ავტორი: მარიამ მაჭარაშვილი

 

Covid-19-ის პანდემიის დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ, 2024 წლის 5-10 მაისს, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ევროპაში ჩავიდა. იგი ევროპის სამ ქვეყანას – საფრანგეთს, სერბეთს და უნგრეთს – ეწვია, რასაც, პოლიტიკურთან ერთად, სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა. 2024 წელს 60 წელი გავიდა ჩინეთსა და საფრანგეთს, ხოლო 75 წელი – ჩინეთსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. ასევე საინტერესოა ისიც, რომ ვიზიტი დაემთხვა კოსოვოს ომის დროს ბელგრადში ნატოს ძალების მიერ ჩინეთის საელჩოს დაბომბვის თარიღს. სი ძინპინს განსაკუთრებულად, წითელი ხალიჩით და ოვაციებით, დახვდნენ ბელგრადსა და ბუდაპეშტში. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი მას ძვირადღირებული კონიაკი აჩუქა და პირენეს მთებში თავის საყვარელ ადგილებში უმასპინძლა. ძირითადი განხილვის თემები ეხებოდა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, რუსეთის ომს უკრაინაში და სავაჭრო საკითხებს.

შესაბამისად, ჩნდება კითხვა: მხარეების რა კონკრეტული ინტერესები გამოიკვეთა ევროპაში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტისას? ჩვენს ბლოგში შევეცდებით გავაანალიზოთ ეს საკითხები.

სი ძინპინის ვიზიტი საფრანგეთში

ბოლო პერიოდში ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა მზარდი ეკონომიკური დისბალანსი, რომელიც, როგორც CNN წერს, შესაძლოა მალე სავაჭრო ომში გადაიზარდოს. ამის ნათელი მაგალითია ის ფაქტიც, რომ გასულ წელს ევროკავშირს 292 მილიარდი ევროს საქონლის სავაჭრო დეფიციტი ჰქონდა. ევროკავშირში ადგილობრივი მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა დიდი ოდენობით იაფი და სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული ჩინური საქონლის იმპორტი, ელექტრომანქანებისა და მზის პანელების ჩათვლით. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აღელვებთ პეკინის გლობალური ამბიციები და გავლენები, განსაკუთრებით – რუსეთის მხარდაჭერა. აქ მოიაზრება ის ბრალდებაც, რომ ჩინეთი რუსეთს აწვდის ორმაგი დანიშნულების ნაწილებს (მათი გამოყენება შეიძლება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისთვის), რომლებიც ეხმარება კრემლს უკრაინაში ომის საწარმოებლად. სწორედ ეს საკითხები წამოჭრა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სი ძინპინის ორდღიანი ვიზიტის დროს და მოლაპარაკების მაგიდაზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც მიიწვია, რათა ეჩვენებინა, რომ ეს საკითხები როგორც საფრანგეთის, ისე მთლიანად ევროკავშირის ინტერესს წარმოადგენდა.

საფრანგეთის ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ სი ძინპინმა სამომავლოდ მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ ევროკავშირთან სავაჭრო დისბალანსი მოაგვაროს, ხოლო რუსეთთან დაკავშირებით მაკრონი ჩინეთის პრეზიდენტს მოიაზრებს ვლადიმერ პუტინზე მნიშვნელოვანი გავლენის მომხდენ პოლიტიკურ ფიგურად, რამაც შესაძლოა წვლილი შეიტანოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში და დაარწმუნოს პუტინი, უარი თქვას ბირთვული იარაღით მუქარაზე. სიმ და მაკრონმა ასევე მხარი დაუჭირეს პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის პერიოდში „ოლიმპიური ზავის“ იდეას, რომლის თანახმადაც, უნდა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები მსოფლიოში. საპასუხოდ, სი ძინპინმა ეკონომიკური ბრალდებები უარყო და რუსეთთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მას მხოლოდ შეუძლია მხარეებს შეთანხმებისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდოს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინეთმა სცადოს გავლენა მოახდინოს პუტინზე ან იმ შემთხვევაში, თუ შეეცდება, პუტინი, დიდი ალბათობით, ამას არ გაითვალისწინებს, რადგან სწორედ 2008 წელს პეკინის ზაფხულის ოლიმპიადის დროს დაიწყო ომის საქართველოსთან. როგორც ლონდონის ეკონომიკური სკოლის მკვლევარმა შირლი იუმ აღნიშნა: „როგორც ვაჭრობა, ისე რუსეთი ჩინეთისთვის ისეთი საკითხებია, რომელთა შესახებ მოლაპარაკება შეუძლებელია. მარკონი ვერაფერს მიაღწევდა“. აშკარა იყო, სი ძინპინი ევროპაში ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე დათმობას არ აპირებდა. მან ევროკავშირი მკაცრად გააფრთხილა სავაჭრო პროტექციონიზმისა და მისი ამჟამინდელი დიპლომატიური პოზიციის შესახებ. მისივე სიტყვებით, ის მოელის, რომ „ევროკავშირის ინსტიტუტებს ექნებათ სწორი შეხედულება ჩინეთზე“, რაც ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით. ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი მოსალოდნელი „ზარალის შეზღუდვას“ ემსახურებოდა ევროკავშირის მხრიდან ჩინურ საქონელზე ტარიფების შესაძლო დაწესების ფონზე.

ჩინეთს საფრანგეთი ოფიციალური ვიზიტისთვის შემთხვევით არ შეურჩევია. საგულისხმოა, რომ მაკრონმა წარსულში უფრო დიდი აქცენტი გააკეთა ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებაზე, ვიდრე სხვა ქვეყნებმა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა პრაქტიკულად ეჭვი შეიტანა, თუ რამდენად გაიზიარებდნენ ევროპული ქვეყნები აშშ-ის პოლიტიკას ჩინეთთან და ტაივანთან დაკავშირებით. როგორც მან ინტერვიუში აღნიშნა: „კითხვაზე, რომელსაც ევროპელებმა უნდა ვუპასუხოთ, შემდეგია: არის თუ არა ჩვენს ინტერესებში გავამწვავოთ კრიზისი ტაივანში? – არა“. როგორც ჩანს, საფრანგეთის პრეზიდენტი, მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ჩინეთისთვის შედარებით მისაღები პოლიტიკური ფიგურაა ევროპაში.

როგორც ზემოთ აღინიშნა, შეხვედრის დროს საფრანგეთი წარმოდგებოდა, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და აღელვებდა საერთო გამოწვევები, მაგრამ ამავდროულად ემანუელ მაკრონს საკუთარი დღის წესრიგი ჰქონდა და სხვა ინტერესებიც ამოძრავებდა. ერთი მხრივ, ეს ვიზიტი სი ძინპინთან იყო პირადი კავშირების გამყარების შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, მაკრონის საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის განხორციელებას  შეუწყობდა ხელს. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩინეთსა და საფრანგეთს შორის გაფორმებული გლობალური სტრატეგიული პარტნიორობა და მაკრონის ვიზიტები ინდოეთსა და ბრაზილიაში, რათა საფრანგეთმა ფეხი აუწყოს გლობალურ ცვლილებებს. რადგანაც მაკრონის საგარეო პოლიტიკა ჩინეთისთვის ცნობილი იყო, ამიტომ სი ძინპინმა კიდევ ერთხელ  წამოწია წინ მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების საკითხი და ამ მხრივ საფრანგეთის პრეზიდენტის „სტრატეგიული ავტონომიის“ იდეა მისთვის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა. როგორც თამას მატურა, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარი, აღნიშნავს: „ხანგრძლივი დაძაბულობა სკანდინავიურ ქვეყნებთან და იტალიის გასვლა „სარტყელი და გზის“ ინიციატივიდან, ისევე, როგორც ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრის მარკ რუტესა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ბოლო ვიზიტები ჩინეთში, იმას ნიშნავდა, რომ არც ერთი ეს ქვეყანა არ იყო მისაღები სისთვის… საფრანგეთს, სავარაუდოდ, პეკინი აღიქვამს, როგორც დიპლომატიურ გამოსავალს, იმის გათვალისწინებით, რომ იგი მხარს უჭერს აშშ-ისგან ევროპის სტრატეგიულ ავტონომიას“. შესაბამისად, საფრანგეთის „სტრატეგიული ავტონომიის იდეა“ და მისი მხარდაჭერა ჩინეთის პრეზიდენტისთვის არა მხოლოდ მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების სურვილიდან, არამედ აშშ-სთან ანტაგონისტური ურთიერთობებიდანაც გამომდინარეობს.

სი ძინპინის ვიზიტი სერბეთში

ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტის მიზანი სერბეთში, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და ამავდროულად რუსეთთან დაახლოებული ქვეყანაა, იყო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გამყარება. მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2023 წელს  დადებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მნიშვნელოვანი მიღწევაა და იგი ძალაში შევა 2024 წლის 1 ივლისს, რაც ორივე მხარეს მეტ სარგებელს მოუტანს.  სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი გაზრდის ინვესტიციებს სერბეთში და გაიზრდება სერბული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტი ჩინეთში. სერბეთის მზარდი ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან გააკრიტიკა შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა. ევროპარლამენტმა რეზოლუციაში, რომელიც შეეხება სერბეთსა და კოსოვოს შორის დიალოგს, აღნიშნა, რომ სერბეთსა და ჩინეთს შორის გაღრმავებული სავაჭრო ურთიერთობები „აჩენს კითხვებს ქვეყნის სტრატეგიული მიმართულების შესახებ“ და აფერხებს სერბეთის „ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას“. გარდა ამისა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გულისხმობს სავაჭრო ნაკადების ზრდას და საბაჟო ტარიფების გაუქმებას საქონელზე (მათ შორის – იარაღზე), რაც სერბეთში დასავლეთის მიერ სანქცირებული ჩინური კომპანიებისთვის კარის გახსნას ნიშნავს. ასეთი მდგომარეობა კი საფრთხეს უქმნის ევროკავშირს.

რაც შეეხება პოლიტიკურ თანამშრომლობას, სი ძინპინი და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი მიესალმნენ მხარეებს შორის „რკინის პარტნიორობას“ და ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ იზიარებდა მსოფლიო წესრიგის ჩინურ იდეას, ე.წ „ჩინურ ოცნებას.“ ეს უკანასკნელი ცნობილია „გლობალური ცივილიზაციის ინიციატივის“ სახელით, რაც მოიცავს შემდეგ სამ ძირითად პრინციპს: 1) ქვეყნებმა გაითავისონ საკუთარი ისტორიისა და კულტურის მნიშვნელობა; 2) დააფასონ სხვათა ღირებულებები და აღქმები; 3) თავი შეიკავონ საკუთარი ღირებულებისა და მოდელების სხვებისთვის თავზე მოხვევისგან. ინიციატივა უკავშირდება მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის დამყარების ჩინურ ხედვას, რომელშიც ერთ-ერთი პოლუსი თავადაც იქნება. მისი ხედვა რეალურად გულისხმობს რამდენიმე ჰეგემონის აღმოცენებას, რომლებიც საკუთარ ინტერესებსა და ღირებულებებს უფრო მცირე აქტორებს მოახვევენ. ამ მხრივ, რეალურად, არაფერი იცვლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩინეთს ისედაც აქვს ვეტოს უფლება გაეროს უსაფრთხოების საბჭოში. საგულისხმოა, რომ ჩინეთისთვის მიუღებელია მსოფლიო წესრიგი დასავლურ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული, როგორიცაა დემოკრატია და ლიბერალიზმი, რასაც სარგებლის მოტანა მხოლოდ დასავლეთის კაპიტალისტური ქვეყნებისთვის შეუძლია. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს შექმნას წესრიგი, სადაც „დემოკრატია და ლიბერალიზმი აღარ იქნება უნივერსალური ღირებულება და იქნება მხოლოდ მსოფლიოს გარკვეული ნაწილისთვის. ლიბერალური მსოფლიო წესრიგი გარდაიქმნება რეგიონულ წესრიგად… მმართველობის ავტოკრატიული ფორმები აღარ იქნება უგულებელყოფილი და ამ მულტიპოლარულ მსოფლიო წესრიგში წესებს ძირითადად ჩინეთი და მისი პარტნიორები დაადგენენ“. შესაბამისად, ჩინეთის ხედვით, ასეთი მსოფლიო წესრიგი უკვე შეიძლება სარგებლის მომტანი გახდეს ჩინეთისთვისაც.

ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩანს, რომ სერბეთი რუსეთისა და ჩინეთის მხარეს იჭერს და ეს არის ნარატივი, რომელსაც ვუჩიჩი აქტიურად იყენებს საკუთარი რეჟიმის შესანარჩუნებლად (ისევე, როგორც პუტინი). სერბეთის პრეზიდენტისთვის ეს ვიზიტი დიდი მიღწევაა დასავლეთის კრიტიკის ფონზე, რაც კოსოვოსთან სერბეთის ურთიერთობებს შეეხება. ეს არის პეკინის მხარდაჭერა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი და მკაფიო პოლიტიკური თანხვედრა სერბეთის მთავრობასთან კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხთან მიმართებით. ჩინეთისთვის კი სერბეთთან ახლო კავშირები ნიშნავს გავლენების გაფართოების შესაძლებლობას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და აჩვენებს სხვა ქვეყნებს, რომ ჩინეთს ჯერ ისევ ჰყავს მეგობრები და მოკავშირეები ევროპაში.

სი ძინპინის ვიზიტი ბელგრადში შემთხვევით არ დაემთხვა კოსოვოს ომის დროს ნატოს ძალების მიერ ჩინეთის საელჩოს დაბომბვის თარიღს. ჩინეთის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა ჩინეთი დასავლური აგრესიის მსხვერპლად წარმოეჩინა.  როგორც შირლი იუ განმარტავს: „ნათელია, რომ ჩინეთი და რუსეთი იზიარებენ ერთნაირ პოზიციას, რაც ეწინააღმდეგება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას…არ უნდა არსებობდეს ილუზია, რომ ჩინეთი დასავლეთის ზეწოლის გამო შეასუსტებს რუსეთთან პარტნიორობას“. ჩინეთის პრეზიდენტს ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებაზე მეტად აღელვებს აშშ-ისა და ნატოს ჩართულობა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. ასევე, ვუჩიჩი გახდა პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც შეუერთდა ჩინეთის „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების იდეას,“ რომლის მიხედვით ქვეყნები არ უნდა გაწევრიანდნენ ალიანსებში და არ უნდა შეაფასონ ერთმანეთი საშინაო პოლიტიკის და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის მიხედვით.

სი ძინპინის ვიზიტი უნგრეთში

ვიქტორ ორბანსა და სი ძინპინის შეხვედრის დროს განსაკუთრებით აღინიშნა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამ მხრივ ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიდევ გაიზრდება ინვესტიციები სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად, ამასთანავე, მხარეები ითანამშრომლებენ ბირთვულ სფეროში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უნგრეთი ყველაზე მეტი ოდენობით იღებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ჩინეთისგან. სი ძინპინი მიესალმა ბუდაპეშტსა და ბელგრადს შორის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის გეგმას, რაც ორ ქვეყანას სატრანსპორტო ჰაბად აქცევს. როგორც შირლი იუ აღნიშნავს, ასეთი კავშირით ჩინეთს სურს გააცოცხლოს ცივი ომისდროინდელი „მეორე მსოფლიოს“ იდეა.

ვიქტორ ორბანისთვის ჩინეთთან მზარდი ეკონომიკური კავშირები არის შესაძლებლობა უნგრეთი აღმოსავლეთ ევროპაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოთამაშედ აქციოს. ჩინეთისთვის კი უნგრეთთან თანამშრომლობა მისი გეოსტრატეგიის ნაწილია და ამავდროულად, მას უნგრეთის საშუალებით აქვს წვდომა ევროკავშირის ბაზარზე. გარდა ამისა, უნგრეთში ცენტრალური ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი ეთნიკური ჩინელი ცხოვრობს, რაც აძლიერებს კულტურულ კავშირებსაც. ასევე აღსანიშნავია, რომ უნგრეთი, როტაციული პრინციპიდან გამომდინარე, ივლისში გადაიბარებს ევროკავშირის საბჭოს  (მინისტრთა საბჭოს) პრეზიდენტის სტატუსს 2024 წლის დეკემბრამდე, რაც ჩინეთისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება გარკვეულწილად ბიძგი მისცეს ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და ამავდროულად გააძლიეროს ეკონომიკური კავშირები.

ამგვარად, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს ევროპაში როგორც სიმბოლური, ისე პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა. სი ძინპინსთვის ეს იყო შესაძლებლობა, ეჩვენებინა, რომ ევროპაში არსებობს განსხვავება ჩინეთთან დამოკიდებულებების კუთხით. ჩინეთს ჰყავს მოკავშირე ევროპული ქვეყნები, რომელთა ერთი ნაწილი შესაძლებლობაა ეკონომიკური სარგებლიანობის და ევროკავშირის ბაზარზე წვდომის მხრივ, ხოლო მეორესთან გრძნობს თანხვედრას მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, რაც ცხადია ეწინააღმდეგება აშშ-ის დომინანტურ როლს მსოფლიოში. ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტმა, ასევე, აჩვენა, რომ სის სურს შეაჩეროს მოსალოდნელი სავაჭრო ომი ევროკავშირთან და ცდილობს გამოიყენოს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პეკინისადმი უფრო მეგობრული პოზიცია, რათა შეასუსტოს ევროკავშირის მზარდი შეშფოთება ჩინეთის სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ასევე, ჩინეთი არ აპირებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას. სერბეთსა და უნგრეთში ვიზიტით კი სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, თუ როგორი მომგებიანი შეიძლება იყოს ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობები. ევროპული ქვეყნებისთვის (სერბეთი, უნგრეთი), რომლებშიც დემოკრატია საფრთხის ქვეშაა, ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობები ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის და რეჟიმის განმტკიცების კარგი შესაძლებლობაა, ხოლო საფრანგეთისთვის კი გარკვეულწილად მაკრონის საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია.