ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი |
2018 წლის 29 მაისს სირიის არაბთა რესპუბლიკამ აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. „დამოუკიდებლობა“. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ვანუატუმ და ტუვალუმ საკუთარი აღიარებები უკან წაიღეს, სირია იქცა მეხუთე ქვეყნად (რუსეთის, ნიკარაგუას, ვენესუელასა და ნაურუს შემდეგ), რომელიც ცნობს სეპარატისტთა ე.წ. „დამოუკიდებლობას“. 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიისა და ამ რეგიონების სრული ოკუპაციის შემდეგ მოსკოვმა მცირე ხანში მოახდინა ამ რეგიონების ე.წ. „აღიარების“ პროცესის ინიცირება და მისი ხელშეწყობა. ამას თბილისმა მალევე დაუპირისპირა არაღიარების პოლიტიკა. რუსეთმაც მალევე, გარკვეული მოსაზრებების გამო, შეწყვიტა პროცესის აქტიური ლობირება საერთაშორისო არენაზე. ბოლო წლების განმავლობაში იმდენად მინელებული იყო აქტიურობა ამ მიმართულებით, რომ საქართველოს ხელისუფლების გარკვეულ წრეებში გაჩნდა არასწორი განცდა, თითქოს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა მოგებული აქვს.“ საერთო ჯამში, ამან გარკვეულწილად საკითხის მიმართ სახელმწიფო დონეზე ყურადღების მოდუნება გამოიწვია. ამ მოსაზრების დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ 2017 წლის ოქტომბრის თვეში შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით ჯალაღანიას დანიშვნის ფაქტი, რომელსაც 2008 წლის შემდეგ ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი. იგი, კურირებდა რა სამინისტროში არაღიარების პოლიტიკას, კარგად იცნობდა ამ საკითხის დეტალებს. სავარაუდოდ, დავით ჯალაღანია მინისტრის სხვა მოადგილეებისგან განსხვავებით, სწორედ ამის გამო არ შეცვალეს 2012 წელს, საქართველოში განხორციელებული ხელისუფლების საერთო ცვლის ფონზე.
საქართველოს რეაქცია ქართულ საზოგადოებას დარჩა შთაბეჭდილება, რომ სირიის ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ხელისუფლებამ გაიგო მედიის საშუალებით. ვფიქრობთ, გამართული სახელმწიფო მანქანის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა გარკვეული სახის წინმსწრები ინფორმაციის მოპოვება და პრევენციული ნაბიჯების გადადგმა. მით უმეტეს, როდესაც ქვეყანას აქვს არაღიარების პოლიტიკა, განსაზღვრულია ამ კუთხით ე.წ. „მოწყვლადი“ ქვეყნები, ხოლო საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დროდადრო გარკვეულ მინიშნებებსაც აკეთებენ. მაგალითად, 2017 წლის 1 სექტემბერს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთი მუშაობს მსოფლიოში აღიარების კუთხით გაფართოებაზე, საერთაშორისო კავშირების გამყარებაზე. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ მუშაობა მიმდინარეობს ევროპაშიც და აზიაშიც და ამერიკის კონტინენტებზეც. საუბარი იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნებია ეს, არ შემიძლია…“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს, 29 მაისს, დაგმო სირიის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება. განცხადებაში ნათქვამია, რომ „სირიის რეჟიმმა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ზეწოლის შედეგად, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დარღვევით, ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან, რაც წარმოადგენს რუსეთის სამხედრო აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის პირდაპირ მხარდაჭერას“. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას დაეგმო რუსეთის ფედერაციისა და ასადის რეჟიმის ქმედებები. საქართველოს მთავრობამ ამ ინიციატივის ფარგლებში მალევე, 2018 წლის 31 მაისს, გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა სირიის არაბთა რესპუბლიკასთან8 და გარკვეული ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო ასპარეზზე. საერთო ჯამში, ასადის რეჟიმს ამ აღიარების გამო სათანადო „ფასი“ არ გადაუხდია. ასადისთვის არასოდეს ყოფილა მნიშვნელოვანი საქართველოსთან ურთიერთოა. უხეშად რომ ვთქვათ, იგი არაფერს კარგავს იმ ფაქტით, რომ საქართველომ მასთან გაწყვიტა ურთიერთობები.
საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „აღიარების“ საკითხი დაისვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც საქართველოს მხარდაჭერის განცხადებები გააკეთეს უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა. ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება დაგმეს საქართველოს სხვა მოკავშირეებმაც – აშშ-მ, ევროკავშირმა, ნატომ,10 თურქეთმა, ნორვეგიამ, პორტუგალიამ და იტალიამ. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ 29 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა უწყებათაშორისი შეხვედრა, სადაც მინისტრის მოადგილეების დონეზე განიხილეს სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების საკითხი და თემასთან დაკავშირებით შემდგომში განსახორციელებელი ქმედებები.15 შესაძლოა, სწორედ აქ იმსჯელეს სირიის ოპოზიციურ ძალებთან კონტაქტების გააქტიურების საკითხზეც, რის შესახებაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 1 თვის თავზე. კერძოდ, სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ პრეზიდენტმა ნასრ ალ-ჰარირიმ მკაცრად დაგმო ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების თაობაზე და მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების მიზეზები საინტერესოა, რატომ მოხდა ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარება ახლა და რა იყო მისი მიზეზები. გამოთქმული იყო სხვადასხვა ვერსია. მათ შორის აღსანიშნავი და ყურადსაღებია ის მოსაზრება, რომ 2015 წლის შემოდგომიდან, ანუ კონფლიქტში კრემლის ჩართვის შემდეგ, ასადის რეჟიმი კიდევ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული რუსეთზე. ამ ვერსიის თანახმად, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარება რუსეთის მანიპულირების შედეგად მოხდა. ამ ვერსიას ძირითადად ქართული ოფიციოზი17 და ექსპერტთა ნაწილი ემხრობა. მიზეზებს შორის ასევე სახელდებოდა ის მომენტი, რომ ისტორიულად სირიაში მრავლად ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ აფხაზური და ჩრდილოკავკასიური დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც დიდი ხანია ლობირებენ ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების საკითხს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული ფაქტები მართლაც არსებობდა და მათ შესაძლოა კიდეც შეასრულეს გარკვეული როლი. თუმცა ფაქტია, რომ ეს მოცემულობა მთელი ამ წლების განმავლობაში გვქონდა, მაგრამ მას ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარება არ მოჰყოლია. ვფიქრობთ, აღიარების საკითხში გადამწყვეტი როლი შეასრულა ერთმა საინტერესო მომენტმა: ამ კუთხით მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით ადრე საქართველოს ხელისუფლება თავს იკავებდა ასადის რეჟიმის პირდაპირი კრიტიკისაგან. თუმცა წელს, სირიაში რეჟიმის მხრიდან ქიმიური იარაღის მორიგი გამოყენების შემდეგ, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო, მოხდა ქართული მხარის პოზიციის შეცვლა, რაც გამოიხატა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 7 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში. მასში, კერძოდ, ნათქვამია, რომ საქართველოს „საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში, ქალაქ ჰან შეიხუნში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა. ქიმიური იარაღის განთავსებით სირია საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. ამგვარი ქმედებების უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აშშ-ის საპასუხო ქმედება იყო დროული, ადეკვატური და გამოყენებული იყო პროპორციული ძალა. მნიშვნელოვანია, რომ გატარდა ყველა სახის გამაფრთხილებელი ზომა.
დასკვნა – სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების საქმეში ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 7 აპრილს გაკეთებულმა განცხადებამ; – რუსეთს აქვს იმის რესურსი და პოტენციალი, რომ საჭიროების შემთხვევაში, არაღიარების კუთხით შეგვიქმნას პრობლემები არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ სხვა რეგიონებშიც; – რუსეთზე უკიდურესად დამოკიდებული ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარება ნამდვილად არ არის უდიდესი ტრაგედია. თუმცა, არც მისი უგულებელყოფა იქნებოდა ადეკვატური გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში; – მოგვწონს თუ არა ჩვენ ასადის რეჟიმი, ის წარმოადგენს სირიის ხელისუფლებას და მისგან ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარება ცუდი პრეცედენტია; – სირიის შემთხვევამაც აჩვენა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების საფრთხე რეალურია და ამ მიმართულებით ყურადღების მოდუნება დამღუპველია; – მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მრავლადაა ამ მხრივ ე.წ. „მოწყვლადი“ ქვეყნები, შეუმდგარი სახელმწიფოები, არადემოკრატიული რეჟიმები, სადაც კრემლს აქვს ფინანსური, სავაჭრო-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური სახის ბერკეტები მისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად; – სირიის ეს ნაბიჯი იმითაც არის არასასურველი, რომ თუ ადრე ეს ე.წ. „აღიარებები“ ძირითადად შორეულ რეგიონებში (რუსეთის გარდა) ხდებოდა, სირია ჩვენი ქვეყნის სიახლოვესაა, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა მოგვიწია; – თუ ადრე არაღიარების კუთხით უფრო აქტუალური იყო ოკეანეთის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის მიმართულებები, ახლა ამას ახლო აღმოსავლეთიც (შესაბამისად, არაბული სამყაროც) დაემატა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით მოუწევს აქტიური მუშაობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და მათ ხელმძღვანელებთან, რომლებიც შესაძლოა არ გამოირჩეოდნენ დემოკრატიულობის მაღალი ხარისხით; – ამ მომენტისთვის ახლო აღმოსავლეთში ე.წ. „მოწყვლად“ ქვეყანათა სიაში სხვადასხვა მიზეზთა გამო შედიან იორდანია, იემენი და ლიბია. საქართველომ ამ მიმართულებით უნდა გააძლიეროს დიპლომატიური კონტაქტები და გაატაროს პრევენციული ზომები; – სასურველია საქართველოს შესაბამისი უწყებების მონაწილეობით მოხდეს შექმნილი სიტუაციის ერთობლივი შეფასება, საჭიროების შემთხვევაში გადაიხედოს ან შესწორდეს არაღიარების პოლიტიკა; – საჭიროა არაღიარების პოლიტიკის საკითხებზე დასავლელ პარტნიორებთან მუდმივი, კოორდინირებული მუშაობა; – წელს ვადა გასდის „საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წ.წ. დოკუმენტს“, რომელიც ახდენს საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, მათი რეალიზების შესაძლო სცენარების, ალბათობის და შედეგების ანალიზს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ბუნდოვანია, როგორ და რომელი ორგანო განაახლებს მას. ამ საკითხში სიცხადის შეტანაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
საავტორო უფლებები დაცულია და ეკუთვნის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს. წერილობითი ნებართვის გარეშე პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება დაიბეჭდოს არანაირი, მათ შორის ელექტრონული ან მექნიკური, ფორმით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს/ებს და შეიძლება არ ასახავდეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თვალსაზრისს.
|