 წლებში ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონიდან რუსეთის ფედერაციის 7 ათასამდე მოქალაქემ შეძლო სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე შეღწევა).
შევეცდებით პასუხი გავცეთ კითხვებს, თუ რით შეიძლება აიხსნას დაღესტნის რესპუბლიკაში 23 ივნისის ტერორისტულ თავდასხმა, რა იყო მასში მონაწილე პირების ინსპირაცია და რა განვითარება შეიძლება ჰქონდეს მას ზოგადად ამ რეგიონისთვის.
სალაფიზმი – რელიგია თუ სოციალური პროტესტის ფორმა
უნდა აღინიშნოს, რომ დაღესტანში, როგორ ჩრდილოეთ კავკასიის ყველაზე ისლამიზებულ რესპუბლიკაში, თვალნათლივ არის კონსტრუირებული ე. წ. ისლამური ჯამაათების სისტემა. აქ ჯამაათი ტრადიციულად წარმოადგენს ადგილობრივი მუსლიმური საზოგადოების შემადგენელ ძირითად სოციალურ ერთეულს. ესაა მორწმუნე მუსლიმ თანამოაზრეთა დაჯგუფება, რომელიც შემოკრებილია ერთი კონკრეტული მეჩეთისა თუ რომელიმე გავლენიანი ისლამური სწავლულის ირგვლივ.
პოსტსაბჭოთა პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში უკვე არსებული ტრადიციული ისლამური ჯამაათების პარალელურად ჩამოყალიბდა მკაცრად ორგანიზებული სალაფიტური რადიკალური ჯამაათებიც. ტრადიციული ისლმისაგან განსხვავებით, სალაფიტურ ისლამურ მიმდინარეობას, წმინდა რელიგიურ დოგმებთან ერთად, როგორც წესი, აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგიც, რის გამოც იგი ხშირად რადიკალური მეთოდებით უპირისპირდება არა მხოლოდ პოლიტიკურ რეჟიმს, არამედ ცდილობს შეცვალოს საზოგადოებრივი წყობა და სოციალური ურთიერთობების სისტემა.
აღსანიშნავია, რომ გავრცელების საწყის ეტაპზე სალაფიტურმა ჯამაათებმა აირჩიეს განვითარების მშვიდობიანი გზა, ვიდრე ისინი არ გახდნენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა და ამბიციების მსხვერპლი. თავდაპირველად სალაფიტური დაჯგუფებების პოლიტიკური საქმიანობა სრულიად ლეგალური იყო, შეიქმნა პირველი ისლამური ორიენტაციის პარტიები. მათ მოახერხეს საკუთარი წარმომადგენლების შეყვანა არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებში, არამედ რუსეთის სახელმწიფო დუმაშიც. თუმცა სალაფიზმის იდეოლოგიის სწრაფმა პოპულარობამ და სულ უფრო მზარდმა გავლენამ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე აიძულა რუსეთის ხელისუფლება მოეხდინა სალაფიზმის ხელოვნური და მიზანმიმართული რადიკალიზაცია და მარგინალიზაცია. ხელისუფლების რეპრესიული ქმედებების საპასუხოდ სალაფიტური ჯამაათების უმრავლესობა პრაქტიკულად გადაიქცა საბრძოლო შენაერთებად. მათი პოლიტიკური მეთოდები ექსტრემისტული და ტერორისტული საქმიანობით ჩაანაცვლეს და საბოლოოდ აირჩიეს ხელისუფლებასთან დაპირისპირების ძალადობრივი გზა.
საინტერესოა, რა გახდა ამ რეგიონში სალაფიზმის სწრაფი გავრცელებისა და, შესაბამისად, სალაფიტური ჯამაათების რიგების შევსების წყაროები, რასაც ქვემოთ წარმოვადგენთ:
- პოლიტიკური ოპოზიცია. რუსეთმა 2000-იანი წლების დასაწყისიდან ჩრდილოეთ კავკასიაში მიზანმიმართულად გაანადგურა პოლიტიკური ოპოზიცია და გააქრო ლეგალური სივრცე პოლიტიკური ოპონირებისათვის. შედეგად, პოლიტიკური ოპოზიცია იძულებული გახდა წასულიყო ემიგრაციაში ან გადასულიყო იატაკქვეშეთში. ამ კუთხით კი ყველაზე ხელმისაწვდომი და ადვილი გზა იყო შეერთებოდნენ სალაფიტურ იატაკქვეშეთს, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა სალაფიტური დაჯგუფებები.
- მორწმუნე ახალგაზრდობა. სალაფიზმს შეუერთდა სოციალური უსამართლობით და პოლიტიკური რეპრესიებით შეწუხებული მორწმუნე ახალგაზრდობა. არსებული სისტემა ყოველგვარ პერსპექტივას უკარგავდა ახალგაზრდებს და უსპობდა მათ თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, ამიტომ სალაფიტური ჯამათები მათთვის იქცა ერთგვარ თავშესაფრად, სადაც ისინი ეძიებდნენ თანასწორობას და სამართლიანობას.
- კრიმინალური ელემენტები. სალაფიტური ჯამაათები გახდა ასევე თავშესაფარი კრიმინალური და ასოციალური ელემენტებისთვისაც, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სალაფიტური მოძრაობის მარგინალიზაციაში, დისკრედიტაციასა და კრიმინალიზაციაში. შედეგად, სალაფიტური ჯამაათების ფინანსური შემოსავლების ძირითად წყაროდ იქცა ბიზნესის რეკეტი, გამოძალვა, იარაღით ვაჭრობა, ასევე, შეკვეთილი მკვლელობების შესრულება. კორუმპირებულმა პოლიტიკურმა და ბიზნესკლანებმა, კონკურენტების ჩამოშორების და ანგარიშსწორების მიზნით, დაიწყეს სალაფიტური ჯამაათებისთვის, ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, მკვლელობების დაკვეთა.
მიზანშეწონილია დავსვათ კითხვა, თუ რას დაუპირისპირდა სალაფიზმი ჩრდილოეთ კავკასიაში და რატომ მოიპოვა ასეთი სწრაფი პოპულარობა და გავრცელების ფართო არეალი. სალაფიზმი დაუპირისპირდა არა სამართლებრივ სახელმწიფოს, დემოკრატიულ ინსტიტუტებს და თავისუფალ საზოგადოებას, არამედ რუსეთში მოქმედ უსამართლო და რეპრესიულ რეჟიმს, განუკითხაობას ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, კლანურ და კორუფციულ სისტემას.
ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმმა ეთნოსებმა სალაფიზმში დაინახეს გარკვეული მიმზიდველობა, რადგან ის, ერთი შეხედვით, ქადაგებს თანასწორობას, სამართლიანობას და ქმნის პიროვნული თავისუფლების აღქმას – იმას, რასაც მათ ვერ სთავაზობდა სახელმწიფო და, მათ შორის, ვერც სახელმწიფოს კონტროლქვეშ არსებული ტრადიციული ისლამური სასულიერო სტრუქტურები. ანუ ამ რეგიონში სალაფაზმი დაუპირისპირდა ისეთ სისტემას, რომელიც რეალურად ვერ უზრუნველყოფდა სამართლიანობას და უსაფრთხოებას საკუთარი მოქალაქეებისთვის. შედეგად, სალაფიზმი იქცა სოციალური პროტესტის ყველაზე ეფექტურ და ხელმისაწვდომ საშუალებად.
ამასთან, ვითარების სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვე თავისუფალი საზოგადოების და დემოკრატიული ღირებულებების რელიგიურ და დოქტრინალურ დონეზე მიუღებლობის გამო სალაფიტურმა მოძრაობამ პოლიტიკური და სოციალური პროტესტის ერთადერთ იარაღად გამოიყენა ისლამური ფუნდამენტალიზმი და მოსკოვის ავტორიტარულ და რეპრესიულ რეჟიმს დაუპირისპირა მხოლოდ ისლამური ხალიფატის იდეა.
ისლამური ხალიფატის იდეის ყველაზე ერთგული მხარდამჭერი დაჯგუფებების წარმომადგენლები ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონიდან სირიასა და ერაყში მხოლოდ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად არ გამგზავრებულან. ბევრ მათგანს უბრალოდ სურდა ეცხოვრა ე.წ. ისლამურ (შარიათულ) სახელმწიფოში, ანუ პოლიტიკურ სივრცეში, სადაც ცხოვრება, ყოველდღიური ყოფითი საკითხების ჩათვლით, ისლამური კანონებით რეგულირდება. სალაფიზმის ყველაზე რადიკალური ფრთის მიმდევრებისთვის რელიგიური თვალსაზრისით პრინციპულად მიუღებელი გახდა ეცხოვრათ რუსეთის სახელმწიფოში, შეჰგუებოდნენ და დამორჩილებოდნენ არამუსლიმი ხელისუფლების მმართველობას.
საზოგადოება მშვიდობასა და ტერორს შორის
უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში სალაფიზმის სოციალური ბაზა ბევრად უფრო ფართო და მრავალრიცხოვანია, ვიდრე ის რამდენიმე ათასი ადამიანი, ვინც გააკეთა ბოლომდე გაუთვითცნობიერებელი არჩევანი და საკუთარი მომავალი არასტაბილურ ახლო აღმოსავლეთს დაუკავშირა. მით უმეტეს, დღენაკლული „სირიის და ერაყის ისლამური სახელმწიფოს“ სწრაფმა განადგურებამ ჩრდილოეთ კავკასიაში დარჩენილი სალაფიტები დაარწმუნა, რომ საკუთარი რელიგიურ-პოლიტიკური იდეების რეალიზება უმჯობესია საკუთარ სამშობლოში მოახდინონ.
ამჟამად ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები სალაფიტური იდეოლოგიის მიმდევრებისუმრავლესობა რუსეთში, დღევანდელი ავტორიტარული და რეპრესიული რეჟიმის პირობებში, იძულებულია შეეგუოს გარეგნულად მშვიდობიანი ცხოვრების წესს. ბოლო წლებში, ხელისუფლების მიერ სალაფიტური მეჩეთების გარკვეული ნაწილის დახურვის შემდეგ, სალაფიტური ჯამაათების ახალგაზრდა წევრებმა მასობრივად გადაინაცვლეს სოციალურ ქსელებში და სპორტულ დარბაზებში, სადაც არ შეუწყვეტიათ ისლამური რადიკალური იდეოლოგიის პროპაგანდა და ახალი წევრების მოზიდვა. ამ რელიგიურ ჯგუფებში არსად გამქრალა არსებული რეალობით იმედგაცრუება და რუსეთის სახელმწიფოს მიუღებლობა.
მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ სალაფიტური დაჯგუფებების საჯარო აქტივობის ხარისხი პირდაპირაა დაკავშირებული რუსეთის ხელისუფლების გატარებულ რეპრესიულ პოლიტიკასთან. სავარაუდოდ, რუსეთში მოქმედი რეპრესიული რეჟიმის ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანა და, შესაბამისად, ძალოვანი უწყებების კონტროლის შემცირება დაუყოვნებლივ გამოიწვევს სალაფიზმის მიმდევართა რადიკალური ფრთის გააქტიურებას, ექსტრემისტული და ტერორისტული ხასიათის ქმედებების ჩათვლით.
სწორედ ამით შეიძლება აიხსნას 23 ივნისის ტერორისტული თავდასხმა, როდესაც ერთი შეხედვით მშვიდობიანი სალაფიტური ჯამაათის წევრები, რომლებიც დაღესტნის რესპუბლიკაში სოციალურად რეალიზებულ ადამიანებს წარმოადგენდნენ, ყველაზე სასტიკი ფორმებით დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს და საზოგადოებას. სავარაუდოდ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულმა „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ და მოსკოვის მიერ პოლიტიკური და ძალოვანი რესურსის უკრაინის მიმართულებით გადასროლამ მაპროვოცირებელი როლი შეასრულა ამ რეგიონისთვის და მთელი სიმწვავით გარეთ გამოიტანა წლების მანძილზე ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმურ საზოგადოებაში დაგროვებული პოლიტიკური და სოციალური ხასიათის წინააღმდეგობები.
რისი მიღწევა სურდათ თავდამსხმელებს
პროცესზე დაკვირვება და გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი იძლევა ვარაუდის გამოთქმის საფუძველს, რომ არ დასტურდება 23 ივნისის ტერორისტული თავდასხმის ჩამდენ პირთა ორგანიზაციული კავშირი საერთაშორისო ტერორისტულ სტრუქტურებთან. ზოგადად, ბოლო წლებში ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მოქმედი რადიკალური და ტერორისტული ჯგუფების კავშირი „ისლამურ სახელმწიფოსთან“, „ალ ქაედასთან“ ან სხვა რომელიმე ქსელურ ტერორისტულ ორგანიზაციასთან მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს და ერთმნიშვნელოვნად პროპაგანდისტულ სახეს ატარებს. ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებით „ისლამური სახელმწიფო“ უმეტეს შემთხვევაში ასრულებს მხოლოდ ბრენდის როლს. ჩრდილოეთ კავკასიაში რადიკალურ ისლამისტურ ჯგუფებს აქვთ სახელმწიფოსთან დაპირისპირების საკუთარი, შინაგანი საფუძვლები და მათი აქტივობა, როგორც წესი, ავტონომიური ხასიათისაა.
საინტერესოა და კითხვებს ბადებს 23 ივნისის თავდასხმის სპეციფიკური დეტალები –თავდასხმა სხვა რელიგიურ საკულტო დაწესებულებებზე და საკუთარი თანამემამულე, ასევე მუსლიმი აღმსარებლობის პოლიციელების მასობრივი განადგურება. მით უმეტეს, თავდასხმას არ უძღოდა წინასწარი იდეური განაცხადი, რაც ზოგადად განმარტავს ხოლმე ამ მოქმედების შინაარსსა და მიზანს.
საქმე ისაა, რომ ამ თავდასხმის ჩამდენი, ერთი შეხედვით, მშვიდობიანი ჯამაათის წევრები (დაღესტნის რესპუბლიკის სერგოყალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური დარღოელები) მიეკუთვნებოდნენ ე. წ. ტაკფირისტულ დაჯგუფებას. დაღესტანში ისინი, როგორც წესი, წარმოადგენენ ჩაკეტილ, იზოლირებულ საზოგადოებებს და ხასიათდებიან სხვა რელიგიების მიმართ უკიდურესი სიძულვილითა და მიუღებლობით. ამასთანავე, არამუსლიმური სახელმწიფოს სამსახურში შესული მუსლიმი პოლიციელებიც მათთვის ფუნდამენტური ისლამის იდეის მოღალატეები არიან და არამუსლიმების მსგავსად ისინიც უნდა განადგურდნენ.
სავარაუდოდ, ხსენებული ტერორისტული ჯგუფის მიერ 23 ივნისს მოწყობილი თავდასხმა იყო ე. წ. ისტიშჰადა – საკუთარი სიცოცხლის მიზანმიმართული მოწამებრივი მსხვერპლშეწირვა. ზოგადად, ფუნდამენტურ ისლამში ასეთი აქტის ჩამდენთა მიზანია წაახალისონ საღვთო ომის დაწყება არამუსლიმების წინააღმდეგ და იმავდროულად საკუთარი თანამოაზრე, სხვა რადიკალური ისლამური დაჯგუფებების პროვოცირება შეიარაღებულ ბრძოლაში მათ ჩასართავად.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობას უკვე წლების მანძილზე ფორმირებული მყარი სოციალური ბაზა აქვს. ამ საზოგადოების რადიკალიზაციის ხარისხი და, შესაბამისად, მათი აქტივობიდან მომდინარე სავარაუდო საფრთხეები მომავალში დამოკიდებული იქნება არა იმდენად გარე ჩარევებზე, არამედ რუსეთის ფედერაციაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და მოსკოვის რეჟიმის ქმედებებზე როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკის კუთხით.