ავტორი: ვასილ ღლონტი, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი
შესავალი
2022 წლის 8 დეკემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით შეიქმნა საგარეო დაზვერვის სამსახური, რომელიც ამ ქვეყნის უშიშროების სამსახურს გამოეყო და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა. მას შემდეგ სომხური დაზვერვა უშუალოდ ექვემდებარება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და მის წინაშეა ანგარიშვალდებული. ამასთან, 2023 წლის 4 ოქტომბერს ამ უწყების პირველ ხელმძღვანელად დაინიშნა ყოფილი ომბუდსმენი ქრისტინა გრიგორიანი, რომლის დანიშვნასაც სომხეთში არაერთი უარყოფითი შეფასება მოჰყვა. პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მიერ სომხეთის სპეცსამსახურებში გატარებული საკადრო პოლიტიკა ამ მოვლენამდეც დიდ ინტერესს იწვევდა, რადგან სომხეთის უშიშროების სამსახურმა დროის მოკლე მონაკვეთში რამდენიმე უფროსი გამოიცვალა.რამ განაპირობა ბოლო წლების განმავლობაში სომხეთის სპეცსამსახურებში ასეთი რყევები და არასტაბილურობა? რატომ გადაწყვიტა ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რეფორმის გატარება და საგარეო დაზვერვის სამსახურის ჩამოყალიბება? ჩვენი სტატიის მიზანს სწორედ ამის დადგენა და სომხეთის სპეცსამსახურებში ბოლო წლებში მიმდინარე პროცესების უფრო დეტალური ანალიზი წარმოადგენს.
სომხეთის სპეცსამსახურები 2018-2023 წლებში
იმის გამო, რომ 2018 წელს ხელისუფლებაში მოსვლისა და პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანს უსაფრთხოების სფეროში ბევრი სისტემური ხასიათის პრობლემა დახვდა, მის წინაშე მათი მოგვარების საჭიროება დადგა. საყურადღებოა, რომ პროდასავლური შეხედულებების მიუხედავად, მან უშიშროების სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის(ფსბ) აკადემიის კურსდამთავრებული, პროფესიონალი კონტრმზვერავი არტურ ვანეციანი. სავარაუდოდ, ამ ნაბიჯით ფაშინიანი ცდილობდა, რუსეთი არ გაეღიზიანებინა და კრემლისთვის მისაღები კანდიდატურა აერჩია. თუმცა, საბოლოოდ მათ შორის თანამშრომლობა ვერ შედგა, რაშიც, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ე.წ. მოსმენებთან და უკანონო ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებულმა სკანდალმა, როცა დაუდგენელმა პირებმა არტურ ვანეციანისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, სასუნ ხაჩატრიანის საუბარი ჩაიწერეს. ამ ფაქტმა ნიკოლ ფაშინიანის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც ჩანაწერის გაკეთებას სწორედ არტურ ვანეციანს აბრალებდა. ამის გამო მან უშიშროების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან მალევე გაათავისუფლა.
არტურ ვანეციანის შემდეგ სომხეთის უშიშროების სამსახურის ახალ უფროსად დაინიშნა ედუარდ მარტიროსიანი, რომელსაც სპეციალური ანალიტიკური განათლება აშშ-ში ჰქონდა მიღებული, თუმცა ფაშინიანმა ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ იმავე წლის ივნისამდე გააჩერა და შემდგომში ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელად გადაიყვანა.არაა გამორიცხული, რომ პრემიერმა ეს გადაწყვეტილება კრემლის ზეწოლითაც გააკეთა, რომელიც დასავლეთში განათლებამიღებულ ხალხს ეჭვის თვალით უყურებს. უშიშროების ახალ უფროსად არგიშთი კიარამიანი დაინიშნა, თუმცა ისიც ისევე,როგორც მისი წინამორბედი, რამდენიმე თვეში მოხსნეს და სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს. სავარაუდოდ, პოლიციისა და პროკურატურის კადრი კიარამიანი სპეცსამსახურების სფეროში გამოცდილების არქონის გამო გაათავისუფლეს.
ამ ფონზე, ჩვენს ინტერესს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი იწვევს: 2020 წლის 17 ნოემბერს საკუთარ სახლში საეჭვო გარემოებებში გარდაცვლილი ნახეს სომხეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი კუტოიანი, რომელმაც თავის დროზე თანამდებობა სწორედ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის წინა პერიოდში, 2018 წელს, დატოვა. საყურადღებოა ისიც, რომ კუტოიანს, რუსეთში მიღებულ განათლებასთან ერთად, ამერიკული განათლებაც ჰქონდა და 2020 წლის განმავლობაში სწავლას დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის უნივერსიტეტში აგრძელებდა.საფიქრებელია, რომ სერიოზული ინფორმაციის მატარებელი, პროდასავლური შეხედულებების მქონე კუტოიანი რუსეთის სპეცსამსახურებისათვის მიუღებელ პიროვნებას წარმოადგენდა.
საინტერესოა, რომ 2020 წლის ოქტომბერში სომხეთის უშიშროების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულმა მიხეილ ამბარცუმიანმა თანამდებობა ტრადიციისამებრ რამდენიმე თვეში, იმავე წლის ნოემბერში, დატოვა. სავარაუდოდ, ფაშინიანსა და ამბარცუმიანს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია ყარაბაღში მიმდინარე პროცესების მიმართ განსხვავებულმა შეხედულებებმა, რასაც შემდგომში უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსის მიერ ფაშინიანის კრიტიკაც მოჰყვა. ამ ფონზე, 2020 წლის 8 ივნისს, სომხეთის უშიშროების სამსახურის უფროსად გენერალი არმენ აბაზიანი დაინიშნა, რომელსაც სამხედრო სამსახურის რუსეთის ფსბ-ის სასაზღვრო ჯარებში აქვს გავლილი და „ლუბიანკის“ კადრად ითვლება. საფიქრებელია, რომ ამ დანიშვნაში დიდი როლი კრემლის პოზიციამ შეასრულა.
ჩვენი შეფასებით, სომხეთის უშიშროების სამსახურის უფროსების ასეთი ხშირი ცვლა იმითაა განპირობებული, რომ 2020 წლის განმავლობაში ყარაბაღში მიმდინარე რთული პროცესების ფონზე ნიკოლ ფაშინიანმა თავისთვის სანდო და საიმედო კანდიდატურა ვერ იპოვა. სავარაუდოდ, პროდასავლურად განწყობილი სომხეთის პრემიერი მოსკოვის დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რასაც ძალოვან ბლოკსა და სპეცსამსახურებში მისი საკადრო პოლიტიკაც ადასტურებს. ასეთ რთულ ვითარებაშილოგიკურია, რომ ფაშინიანმა სომხეთის სპეცსამსახურებში რეფორმების ჩატარება გადაწყვიტა.ის კარგად ხვდება, რომ მხოლოდ უშუალოდ მისი კონტროლის ქვეშ მოქმედი თანამედროვე ტიპის სპეცსამსახურების შექმნით შეიძლება ქვეყანაში ძლიერი ხელისუფლების ჩამოყალიბება.
საფიქრებელია, რომ სწორედ უშუალოდ პრემიერ-მინისტრის მითითებით დააანონსა 2022 წლის 12 ივლისს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა,არმენ გრიგორიანმა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ჩამოყალიბება. ჩვენს ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ამ განცხადების გაკეთებისთანავე რამდენიმე დღეში, 15 ივლისს, ერევანს დაუგეგმავი ვიზიტით ეწვია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი.საგულისხმოა, რომ უკვე 18 ივლისს ერევანს ეწვია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი სერგეი ნარიშკინი, ხოლო იმავე წლის 16 დეკემბერს ერევანში ასევე ჩავიდა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, მი–6-ის ხელმძღვანელი რიჩარდ მური. საყურადღებოა, რომ ბრიტანეთის დაზვერვის შეფის ვიზიტს წინ უსწრებდა სომხეთის მთავრობის მიერ ორი კვირით ადრე საგარეო დაზვერვის სამსახურის შექმნის ოფიციალურად დადასტურება.
ამ ფონზე, 2023 წლის 4 ოქტომბერს, ნიკოლ ფაშინიანის ბრძანებით, სომხეთის დაზვერვის სამსახურის პირველ უფროსად დაინიშნა ყოფილი ომბუდსმენი, პროდასავლური შეხედულებებისა და ევროსაბჭოში მუშაობის სტაჟის მქონე ქრისტინა გრიგორიანი. ფაშინიანისადმი ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალები და მათთან დაკავშირებული მასმედიის საშუალებები ქრისტინა გრიგორიანის სადაზვერვო სფეროში საქმიანობის გამოცდილების არქონაზე და, შესაბამისად, მის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებდნენ. პრორუსულ მედიაში აგრეთვე გაჟღერდა ვერსიები, რომ მის დანიშვნას ხელი შეუწყვეს სომხეთში აკრედიტებულმა დასავლეთის ქვეყნების ელჩებმა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დიდი ბრიტანეთის მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე. როგორც ჩანს, ნიკოლ ფაშინიანს საგარეო დაზვერვის სამსახურის შექმნითა და მის ხელმძღვანელად სანდო პირის დანიშვნით სომხეთის უშიშროების სამსახურის გავლენის დაბალანსება სურს, რომელსაც ჯერჯერობით ბოლომდე ვერ აკონტროლებს.
საინტერესოა, რომ 2023 წლის 23 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს პირველადი ხარჯებისათვის გამოეყო 8,45 მლნ. სომხური დრამი, რაც დაახლოებით 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტია.საყურადღებოა, რომ ამ სხდომიდან მეორე დღეს, 24 ნოემბერს, ერევანს ეწვია გერმანიის დაზვერვის სამსახურის უფროსი ბრუნო კალი.
ჩვენი ვარაუდით, ამერიკელების, ბრიტანელების, რუსებისა და გერმანელების გარდა, სომხეთში მიმდინარე პროცესებით ფრანგული სპეცსამსახურებიც არიან დაინტერესებული, რასაც სიუნიკის ოლქში საფრანგეთის ინიციატივის შედეგად გახსნილ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში რვა ფრანგი ჟანდარმის გაგზავნაც ადასტურებს. საფიქრებელია, რომ საფრანგეთი, სადაც მრავალრიცხოვანი და საკმაოდ გავლენიანი სომხური დიასპორა არსებობს, მომავალში სომხეთის ახალშექმნილ საგარეო დაზვერვის სამსახურთან მჭიდრო კავშირებს დაამყარებს. იმას, რომ პარიზი სომხეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსადმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს, სამხედრო შესყიდვების საქმეში ფრანგულ–სომხური თანამშრომლობაც ადასტურებს. პრემიერ ფაშინიანსა და პრეზიდენტ მაკრონს შორის არსებული კარგი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური და სამხედრო კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებაა მოსალოდნელი.
დიდი ალბათობით, სომხეთის ახალდაარსებული საგარეო დაზვერვის სამსახურის მიმართ გავლენიანი ქვეყნების ასეთი განსაკუთრებული ინტერესი განაპირობა სომხური დიასპორის, ანუ „სპიურკის“ ფაქტორმა. სომხებს დაზვერვის კუთხით უზარმაზარი პოტენციალი აქვთ, რადგან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დიდი და მდიდარი დიასპორა ჰყავთ. გარდა ამისა,სომხური დიასპორა საერთაშორისო ბიზნესში აქტიურად მონაწილეობს, რაც მას სადაზვერვო მიმართულებით კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის. საფიქრებელია, რომ სომხური დაზვერვის შესაძლებლობებით ახლო მომავალში ირანის სპეცსამსახურებიც აქტიურად დაინტერესდებიან.
დასკვნა
ბოლო წლებში სომხეთის სპეცსამსახურებში მიმდინარე პროცესების მიმოხილვა და ანალიზი გარკვეული დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას გვაძლევს, კერძოდ: